კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.108.005.853
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №119
2003 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესების განსაზღვრისა და მისი ლიკვიდაციის კანონის შესაბამისად წარმართვის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად,ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მ. კაკულია
კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების ძირითად საკითხებს.
2. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.
3. ბანკი გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროს.
4. ბანკი შეიძლება გაკოტრდეს მხოლოდ მისი ლიკვიდაციის პროცესის დროს.
5. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს. ასეთი ადმინისტრაციული აქტები გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
6. ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოში.
7. ბანკის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი წარედგინება ამ ბანკის მარეგისტრირებელ სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
მუხლი 2. ბანკის გადახდისუუნაროდ გამოცხადება
1. ბანკი გადახდისუუნარო ხდება იმ დროს, როდესაც მისი აქტივები ვეღარ ფარავს თავის ვალდებულებებს.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ბანკის გადახდისუუნარობის დადგენისათვის ბანკის მთლიანი აქტივების ღირებულება გაიანგარიშება ბალანსზე რიცხული თითოეული აქტივის წმინდა ღირებულების ჯამით.
3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გადახდისუუნარობის დადგენისათვის ბანკის მთლიანი აქტივების ღირებულება გაიანგარიშება სალიკვიდაციო ბალანსზე რიცხული თითოეული აქტივის წმინდა ღირებულების ჯამით.
4. ბანკის გადახდისუუნაროდ გამოცხადების თაობაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საფუძველია ბანკის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დასკვნა, რომელსაც ამზადებს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველო.
5. მოქმედი ბანკის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე უქმდება ამ ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია და იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც წარიმართება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.
6. გადახდისუუნარო ბანკი მისი ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ექვემდებარება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 3. ბანკის გაკოტრებულად გამოცხადება
1. ბანკის გაკოტრების ფაქტი დგინდება მისი ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობისას.
2. ბანკი კოტრდება იმ დროს, როდესაც მას სალიკვიდაციო ბალანსით ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარა აქვს აქტივები ამ მოთხოვნების დასაფარავად.
3. ბანკს აქტივები აღარა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ამ გარემოებათაგან ერთ-ერთთან:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
4. ბანკის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საფუძველია ბანკის გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა, რომელსაც ამზადებს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველო.
5. ბანკის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყდება ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი.