აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-1003
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ აკვაკულტურის შესახებ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-1003
2021 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესი
მუხლი 1🔗
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს აკვაკულტურის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად კვლევა შეიძლება ჩატარდეს ამა თუ იმ ადგილის, წყლის, ტექნიკის, მეთოდის ან მოწყობილობის გამოსაკვლევად ან საცდელი მიზნით სახეობის კულტივირებისთვის ან მოშენებისთვის.
მუხლი 2🔗
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობას გასცემს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). გადაწყვეტილების მიღების ვადები განისაზღვრება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის მიღებით დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. დაინტერესებულმა პირმა, თანხმობის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაცემები კვლევით დაინტერესებული პირის შესახებ:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები;
ბ) საიჯარო ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია აკვაკულტურის ობიექტის შესახებ, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო გამოკვლევის ან ექსპერიმენტისთვის;
დ) კვლევის დასაბუთება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
დ.ა) ინფორმაცია შერჩეული სახეობების (აკვაკულტურის ობიექტის ქართული და ლათინური სახელწოდებები) და მათი წარმოშობის შესახებ; შემოთავაზებული სახეობების გამოსადეგობა აკვაკულტურისთვის;
დ.ბ) მოტივაცია, მიზნები და ამოცანები, გამოსაყენებელი მასალები და მეთოდები, კვლევის ვადა;
დ.გ) ინფორმაცია ველური გარემოდან ცხოველთა სამყაროს ობიექტის ამოღების, გადაადგილების ან/და შეგროვების შესახებ;
ე) აკვაკულტურის კვლევის ადგილი (კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), გარემოზე და ცხოველთა სამყაროზე პოტენციური ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბები;
ვ) გარემოზე ზემოქმედება და დაავადებათა მართვა; ცხოველთა ჯანმრთელობის მართვა ბიოუსაფრთხოების ზომების მიღებით, ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკაციის, ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზედამხედველობისა და გარემოზე, განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნებაზე, ზემოქმედების თავიდან აცილების ან შესაძლო ზემოქმედების შემსუბუქების გზით;
ზ) სამომავლო გეგმები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამომავლო შედეგებისა და გეგმების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს პროექტის ან კვლევის შედეგად.
მუხლი 4🔗
თუ აკვაკულტურის კვლევა საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხმობას, დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენას, სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემამდე აუცილებელია მათი წარმოდგენა განმცხადებლის მიერ. თანხმობის გაცემამდე სავალდებულოა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებების გათვალისწინება, ხოლო დაცულ ტერიტორიაზე ან სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის კვლევის ჩატარების შემთხვევაში – აღნიშნული ტერიტორი(ებ)ის მართვის ორგანოს თანხმობა.
მუხლი 5🔗
თუ აკვაკულტურის კვლევა ითვალისწინებს უცხო სახეობის გამოყენებას, დაცული უნდა იქნეს „უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების მოთხოვნები; გარდა ამისა, წარმოდგენილი უნდა იქნეს კონკრეტული უცხო, განსაკუთრებით უცხო ინვაზიური სახეობის კვლევის შესაძლებლობის თაობაზე შესაბამისი კვალიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ან ამგვარი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაბუთებული დასკვნა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კონკრეტულ მოსაზრებებს, რეკომენდაციებს და პირობებს.
მუხლი 6🔗
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა გაიცემა 3 წლამდე ვადით, რომელიც არ გრძელდება. თანხმობა დაუყოვნებლივ ეგზავნება სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ხოლო დაცულ ტერიტორიაზე აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში – აგრეთვე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
მუხლი 7🔗
აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის შესახებ განაცხადი მოსაზრებებისათვის ეგზავნება იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა კომპეტენციაშიც შედის კვლევით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა. კვლევაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, თანხმობის გაცემიდან ყოველწლიურად და მისი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ანგარიში კვლევის შედეგების შესახებ. აკვაკულტურის კვლევით მიღებული შედეგები, დასკვნები და ინფორმაცია გაზიარებული უნდა იქნეს სამინისტროსთვის.
მუხლი 8🔗
აკვაკულტურის კვლევის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, კვლევის პროცესში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და წარდგენილი გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
მუხლი 9🔗
კვლევის განხორციელებას აკონტროლებს სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე – აგრეთვე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.