„ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
260030000.10.003.023425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2022 წლის 20 აპრილი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2017, 260030000.10.003.019842) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“ დანართებთან ერთად (დანართი №1; დანართი №2).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის“:

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მენეჯერული კონტროლი (დანართი №2);“;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მეორე ეტაპია მენეჯერული კონტროლი, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე განსაზღვრული მენეჯერული პასუხისმგებლობების სტრუქტურის გაუმჯობესებას გაზრდილი პასუხისმგებლობის დელეგირების საშუალებით, ასევე საოპერაციო ერთეულების ჩართულობის გაზრდას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების შემუშავების, რისკის მართვისა და ანგარიშგების პროცესში. ამ ეტაპის განხორციელებისათვის მოთხოვნილი მიდგომები და პრინციპები აღწერილია მენეჯერული კონტროლის ჩამოყალიბების წესებსა და პროცედურებში (დანართი №2).“.

3. დაემატოს თანდართული შინაარსის „მენეჯერული კონტროლის ჩამოყალიბების წესები და პროცედურები“ (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
214-2.doc

დანართი N2

მენეჯერული კონტროლის ჩამოყალიბების წესები და პროცედურები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მეორე ეტაპს წარმოადგენს დაწესებულებებში მენეჯერული კონტროლის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე განსაზღვრული მენეჯერული პასუხისმგებლობების სტრუქტურის გაუმჯობესებას გაზრდილი პასუხისმგებლობის დელეგირების საშუალებით, ასევე, საოპერაციო ერთეულების ჩართულობის გაზრდას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების შემუშავების, რისკის მართვისა და ანგარიშგების პროცესში.

2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე.

მუხლი 2. მენეჯერული კონტროლის ჩამოყალიბების და განვითარების პროცედურა

1. თითოეული დაწესებულება, რომელშიც განხორციელდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის პირველი ეტაპის დანერგვა, ვალდებულია შეიმუშავოს მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვის გეგმა წინამდებარე „წესების და პროცედურების“ მოთხოვნების შესაბამისად.

2. მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვის გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორი (შემდეგში - სისტემის კოორდინატორი), რომელიც აღნიშნულს ახორციელებს დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან, საფინანსო/ეკონომიკურ სტრუქტურულ ერთეულსა და დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით.

3. გეგმის შემუშავების პროცესში უნდა მოხდეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის პირველი ეტაპის დანერგვის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმების გადახედვა. მათ შორის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი საკითხები:

ა) მიზნების ხარისხი და მოცულობა;

ბ) შესრულების სტანდარტების1 არსებობა;

გ) დელეგირებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების ეფექტიანობა პროგრამული ბიუჯეტირების მიზნების გათვალისწინებით;

დ) მენეჯერის მხრიდან საქმიანობის შესრულებასა და გამოყენებულ რესურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა, რომელიც მიზნების/შედეგების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა;

ე) არსებული ბიუჯეტირებისა და აღრიცხვის მექანიზმების შესაბამისობა მართვის მიზნებთან;

ვ) საფინანსო/ეკონომიკური ერთეულების შესაძლებლობები მათი დამატებითი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომელიც გამოიხატება თითოეული მენეჯერის მხარდაჭერაში გააანალიზოს და გაზომოს მიღწეული ან მისაღწევი მიზნები რესურსების გათვალისწინებით;

ზ) სტრატეგიული და ოპერაციული (მათ შორის, ფინანსური) დაგეგმვის მექანიზმების ეფექტიანობა.

4. მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვის გეგმა მოიცავს:

ა) დაწესებულების ფარგლებში შემუშავებული მენეჯერული სტრუქტურებისა და დელეგირების მექანიზმების, აუცილებელი ცვლილებებისა და განხორციელების ვადების გადახედვას;

ბ) დაწესებულების უმაღლესი ხელმძღვანელი პირების, მათ შორის იმ ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის სფეროების გადახედვას, რომელიც ასრულებს სისტემის კოორდინატორის ფუნქციას, წინამდებარე „წესების და პროცედურების“ შესაბამისად;

გ) დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრას, რომელთაც ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მეორე ეტაპის განხორციელების შედეგად ეკისრება დამატებითი ვალდებულებები;

დ) მიზნების უფრო ზუსტად განსაზღვრის ვადებს თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამისთვის;

ე) მომსახურების მიწოდების ან/და საქმიანობის განხორციელების სტანდარტებს და მათი განსაზღვრის ვადებს;

ვ) შესრულების ინდიკატორებს და მათი შემუშავების ვადებს;

ზ) ოპერაციული მიზნების განსაზღვრის მექანიზმებს, შესრულების პროცესების მონიტორინგსა და შიდა კონტროლის ღონისძიებებს, სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ შეთანხმებების მომზადების ვადების ჩათვლით;

თ) გეგმებს და ვადებს საფინანსო/ეკონომიკური სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გასაძლიერებლად;

ი) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების, მათ შორის, სისტემის კოორდინატორის, და მათი მხარდამჭერი ოპერაციული მენეჯერების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს;

კ) ძირითად ცვლილებებს, რომლებსაც მოითხოვს ბიუჯეტირებისა და აღრიცხვის მექანიზმები ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მეორე ეტაპის დანერგვის პროცესში და მასზე პასუხისმგებელ პირებს;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინფორმაციული სისტემების შემუშავებისა და დანერგვის ვადებს.

მუხლი 3. მენეჯერულ კონტროლში ჩართული პირების ფუნქციები

1. დაწესებულების ხელმძღვანელი:

ა) პასუხისმგებელია დაწესებულების მიზნების მისაღწევად კონტროლის გარემოს შექმნასა და გადახედვაზე;

ბ) ხელს უწყობს ქვედა რგოლის მართვის სტრუქტურის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ მან შეძლოს შესაბამისი მიზნების დროულად, სტანდარტების გათვალისწინებით მიღწევა, ბიუჯეტის ფარგლებში;

გ) პასუხისმგებელია დაწესებულების მასშტაბით ეთიკის სტანდარტებისა და ქცევის წესების გამოყენებაზე როგორც შიგნით - თანამშრომლების, ისე გარეთ - მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების მიმართ;

დ) უზრუნველყოფს დაწესებულების წინაშე მდგარი სტრატეგიული რისკების განსაზღვრას და მათ რეგულარულად განხილვას, რა დროსაც ყურადღება გამახვილდება, თუ რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია მათი ალბათობა, შეიცვალა თუ არა მათი გავლენა წინა განხილვის შემდეგ, და რამდენად საჭიროა შემდგომი რეაგირება (განხილვების სიხშირე დამოკიდებულია არსებული სტრატეგიული რისკების ტიპზე);

ე) განსაზღვრავს სტრატეგიული რისკის მადას (მისაღებ დონეს);

ვ) განსაზღვრავს დელეგირების დონესა და შესაბამისი ანგარიშვალდებულების მექანიზმებს ქვედა რგოლის მენეჯერებისათვის;

ზ) დაწესებულების მიზნების მისაღწევად განსაზღვრავს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სისტემის დიზაინს;

თ) უზრუნველყოფს შედეგიანობის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას;

ი) უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ფლანგვის ან არარაციონალური გამოყენების, თაღლითური ან კორუფციული საქმიანობის პრევენციას;

კ) უზრუნველყოფს რესურსების (ფინანსური, ადამიანური და ა.შ) შესაბამისობას მიზნებთან, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებლობა ენიჭებათ მენეჯერებს.

2. სისტემის კოორდინატორი:

ა) უზრუნველყოფს კოორდინაციას დაწესებულების ხელმძღვანელს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

ბ) ახორციელებს დაწესებულებაში მიზნებისა და შესრულების ინდიკატორების განსაზღვრის პროცესის კოორდინაციას;

გ) პასუხისმგებელია დეტალური ადმინისტრაციული მექანიზმების დანერგვასა და მათ ზედამხედველობაზე რისკების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და მათი მართვის მონიტორინგის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაწესებულებაში ჩამოყალიბებულია რისკების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული;

დ) უზრუნველყოფს რისკის მართვის პროცესის გაცნობას მართვის ქვედა რგოლისთვის დაწესებულების მასშტაბით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაწესებულებაში ჩამოყალიბებულია რისკების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული;

ე) უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მენეჯერებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რესურსების გამოყენებაზე სხვადასხვა სახის მომსახურებისა და აქტივობის განსახორციელებლად და, საჭიროების შემთხვევაში, აქვთ დეტალური ანალიზის ჩატარების კომპეტენცია;

ვ) კოორდინაციას უწევს ბიუჯეტის განმკარგავების მიერ პროგრამის განსახორციელებლად შემუშავებულ საქმიანობის გეგმებს და უზრუნველყოფს მათ კოორდინაციას;

ზ) კოორდინაციას უწევს ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიშის შემუშავებას.

