„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/04
სარეგისტრაციო კოდი
220010010.18.011.016612
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №15/04

2022 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 29/08/2018; ს/კ: 220010010.18.011.016333) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



დანართი №1
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტებას და ამ განმარტების მიზნებისათვის მისი გაანგარიშების პრინციპებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სესხი – ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი;

ბ) გამსესხებელი – პირი, რომელიც გასცემს სესხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მსესხებელი – პირი, რომელიც იღებს სესხს/აღებული აქვს სესხი გამსესხებლისგან;

დ) საკრედიტო შუამავალი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის გამსესხებელი და თავისი საქმიანობის ფარგლებში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ საქმიანობას:

დ.ა) პირს სთავაზობს სესხს;

დ.ბ) მსესხებლებს ეხმარება სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებში;

დ.გ) გამსესხებლის სახელით დებს სესხის ხელშეკრულებას;

ე) სესხის მთლიანი თანხა – სესხის ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;

ვ) საპროცენტო განაკვეთი – სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული, ცვლადი ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე;

ზ) საჯარო ინდექსი – ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც გამსესხებელი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას;

თ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული;

ი) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში. ასევე, საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ყოველი ცალკეული პერიოდისათვის წინასწარ შეთანხმებული უცვლელი საპროცენტო განაკვეთით. თუ ხელშეკრულების ცალკეული პერიოდისთვის/პერიოდებისთვის საპროცენტო განაკვეთი ცალსახად არაა უცვლელი და წინასწარ შეთანხმებული, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულად ჩაითვლება მხოლოდ ხელშეკრულების იმ პერიოდისთვის/პერიოდებისთვის, რომლისთვისაც საპროცენტო განაკვეთი ცალსახად უცვლელი სახითაა შეთანხმებული. ამასთან, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მსესხებლისთვის ისეთი ხარჯის დაკისრება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს ფინანსურ ხარჯს და მისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრების შემთხვევაში გაიზრდებოდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

კ) ცვლადი საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დადგომის შემთხვევაში. ცვლად საპროცენტო განაკვეთად არ მიიჩნევა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მსესხებლების ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო;

ლ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნებისა და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში;

მ) სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;

ნ) დაკავშირებული სესხის ხელშეკრულება – სესხის ხელშეკრულება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი სესხს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის;

ო) ნაღდი ანგარიშსწორების ფასი – დაკავშირებული სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს საქონლის/მომსახურების ფასი ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელსაც დაკავშირებული სესხის ხელშეკრულების მონაწილე მსესხებელი გადაუხდიდა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით ანგარიშსწორების შემთხვევაში გამსესხებლისგან სესხის აღების გარეშე;

პ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება – სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი თანხა აღემატება მის მიმდინარე ანგარიშზე, მათ შორის, საბარათე ანგარიშზე არსებულ სახსრებს.

მუხლი 3. ფინანსური ხარჯი

1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:

ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;

ბ) მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები. მათ შორის, როცა სესხის მომსახურებისთვის იხსნება ანგარიში, ანგარიშის გახსნის და მომსახურების ხარჯები;

გ) გამსესხებლის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;

დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;

ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;

ვ) სანოტარო ხარჯი;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;

თ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;

ი) სხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან სესხის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას;

კ) გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად სესხის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს სესხის გაცემამდეც;

ლ) გამსესხებლის მხრიდან სესხის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა სესხის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს;

მ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ გამსესხებელმა შეიტყო სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის;

ნ) გადასახადები, რომლის დაკავებას და მსესხებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს გამსესხებელი;

ო) მსესხებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც გამსესხებელმა უნდა უზრუნველყოს მსესხებლის ინფორმირება.

2. თუ ფინანსურ ხარჯს მსესხებელი უხდის მესამე პირს და გამსესხებელს არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, გამსესხებელმა ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

3. თუ მსესხებლის მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა გამსესხებელს წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.

4. ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც მსესხებლისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი სესხის გარეშე თავად განახორციელებდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას ან/და რომელთა მსესხებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია სესხის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

5. თუ დაკავშირებული სესხის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი აღემატება ამავე საქონლის/მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასს, აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯს.

მუხლი 4. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების პრინციპი

1. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა მსესხებლის მიერ თანხის გადახდების დღევანდელი ღირებულება გაუთანაბრდეს მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან მიღებული და მისაღები თანხების დღევანდელ ღირებულებას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება მსესხებლის მიერ სესხზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება:

ა) k – თანხის გამოტანის (გამსესხებლისგან მიღების) რიგითი ნომერი;

ბ) k’ – თანხის შეტანის (გამსესხებლისთვის გადახდის) რიგითი ნომერი;

გ) Ak – k რიგითობით გამოტანილი სესხის თანხა;

დ) A’k’ – k’ რიგითობით გადახდილი თანხა - ფინანსური ხარჯი;

ე) Σ – ჯამის ნიშანი;

ვ) m – თანხის გამოტანის საერთო რაოდენობა;

ზ) m’ – თანხის გადახდების საერთო რაოდენობა;

თ) tk – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, სესხის პირველ რიგობით გამოტანასა და შემდგომ გამოტანებს შორის – მეორედან – m -მდე;

ი) tk’ – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, სესხის პირველ რიგობით გამოტანასა და გადახდებს შორის – პირველიდან – m’-მდე;

კ) i – სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

3. როგორც გამსესხებლის, ისე მსესხებლის მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი თანხები, შესაძლოა არ იყოს თანაბარი და გადახდილი თანაბარი ინტერვალებით.

4. ფორმულა შეიძლება გამოვსახოთ (Ak) ფულადი ნაკადების ერთი ჯამით, სადაც ფულადი ნაკადები იქნება დადებითი (გადახდილი), ან უარყოფითი (მიღებული) 1-დან k-მდე პერიოდების განმავლობაში (პერიოდები გამოსახული უნდა იყოს წლებში):

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება:

ა) X – სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ბ) S – ფულადი ნაკადების მიმდინარე ნაშთი (თუ მიზანია, რომ გადახდილი და მიღებული ფულადი ნაკადების ჯამი ნულის ტოლი იყოს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობაც ნულის ტოლი იქნება).

6. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დაშვებები:

ა) თუ მსესხებელს შეუძლია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ნებისმიერი ოდენობის თანხა გამოიტანოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაიშვება, რომ მსესხებელს მთლიანი თანხა გამოაქვს ერთდროულად, პირველივე გამოტანის შესაძლებლობისთანავე;

ბ) თუ არსებობს თანხის ათვისების სხვადასხვა საშუალება განსხვავებული ლიმიტებით, დაიშვება, რომ მსესხებელს სესხის თანხა გამოაქვს პირველივე გამოტანის შესაძლებლობისთანავე სრულად, აღნიშნული ლიმიტების გათვალისწინებით;

გ) თუ არსებობს ერთი და იგივე ფინანსური ხარჯის გაწევის ერთზე მეტი ალტერნატივა, დაიშვება, რომ მსესხებელი იყენებს ყველაზე იაფ მეთოდს. ამასთან, ამ მოთხოვნის შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი;

დ) თუ თანხის გადახდის ფიქსირებული პერიოდი არ არის მითითებული, სესხის ხანგრძლივობად დაიშვება ერთი წელი და შენატანების სქემად ყოველთვიური შეტანის სქემა;

ე) თუ გადახდის თარიღები ფიქსირებულია და თითოეული გადახდის ოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული გარკვეული მინიმალური ლიმიტით, დაიშვება, რომ მსესხებელი ახორციელებს მინიმალური შესაძლო თანხის შეტანას თითოეული თარიღისათვის;

ვ) თუ სესხის ზედა ზღვარი არ არის მითითებული, დაიშვება რომ აღნიშნული ზღვარია 5,000 ლარი;

ზ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, დაიშვება, რომ მსესხებელს გამოაქვს მაქსიმალური დასაშვები თანხა პირველივე შესაძლებლობისთანავე და ფარავს მას სესხით სარგებლობის პერიოდის დასასრულს. თუ არ არის მითითებული სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ასეთად დაიშვება ერთი წელი;

თ) ინდექსირებული ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება სესხის საწყის საპროცენტო განაკვეთს;

ი) თუ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდისთვის გამოიყენება განსხვავებული ტიპის საპროცენტო განაკვეთები, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ან/და ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;

კ) თუ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ საპროცენტო განაკვეთებს სხვადასხვა პერიოდებისა და/ან გაცემული სესხის სხვადასხვა ოდენობებისათვის, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი ორი მეთოდით:

კ.ა) საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის გამოყენებით;

კ.ბ) სხვა საპროცენტო განაკვეთის (განაკვეთების) გამოყენებით შესაბამისი პირობების მითითებით;

ლ) თუ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადის გაგრძელების (დაფარვის გადავადების) შესაძლებლობას განსხვავებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი ორი მეთოდით:

ლ.ა) საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის გამოყენებით;

ლ.ბ) სხვა საპროცენტო განაკვეთის (განაკვეთების) გამოყენებით შესაბამისი პირობების მითითებით;

მ) უვადო სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, გარდა ოვერდრაფტის და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებებისა, დაიშვება, რომ:

მ.ა) სესხი გაიცემა ერთი წლის ვადით და მსესხებლის მიერ ბოლო გადახდით სრულად იფარება დავალიანება: სესხის ძირი, პროცენტი და სხვა ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

მ.ბ) სესხის ძირი თანხა იფარება თანაბარი ყოველთვიური შენატანებით ერთი წლის განმავლობაში და გადახდა იწყება სესხის თანხის პირველი გატანის თარიღიდან ერთ თვეში. თუ სესხის ძირი თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულებით დადგენილი ყოველი გადახდის პერიოდში სრულად ერთჯერადი გადახდით, დაიშვება, რომ მსესხებლის მიერ სესხის მთლიანი ძირი თანხის შემდგომი ათვისება და დაფარვა ხორციელდება ერთი წლის განმავლობაში. პროცენტის და სხვა ხარჯების გადახდა მოხდება სესხის ძირი თანხის გატანის და დაფარვის გათვალისწინებით და სესხის ხელშეკრულების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, უვადო სესხის ხელშეკრულება არის ისეთი სესხის ხელშეკრულება, რომლის ვადაც არ არის ფიქსირებული და მოიცავს სესხებს, რომლებიც მთლიანად უნდა იქნეს დაფარული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში ან ასეთი პერიოდის ბოლოს, მაგრამ დაფარვის შემდეგ ისევ იქნება შესაძლებელი სესხის ათვისება.

8. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ სესხის ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულებით შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, მხარეები დროულად ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მის გამოთვლაში არ გაითვალისწინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის ხარჯები.

9. თუ სესხის ხელშეკრულებაში მოცემული პირობის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი და ფინანსური ხარჯები, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მათი გათვალისწინება შეუძლებელია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იანგარიშება დაშვებით, რომ საპროცენტო განაკვეთის და ხარჯების საწყისი მნიშვნელობა უცვლელია ხელშეკრულების დასრულებამდე.  

10. საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში უნდა მოხდეს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება შემდეგი ორი მეთოდით:

ა) დაიშვება, რომ მსესხებელი ახორციელებს სესხის ლიმიტის განაღდებას;

ბ) დაიშვება, რომ მსესხებელი ახორციელებს სესხის ლიმიტის სავაჭრო ობიექტებში გახარჯვას.

11. საწყის თარიღს წარმოადგენს პირველი გამოტანის თარიღი.

12. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ წელიწადში არის 365 დღე (ნაკიან წელიწადში 366 დღე), 52 კვირა ან 12 თანაბარი თვე. დაიშვება, რომ ყოველ თანაბარ თვეში არის 30,41666 დღე (365/12) იმის მიუხედავად, წელი ნაკიანია თუ არა.

13. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც სესხი მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშეა გაცემული და გამსესხებლის სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, სესხის გაცემიდან პირველი 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში დასარიცხი/გადასახდელი როგორც ფინანსური ხარჯები, ასევე ნებისმიერი შესაძლო პირგასამტეხლო, გარდა სესხის წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლოსი. ამ მეთოდით დაანგარიშებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ლიმიტს.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

სესხებზე, რომლებიც გაცემულ იქნა 2018 წლის პირველ სექტემბრამდე, თუმცა მათი გადავადება, რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება ხორციელდება 2018 წლის 31 აგვისტოს შემდეგ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლის მიზნებისათვის ფინანსურ ხარჯებად გათვალისწინებულ იქნეს მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც მსესხებლის მხრიდან გაწეულ იქნა გადავადების, რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების თარიღიდან და შემდგომ პერიოდში, საწყის თარიღად მიჩნეულ იქნეს გადავადების, რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების თარიღი, ხოლო საწყისი თარიღისათვის მიღებულ თანხად გათვალისწინებულ იქნეს გადავადებული, რესტრუქტურიზებული ან რეფინანსირებული სასესხო დავალიანება.