1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელი ან/და შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ:

ა) სახელოების ხაზების გაშლის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მოწყობილობის და ინვენტარის გადატანის უმოკლესი და უსაფრთხო გზის შერჩევას, ასევე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებისა და მოწყობილობების განთავსებას საევაკუაციო გზების ჩახერგვის გარეშე;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მშენებლობადაუმთავრებელი შენობა-ნაგებობებიდან ან ავარიული ობიექტებიდან განთავსებას არანაკლებ ამ ობიექტების სიმაღლის ტოლ მანძილზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის ტრანსპორტის გაჩერებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ერთიანი სიგნალის დაწესებას და ხანძარზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციაზე მომუშავე დანაყოფის შემადგენლობის ინფორმირებას;

ე) რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ სახელოების ხაზების გაყვანისას უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობას რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ (ორივე მხარეზე), მოძრავი შემადგენლობის მიახლოების შესახებ შემადგენლობისათვის ინფორმაციის დროულად მისაწოდებლად.

2. რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლისას აკრძალულია:

ა) რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლის დაწყება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის გაჩერებამდე;

ბ) სახანძრო ჰიდრანტების, გაზის და თბოკომუნიკაციების ჭების გასანათებლად ღია ცეცხლის გამოყენება;

გ) წყლის, გაზის და ტექნიკური კომუნიკაციების ჭებში სამაშველო თოკისა და სასუნთქი საშუალების გარეშე ჩასვლა;

დ) სახელოების ხაზებთან შეერთებული სახანძრო ლულის ღვედის ტანზე დამაგრება სიმაღლეზე ასვლისას და მუშაობისას;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების სამაშველო თოკით ატანა-ჩამოტანისას ტვირთის ქვეშ დგომა;

ვ) ხელის მექანიზებული და ელექტრო ინსტრუმენტების მუშა მდგომარეობაში გადატანა მოძრაობის მიმართულებისაკენ მობრუნებული სამუშაო ზედაპირით (მჭრელი, მჩხვლეტავი და სხვ.), ასევე, ბირდაბირების და ხერხუნების შალითების გარეშე გადატანა;

ზ) წყლით შევსებული სახელოს ხაზის ატანა სიმაღლეზე;

თ) წყლის მიწოდება დაუმაგრებელი სახელოების ხაზებში, მელულეების საწყის პოზიციებზე გასვლამდე ან სიმაღლეზე ასვლამდე.

3. ვერტიკალური სახელოების ხაზები თითოეულ სახელოზე უნდა დამაგრდეს არანაკლებ ერთი დამჭერის ანგარიშით.

4. სახელოების ხაზებში წყალი უნდა მიეწოდოს თანდათანობით, წნევის მომატებით. სახანძრო ჰიდრანტის გამოყენებისას მისი ხუფი უნდა გაიხსნას სპეციალური კაკვით ან ძალაყინით.

5. სახელოების და ტუმბოსახელოების სახანძრო ავტომობილებიდან სახელოს ხაზის გაყვანისას მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) უნდა გააკონტროლოს მოძრაობის სიჩქარე (არა უმეტეს 10 კმ/სთ), ხოლო მეხანძრე-მაშველმა თვალყური ადევნოს სპეციალური ხმოვანი სიგნალისა და ციმციმა სიგნალის მუშაობას, საიმედოდ დააფიქსიროს სახანძრო ავტომობილის სექციების კარები.

6. სახელოების დასაწყობი ამწე მექანიზმის პნევმოსისტემის გამოყენებისას საჭიროა სამუხრუჭე სისტემაში ისეთი წნევის უზრუნველყოფა, როგორიც განსაზღვრულია მანქანის ტექნიკური პასპორტით.

7. სახელოებიან ავტომობილში სახელოს ხვეულების დაწყობისას აკრძალულია ამწე მექანიზმის ტვირთამწეობის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება. ავტომობილის სახურავზე სახელოების დაწყობისას შემომღობი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული ვერტიკალურ მდგომარეობაში.

8. აფეთქების საშიშროების არსებობისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შემადგენლობის მიერ სახელოების ხაზების გაყვანა უნდა განხორციელდეს არსებული თავშესაფრების (არხები, კედლები და სხვ.), დაცვის საშუალებების (ფოლადის ჩაფხუტები, ფარების, ჯავშანჟილეტები) გამოყენებით, აგრეთვე, ჯავშანფარების, ჯავშანტექნიკისა და ავტომობილების დაცვის ქვეშ.

9. ხელის სახანძრო კიბეები უნდა დაიდგას ისე, რომ ხანძრის განვითარების შემთხვევაში ისინი არ აღმოჩნდეს წვის ზონაში. მათი გადატანის შემთხვევაში საჭიროა ამ კიბით სიმაღლეზე ასული მეხანძრე-მაშველების გაფრთხილება, კიბის ახალი ადგილმდებარეობის ან სხვა ჩამოსასვლელის მითითება.

10. აკრძალულია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის დაყენება გზის სავალი ნაწილის გარდიგარდმო. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის ქუჩის, გზის სავალ ნაწილზე გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხება, დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირების ან ცვლის მეთაურის ბრძანებით, ამასთან, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე ჩართული უნდა იქნეს ავარიული შუქსიგნალი. ღამის საათებში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილი უნდა განათდეს გვერდითი, გაბარიტული ან სადგომი შუქები