1. სამსახურის დანაყოფის მეხანძრე-მაშველი, განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უმცროსი ინსპექტორი (შემდგომში − მეხანძრე-მაშველი) ახორციელებენ ხანძრის ლოკალიზაცია−ლიკვიდაციას და ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და სპეციალურ სამუშაოებს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
2. მეხანძრე-მაშველი ვალდებულია დაემორჩილოს გათვლის უფროსს, ცვლის მეთაურს უბნის და სექტორის უფროსს.
3. დასახული ამოცანების შესრულებისას მეხანძრე-მაშველი მოქმედებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი ხელმძღვანელის, უბნის და სექტორის უფროსის მიერ, იგი აგრეთვე ვალდებულია:
ა) არ მიატოვოს პოზიცია ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და იქონიოს კავშირი ხელმძღვანელთან და გათვლის მეხანძრე-მაშველებთან;
ბ) გააფრთხილოს ადამიანები შესაძლო საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში და მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისათვის, ქონების გადარჩენისათვის, რის შესახებაც მოახსენოს მის ხელმძღვანელს;
გ) აღმოუჩინოს პირველადი დახმარება დაზარალებულებს;
დ) აკონტროლოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების მუშაობა და სამუშაოების დასრულების შემდეგ შეამოწმოს მათი არსებობა;
ე) დაიცვას უსაფრთხოების მოთხოვნები.
4. დაზვერვის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) იქონიოს საჭირო სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები;
ბ) არ მოსცილდეს პირს, რომელიც ხელმძღვანელობს დაზვერვას და თვალი ადევნოს არსებულ ვითარებას;
გ) დაუყოვნებლივ მოახსენოს დაზვერვის ხელმძღვანელს საფრთხეში მყოფი ადამიანის აღმოჩენის, აგრეთვე, ცეცხლის ან კვამლის წარმოქმნის შესახებ.
5. ადამიანთა გადარჩენისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) იქონიოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, რომელიც საჭიროა გათვლის უფროსის, ცვლის მეთაურის მიერ შერჩეული გადარჩენის ხერხისათვის;
ბ) სათავსში შესვლისთანავე შეატყობინოს იქ მყოფ პირებს მათთვის დახმარების გაწევის შესახებ;
გ) შეარჩიოს გადარჩენის უმოკლესი გზა და უსაფრთხო ხერხი;
დ) მაღალი ტემპერატურის და დაკვამლიანების ზონები დაზარალებულთან ერთად გაიაროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მიიღოს ზომები, რათა დაიცვას იგი ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციის საშიში ფაქტორებისაგან.
6. სახელოს ხაზების გაყვანისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) შეარჩიოს მოხერხებული და უმოკლესი გზები მელულეების პოზიციებამდე;
ბ) მოარიდოს სახელოები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების შლანგები ბასრ ან ცეცხლმოდებულ საგნებს, აგრეთვე ქიმიურად საშიშ ნივთიერებებს. სახელოების დაზიანებებისაგან დასაცავად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება;
გ) არ დაუშვას სახელოს ხაზებით შენობის გასასვლელების და საევაკუაციო კიბეების ჩახერგვა, გაიყვანოს სახელოს ხაზები ქუჩის, გზის, ეზოს განაპირას (შეძლებისდაგვარად მოარიდოს სავალ ნაწილს), ხოლო რკინიგზაზე ლიანდაგების ქვეშ;
დ) დაიცვას გზის სავალ ნაწილზე გაყვანილი სახელოები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების შლანგები გადაგრეხისა და გაწყვეტისაგან, დაბრკოლებებზე გადატარების დროს მკვეთრი გადაკეცვისაგან, ხოლო შემაერთებელი თავები დაიცვას გზის ხისტ საფარზე დარტყმებისაგან, დაამაგროს სიმაღლეზე გაყვანილი სახელოს ხაზები სახელოს დამჭერებით;
ე) გაითვალისწინოს სახელოს ხაზების და საავარიო-სამაშველო მოწყობილობის, შლანგების ისეთი სიგრძე, რომელიც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველის თავისუფალ გადაადგილებას, ლულითა და შესაბამისი საავარიო-სამაშველო ინსტრუმენტით მანევრირების შესაძლებლობას;
ვ) სახელოს ხაზი გაიყვანოს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და დაამაგროს სახელოს დამჭერებით.
7. მატერიალურ ფასეულობათა ევაკუაციის დროს მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) დაიცვას გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის მიერ მითითებული ევაკუაციის თანმიმდევრობა;
ბ) არ ჩახერგოს საევაკუაციო გზები.
8. სახანძრო ლულით მუშაობისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს წვის კერას, ამასთან შექმნას სახელოს ხაზების სიგრძის მარაგი;
ბ) გადაადგილდეს წინ სახანძრო ლულით ხელში და მიმართოს წყლის ჭავლი ინტენსიური წვის ადგილებისაკენ, ცეცხლმოდებული კონსტრუქციებისა და საგნებისაკენ;
გ) მიმართოს წყლის ჭავლი ცეცხლის გავრცელების გზების შემხვედრი მიმართულებით, პირველ რიგში კონსტრუქციის იმ ნაწილებზე, რომელთა დაწვას ან გახურებით გამოწვეულ სიმტკიცის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს ნაგებობის მთელი კონსტრუქციის ან მისი ნაწილის ჩამონგრევა;
დ) ვერტიკალური ზედაპირების ჩაქრობისას წყლის ჭავლი მიმართოს ზემოდან ქვემოთ;
ე) წვის ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ გადაკეტოს და გამოიტანოს სახანძრო ლულა;
ვ) სიმაღლეზე მუშაობისას გამოიყენოს დამცავი მოწყობილობები, დაიმაგროს თავი კიბეზე სახანძრო ლულით მუშაობისას;
ზ) არ დატოვის სახანძრო ლულა უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც;
თ) არ შეეხოს და არ მიმართოს წყლის ჭავლი ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროსადენებზე თუ არ არის დაცული უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა;
ი) დაიცვას თბური ზემოქმედებისაგან ადვილად აალებადი და წვადი სითხეებიანი რეზერვუარები, ბალონები შეკუმშული აირით, წნევის ქვეშ მყოფი დანადგარები და აპარატები მათი გახურებული ზედაპირების თანაბარი გაგრილებით.
9. შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების გახსნა-დაშლის სამუშაოების ჩატარებისას მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:
ა) ჩაატაროს სამუშაოები გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის მითითებით;
ბ) გამოიყენოს სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა და მოწყობილობები, მათ შორის მექანიზირებული;
გ) წვის კერის ლიკვიდაციისათვის კონსტრუქციების გახსნა აწარმოოს მხოლოდ ჩაქრობის საშუალებების მომზადების შემდეგ;
დ) კონსტრუქციის გახსნა-დაშლის სამუშაოები ჩაატაროს ქონებისათვის მინიმალური ზიანის მიყენებით;
ე) დაშლილი კონსტრუქციების ჩამოყრა სიმაღლიდან აწარმოოს მხოლოდ გათვლის უფროსის ან ცვლის მეთაურის ნებართვით და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით;
ვ) უზრუნველყოს საკვამლე მილების, საყრდენების ან შენობების ნაწილების ჩამონგრევა ხელმძღვანელის ან მისი დავალებით სხვა უფლებამოსილი პირის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, საშიში ზონიდან ადამიანების და სახანძრო ტექნიკის გაყვანის შემდეგ.
ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარე