TIBR ინდექსების გაანგარიშების წესი
მუხლი 1. ინდექსების აღწერა
TIBR ვადიანი ინდექსების (TERM RATES) გაანგარიშების წესი
(შემდგომში − წესი) აღწერს TIBR ინდექსების გაანგარიშებაში მონაწილე
ბანკთაშორისი გარიგებების კრიტერიუმებს, ასევე TIBR ინდექსების
გაანგარიშების, გამოქვეყნებისა და სხვა პროცედურულ საკითხებს.
საქართველოს ბანკთაშორის ფულად ბაზარზე მოქმედი ლარის საპროცენტო
განაკვეთების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ბანკთაშორისი ფულადი
ბაზრის TIBR ინდექსები, რომელიც არის ლარის ფულადი ბაზრის საპროცენტო
განაკვეთების ამსახველი ინდიკატური მაჩვენებელი და მასში შედის:
ა) თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი − TIBR განაკვეთი;
ბ) თბილისის ბანკთაშორისი ვადიანი საპროცენტო განაკვეთი − TIBR ვადიანი
განაკვეთი;
გ) თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ნაზარდი ინდექსი − TIBR
ნაზარდი ინდექსი.
TIBR განაკვეთი (TIBR) არის საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს
შორის (შემდგომში − ბანკთაშორისი) ეროვნული ვალუტით გაცემული ერთდღიანი
არაუზრუნველყოფილი სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო
განაკვეთი.
TIBR ვადიანი განაკვეთი (Tibr Term Rate) არის TIBR განაკვეთის
ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ე.წ. ისტორიული დარიცხვის მეთოდის
(Backward Looking Term Rate COMPOUNDING) გამოყენებით დათვლილი
განაკვეთი.
TIBR ნაზარდი ინდექსი (Tibr Index) არის დროის გარკვეული პერიოდის
შემდეგ რთული პროცენტის დარიცხვის მეთოდით გაანგარიშებული TIBR საპროცენტო
განაკვეთის მაჩვენებელი.
მუხლი 2. TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი
გარიგებები
თითოეული საბანკო დღის TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში შედის იმავე
საბანკო დღეს დადებული ისეთი ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც
აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ერთდღიანი სესხის ან/და ერთდღიანი
დეპოზიტის ფორმით;
ბ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ეროვნული ვალუტით;
გ) ბანკთაშორისი გარიგებები არ არის უზრუნველყოფილი რაიმე სახის
აქტივით;
დ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია ბლუმბერგის სავაჭრო
სისტემაში;
ე) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია იმავე დღის ანგარიშსწორებით;
ვ) ბანკთაშორისი გარიგებები დადებულია და მისი ანგარიშსწორება
გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში
ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის საოპერაციო საათების განმავლობაში,
რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია ამავე სისტემის წესებით.
TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს ბანკთაშორისი ე.წ.
სადეპოზიტო სვოპ გარიგებები (ორ მხარეს შორის ორი დეპოზიტის ურთიერთგაცვლა
ორ ვალუტაში). სადეპოზიტო სვოპ გარიგების დაზუსტების მიზნით, საჭიროების
შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში − ეროვნული ბანკი)
კომერციული ბანკის ხაზინის სამსახურიდან გამოითხოვს დამატებით
ინფორმაციას.
მუხლი 3. TIBR განაკვეთის გაანგარიშება
ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის
FXTB<GO> გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში
დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.
მიღებული ბანკთაშორისი გარიგებებიდან TIBR განაკვეთის გაანგარიშების
მიზნისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების
შესაბამისი გარიგებები.
TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი
გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას
შემდეგნაირად:
ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა
განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების
ზრდის მიხედვით;
ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი
გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის
შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ
მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო
რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის
დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე;
გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო
შეწონილი მაჩვენებლით;
დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:
Vi − არის დადებული გარიგების მოცულობა;
Ri − არის მოცემულ გარიგებაზე დაფიქსირებულ წლიურ საპრცენტო
განაკვეთი;
V=∑V
− არის დღის
განმავლობაში დადებული გარიგებების მთლიანი მოცულობა.
ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი
(ACT/365 კონვენციით) მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.
