„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.017541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №365

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (https://matsne.gov.ge,  05/02/2021, სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების
პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგება კონტროლირებულმა ერთეულებმა მაკონტროლებელ ერთეულებს, ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავმა დაწესებულებებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტსა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურს“ წარუდგინონ  მათ მიერ დადგენილ ვადებში. ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებებმა, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – სახაზინო სამსახურმა“,  წლიური ფინანსური ანგარიშგება წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქციის) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთეულებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ დეტალურად ჩაშალონ წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმები. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ასახვისათვის გამოყენებული დეტალიზაციის დონე.“.

3. ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. ინსტრუქციის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებას ხელს აწერს ბუღალტერი და ერთეულის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი.“.

5. ინსტრუქციის მე-10 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივები, ვალდებულებები, წმინდა აქტივები/კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების არსებითობის და აგრეგირების პრინციპის გათვალისწინებით. არსებითი მუხლები დეტალურადაა მოცემული, ხოლო არაარსებითი – აგრეგირებულადაა წარმოდგენილი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფინანსური ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილ აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების თითოეულ ჩანაწერს გააჩნია შესაბამისი კოდი (შიფრი), რომელსაც ასევე შეიძლება შეესაბამებოდეს შესაბამისი განმარტებითი შენიშვნა.“

6.  ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის
მე-11 მუხლი, მე-12 მუხლის მე-4 -მე-5 პუნქტები.

7. ინსტრუქციის
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. ფინანსური შედეგების ანგარიშგება

1. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში აისახება ერთეულის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) საგადასახადო შემოსავლები;

ბ) შიდა და გარე ტრანსფერებით შემოსავლები;

გ) გაცვლითი ოპერაციებიდან შემოსავლები;

დ) შიდა და გარე ტრანსფერებით ხარჯები;

ე) გაცვლითი ოპერაციებით ხარჯები;

ვ) კურსთაშორის სხვაობით შემოსავლები და ხარჯები;

ზ) სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები

2. ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში შემოსავლები და ხარჯები წარმოდგენილია როგორც საანგარიშგებო პერიოდისათვის, ასევე, შესადარისობის უზრუნველსაყოფად, წინა საანგარიშგებო პერიოდისათვის.

3. შემოსავლების და ხარჯების სხვაობით მიღებული ფინანსური შედეგი აისახება ნამეტის ან დეფიციტის სახით.“.

8. ინსტრუქციის
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთეულმა წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი ნაშთი;

ბ) სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით ან/და წინა პერიოდ(ებ)ის არსებითი შეცდომების გასწორებით გამოწვეული კაპიტალის ზრდა/კლება;

გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის გადაანგარიშებული საწყისი ნაშთი;

დ) წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებები:

დ.ა) დამფუძნებლების შენატანები;

დ.ბ) პერიოდის ნამეტი/დეფიციტი;

დ.გ) დამფუძნებლებზე გადახდილი თანხები

ე) წმინდა აქტივების/კაპიტალის საბოლოო ნაშთი.“.

9. ინსტრუქციის მე-15 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1
1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება უნდა მომზადდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს:

ა) სახაზინო სამსახურის მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

ბ) უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოების და წარმომადგენლობების და შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

გ) მუნიციპალიტეტების და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტების ორგანიზაციების კუთვნილ ფულად სახსრებთან დაკავშირებით;

დ) სხვა ერთეულების მიერ, რომლებიც სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, აკონტროლებენ და მართავენ ფულად სახსრებს.“.

10. ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების წარდგენა ხდება მრავალსვეტიანი ფორმატის სახით, სადაც ცალ-ცალკე სვეტებში მიეთითება შემოსულობების და გადასახდელების დამტკიცებული წლიური ბიუჯეტი, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლები, დაზუსტებული გეგმური მაჩვენებლის ფაქტობრივი შესრულება, ფაქტობრივი შესრულების პროცენტი დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებებთან მიმართებით.

2. ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგების მიზნებისათვის, დამტკიცებული ბიუჯეტი ასახავს ერთი საბიუჯეტო პერიოდის მანძილზე მოსალოდნელ შემოსულობებს და გადასახდელებს, რომლებიც დამტკიცებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. დამტკიცებული ბიუჯეტი განსხვავდება მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროგნოზის, გეგმის ან ორივეს კომბინაციის სახით.“.

11. ინსტრუქციის
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. განმარტებითი შენიშვნები

ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რათა დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.

განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.

ერთეულებს წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული განმარტებითი შენიშვნების ფორმების შევსების გარდა, რეკომენდაცია ეძლევათ სსბასს-ების შესაბამისად მოამზადონ ასევე სხვა დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, შესაბამისი ნუმერაციის მითითებით, რაც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის უკეთ აღქმაში.

