1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო.
2. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისგან.
3. საკრებულოს ბიურო:
ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;
გ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ე) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;
ზ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;
ი) საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს დარგობრივი კომისიების დასკვნის საფუძველზე, უარი თქვას მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პროექტის (საკითხის) საკრებულოსათვის წარდგენაზე (არ წარადგინოს ან/და გააუქმოს წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება) და შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნოს აღმასრულებელ ორგანოს;
კ) ახორციელებს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს მომდევნო სხდომებზე