1. რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ცეცხლმოდებული ან ავარიული მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის დადგენა რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილ პირთან;

ბ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების დაწყება მხოლოდ გადასატანი ტვირთის სახეობისა და რაოდენობის დადგენის, მათთან მისასვლელების არსებობის და სატრანსპორტო დოკუმენტებიდან საავარიო ბარათის ნომრის დადგენის შემდეგ;

გ) ხანძრის, აგრეთვე მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებებით დაზიანებული საშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაციისათვის და გადასარჩენად შესაბამისი ზომის მიღება;

დ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების დაწყებამდე რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილი პირისაგან წერილობითი თანხმობის მიღება ან რადიოკავშირით გამოცხადება საკონტაქტო ელექტროქსელის გავლის რაიონში ძაბვის მოხსნის დროის და დამიწების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ხანძრის (ავარიის) ადგილზე რკინიგზის ტრანსპორტის ბრიგადის (ნარჩენი ძაბვის მოსახსნელად), სამსახურის დანაყოფების და სარემონტო-აღმდგენი მატარებლების გაგზავნის დროის დადგენა;

ვ) ცეცხლმოდებული ან მომიჯნავე ვაგონების, მატარებლების ჩახსნისა და ევაკუაციისათვის მიღებული ზომების დადგენა;

ზ) ცეცხლმოდებული ვაგონის განაპირა ლიანდაგებზე გადაყვანის შესაძლებლობის დადგენა;

თ) ადგილის ქანობის, სანიაღვრე კანალიზაციის მდგომარეობის, საქალაქო კანალიზაციასა და წყალსაცავებში ადვილად აალებადი, წვადი სითხეების, საფრთხის შემცველი ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით მისაღები ზომების დადგენა;

ი) გვირაბიდან მოძრავი შემადგენლობის გამოყვანის შესაძლებლობის დადგენა;

კ) წვის პროდუქტების მოძრაობის მიმართულების, დაკვამლიანების ზონის საზღვრების დადგენა;

ლ) რკინიგზის ტრანსპორტის უფლებამოსილ პირთან მუდმივი კავშირის ორგანიზება ვითარების შესახებ ინფორმაციის და მოძრავი შემადგენლობის ევაკუაციისა და მატარებლების გადაადგილების საკითხებზე კონსულტაციების მისაღებად;

მ) წყლის წყაროების დაზვერვის ორგანიზება წყლის გადატუმბვის ან მიტანის შესაძლებლობის დასადგენად, ან წყლის რკინიგზის ცისტერნებით მიწოდების მოთხოვნა;

ნ) მატარებლების მოძრაობის გათვალისწინებით სახელოების ხაზების გაყვანის გზების და ხერხების გამოყენება მიწისქვეშა გადასასვლელებში, ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო ხიდებზე, ლიანდაგების ქვეშ ან მათ გასწვრივ, ვაგონებს შორის მანძილებში;

ო) ცეცხლმაქრი ნივთიერების მიწოდება მხოლოდ ტვირთის სახეობის დადგენის და სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის შემდეგ;

პ) ურთიერთთანამშრომლობა რკინიგზის ადგილობრივ ტექნიკურ პერსონალთან, სამსახურის დანაყოფებთან;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში, შემადგენლობის ვაგონების, რომლებიც არ არის მოცული ცეცხლით, საშიშ ზონაში მოქცეული მომიჯნავე ლიანდაგებიდან ვაგონების (უპირატესად ფეთქებადი, რადიოაქტიური და მომწამლავი ტვირთების მქონე ვაგონების, აგრეთვე ადვილად აალებადი, წვადი სითხეებიანი და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების) გაყვანა და დაცვა;

რ) გადაუდებელი ზომების მიღება რკინიგზის სადგურიდან ცეცხლმოდებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი ცისტერნების ევაკუაციისათვის, ამასთან უსაფრთხოების მიზნით ცისტერნას უნდა ჩაებას 3-4 ცარიელი პლატფორმა, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს;

ს) კონტეინერებში ტვირთების ჩაქრობა, მექანიზებული ინსტრუმენტით მოწყობილი ღიობებიდან და ხვრელებიდან;

ტ) ბამბის პროდუქციის ჩაქრობა გაფრქვეული ჭავლით, წყლის ლულების მიწოდება ღია და გვერდითი ღიობებიდან, ხოლო ლითონის ვაგონებში − კარების ღიობებიდან;

უ) დაზიანებული ცისტერნებიდან წვადი სითხეების დაღვრის შეწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, სპეციალური ღარების ან სარინების მოწყობა დაღვრილი წვადი სითხეების უსაფრთხო ადგილზე ჩადინების მიზნით;

ფ) რკინიგზის ლიანდაგებზე დაღვრილი სითხეების და სხვა მასალების წვის შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის სავალი ნაწილის და ლიანდაგების გაგრილება მათი დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით;

ქ) უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი პირების დანიშვნა რკინიგზის სადგურის უფლებამოსილი პირებიდან.

2. გადასარბენზე (გვირაბში) მოძრავ რკინიგზის ტრანსპორტზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) რკინიგზის შესაბამისი სამსახურებისაგან ხანძრის (ავარიის) ადგილთან სამანევრო ლოკომოტივების, სახანძრო და აღმდგენი მატარებლების, სახანძრო ტექნიკით დატვირთული პლატფორმების და წყლის ცისტერნების გაგზავნის, ელექტროქსელის გათიშვის და საკონტაქტო სადენებიდან ნარჩენი ძაბვის მოხსნის მოთხოვნა;

ბ) ხანძრის ზონასთან მისვლა სუფთა სავენტილაციო ნაკადების და პარალელურ გვირაბში არსებული გამკვეთების მხრიდან;

გ) ხანძრის ზონასთან მისვლა თბომაიზოლირებულ ტანსაცმელში და წყლის გაფრქვეული ჭავლით დაცვის ქვეშ;

დ) გვირაბის შუა ნაწილში მთავარი მოქმედებების მიმართულება შეირჩეს სუფთა სავენტილაციო ნაკადის მხრიდან, ხოლო არავენტილირებად გვირაბებში − პორტალის სიმაღლის ქვედა ნიშნულის მხრიდან;

ე) მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების, რკინიგზის ცისტერნების გვირაბიდან შეძლებისდაგვარად გამოყვანის ორგანიზება;

ვ) საშიში და გაუშიფრავი (უცნობი) ნივთიერებებით და მასალებით დატვირთული ვაგონების წვის ლიკვიდაციასთან ან ევაკუაციასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაში ტვირთის გამცილებელი პირების ჩაბმა.

3. აკრძალულია ფეთქებად საშიში მასალებით დატვირთული ვაგონების (ცისტერნების) მოძრაობა ხანძრის ზონაში. ამ შემთხვევაში საჭიროა ვაგონების უწყვეტი გაგრილება ორივე მხრიდა