1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.
6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.
8. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიას და საკრებულოს ბიუროს. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია ან მუნიციპალიტეტის საკრებულო ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.
9. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებ