1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

3. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით.

4. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს:

ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) მოქალაქეთა მიღებას;

გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას;

ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას;

ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.

6. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა.

7. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;

ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;

დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;

ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა;

ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებების და საჩივრების განხილვა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.

8. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

9. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ბ) ეკავოს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა;

გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;

ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

ვ) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;

ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;

თ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

ი) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და მერიაში;

კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;

ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.

10. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის.

11. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ რეგლამენტით