საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №304
2002 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს.
ინსტრუქცია შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით ამ ინსტრუქციითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი;
ბ) ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;
ე) შეიმუშავებს დეპარტამენტის წლიურ სამუშაო გეგმას, წარუდგენს მას დასამტკიცებლად მინისტრს ან კურატორ-მინისტრის მოადგილეს;
ვ) უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერიოდულ კონტროლს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო პირობებზე, პატიმართა კვების საკითხებზე; არსებული ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) ისმენს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებების სამედიცინო ქვედანაყოფების ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს სამედიცინო ქვედანაყოფების საქმიანობაში შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად;
თ) განიხილავს და მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობისა და დეპარტამენტის საექიმო – შრომითი, ფსიქო-ნარკოლოგიური და სპეციალური სამედიცინო კომისიის მუშაობის ანგარიშს; გაწეული მუშაობის ანალიზის შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებებს სისტემაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, სამედიცინო მომსახურების მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად;
ი) უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში პატიმართა დროულ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხს ავადმყოფისათვის გადაუდებელი სპეციალიზებული მკურნალობის აუცილებლობის შესახებ; ორგანიზებას უწევს მძიმე ავადმყოფთა ჯანდაცვის სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას;
კ) აკონტროლებს მისადმი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოსამსახურეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; შუამდგომლობს იუსტიციის მინისტრის წინაშე მათი გათავისუფლების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; აკეთებს წარდგინებას დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ლ) ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ასრულებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს;
ბ) უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის, პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების, კვების ნორმებსა და საკვები პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლს;
გ) ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
დ) ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს პენიტენციური სისტემის კონტინგენტის პროფილაქტიკურ გამოკვლევას შიდსზე, ვენერიულ სნეულებებზე, „ც“ – ჰეპატიტზე, ტუბერკულოზზე და სხვა გადამდებ ინფექციურ სნეულებებზე;
ე) აკონტროლებს და ამოწმებს სამკურნალო დაწესებულებებში პატიმართა გადაყვანისა და დაყოვნების საფუძვლიანობას; შემოწმების შედეგებს მოახსენებს დეპარტამენტის უფროსს;
ვ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულებების სამედიცინო აპარატურით, სამკურნალწამლო საშუალებებით და მედიკამენტებით მომარაგების და განაწილების საკითხებს; აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტის უფროსს და სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ზ) ხელძღვანელობს და კონტროლს უწევს იუსტიციის სამინისტროს საექიმო შრომითი კომისიის მუშაობას, ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგეს დეპარტამენტის უფროსს და სამინისტროს ხელმძღვანელობას;
თ) მონაწილეობას ღებულობს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამედიცინო კომისიისა და სხვა შესაბამისი კომისიების მუშაობაში;
ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ბეჭდის შენახვასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე;
კ) ასრულებს დეპარტამენტის დებულებით და დეპარტამენტის უფროსისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ასრულებს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებასა და განკარგულებებს;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, კანონით დადგენილ ვადებში უზრუნველყოფს მათზე პასუხის მომზადებას;
გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ინფორმაციას და შესაბამის წინადადებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის მდგომარეობისა და ავადმყოფთა მკურნალობის გაუმჯობესების, აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით მომარაგების შესახებ;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ანაწილებს სამინისტროს მიერ შეძენილ და ჰუმანიტარული გზით მიღებულ მედიკამენტებსა და სამკურნალწამლო საშუალებებს, ხელმძღვანელობის დავალებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მათი შენახვის, მოხმარებისა და ხარჯვის საკითხებს;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოახსენებს ინფორმაციას სამკურნალო დაწესებულებებსა და სამედიცინო ნაწილებში ავადმყოფთა მოთავსების, მკურნალობის ვადების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, გახანგრძლივებული მკურნალობის, ლეტალობის შემთხვევების შესახებ;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ყოველკვარტალურად წარუდგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს;
ზ) მეთვალყურეობას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას;
თ) ხელმძღვანელობის დავალებით უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სეზონური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩატარების ვადების, პატიმართა კვების პროდუქტების ვარგისიანობის ხარისხის და მომზადებული საკვების კალორაჟის შემოწმებას (კანონით დადგენილ ნორმების გათვალისწინებით);
ი) ხელმძღვანელობის დავალებით შეისწავლის სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მიმდინარეობას და მათი რეალიზაციის შედეგებს; პატიმრებისათვის დროული ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების საკითხებს;
კ) საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან და ტუბერკულიოზის პროგრამის კოორდინატორთან ერთად განსაზღვრავს დაწესებულებაში ანტიტუბერკულიოზური პროფილაქტიკური ღონისძიებებსა და პატიმრებისათვის ადგილზე გასაწევი სამედიცინო დახმარების მოცულობას;
ლ) ხელმძღვანელობის დავალებით განიხილავს ავადმყოფობის მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევებს მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს ავადმყოფის შესაბამის სპეციალიზებულ კლინიკაში გაყვანის საკითხს;
მ) ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტში შემოსული წერილების, წინადადებების, საჩივრების და განცხადებების შესაბამისი წესით აღწერასა და დასკვნების დროულად გაცემის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ) დეპარტამენტის სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ ყოველკვარტალური ანგარიშების დროული შესრულებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის საჭირო ღონისძიებებს; დეპარტამენტის მრჩევლებთან ერთად ყოველ 6 თვეში დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშის მომზადებას;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავებას;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.