1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისია შედგება სამი წევრისგან მაინც.
2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.
3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის მე-39-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს.
6. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
7. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. საკრებულოს ბიუროს ან კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.
8. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესაბამის კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
9. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომ