1. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა:
ა) ჩაქრობის ტაქტიკური გეგმის შემუშავება, ხანძრის ჩაქრობის უბნებზე/სექტორებზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განთავსება, მუშაობის თითოეულ ეტაპზე პირადი შემადგენლობის წინაშე ამოცანების დასახვა და მუდმივი კავშირის ორგანიზება;
ბ) გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა, ამოცანების განსაზღვრა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შეუფერხებელი მუშაობისათვის პირობების შესაქმნელად (წყლით და საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, ჭაბურღილის შესართავთან განშტოებიანი მილსადენების გაყვანა, სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა და სხვა);
გ) ობიექტის ტექნიკური პერსონალის დახმარებით ჭაბურღილის შესართავის გათავისუფლება მოწყობილობებისაგან, ლითონის კონსტრუქციებისა და სხვა მასალებისაგან წყლის ლულებით დაცვის ქვეშ;
დ) წყალსაცავებიდან შადრევნებამდე 100-150 მმ. დიამეტრის ლითონის მილსადენების გაყვანა, მათი სახელოს თავაკებით და საკვალთებით მოწყობა;
ე) მაღალი ტემპერატურის ზონაში, სელის სახელოების გაყვანა.
2. აირის და ნავთობის შადრევნების ხანძრების ჩაქრობისას საჭიროა, ასევე ჩაქრობის ტაქტიკის შერჩევა და საკმარისი რაოდენობის სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა, აგრეთვე შადრევნის ტიპიდან გამომდინარე შემდეგი ტაქტიკური ხერხების გამოყენება:
ა) ჭაბურღილში წყლის ჩატუმბვა ან პრევენტორის და ამოფრქვევის საწინააღმდეგო მოწყობილობების საკვალთების გადაკეტვა;
ბ) აირწყლით ჩაქრობის სახანძრო ავტომობილებიდან (მათი არსებობის შემთხვევაში) აირწყლის ნაკადებით ჩაქრობა;
გ) სპეციალური დანადგარებით ფხვნილის იმპულსური მიწოდება;
დ) წყლის ნაკადების მიწოდება ლაფეტის ლულებიდან;
ე) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტის აფეთქება;
ვ) ფხვნილის მიწოდება სახანძრო ავტომობილებიდან;
ზ) ფხვნილის კორიანტელის დაყენების ხერხი;
თ) კომბინირებული ხერხი.
3. პრევენტორის საკვალთის ჩაკეტვისას ან შესართავის მოწყობილობიდან წყლის ჩატუმბვისას საჭიროა:
ა) ჭაბურღილის შესართავის მოწყობილობების გაგრილების უზრუნველყოფა;
ბ) საკვალთის ან პრევენტორის გადაკეტვაზე მომუშავეთა წყლის ნაკადებით მუდმივი დაცვა.
4. წყლის კომპაქტური ნაკადებით ჩაქრობისას საჭიროა:
ა) ლულების საჭირო რაოდენობის გაანგარიშება;
ბ) ლულების განთავსება ჭაბურღილის შესართავიდან 6-8 მეტრის მანძილზე;
გ) ლულების მიწოდება 210°-270° რკალზე თანაბარი გადანაწილებით;
დ) წყლის ნაკადის მიმართვა შადრევნის ჩირაღდნის ძირისაკენ, ხოლო შემდეგ ნაკადის სინქრონულად და ნელ-ნელა გადანაცვლება ზემოთ, ყოველ 1-2 მეტრში 30-50 წამიანი ფიქსირებით;
ე) ნაკადების სამართავად ერთი წამყვანი ლულის მიწოდება და მასზე სხვა ლულების ორიენტირება.
5. აირწყლით ჩაქრობის ავტომობილებით ხანძრის ჩაქრობისას საჭიროა:
ა) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების, წყლის მიმწოდებელი ტექნიკისა და ტრაქტორების (დაზღვევის მიზნით) საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
ბ) რამოდენიმე სახანძრო ავტომობილის სინქრონული მუშაობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირის დანიშვნა;
გ) აირწყლით ჩაქრობის ავტომობილების დაყენება ჭაბურღილის შესართავიდან არაუმეტეს 15 მეტრის მანძილზე და მათი სამუშაოდ მომზადება;
დ) ჩაქრობის დაწყებამდე შადრევნის ირგვლივ ცალკეული კერების ლიკვიდირება;
ე) ჩაქრობის განხორციელება ძრავის მაქსიმალური ბრუნვის პირობებში;
ვ) ნაკადების მიწოდება ჩირაღდნის ძირში ალის მოწყვეტამდე, ხოლო შემდეგ, ნაკადების შადრევნის ღერძის გასწვრივ გადაადგილება.
6. ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებით ხანძრის ჩაქრობა ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით, შესაბამის ორგანიზაციებთან შეთანხმებით, თუ სხვა ხერხები არაეფექტურია.
ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება ტრანსპორტ