მუხლი 4. TIBR ვადიანი განაკვეთის გაანგარიშება
TIBR ვადიანი განაკვეთის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

სადაც:
d − არის კალენდარული დღეების რაოდენობა შესაბამის საპროცენტო
პერიოდში;
d0 − არის საბანკო დღეების რაოდენობა შესაბამის საპროცენტო
პერიოდში;
i − არის მთლიანი რიცხვები ერთიდან d0-მდე, რომელთაგანაც
თითოეული არის შესაბამისი საბანკო დღეები ქრონოლოგიურად შესაბამისი
საპროცენტო პერიოდის პირველი დღიდან და მის ჩათვლით;
ni − ნებისმიერი ”i” დღისთვის ნიშნავს კალენდარული დღეების
რაოდენობას ასეთი ”i” დღიდან და მისი ჩათვლით შემდგომ საბანკო დღემდე.
მუხლი 5. TIBR ნაზარდი ინდექსის და TIBR ნაზარდი საპროცენტო
განაკვეთის გაანგარიშება
TIBR ნაზარდი ინდექსის გაანგარიშება ხდება TIBR განაკვეთის
საფუძველზე.
TIBR ნაზარდი ინდექსი არის დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ რთული
პროცენტის დარიცხვის მეთოდით გაანგარიშებული TIBR განაკვეთის მაჩვენებელი,
რომლის საწყისი მაჩვენებელი არის 100. საწყის მაჩვენებლად აღებულია TIBR
განაკვეთი 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, როდესაც ეროვნულმა ბანკმა
დაიწყო განახლებული TIBR განაკვეთის გამოქვეყნება.
TIBR ნაზარდი ინდექსი ასახავს თითოეულ სამუშაო დღეზე რთული პროცენტის
დარიცხვის გავლენას TIBR განაკვეთზე და საშუალებას იძლევა გარკვეულ
პერიოდზე სტანდარტულად და მარტივად იქნას გამოთვლილი TIBR განაკვეთზე რთული
პროცენტის დარიცხვის შედეგი.
TIBR ნაზარდი ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:
TIBR CI i არის TIBR ნაზარდი ინდექსი i სამუშაო დღისათვის,
გამოქვეყნებული i სამუშაო დღეს, მძიმის შემდეგ რვა ციფრის სიზუსტით;
TIBR CI i-1 არის TIBR ნაზარდი ინდექსი i − 1 სამუშაო
დღისათვის, გამოქვეყნებული i-1 სამუშაო დღეს, მძიმის შემდეგ რვა ციფრის
სიზუსტით;
TIBR i-1 არის TIBR განაკვეთი I − 1 სამუშაო დღისთვის და
გამოქვეყნებული i სამუშაო დღეს;
di-1 არის კალენდარული დღეების რაოდენობა i − 1 სამუშაო
დღიდან i სამუშაო დღემდე, რომლის განმავლობაშიც ვრცელდება
TIBRi-1.
ნებისმიერი საანგარიშო პერიოდის TIBR ნაზარდი საპროცენტო განაკვეთი
შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს ამ პერიოდის საწყის და ბოლო თარიღებზე TIBR
ნაზარდი ინდექსის მნიშვნელობების გამოყენებით შემდეგი ფორმულით:

სადაც:
TIBR CR Period არის საანგარიშო პერიოდის TIBR ნაზარდი
საპროცენტო განაკვეთი, მძიმის შემდეგ ოთხი ციფრის სიზუსტით;
TIBR CI End date არის საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის TIBR
ნაზარდი ინდექსი;
TIBR CI Start date არის საანგარიშო პერიოდის საწყისი დღის
TIBR ნაზარდი ინდექსი;
T არის დღეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 6. TIBR განაკვეთის გაანგარიშების სარეზერვო
გეგმა
თუ საანგარიშო დღის განმავლობაში TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში
მონაწილე გარიგებების საერთო რაოდენობა 5-ზე ნაკლებია ან/და დაშვებული
გარიგებების მთლიანი მოცულობა 20 მილიონ ლარზე ნაკლებია, TIBR განაკვეთის
გაანგარიშებას ეროვნული ბანკი ახორციელებს სარეზერვო გეგმის
მიხედვით.
პირველი სარეზერვო გეგმის შესაბამისად, TIBR განაკვეთი
გაიანგარიშება ბლუმბერგის სისტემაში გამოქვეყნებული კომერციული ბანკების
სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთებიდან შემდეგნაირად:
ა) მხედველობაში მიიღება კომერციული ბანკების მიერ ბლუმბერგის სისტემის
GEDR1T Crncy <GO> გვერდზე იმავე დღის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე
განახლებული ბანკთაშორის სესხების BID/ASK საპროცენტო განაკვეთები;
ბ) ყველა BID განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო
განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი
საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი საპროცენტო
განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც
საშუალო BID განაკვეთი;
გ) ყველა ASK განაკვეთის თანმიმდევრობა განისაზღვრება საპროცენტო
განაკვეთების ზრდის მიხედვით, რომელთაგან 2 უმცირესი და 2 უდიდესი
საპროცენტო განაკვეთი არ მიიღება მხედველობაში, ხოლო დარჩენილი
განაკვეთებიდან გაიანგარიშება საშუალო განაკვეთი და ჩაითვლება როგორც
საშუალო ASK განაკვეთი;
დ) საშუალო BID განაკვეთიდან და საშუალო ASK განაკვეთიდან გაიანგარიშება
არითმეტიკული საშუალო მონაცემი, რომელიც არის საანგარიშო დღის TIBR
განაკვეთი და ხდება მისი გამოქვეყნდება.
თუ ბლუმბერგის სისტემის GEDR1T Crncy <GO> გვერდზე საანგარიშო
დღის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე განახლებული ბანკთაშორისი სესხების
BID/ASK განაკვეთების რაოდენობა იქნება 5-ზე ნაკლები, მაშინ ეროვნული ბანკი
იყენებს მეორე სარეზერვო გეგმას.
მეორე სარეზერვო გეგმის მიხედვით, TIBR განაკვეთი გაიანგარიშება,
როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული წინა
სამი საანგარიშო დღის TIBR განაკვეთის ეროვნული ბანკის მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთთან სხვაობის საშუალო განაკვეთი.
მუხლი 7. TIBR ინდექსების გამოქვეყნება
ყოველ საბანკო დღეს, არაუგვიანეს დღის 9:00 საათისა, ეროვნული ბანკი
უზრუნველყოფს:
ა) გაანგარიშებული წინა საბანკო დღის TIBR ინდექსების გამოქვეყნებას
ბლუმბერგის სისტემაში NBGB<GO> გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია
ბლუმბერგის სისტემის ტერმინალის ყველა მომხმარებლისთვის;
ბ) გაანგარიშებული წინა საბანკო დღის TIBR ინდექსების გამოქვეყნებას
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
გამოქვეყნების შემდეგ TIBR ინდექსები საბოლოოა და მასში ცვლილების
შეტანა არ ხორციელდება.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ TIBR ინდექსების გაანგარიშებაში
აღმოჩნდა ისეთი შეცდომა, რომლის მიხედვით გაანგარიშებული და გამოქვეყნებული
TIBR ინდექსების ხელახლა დათვლილი მონაცემი 0,03 პროცენტული პუნქტით
განსახვავდება გამოქვეყნებულ TIBR ინდექსების მონაცემებისგან, ეროვნული
ბანკი იმავე დღეს ახდენს TIBR ინდექსების გასწორებას და ხელახლა
გამოქვეყნებას. ასეთ შემთხვევაში, გასწორებული TIBR ინდექსები ქვეყნდება
მხოლოდ ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღის 10:00 საათამდე
„კორექტირებული“ სტატუსის აღნიშვნით.
თუ TIBR ინდექსების გამოთვლა შეუძლებელია ტექნიკური ხარვეზის
არსებობის გამო, შესაძლებელია TIBR ინდექსების გაანგარიშება და
გამოქვეყნება განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღის 10:00
საათამდე.
მუხლი 8. TIBR ინდექსების აუდიტი და გაანგარიშების წესის
ცვლილება
წელიწადში ერთხელ ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური ამოწმებს
TIBR ინდექსების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების პროცესის სისწორეს მის
მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით.
ეროვნული ბანკი წელიწადში ერთხელ ახორციელებს TIBR ინდექსების
გაანგარიშების წესის შედარებას და ანალიზს ბაზრის არსებულ
კონიუნქტურასთან.
თუ ეროვნული ბანკი გადაწყვეტს, რომ არსებული წესი ვეღარ
აკმაყოფილებს ან/და აღარ შეესაბამება ბაზრის რეალობასა და ბაზრის
მოთხოვნებს, მაშინ ეროვნული ბანკი ახორციელებს არსებული წესის ცვლილებას
ბანკთაშორისი ბაზრის სხვა მონაწილეებთან კონსულტაციების ჩატარების
შემდგომ.