3. პროგრამის ხელმძღვანელი:

ა) დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს კონკრეტული პროგრამის ან ქვეპროგრამის მიზნებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს შესრულების სტანდარტებთან ერთად და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საბიუჯეტო პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებთან;

ბ) შეიმუშავებს ბიუჯეტის განმკარგავისთვის პასუხისმგებლობის დელეგირების მექანიზმებს;

გ) მხარს უჭერს დელეგირებული პასუხისმგებლობის შესაბამისი უფლებამოსილებისა და რესურსების გამოყოფას ბიუჯეტის განმკარგავისთვის;

დ) ბიუჯეტის განმკარგავთან ერთად განსაზღვრავს შესრულების ინდიკატორებს, რომლებიც გამოყენებული იქნება შედეგების გასაზომად ანგარიშვალდებულებისა და რისკების მართვის მექანიზმების მიზნებისთვის;

ე) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს რისკების მართვის მექანიზმების ჩამოყალიბებას და ადგენს რისკის მადას (მისაღებ დონეს) პროგრამის ფარგლებში;

ვ) უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბებას და რეაგირებს მიღებული ანგარიშების შესაბამისად;

ზ) უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების შედეგად მისაღწევი და/ან მიღწეული გაუმჯობესების ანალიზს.

4. ბიუჯეტის განმკარგავი:

ა) დაწესებულების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პოლიტიკის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მიზნების ეფექტიანად, ეკონომიურად და პროდუქტიულად მიღწევისთვის შეიმუშავებს საქმიანობის გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის ხელმძღვანელის ინფორმირებულობას განსაზღვრული პროგრამის ან/და ქვეპროგრამის მიზნების ფაქტობრივი განხორციელების შესაძლებლობის შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს რისკების იდენტიფიცირებას, დოკუმენტირებასა და მართვას მის კომპეტენციაში არსებულ მიზნებთან მიმართებით;

გ) წინასწარ შეთანხმებული სტანდარტის შესაბამისად, შეიმუშავებს და პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, რომელიც მოიცავს დანახარჯებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას;

დ) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარებას და გადახრების შესახებ პროგრამის ხელმძღვანელის ინფორმირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირების მიზნების განსაზღვრას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს პროცედურულ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოებს;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების პროცესში ცვლილების ინიცირებას.

მუხლი 4. კონტროლის გარემოს ჩამოყალიბება

1. კონტროლის გარემო, მენეჯერული კონტროლის ეტაპზე, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს დაწესებულების მმართველობისა და ზედამხედველობის, დელეგირების, ანგარიშვალდებულების ფუნქციებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის დასახულ მიზნებთან შესაბამისობის გადახედვას.

2. შიდა კონტროლის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად დაწესებულების ხელმძღვანელი პირები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მენეჯერები და თანამშრომლები სათანადოდ უნდა აცნობიერებდნენ დაწესებულების მიზნებს, უშუალოდ მათთვის დაკისრებულ ამოცანებსა და შესრულების სტანდარტებს, ასევე, იმ რესურსებს, რომლებზეც მიუწვდებათ ხელი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

მუხლი 5. რისკების მართვა

1. რისკების მართვა პროგნოზირებადს ხდის მიზნების განხორციელებას დროულად, სტანდარტების შესაბამისად ბიუჯეტის ფარგლებში და ხელს უწყობს მენეჯერებს გაითვალისწინონ დაბრკოლებები ან/და სირთულეები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მიზნების განხორციელებისას და მიიღონ ზომები მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად ან მათ შესარბილებლად.

2. მენეჯერების მიზანი უნდა იყოს არა რისკის აღმოფხვრა, არამედ რისკების („თანდაყოლილი რისკები“) იდენტიფიცირება და შეფასება, ხოლო შემდგომ - რეაგირება მათი მართვის ან შემცირების გზით, რათა შესაძლებელი გახდეს მიზნების განხორციელება და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.

3. რისკების მართვა მენეჯერული კონტროლის დანერგვის მიზნებისთვის, მეტწილად, ორიენტირებულია, მაგრამ არ შემოიფარგლება თაღლითობის, კორუფციისა და საჯარო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენასა და მართვაზე მმართველობისა და კონტროლის შესაბამისი მექანიზმების მეშვეობით.

4. რისკების მართვის ეფექტიანობაზე პასუხისმგებელნი არიან დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ რისკების მართვის ორივე მიდგომის არსებობა: როგორც „ზემოდან ქვემოთ“, ასევე „ქვემოდან ზემოთ“.

5. რისკების გამოვლენა და მართვა უნდა ხდებოდეს მართვის ყველა დონეზე. დაწესებულების ხელმძღვანელი დაინტერესებული უნდა იყოს, უზრუნველყოს იმ სტრატეგიული რისკების იდენტიფიცირება და ეფექტიანად მართვა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დაწესებულებაზე.

6. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს რისკებზე ანგარიშგების სისტემატური პროცესი, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების ხელმძღვანელი რეგულარულად იქნება ინფორმირებული სტრატეგიული რისკების მართვისა და განვითარების პროგრესის თაობაზე. შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული რისკები, რომლებიც გამოვლინდება დაწესებულების ქვედა დონეზე და შეიძლება უშუალოდ ეხებოდეს დაწესებულების ხელმძღვანელს, მათ შორის, რეპუტაციული რისკები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ძირითადი პოლიტიკის მიზნების განხორციელებაზე. რისკების მართვის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ასეთი რისკების თაობაზე დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმირებას.

7. რისკების მართვის პროცესში აუცილებელია დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ქვედა დონის მენეჯერების ჩართულობა. ქვედა დონის მენეჯერებმა, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყონ რისკების ეფექტიანი მართვა თავიანთი ინდივიდუალური პასუხისმგებლობების ფარგლებში.

8. დაწესებულების ხელმძღვანელი პირები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ სტრატეგიულ რისკებზე (რისკები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ დაწესებულების მიზნების განხორციელებაზე ან პოტენციურად სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინონ დაწესებულების რეპუტაციაზე). ხოლო ოპერაციული რისკების (რისკები, რომლებიც გავლენას ახდენენ დაწესებულების ყოველდღიურ საქმიანობაზე, მაგრამ შეიძლება გადაიქცნენ სტრატეგიულ რისკებად, როდესაც ისინი მომწიფების შემთხვევაში, პოტენციურად განაპირობებენ სერიოზულ შედეგებს) დეტალური განხილვა და მართვა დელეგირებული უნდა იქნეს ქვედა რგოლის მენეჯერებზე.

მუხლი 6. კონტროლის ღონისძიებები

1. დაწესებულების მიერ მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია კონტროლის მექანიზმების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნების შესრულებას დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად, ასევე, რისკების გამოვლენასა და შემცირებას, დაწესებულების რესურსების სათანადოდ გამოყენებას, დაცულობასა და ანგარიშგებას. ასევე, კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფენ, რომ დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაწესებულებამ არ აიღოს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს მის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობაზე.

2. დაწესებულების ხელმძღვანელმა და/ან სისტემის კოორდინატორმა კონტროლის მექანიზმების საშუალებით უნდა უზრუნველყოს პასუხისმგებლობების იმგვარი განაწილება, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი არ იყოს პასუხისმგებელი ცალკეული პროცესის/აქტივობის ყველა ასპექტზე. სისტემის კოორდინატორმა უნდა ჩამოაყალიბოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თაღლითობის, კორუფციის, შეცდომის, საჯარო რესურსების არარაციონალური გამოყენებისა და სხვა სახის დარღვევების პრევენციას.

3. დაწესებულების უმაღლესი ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ დაწესებულებაში:

ა) სათანადოდ იყოს დაცული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, საბიუჯეტო და ფინანსური კონტროლის თვალსაზრისით;

ბ) გარანტირებული იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშების, მათ შორის, წლიური ფინანსური ანგარიშის დროულობა, სიზუსტე და სანდოობა;

გ) კონტროლის მექანიზმები ორიენტირებული იყოს დაწესებულების სიცოცხლისუნარიანობისა და საოპერაციო მდგრადობის შენარჩუნებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

4. კონტროლის ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს როგორც შედეგებზე, ისე გამოსაყენებელ რესურსებზე.

5. თითოეული იერარქიული საფეხურის მენეჯერი ორიენტირებული უნდა იყოს არამხოლოდ მოკლევადიან კონტროლზე, არამედ ისეთი აქტივობების პრევენციაზე, რომლებიც ხელს შეუშლის დაწესებულების გრძელვადიან მდგრადობას. მენეჯერი პასუხისმგებელია რისკების შემცირებაზე, რომლებიც რეალიზების შემთხვევაში, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს დაწესებულებაზე.

მუხლი 7. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სისტემა

1. ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომ მენეჯერს უნდა გააჩნდეს დეტალური ინფორმაცია მისი ბიუჯეტის, წლის განმავლობაში ფაქტობრივი დანახარჯებისა და შემოსავლების და მიღწეული შედეგების შესახებ, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მათი პასუხისმგებლობის სფეროებს.

2. დაწესებულების უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, მათ შორის, სისტემის კოორდინატორმა, შესაბამის მენეჯერთან კოორდინაციით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა სახის ინფორმაციის ფლობაა მიზანშეწონილი ქვედა რგოლის მენეჯერებისთვის.

3. ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს ზემდგომი მენეჯერებისა და თანამშრომლების ინფორმირება დაწესებულებაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ოპერაციულ გარემოზე. ზემდგომ მენეჯერებთან კომუნიკაცია უნდა დამყარდეს ანგარიშვალდებულების პროცესის მეშვეობით, ხოლო ზემდგომმა მენეჯერებმა მნიშვნელოვანი ცვლილებების თაობაზე უნდა აცნობონ ქვედა რგოლის მენეჯერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გავრცელებას დაწესებულებაში.

4. დაწესებულებაში არსებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემა იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ფინანსური და დაწესებულების საქმიანობის შესახებ არსებული სხვა ინფორმაცია იყოს სანდო, შესაბამისი, დროული, მაღალი ხარისხის და ისეთი ფორმით წარმოდგენილი, რომ მენეჯერს შეეძლოს მისი გამოყენება.

მუხლი 8. მონიტორინგის ღონისძიებები

1. დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სისტემის კოორდინატორი, ვალდებული არიან განახორციელონ შიდა კონტროლის მექანიზმების ხარისხის სისტემატური მონიტორინგი, რათა მიიღონ რწმუნება, რომ შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც შექმნილია მიზნების ეფექტიანად და პროდუქტიულად მიღწევისთვის სათანადოდ ფუნქციონირებს და უზრუნველყოფილია საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენების, კორუფციისა და სხვა სახის არამართლზომიერი ქმედებების პრევენცია.

2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ხარისხის მონიტორინგი გულისხმობს შიდა კონტროლის თითოეული კომპონენტის შესწავლას იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება.

3. მონიტორინგი, შესაძლოა, წარმოადგენდეს განგრძობად პროცესს. მონიტორინგის განხორციელების შედეგები აისახება ანგარიშში, რომელიც წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს.

4. უფლებამოსილების დელეგირების მიუხედავად, სისტემის კოორდინატორს, იმის გათვალისწინებით, რომ მას ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა შიდა კონტროლის მექანიზმების ხარისხზე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნებისმიერი არსებითი პრობლემის ან შეცდომის აღმოჩენისთანავე.

5. სისტემის კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და შიდა კონტროლის სისტემაში ცვლილებების განხორციელება რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 9. მენეჯერული კონტროლის დანერგვაზე მონიტორინგი

1. ჰარმონიზაციის ცენტრი პასუხისმგებელია მენეჯერული კონტროლის დანერგვის პროცესის მონიტორინგზე. იგი ვალდებულია განიხილოს პირველ ეტაპზე მიღწეული პროგრესი და, შესაბამისად ანალიზის საფუძველზე, განსაზღვროს შემდგომი აქტივობები შესაბამის დაწესებულებებთან ეფექტური კოორდინაციით.

2. სისტემის კოორდინატორი უზრუნველყოფს მენეჯერული კონტროლის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და მისი განხორციელების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგები აისახება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.