„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-56/ნ |
|
2022 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შევიდეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-3 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შშმ პირთა პანსიონატში ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში მოთავსებას ექვემდებარება შშმ სრულწლოვანი პირი, მათ შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირი. ასევე, ამ პირთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს. დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
4. დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვას ექვემდებარება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები (მათ შორის მიუსაფარი) ან სრულწლოვანი შშმ პირები. აღნიშნული პირების (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
გ) მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) – იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი განცხადების წარდგენის დღემდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა;
ე) მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 ასლი.
5. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ან თავშესაფარში მოთავსებას ექვემდებარება მიუსაფარი ბავშვი, რომლის დაწესებულებაში მოსათავსებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მაძიებლის ანკეტა.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაძიებლის სააღმზრდელო დაწესებულებაში (დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში), აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (გარდა ნაპოვნი ბავშვისა, სხვა გადაუდებელი შემთხვევისა და დღის ცენტრში მოთავსების მაძიებელი შშმ პირისა (მათ შორის შშმ ბავშვისა) და მიუსაფარი ბავშვის) განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში და თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის განთავსებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკი, მის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტის საფუძველზე. უფროსი სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო. უფროსი სოციალური მუშაკისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი თავსდება არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე საკითხი უნდა განიხილოს რეგიონულმა საბჭომ.“.
3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში და თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვის მოთავსების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებელ პირს აღნიშნულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისთანავე გადაეცემა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის მიერ შევსებული/ხელმოწერით დადასტურებული მაძიებლის ანკეტა და გადაწყვეტილება.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანების მიღწევისას პირი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანებას მიღწეული პირის გაყვანა/გადაყვანა/ამორიცხვა განხორციელდება სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვიდან;“;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თუ მას დაენიშნა მხარდამჭერი/მზრუნველი;‘‘;
გ) მე-5 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას (გარდა იმ მიუსაფარი ბავშვებისა, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვამდე);‘‘;
გ.ბ) ,,ე‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) ჩარიცხვის თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ.“.
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააღმზრდელო დაწესებულებიდან, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებული სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბენეფიციარის (გარდა მიუსაფარი ბავშვისა) გაყვანის/ამორიცხვის, მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვი განთავსდება არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე საკითხი უნდა განიხილოს რეგიონულმა საბჭომ.“;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბენეფიციარის წინასწარ პატიმრობაში განთავსების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომსახურების დაფინანსება ჩერდება დაწესებულების დატოვების მე-15 დღიდან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარისათვის დასკვნის წარდგენის თარიღიდან. ამასთან, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 30 კალენდარული დღის გასვლის მომდევნო დღეს, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა მოახდინოს დაფინანსების შეჩერება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების (შემდგომში – №22 დადგენილება) შესაბამისად, სოციალური მუშაკის დასკვნის მომზადების თარიღიდან. სამედიცინო მომსახურებიდან ბენეფიციარის დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე საბჭომ/საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს დაფინანსების აღდგენა №22 დადგენილების შესაბამისად, ბენეფიციარის დაწესებულებაში დაბრუნების თარიღიდან.“.
|