1. ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა, ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე დანაყოფების თანამდებობის პირებმა და შემადგენლობამ უნდა იცოდნენ ამ წესის დანართი 8-ით განსაზღვრული ნივთიერებების და მასალების სახეობები და ტიპები, რომელთა ჩასაქრობად წყლისა და წყლის შემცველი ცეცხლსაქრობი ნივთიერებების გამოყენება დაუშვებელია.

2. დანაყოფების შემადგენლობის მუშაობა სათავსებში (უბნებზე), სადაც ინახება ან გამოიყენება ქიმიურად საშიში ნივთიერებები ან წვის დროს შესაძლებელია ასეთი ნივთიერებების გამოყოფა, დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ დამცავ კომპლექტებსა და სასუნთქი საშუალების გამოყენებით.

3. დანაყოფის მეხანძრე-მაშველი ხანძრის სითბური რადიაციის, სამშენებლო კონსტრუქციების რღვევის ან სხვა გარემოებათა შედეგად წარმოქმნილი მექანიკური და ხანძრის სხვა საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ინდივიდუალური დაცვის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო-სამაშველო დამცავი ტანსაცმლით, მათ შორის სპეციალური დამცავი ტანსაცმლითა და აღჭურვილობით.

4. ძლიერი სითბური რადიაციის უბნებზე მომუშავე სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის და ტექნიკის ჯგუფური დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წყლის ფარდით (ეკრანით), ხოლო ინდივიდუალური დაცვა – გამაფრქვეველი ლულებით.

5. შენობის ზედა სართულებზე წვის ლიკვიდაციისას აკრძალულია სატვირთო და სამგზავრო ლიფტების გამოყენება შემადგენლობის ასაყვანად და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ასატანად. გამონაკლისია ლიფტები, რომლებიც განკუთვნილია სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ტრანსპორტირებისათვის.

6. ხანძრის ჩაქრობის მონაწილე დანაყოფების შემადგენლობა ვალდებულია თვალყური ადევნოს ხანძარზე ვითარების ცვლილებას, სამშენებლო კონსტრუქციების, ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობას და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილოს ხანძრის ჩაქრობის უბანზე მომუშავე ყველა პირი, ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

7. რეზერვუარებში და სარეზერვუარო პარკებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის ცეცხლმოდებული რეზერვუარებიდან უსაფრთხო მანძილზე განთავსება, წვადი სითხეების შესაძლო ადუღების, ამოფრქვევის, დაღვრის და დაკვამლიანების ზონის გათვალისწინებით. ამასთან, საჭიროა სწრაფი შეტყობინების ერთიანი სიგნალის დადგენა და აღნიშნულის შესახებ დანაყოფების შემადგენლობის ინფორმირება, ასევე, უსაფრთხო ადგილამდე უკან დასახევი გზების განსაზღვრა. დაუშვებელია ტექნიკის ქარზურგა მხარეს განთავსება.

8. გადაუმუშავებელი ნავთობის რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობისას (ავარიის ლიკვიდაციისას) აკრძალულია სახანძრო ავტომობილების განლაგება ან მათი წყლის წყაროებზე დაყენება ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან 120 მ-ზე ახლოს.

9. დაუშვებელია ცეცხლმოდებულ მიწისქვეშა რკინაბეტონის, მიწისზედა ავარიულ (ცეცხლმოდებულ) და მათთან მეზობლად მდებარე რეზერვუარების სახურავზე (მცურავ სახურავზე) შემადგენლობის განთავსება. გამონაკლის შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის თანხმობით დასაშვებია რეზერვუარების სახურავზე იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი. აკრძალულია მელულეების ყოფნა ცეცხლმოდებული რეზერვუარების შემოზვინვაში, თუ დაღვრილი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები არ არის დაფარული ქაფით და შემადგენლობის სამუშაო ადგილებზე არ არის მომუშავე ქაფგენერატორები ან ქაფის ლულები.

10. ელექტროენერგეტიკული მრეწველობის (ჰიდროელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, აირტურბინული ელექტროსადგური, ელექტროქვესადგური) და სხვა ობიექტების ელექტროდანადგარების სათავსებში, აგრეთვე, მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში და რკინიგზის ტრანსპორტზე წვის ლიკვიდაციაში მონაწილე სამსახურის დანაყოფების შემადგენლობას ეკრძალება ელექტროხაზების და ელექტროდანადგარების გაუდენურების რაიმე მოქმედების თვითნებურად ჩატარება, აგრეთვე, ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენება ობიექტის ადმინისტრაციისაგან დადგენილი წესით წერილობითი დაშვების (დანართი 17, დანართი 18) მიღებამდე.

11. მეტროპოლიტენის გვირაბებსა და სადგურებზე ხანძრის დროს მაგისტრალური სახელოების ხაზების გაყვანა ხდება სადგურების ბაქნებამდე სახელოს განშტოებების დაყენებით, ამასთან, ყველა შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათადარიგო მაგისტრალური ხაზის გაყვანა.

12. ობიექტებზე, სადაც ინახება და ბრუნვაშია ფეთქებადი მასალები, წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით ორგანიზება გაუწიოს იმ შემადგენლობის ინსტრუქტაჟს, რომელიც მიემართება სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) დაადგინოს ფეთქებადი მასალების დასახელებები;

გ) განსაზღვროს ცეცხლმაქრი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც არ გამოიწვევს აფეთქებას;

დ) არ დაუშვას დანაყოფის შემადგენლობის საშიშ ზონაში თავმოყრა;

ე) უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დაცვა შესაძლო დარტყმითი (აფეთქების) ტალღისა და ნამსხვრევებისაგან;

ვ) გამოიყენოს თავშესაფარი, აგრეთვე, ჯავშანტექნიკა სახელოების ხაზების გასაყვანად და მელულეების პოზიციების დასაცავად;

ზ) წვის ლიკვიდაციისათვის გამოიყენოს გაფრქვეული წყალი ან ქაფი, მოერიდოს წყლის კომპაქტური ჭავლის გამოყენებას;

თ) ფეთქებადი მასალების ევაკუაციისა და კონსტრუქციების დაშლა-გახსნის დროს უზრუნველყოს დანაყოფის შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ფეთქებად მასალებზე მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო აფეთქების პრევენციის მიზნით.

13. გაზნავთობის შადრევნების ხანძრის ჩაქრობის და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შემადგენლობის დაცვა ძლიერი ხმაურისაგან დამხშობების, ანტიფონების და ხმაურის საწინააღმდეგო ყურსაცმების გამოყენებით;

ბ) ორგანიზება გაუწიოს მელულეების ეშელონირებულ დაცვას თბური რადიაციის ზემოქმედებისაგან.

14. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე (ბირთვული რეაქტორები, საწარმოები), სადაც ინახება და ბრუნვაშია რადიოაქტიური მასალები, რადიოაქტიური მასალების ან მაიონებელი გამოსხივების წყაროების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით (შემდგომ - რადიაციულად საშიში ობიექტები) წვის და საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად ობიექტის ადმინისტრაციის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად შემუშავებულ ინსტრუქციაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

ა) ობიექტზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების ნუსხა, მათი აქტიურობის აღნიშვნით;

ბ) ხანძრის ჩაქრობისას და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ამა თუ იმ სალიკვიდაციო სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობა და პირობები (ქონების ევაკუაცია და სხვ.) ობიექტის ადმინისტრაციის მისვლამდე;

გ) დოზიმეტრული კონტროლის უზრუნველყოფის ორგანიზება და საშუალებები;

დ) დანაყოფის შემადგენლობის დაცვის ზომები და წესი, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ე) დანაყოფის შემადგენლობის დასხივების დასაშვები დონე, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ვ) სხვადასხვა კატეგორიის სათავსებში დანაყოფის შემადგენლობის ყოფნის დასაშვები დრო ნორმალურ პირობებში და საგანგებო სიტუაციის დროს, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით;

ზ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის საშუალებები და ხერხები სხვადასხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობებში;

თ) საგანგებო სიტუაციის ლიკვადაციისას და მის შემდეგ დანაყოფის შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის და ფორმის ტანსაცმლის დეზაქტივაციის წესი, ადგილი და საშუალებები;

ი) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე წვის და საგანგებო სიტაუციის ლიკვიდაციისას დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის, აგრეთვე, დანაყოფებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან და ობიექტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის წესი;

კ) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას დანაყოფის შემადგენლობის ნებაყოფლობითი მონაწილეობის წესი და მათი ინფორმირება დასხივების შესაძლო დოზებისა და ჯანმრთელობისათვის არსებული რისკის შესახებ.

15. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დანაყოფების შემადგენლობის ჭარბი დასხივება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების და ღონისძიებების დაცვა-განხორციელება:

ა) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები უნდა წარმოებდეს რადიაციული კონტროლის ქვეშ, სპეციალური ნებართვით, რომელშიც განსაზღვრულია მუშაობის ზღვრული ხანგრძლივობა, დაცვის დამატებითი საშუალებები, რეაგირების ძალების და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების გვარები;

ბ) ობიექტზე, სადაც ინახება ან ბრუნვაშია რადიაციული ნივთიერებები, დანაყოფის შემადგენლობის დასხივებისაგან დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრული კონტროლის ხელსაწყოებით, ადამიანთა ინდივიდუალური სანიტარული დამუშავების და ტექნიკის დეზაქტივაციის საშუალებებით უზრუნველყოფა ეკისრება ობიექტის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია აგრეთვე, ორგანიზება გაუწიოს რეაგირების ძალების დასხივების დოზიმეტრულ და რადიაციულ კონტროლს, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დასრულების შემდეგ (არაუმეტეს ერთი დღე-ღამისა) გასცეს თითოეული მონაწილის მიერ მიღებული დასხივების დოზის შესახებ დადგენილი დოკუმენტი. ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელს მონაცემები დასაშვებ ზღვართან მიახლოებული დოზების შესახებ;

