1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 37-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 147-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. საკრებულოს კომისიები შედგება მხოლოდ საკრებულოს წევრებისგან.

5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.

6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.

7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

8. საკრებულოს ბიუროს მიერ საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.

9. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს შესაბამის კომისიას და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს შესაბამისი კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება პირადი განცხადების საფუძველზე.

10. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამისი კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს