1. „სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – რეაბილიტაციის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო).
3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.
4. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2021 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2021 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2022 წელს, თუ რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლებშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის (კომპონენტის) მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
6. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2022 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, -ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
8. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
9. რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
10. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2022 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2021 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2021 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2021 წლის ამოწურვამდე.
11. იმ ქვეპროგრამების დაფინანსება და ადმინისტრირება, რომლებიც ხორციელდება დისტანციურად „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.