გ) წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა წვრილად გაფრქვეული ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდება მძლავრი იმპულსური ნაკადებით, რომლებიც იფრქვევა დიდ მანძილზე და მხოლოდ ცეცხლმოდებულ ფართობზე, ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ცეცხლმაქრი ზემოქმედების მაღალი სიზუსტე და ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მცირე ხარჯი, შემცირდეს რადიაქტიური მტვრის მიმოფანტვის დონე და ხანძრის ხელახლად გაჩენის შესაძლებლობა;

დ) ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების და რადიაციის ზემოქმედების პირობებში სამუშაოდ მორგებული სხვა ტექნიკის მინიმალური რაოდენობის მოზიდვა. სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების მიერ საჭიროა სასუნთქი საშუალების და კონკრეტული ობიექტებისათვის გათვალისწინებული დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება;

ე) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელმა, ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით უნდა გაუწიოს ორგანიზება რეაგირების ძალების შემადგენლობის რადიაციული უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს (სამუშაოების ხასიათის და თანმიმდევრობის განმარტებით), აგრეთვე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადმინისტრაციის (დოზიმეტრული სამსახურის) მიერ დადგენილ ვადებში მათი საშიშ ზონაში ყოფნის და დროულად შეცვლის კონტროლი;

ვ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შემდეგ სამუშაოებში მონაწილე რეაგირების ძალების მთელმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს გამოკვლევა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

16. რადიაციულად საშიშ ობიექტზე ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს:

ა) რადიაციული დაზვერვის უწყვეტ განხორციელებას;

ბ) ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის ადგილმდებარეობის თავისებურებების დროულ და მოხერხებულ გამოყენებას;

გ) რადიაციასაწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიდოტების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებების გამოყენებას;

დ) მოწამვლის ზონაში გადაადგილების და ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ეფექტიანი ხერხების შერჩევას;

ე) მოწამვლის ზონაში სამსახურის შემადგენლობის მიერ ქცევის დადგენილი წესების მკაცრ დაცვას.

17. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე მაღალი რადიაციის პირობებში საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოები სამსახურის დანაყოფების მიერ ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაგირების ძალები და საშუალებები საკმარისი რაოდენობისაა და მათი მოსალოდნელი დასხივების დოზა არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ დოზას.

18. ავარიული ქიმიურად საშიში და აგრესიული ნივთიერებების მქონე ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები შეარჩიოს ცეცხლმოდებული ნივთიერებების ხასიათის გათვალისწინებით და ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული საშუალებების გამოყენებით (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) ავარიული ქიმიურად საშიში და აგრესიული ნივთიერებების ევაკუაციის დროს გაითვალისწინოს ობიექტის ადმინისტრაციის რეკომენდაციები;

გ) ხანძრის ზონაში არაორგანული მჟავებისა და ქიმიური დამწვრობების გამომწვევი სხვა ნივთიერებების არსებობის შემთხვევაში, ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით, უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობა დამცავი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;

დ) დადგენილი წესით დანიშნოს უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები.

19. საცხოვრებელ სახლებში ხანძრის ჩაქრობის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) გაზგაყვანილობაზე საკვალთეების გადაკეტვა;

ბ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრო სადენების და ელექტროდანადგარების გათიშვის აუცილებლობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ორგანიზება;

გ) სათავსიდან კვამლის მოცილება და ტემპერატურის დაწევა;

დ) გაზის ბალონების აღმოჩენისას მათი გაგრილება და ევაკუაცია წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

20. აკრძალულია სამსახურის დანაყოფის რეაგირების ძალებისათვის ღამის საათებში დასასვენებელი ადგილების მოწყობა ტყისა და ტორფის ხანძრების წვის გავრცელების ფრონტის წინ და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის განთავსება იმ ადგილებში, სადაც ცეცხლმა შეიძლება მოჭრას უკან დასახევი გზები ან შექმნას დიდი დაკვამლიანება.

21. სიმაღლეზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ხელის სახანძრო კიბეზე სახანძრო ლულით (სხვა სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობით და მოწყობილობით) მუშაობა, მხოლოდ საფეხურზე მეხანძრე-მაშველის სახანძრო-სამაშველო კარაბინით დამაგრების შემდეგ;

ბ) სახურავზე მუშაობის დროს მეხანძრე-მაშველების დამაგრება შენობის კონსტრუქციაზე სამაშველო თოკით (აკრძალულია თოკის დამაგრება სახურავის შემომღობ კონსტრუქციებზე);

გ) სიმაღლეზე და გადახურვაზე სამუშაოების ჩატარება არანაკლებ ორი მეხანძრე-მაშველის მიერ;

დ) სახელოს ხაზის და სახანძრო კიბეების საიმედო დამაგრება.

22. აკრძალულია სახანძრო ლულის დატოვება უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, აგრეთვე, შემადგენლობის გაჩერება გადმოკიდებულ სახურავზე და გადახურვის იმ უბანზე, სადაც შეიმჩნევა წვის ნიშნები.

23. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობის ჩატარებისას მეხანძრე-მაშველს (მძღოლი) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის და სხვა თანამდებობის პირების ბრძანების გარეშე ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, მოტოპომპების, ავტოკიბეების და ავტოამწეების გადაადგილება, აგრეთვე, მათი უმეთვალყურეოდ დატოვებ