შენიშვნა 1-ში – სააღრიცხვო პოლიტიკები და სხვა განმარტებითი შენიშვნები -აისახება ერთეულის მიერ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკების და სხვა ზოგადი განმარტებების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რაც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სწორად გასაგებად. კერძოდ:

ა) ინსტრუქციების და სტანდარტების ჩამონათვალი, რის შესაბამისადაც მომზადდა ფინანსური ანგარიშგება, ასევე, სტანდარტების და ინსტრუქციების ის ჩანაწერები, რომელთა გათვალისწინება ვერ მოხდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების/წარდგენის დროს; ასევე, ამ გადახრების გამომწვევი მიზეზები;

ბ) ძირითადი სააღრიცხვო პოლიტიკების აღწერილობები;

გ) სააღრიცხვო პოლიტიკების ცვლილებების აღწერილობა, რომლებიც აისახა ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის რესტროსპექტული გამოყენების სახით, ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

დ) არსებითი შეცდომების აღწერილობა, რომლებიც გასწორდა რეტროსპექტული გადაანგარიშების შედეგად; ასევე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

ე) არაარსებითი შეცდომების აღწერილობა, რომლებიც გასწორდა პერსპექტიულად, მიმდინარე პერიოდის ანგარიშგებაში;

ვ) არსებითი არამაკორექტირებელი მოვლენის შესახებ ინფორმაცია, ფინანსური შედეგის წინასწარ შეფასებასთან ერთად, ან შესაბამისი მიზეზების მითითებით, თუ რატომ ვერ მოხერხდა ფინანსური შედეგების წინასწარი შეფასება.

შენიშვნა 2-ში – ფულადი სახსრები და ეკვივალენტები – აისახება ინფორმაცია ეროვნული და უცხოური ვალუტის მიხედვით ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტების შესახებ, ასევე, კომერციულ ბანკებში განთავსებული ფულადი სახსრების და მათი ექვივალენტების შესახებ.

შენიშვნა 2ა-ში – მიმდინარე ინვესტიციები და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები – აისახება ინფორმაცია მიმდინარე ინვესტიციებისა და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; საანგარიშგებო პერიოდში წარმოქმნილი მიმდინარე ინვესტიციების (მათ შორის, სესხების და ფასიანი ქაღალდების) შესახებ, სახაზინო ოპერაციებით, საგადასახადო და საპენსიო სქემასთან დაკავშირებული მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ, საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ, თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების შესახებ და ა.შ ამასთან, მიმდინარე ინვესტიციების და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების თითოეული კატეგორიისათვის აისახება მთლიანი ნაშთი და დაგროვილი გაუფასურების ზარალის/საეჭვო მოთხოვნის ანარიცხის გათვალისწინებით მიღებული საბალანსო ღირებულებები.

შენიშვნა 3-ში – მატერიალური მარაგები – აისახება ინფორმაცია: მატერიალური მარაგების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, მატერიალური მარაგების ღირებულებასა და დაგროვილი ღირებულების შემცირების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში მატერიალური მარაგების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; მატერიალური მარაგების დაგროვილი ღირებულების შემცირების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 4-ში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები – აისახება ინფორმაცია წინასწარი გადახდებით და სხვა არაფულადი მოთხოვნებით წარმოქმნილი მოკლევადიანი აქტივების მიმართ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასევე, საანგარიშგებო პერიოდის და წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემები წინასწარი გადახდებით და სხვა არაფულადი მოთხოვნებით წარმოქმნილი მოკლევადიანი აქტივების თითოეული კატეგორიისათვის.

შენიშვნა 5-ში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივები – აისახება ინფორმაცია გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მთლიან ნაშთებსა და საბალანსო ღირებულების საწყისსა და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით. ასევე, ინფორმაცია გრძელვადიანი ფინანსური აქტივების საანგარიშგებო პერიოდში მოძრაობაზე.

შენიშვნა 6-ში – ძირითადი აქტივები – აისახება ინფორმაცია ძირითადი აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, ძირითადი აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში ძირითადი აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 7-ში – საინვესტიციო ქონება – აისახება ინფორმაცია საინვესტიციო ქონების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, საინვესტიციო ქონების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში საინვესტიციო ქონების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 8-ში – არამატერიალური აქტივები – აისახება ინფორმაცია არამატერიალური აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, არამატერიალური აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში არამატერიალური აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ამორტიზაციისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 9-ში – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები – აისახება ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებებით აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, შეღავათიანი შეთანხმებებით მიღებული აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსა და დასაწყისისათვის საბალანსო ღირებულებების, დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის ცვლილებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებებით წარმოქმნილი ვალდებულებების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 10-ში – ფინანსური იჯარით აქტივები და ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია ფინანსური იჯარით მიღებული აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარით მიღებული აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსა და დასაწყისისათვის საბალანსო ღირებულებების, დაგროვილი ცვეთის/ამორტიზაციის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის ცვლილებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ფინანსური იჯარის ხელშეკრულებით წარმოქმნილი ვალდებულებების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით,შენიშვნა 11-ში – სხვა არაფინანსური გრძელვადიანი  აქტივები – აისახება ინფორმაცია სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების ღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მიღების/გასვლის გათვალისწინებით, ღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

შენიშვნა 12-ში – მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ, მათი ზრდის/კლების შესახებ საკასო და სხვა ოპერაციების შედეგად და სასესხო ხელშეკრულებების მოკლე აღწერილობების შესახებ.

შენიშვნა 13-ში – კრედიტორული დავალიანებები, ანარიცხები და სხვა ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია კრედიტორული დავალიანებების, ანარიცხების და სხვა ვალდებულებების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების საწყის და საბოლო ნაშთებზე, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანარიცხების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე, სხვა ვალდებულებების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად.

შენიშვნა 14-ში – შემოსავლები გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა – აისახება ინფორმაცია არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, საანგარიშგებო პერიოდში არაგაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების შესახებ, გრანტებით, სხვა გარე ტრანსფერებით და შიდა ტრანსფერებით წარმოქმნილი შემოსავლების შესახებ, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით და სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლების შესახებ.

შენიშვნა 15-ში – შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან – აისახება ინფორმაცია გაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული გაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით, საკუთრებიდან შემოსავლების, საქონლისა და მომსახურების გაყიდვებით მიღებული შემოსავლების, გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გაყიდვებით მიღებული შემოსავლების და გაცვლითი ოპერაციებით სხვა შემოსავლების მიხედვით.

შენიშვნა 16-ში – საეჭვო (უიმედო) მოთხოვნების/გაუფასურების/ღირებულების შემცირების ხარჯები და უკუგატარებით შემოსავლები – აისახება ინფორმაცია სხვადასხვა შემოსავლების აღიარებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვადასხვა შემოსავლების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით.

შენიშვნა 17-ში – დარიცხული ხარჯები, გრანტები და სუბსიდიები – აისახება ინფორმაცია ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ასევე, საანგარიშგებო პერიოდში გაცვლითი და არაგაცვლითი ოპერაციებით, ასევე, ცვეთით და ამორტიზაციით წარმოქმნილი ხარჯების თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, წყაროების გათვალისწინებით.

შენიშვნა 18-ში – სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები – აისახება ინფორმაცია სხვადასხვა ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში. საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვადასხვა ხარჯების შესახებ, წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით.

შენიშვნა 19-ში – ფულადი სახსრები გადასახადებიდან – აისახება  ინფორმაცია საანგარიშგებო პერიოდში საგადასახადო შემოსავლებით წარმოქმნილი ფულადი სახსრების შესახებ წინა საანგარიშგებო პერიოდის შესადარის ინფორმაციასთან ერთად.

შენიშვნა 20-ში – საოპერაციო საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება) ნამეტთან/(დეფიციტთან) – აისახება არაპირდაპირი მეთოდით ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობისათვის.

შენიშვნა 21-ში – ფაქტობრივი თანხებისა და საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება) – აისახება ინფორმაცია ბიუჯეტის საკასო შესრულებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ შესაბამისი საქმიანობების მიხედვით, ასევე განსხვავებებზე ბიუჯეტის ფაქტობრივ თანხებსა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების ფაქტობრივ თანხებს შორის, შედარების მეთოდის საფუძველზე.

ერთეული ფინანსურ ანგარიშგებას თან დაურთავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასკვნას იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარად ასახავს ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსურ შესრულებასა და ფულადი სახსრების მოძრაობას;

ბ) დასტურს იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებით საკითხში, ემთხვევა ფინანსური ანგარიშგების შედგენის წინამდებარე წესის მოთხოვნებს, გარდა იმ მოთხოვნებისა, საიდანაც გადახვევა აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო უტყუარი ფინანსური ანგარიშგება;

გ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მოთხოვნიდან მოხდა გადახვევა, როგორია გადახვევის ბუნება, სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერის ჩათვლით, მიზეზს, რის გამოც ამ წესის მოთხოვნით აღრიცხვა იქნებოდა შეცდომაში შემყვანი, და მის მაგივრად დაწესებული პროცედურის აღწერას;

დ) წესიდან გადახვევის ფინანსური ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას ერთეულის აქტივებზე, ვალდებულებებზე, წმინდა აქტივებზე/კაპიტალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე – საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ან მტკიცებულებას იმისას, რომ აღნიშნულის გაანგარიშება შეუძლებელია.

12. ინსტრუქციის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18.   ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები

1. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები უნდა დააკორექტიროს იმ მაკორექტირებელი მოვლენების შედეგად, რომლებიც იძლევა მტკიცებულებებს ანგარიშგების თარიღისათვის არსებულ პირობებზე.

2. ანგარიშგების თარიღის შემდგომი ისეთი მოვლენები, რომლებიც მიუთითებს იმ პირობებზე, რომლებიც წარმოიშვა ანგარიშგების თარიღის შემდგომ პერიოდში  (საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე), განიხილება არამაკორექტირებელ მოვლენებად. ამასთან, ერთეულს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შინაარსობრივად ან თანხობრივად არსებითი ასეთი მოვლენები.“.

13.  დანართი №1 და დანართი №2  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი