ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება |
|
2022 წლის 30 ივნისი სტრასბურგი |
(საჩივარი № 15269/13)
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სისხლის სამართლის) და მე-6 მუხლის მე-3 (c) პუნქტი • სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების მთლიანი პროცესის სამართლიანობა, რომელსაც შეუქცევადი ზიანი არ მიადგება დაპატიმრების საწყის საათებში მომჩივნის მიერ არჩეული დამცველის დაუსწრებლობის გამო
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სისხლის სამართლის) და მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი • სამართლიანი განხილვა • მოწმეთა დაკითხვა • დაუშვებელია დაცვის მოწმეთა სიის მტკიცებულებად დაშვებასთან დაკავშირებული საჩივრის თვითნებური უარყოფა მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სისხლის სამართლის) • სამართლიანი განხილვა • ნაფიც მსაჯულთა განაჩენში საფუძვლიანობის არარსებობა, რომელსაც ათანაბრებს მომჩივნის შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ან პროფესიონალი მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესის ჩატარებასა და სასამართლო პროცესის განმავლობაში კონკრეტულ გარანტიებს შორის • საქმის კონკრეტულ გარემოებებში საკმარისი საფუძვლიანობის ნაკლებობა კანონის საფუძველზე მომჩივნის საჩივრის მიუღებლად გამოცხადებისთვის
საბოლოო გახდა
30.09.2022
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. იგი შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „რუსიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,
მარტიშ მიტსი,
ლეტიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია,
ივანა ჯელიჩი,
არნფინ ბარდსენი,
მატიას გიომარი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის გამწესრიგებელი,
გაითვალისწინა რა:
საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი დავით რუსიშვილის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 15 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№ 15269/13);
გადაწყვეტილება, რომ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) საჩივრის შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
2022 წლის 10 და 31 მაისის დახურული თათბირების შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც ამ უკანასკნელი თარიღისთვის იქნა მიღებული:
შესავალი
1. წინამდებარე საჩივარი ეხება მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების სავარაუდო უსამართლობას. კერძოდ, მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომ მისი მსჯავრდება ეფუძნებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენს, რომელიც არ შეიცავდა რაიმე საფუძველს და რომ მისი საჩივარი, კანონის საფუძველზე, დაუსაბუთებლად იქნა უარყოფილი სააპელაციო სასამართლოს მიერ. საჩივარი ასევე ეხება, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მესამე პუნქტის (c) და (d) ქვეპუნქტების მიხედვით, მომჩივნის იმ უფლების სავარაუდო დარღვევას, რომელიც ეხება სამართლებრივ დახმარებას პირის მიერ არჩეული დამცველის მიერ და მტკიცებულებათა მისაღებობასთან დაკავშირებული პროცედურის სავარაუდო უსამართლობას.
ფაქტობრივი გარემოებები
2. მომჩივანი დაიბადა 1992 წელს და ის დააპატიმრეს თბილისში. მისი წარმომადგენელი იყო ბ-ნი გ. ნიკოლაიშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.
3. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით.
I. ზ.ტ.- ს მკვლელობა და მომჩივნის დაკავება
5 . 2011 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზ.ტ.-ს მიმართ განხორციელდა სასიკვდილო გასროლა თბილისის ცენტრში. დანაშაულის ჩადენის ადგილის მახლობლად მდებარე რამდენიმე მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, გასროლა მინიმუმ სამი ადამიანის ჩარევით მოხდა. იმავე დღეს გამოვლინდა პირველი ეჭვმიტანილი (იხ. მე-11 პუნქტი ქვემოთ) და გაიჩხრიკა მისი ბინა.
6 . მომდევნო დღეს პოლიცია მივიდა მომჩივნის ბინაში, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა სამი ტყვია. დაახლოებით 20:00 საათზე მომჩივანი მიიყვანეს პოლიციის დაწესებულებაში, სადაც ის მოწმის სახით დაიკითხა. პოლიციის მიერ მისი დაკითხვის ოქმის მიხედვით, დაკითხვა დაიწყო 21:20 საათზე და დასრულდა 01:10 საათზე. მას შემდეგ, რაც გააცნეს მისი საპროცესო უფლებები, მომჩივანმა დაამატა შენიშვნა ოქმს იმის შესახებ, რომ მას არ სჭირდებოდა ადვოკატის დახმარება. მომჩივანმა აღიარა მკვლელობა და დაასახელა მისი ორი სავარაუდო თანამონაწილე.
7 . მომჩივანი ოფიციალურად დააკავეს 2011 წლის 19 ოქტომბერს, 01:35 საათზე, მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით. მის მიერ სათანადოდ ხელმოწერილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების მიხედვით, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას არ სჭირდებოდა ადვოკატის დახმარება პროცესის ამ სტადიაზე.
8 . იმავდროულად, მომჩივნის თქმით, მისი ოჯახი დაუკავშირდა ადვოკატს, ტ.მ.-ს და სთხოვა, ყოფილიყო მისი ინტერესების დამცველი. 2011 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ტ.მ. მივიდა პოლიციის შესაბამის დაწესებულებაში, მაგრამ მას არ მისცეს მომჩივნის ნახვის უფლება. იგი ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, მაგრამ ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ მომჩივანს ადვოკატის დახმარება არ მოუთხოვია.
9. 2011 წლის 19 ოქტომბერს, დილით ადრე, მომჩივანი მიიყვანეს დანაშაულის ჩადენის ადგილზე, სადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოვლენების აღდგენა და გაკეთდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის აღიარებდა ამ დანაშაულს. მოვლენების აღდგენის ოქმის მიხედვით, ეს მომჩივნის თანხმობით ჩატარდა. ამ უკანასკნელმა დეტალურად აღწერა 2011 წლის 17 ოქტომბერს მომხდარი მოვლენები, დაასახელა დანაშაულის თანამონაწილეები და განმარტა ის განსხვავებული ფუნქციები, რომლებიც თითოეულ მათგანს ჰქონდა. იმ დროისთვის მომჩივანს დაენიშნა ადვოკატი, ხ.ვ., რომელიც მოიწვია გამომძიებელმა. მოვლენების აღდგენის ოქმს სათანადოდ მოაწერეს ხელი მომჩივანმა და ზემოხსენებულმა ადვოკატმა.
10. 2011 წლის 20 ოქტომბერს მომჩივანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის და ცეცხლსასროლი იარაღის არამართლზომიერი შეძენა-შენახვისთვის. ბრალდებულის სახით დაკითხვისას, ამჯერად მის მიერ არჩეული ადვოკატის ტ.მ.-ის თანდასწრებით, მომჩივანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და გამოიყენა დუმილის უფლება. 2011 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა.
11 . 2011 წლის 25 ოქტომბერს, მომჩივნის ორ თანამონაწილეს, ი.გ.-ს და ი.ა.-ს, ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ზ.ტ.-ს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ზ.ტ.-ს მკვლელობა მოაწყო ი.გ.-მ მისი ვაჟის სიკვდილისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით. ორივე გაქცეულია საქართველოდან.
II. დისციპლინური საქმისწარმოება ადვოკატ ხ.ვ.-ს მიმართ
12 . 2011 წლის 26 დეკემბერს, მომჩივანმა საჩივრით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას (შემდგომში „საა“) გამომძიებლის მიერ დანიშნული ადვოკატის, ხ.ვ.-ს საქციელთან დაკავშირებით. 2012 წლის 26 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ხ.ვ-მ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში მომჩივნის, ან მისი ოჯახის თანხმობის გარეშე; იგი არ გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მომჩივანთან არ განიხილა მისი დაცვის პოტენციური სტრატეგია. 2012 წლის 25 მაისს, ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაასკვნა, რომ მომჩივნის თანხმობის გარეშე საგამოძიებო ექსპერიმენტში „ოფიციალური“ მონაწილეობისას ხ.ვ.- მ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები პროფესიონალურად და მომჩივნის ინტერესების შესაბამისად. აღნიშნულმა კომისიამ დაადგინა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა („ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა“) და დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც გულისხმობდა ლიცენზიის თვრამეტი თვით შეჩერებას.
III. წინა სასამართლო გამოძიების დასრულება და წინა სასამართლო განხილვა
13. 2012 წლის 4 მაისს წინა სასამართლო გამოძიება დასრულდა. სისხლის სამართლის საქმის მასალა გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც მათ სასამართლოში უნდა წარმოედგინათ. ინფორმაციის გაცვლის შესახებ შესაბამის ოქმებს სათანადოდ მოეწერა ხელი მომჩივნის საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორისა და მომჩივნის მიერ არჩეული ორი უფლებადამცველის მიერ. იმავე დღეს, მომჩივნის ორმა უფლებათა დამცველმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ შესაძლო მტკიცებულებების შესახებ, რომელთა წარმოდგენასაც ისინი აპირებდნენ სასამართლოში.
14 . რამდენჯერმე გადადების შემდეგ, 2012 წლის 12 მაისს გაიხსნა წინა სასამართლო განხილვა მხარეების მონაწილეობით. მომჩივანმა, რომელსაც ოთხი უფლებათა დამცველი წარმოადგენდა, თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. უფლებათა დამცველებმა იშუამდგომლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიუღებლად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებდნენ, მათ შორის, რომ მისი დაპატიმრების პირველ საათებში მომჩივანს არ მისცეს შესაძლებლობა, ენახა მის მიერ არჩეული დამცველი და რომ ხ.ვ., უფლებათა დამცველი, რომელიც თან ახლდა მომჩივანს დანაშაულის აღდგენის დროს, არ იყო ე.წ. იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ადვოკატი. ის არც მომჩივნის თანხმობით დანიშნულა. შესაბამისად, მისი მონაწილეობა დანაშაულის აღდგენაში უკანონო. რამდენადაც ეს დანაშაულის აღდგენას ეხებოდა, მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ დაასკვნა, რომ ის არ იყო მზად გამოეტანა გადაწყვეტილება მისაღებობასთან დაკავშირებით ან სხვაგვარად, სათანადო მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რადგან მოწმეები, რომელთაც შეეძლოთ ნათელი მოეფინათ დანაშაულის აღდგენისას დამდგარი სადავო გარემოებებისთვის, განსაკუთრებით კი დანაშაულის აღდგენაში ხ.ვ-ს მონაწილეობისთვის, უნდა დაკითხულიყვნენ სასამართლო პროცესის დროს. რაც შეეხება ბრალდების მხარის დანარჩენ მტკიცებულებებს, მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება მათ მისაღებობასთან დაკავშირებით, გარდა ეჭვმიტანილის ამოცნობის იმ ერთი პროცესის ოქმისა, რომელშიც მომჩივანი მონაწილეობდა. მოსამართლემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სრულად უარყოფის თაობაზე, ამ შუამდგომლობისთვის რაიმე კონკრეტული სამართლებრივი და/ან ფაქტობრივი დასაბუთების წარდგენის გარეშე, მტკიცებულების რომელიმე კონკრეტულ ნაწილთან დაკავშირებით, სავსებით უსაფუძვლო იყო. ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისად დაშვებულ იქნა სასამართლო პროცესზე განსახილველად, მოიცავდა: სხვადასხვა მოწმის, ორი დაზარალებულისა და მომჩივნის ოცდაცხრამეტ წერილობით ჩვენებას; სასამართლო პროცესის დროს დასაკითხი სამოცდათვრამეტი მოწმის სიას; ოცდაშვიდ ექსპერტის და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას; დანაშაულის ჩადენის ადგილზე მდებარე კერძო დაწესებულებების სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეომასალას; ასევე ათობით პროცედურულ დოკუმენტს სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით. მომჩივნის თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება (იხ. მე-6 პუნქტი ზემოთ) არ იყო ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი.
15 . დაცვის მხარის მტკიცებულებების მისაღებობის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლემ, მოქმედებდა რა ბრალდების მხარის შუამდგომლობით, მიიღო გადაწყვეტილება, უარეყო სასამართლო პროცესზე გამოსაძახებელი დაცვის მხარის 25 მოწმის სია, როგორც მიუღებელი. მაშინ, როდესაც მომჩივნის უფლებადამცველები ამტკიცებდნენ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ეს სია თან ერთვოდა 2012 წლის 4 მაისს ბრალდების მხარესთან გაცვლილ ინფორმაციას, მოსამართლემ დაადგინა, რომ დანართი არ იყო სათანადოდ ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ და რომ დაცვის მხარის მოწმეები არ იყვნენ შეტანილი თავად ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმში. მიუხედავად დაცვის მხარის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცებისა, ამასთან დაკავშირებით მან დაასკვნა, რომ დაცვის მხარის მოწმეების სია არ გაცვალეს ბრალდების მხარესთან სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და მან მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული სიის, როგორც მიუღებლის, უარყოფასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მან სამ „უარყოფილ“ მოწმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ისინი მიიღეს დაკითხვაზე ბრალდების მხარის მოწმეების სახით; შესაბამისად, დაცვის მხარეს შეეძლო მათთვის კითხვების დასმა ჯვარედინი დაკითხვისას. შესაბამისად, მან მათი წერილობითი ჩვენებები მტკიცებულებად დაუშვა.
16. გარდა ამისა, მოსამართლემ არ დაუშვა ორი ექსპერტის დასკვნა როგორც მიუღებელი, რომელთა მიხედვითაც ვიდეო ჩანაწერებზე დაფიქსირებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დამნაშავეებიდან არც ერთი მათგანი არ შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული, როგორც მომჩივანი. მოსამართლემ დაასკვნა, რომ თავად ექსპერტების არყოფნის პირობებშიც (რომლებიც იყვნენ იმ მოწმეთა სიაში, რომლებიც სასამართლოში დაკითხვაზე არ დაუშვეს), აღნიშნულ დასკვნებს არ ექნებოდა მტკიცებულებითი ღირებულება. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ დასკვნები შედგენილი იყო „სსსკ“-ით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით და შესაბამისად, არ შეიძლებოდა მათზე დაყრდნობა.
17. მომჩივნის უფლებადამცველები შეედავნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაცვის მხარის მოწმეთა სია შეტანილი იყო დაცვის მხარის საქმის მასალებში, რომლებიც გაცვლილ იქნა ბრალდების მხარესთან. ამასთან დაკავშირებით მათ მოითხოვეს გამომძიებლისა და საქმის მწარმოებელი პროკურორის დაკითხვა. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
18 . წინა სასამართლო განხილვისას მომჩივანს ურჩიეს, „სსსკ“-ის 219-ე და 226-ე მუხლების შესაბამისად, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, მას ჰქონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება (იხ. შემდგომ 30-ე პუნქტი ქვემოთ). მოსამართლემ მას დეტალურად გააცნო შესაბამისი პროცედურა, მათ შორის ის ფაქტი, რომ „სსსკ“-ის 266-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილ პირს უფლება ჰქონდა, კანონის საფუძველზე ერთჯერადად გაესაჩივრებინა ეს საბრალდებო დასკვნა. მომჩივანი დათანხმდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვას; ასევე ბრალდების მხარეც.
IV. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
19 . ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი დაიწყო 2012 წლის 4 ივნისს და გაგრძელდა 2012 წლის 14 ივნისამდე. პროცესი გახსნა სხდომის თავმჯდომარემ, რომელმაც წაიკითხა მომჩივნის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და მათი სამართლებრივი საფუძველი. შემდეგ მან მიმართა ნაფიც მსაჯულებს და წარუდგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერა (ბრალდების მხარის მონათხრობის შესაბამისად), რასაც მოჰყვა განმარტებები, მათ შორის, განსახილველი დანაშაულების ელემენტებთან და მტკიცებულებათა შეფასების წესებთან დაკავშირებით. შემდეგ ნაფიც მსაჯულებს ინდივიდუალურად გადაეცათ ხუთ გვერდიანი წერილობითი განმარტებების ასლი. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ, „სსსკ“-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ი.გ.-ს დაკითხვა ვიდეო ბმულის საშუალებით. მათ განაცხადეს, რომ ის პატიმრობაში იმყოფებოდა უკრაინაში, კიევში და მზად იყო მიეცა ჩვენება, რომ მომჩივანი არ მონაწილეობდა ზ.ტ.-ს მკვლელობაში. 2012 წლის 5 ივნისს, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ განუხილველად დატოვა საჩივარი დაასკვნა რა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა მისი შეტანის დაგვიანება. სასამართლო სხდომის თავმჯდომარის თქმით, დაცვის მხარემ იცოდა ი.გ-ს. დაპატიმრების შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე და შესაბამისად, შეეძლო მოეთხოვა მისი დაკითხვა პროცესის წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე.
20 . დაცვის მხარის მიერ შეტანილი კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ არ მიიღო, ეხებოდა ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნას დანაშაულის ჩადენის ადგილზე გაკეთებულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით. კონკრეტულად, შესაბამისმა ექსპერტმა, „სსსკ“-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მოსთხოვა, მიეღო მისი დასკვნა, როგორც amicus curiae (სასამართლოს მეგობარი). თუმცა, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დაასკვნა, რომ აღნიშნული დასკვნის მიზანი იყო არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ დაცვის მხარის არგუმენტების გამყარება, ამიტომ მან არ მიიღო იგი. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, „სსსკ“-ის 247-ე მუხლის საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთათვის არ გაემჟღავნებინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ‑ მან აღნიშნა, რომ ბრალდებულის თანხმობის არარსებობისას მას არ შეეძლო ისეთი მტკიცებულების გამჟღავნება, რომელიც შეიცავდა ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. რაც შეეხება მომჩივნის უფლებადამცველთა მტკიცებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დაირღვა მომჩივნის მიერ შერჩეულ დამცველებთან წვდომის უფლება, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ არ განიხილა ისინი. დაცვის მხარის მიერ წამოყენებული შესაბამისი არგუმენტი – ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულება უნდა გამოცხადებულიყო მიუღებლად („სსსკ“-ის 72-ე მუხლის საფუძველზე), როგორც უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება – ასევე უპასუხოდ დატოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ.
21 . სასამართლო პროცესის დროს ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს ბრალდების მხარის ცხრამეტ მოწმეს, მათ შორის ინციდენტის სამ თვითმხილველს, ნახეს დანაშაულის ჩადენის ადგილზე მდებარე კერძო დაწესებულებების სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპორტაჟები მომჩივნის დაკავებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ. ნაფიც მსაჯულებს ასევე წარუდგინეს მრავალი ექსპერტის და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და ათობით პროცედურული დოკუმენტი სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიების შესახებ.
V. ნაფიც მსაჯულთა განაჩენი და საჩივარი კანონის საფუძველზე
22 . ბრალდების მხარის და დაცვის მხარის საბოლოო არგუმენტების მოსმენის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოწვეული იქნა, რათა პასუხი გაეცა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმულ კითხვებზე – „დიახ ან არა“:
ჩაიდინა თუ არა მომჩივანმა აღნიშნული დანაშაული?
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ფლობა (კერძოდ, 2011 წლის 18 ოქტომბერს ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული „გეკოს“ (GECO) ტყვიები, „სსსკ“-ის 236-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული);
- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ფლობა (კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ფლობა მისი შესატყვისი ვაზნებით, მკვლელობის დღეს, 2011 წლის 17 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული);
- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება შესატყვისი ვაზნებით, მკვლელობის დღეს, 2011 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) და;
- ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა განზრახ მკვლელობა შემდეგ დამამძიმებელ გარემოებებში?
(1) ისე, რომ მან განზრახ საფრთხე შეუქმნა სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1 (g) პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული);
(2) ჯგუფურად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2 (e))პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული);
23 . 2012 წლის 14 ივნისის განაჩენით, ნაფიცმა მსაჯულებმა, უმრავლესობით, ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ, მომჩივანი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1(g)-ლი და მე-2(e) პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული). მომჩივანი უდანაშაულოდ ცნეს ორ ბრალდებაში: (1) ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ფლობა მის ბინაში ნაპოვნ სამ ტყვიასთან მიმართებით და (2) ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ფლობა დანაშაულის ჩადენის ადგილზე აღმოჩენილ იარაღთან მიმართებით.
24 . 2012 წლის 15 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ, წარედგინათ რეკომენდაცია მომჩივანისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და მოქმედებდა რა ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის მიხედვით, მომჩივანს მიუსაჯა18 წლისა და ორი დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელი, რომელიც მოიცავდა მომჩივნის წინა პირობითი სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რომელიც მას შეეფარდა ადრინდელ მსჯავრდებასთან მიმართებით, განისაზღვრა ოცდაერთი წლით. მოსამართლემ მსჯავრდებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მათი თანდასწრებით, მხარეთა მონაწილეობით იყო განხილული.
25. 2012 წლის 9 ივლისს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი კანონის საფუძველზე, „სსსკ“-ის 266-ე მუხლის მე-2 (a), (b), და (f) პუნქტების შესაბამისად, სადაც მომჩივანი, სხვა საკითხებთან ერთად, ჩიოდა რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები მტკიცებულებების მისაღებობასთან დაკავშირებით უკანონო იყო. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მის შუამდგომლობას ი.გ.-ს დაკითხვასთან დაკავშირებით „სსსკ“-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, უკანონოდ ეთქვა უარი; რომ დაცვის მხარის სახელით მოწოდებული ექსპერტიზის მონაცემები უარყოფილ იქნა, რითაც დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პროცედურის პრინციპები. ი.გ.-სთან დაკავშირებით მომჩივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი იყო დაცვის მხარის მოწმეთა იმ სიაში, რომლის მტკიცებულებად გათვალისწინებაზე წინა სასამართლო განხილვის მოსამართლემ უკანონოდ თქვა უარი. ასევე, პროკურატურა თვეების განმავლობაში გეგმავდა მისი ექსტრადიციის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ვიდეო ბმულის საშუალებით მის დაკითხვასთან დაკავშირებით. მომჩივანმა ასევე მოიყვანა მისი საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი დაპატიმრების საწყის საათებში მისივე არჩეულ დამცველზე ხელმისაწვდომობის არქონას და ხ.ვ.-ის უკანონო დანიშვნას და მის საგამოძიებო ექსპერიმენტზე დასწრებას.
26 . თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, კანონის საფუძველზე არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, როგორც მიუღებელი. სასამართლომ, „სსსკ“-ის 266-ე მუხლის მე-2 და 303-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე მითითებით, დაასკვნა:
„სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს [266-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული] რაიმე საფუძველი.
... მომჩივანმა ვერ შეძლო დამტკიცება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა [ისეთი წესით, რომ ეს წარმოადგენდა] სერიოზული სამართლებრივი ან პროცედურული დარღვევებით; აღნიშნული ასევე ვერ დადგინდა საქმის განხილვის შედეგადაც.“.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
I. ეროვნული კანონმდებლობა
27. 2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ძალაში შევიდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში „სსსკ“), რითაც აღინიშნა გადასვლა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დიდ წილად ინკვიზიციური სისტემიდან წმინდად შეჯიბრებითობის სისტემაზე. რეფორმის ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა ბრალდების მხარის როლის შეზღუდვა, დაცვის მხარის გაძლიერებული უფლებების დანერგვა, კერძოდ, გამოძიების წინა სასამართლო ეტაპზე მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და მოსამართლისთვის ახალი, უფრო ნეიტრალური როლის მინიჭება, რომელიც ორიენტირებულია ზედამხედველობასა და სასამართლო საქმისწარმოების პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფაზე. „სსსკ“-ის მიღებით საქართველოში შემოღებული იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დანაშაულთა გარკვეული კატეგორიისთვის იმ მოდელის მიხედვით, რომელშიც მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები ინარჩუნებენ მოპასუხის ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენის ექსკლუზიურ ფუნქციას. სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობს 12 ნაფიცი მსაჯული ერთი მოსამართლის თავმჯდომარეობით. კითხვების დასმის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წევრებისთვის გადაცემის შემდეგ, ისინი გადიან დახურულ კარს მიღმა სათათბიროდ, მოსამართლის დაუსწრებლად. ნაფიცი მსაჯულებისგან კანონი არ მოითხოვს ახსნან, თუ როგორ გამოიტანეს მათ პირადი მსჯავრდება, ის უბრალოდ მოითხოვს მათგან კითხვებზე პასუხის გაცემას დანაშაულის ან უდანაშაულობის შესახებ, მათი შინაგანი რწმენის მიხედვით, „დიახ“ ან „არა“-ს ფორმით. თუ ნაფიცი მსაჯულები სამსაათიანი თათბირის განმავლობაში ვერ გამოიტანენ ერთსულოვან გადაწყვეტილებას განაჩენთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს ხმათა უმრავლესობით გამოტანილი განაჩენი. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ კანონის საფუძველზე (იხ. კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ, N 57642/12, § 21, 2021 წლის 16 ნოემბერი).
A. მტკიცებულების მიღების პროცედურა
28 . „სსსკ“-ს დებულებები, რომლებიც აღწერს იმ დროისთვის მოქმედ მტკიცებულებათა მიღების პროცედურას, იკითხება შემდეგი სახით:
„მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა
1. სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
„1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.
„1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.
2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს.
„1. არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
2. მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
3. ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
4. მხარე ვალდებულია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ.
5. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო.
6. დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ
„1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინა სასამართლო სხდომამდე.
6. წინა სასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
„დაცვის მხარის მიერ ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს მხარის ფინანსურ მდგომარეობას. განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი.“.
„მუხლი 219. წინა სასამართლო სხდომა
... 3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, ამბობენ თუ არა მხარეები უარს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინა სასამართლო სხდომის მოსამართლე:
a) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;...
e) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს. ...”
„მუხლი 239. შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა
... 2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
... 5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
„მუხლი 247. ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა
1. თუ ბრალდებული წინააღმდეგია, საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია ...”
B. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
30 . „სსსკ“-ის შესაბამისი მუხლები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში იყო შესაბამისი დროისთვის, იკითხება შემდეგი სახით:
„მუხლი 219. წინა სასამართლო სხდომა
... 3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, ამბობენ თუ არა მხარეები უარს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.“.
„მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ...”.
„მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
„მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი
... 5. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.“
„1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
2. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.“.
„266. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში კანონის საფუძველზე გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების მიხედვით კანონის საფუძველზე შეტანილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას ...”.
II. შესაბამისი საერთაშორისო მასალა
31 . 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოსცა დასკვნითი მოსაზრებები საქართველოსთან დაკავშირებით (CCPR/C/GEO/CO/4). ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, მან განაცხადა:
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესები
კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამჟამინდელი სისტემა არ იძლევა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ ბრალდებულსა და საზოგადოებას შეეძლოს გაიგონ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოცხადებული ვერდიქტი და რომ იგი არ ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის [წინააღმდეგ] გასაჩივრებას არსებით მხარეზე [სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ] საერთაშორისო პაქტის დარღვევით ([მუხლი] 14).
მონაწილე სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განაგრძოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებული სისტემის რეფორმის გეგმის განხორციელება იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი თავსებადობა კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს გარანტიებთან.“
32 . საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესახებ ერთობლივ მოსაზრებაში (მოსაზრება - №.: CRIM -GEO/257/2014 [RJU]), რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის 22 აგვისტოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) და ევროპის საბჭომ განაცხადეს:
„2. დამატებითი რეკომენდაციები:
... O. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის შესაძლებლობის მიცემა, რთულ საქმეებში მოახდინოს ფაქტების კონსტატაცია დანაშაულის კონკრეტული ელემენტების ჩამონათვალის და არა მთლიანად დანაშაულის შესახებ;
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა
... 29. სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მიცემული განმარტებები, როგორც ეს გათვალისწინებულია 231-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბოლო ჯამში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიოდ და დეტალურად იყოს დასაბუთებული, ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა იცოდნენ დანაშაულის ძირითადი ელემენტები, განსაკუთრებით რთული და მძიმე დანაშაულების შემთხვევაში. ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგალითად, სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის მიმართულებების ან განმარტებების მიცემის მეშვეობით, რაც შეიძლება მოიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ზუსტი და ცალსახა კითხვების ჩამონათვალს. ამ გზით, ბრალდებულს შეეძლება ვერდიქტის საფუძვლიანობის გააზრება პირდაპირ, ან იმ პასუხების მეშვეობით, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იძლევა მოსამართლის, ბრალდების მხარის და/ან ბრალდებულის მიერ დასმულ კონკრეტულ და დეტალურ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დართოდა გადაწყვეტილებას და ყოფილიყო მისი შემადგენელი ნაწილი. ქართული სისტემა არ ავალდებულებს ნაფიც მსაჯულებს, გაითვალისწინონ დანაშაულის სხვადასხვა ელემენტთან დაკავშირებული დეტალური საკითხები და პასუხი გასცენ მათ. ეს არც გასაჩივრების პროცესზე ხორციელდება, რა დროსაც არ ხდება საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა (de novo) შესწავლა. მიზანშეწონილია, მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა, რთულ საქმეებზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსთხოვოს ფაქტობრივი დასკვნების გაკეთება დანაშაულის კონკრეტული ელემენტების ჩამონათვალის თაობაზე და არა მხოლოდ (თითოეულ) ბრალდებაზე ზოგადად. ამ პროცესს შეიძლება ხელი შეუწყოს კონკრეტული კითხვების ჩამონათვალმა, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხელმძღვანელებს დასკვნების გამოტანისას (სქოლიოები გამოტოვებულია).“.
კანონმდებლობა
I. საქმის არსი
33 . თავის განცხადებებში, რომელიც წარდგენილი იქნა მთავრობის განცხადებების პასუხად, მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ დაპატიმრების საწყის საათებში.‑ გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო მიკერძოებული და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაირღვა მისი უფლებები კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-13 მუხლის შესაბამისად. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოადგინა მხოლოდ თავის მოსაზრებებში მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო შეტყობინება საჩივრის შესახებ. ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის თავდაპირველი საჩივრების განვითარებად. შესაბამისად, ისინი სცილდება მიმდინარე საჩივრის ფარგლებს (შეადარეთ, მაგალითად, საქმე „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, № .18768/05, §§ 71 და 72, 2010 წლის 27 მაისი, მასში შემდგომი მითითებებით).
II. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (B) და (D) ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევა
34. მომჩივანი ჩიოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი მსჯავრდება ეფუძნებოდა ნაფიც მსაჯულთა განაჩენს, რომელიც არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას და რომ კანონის საფუძველზე მის საჩივარს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოს მიერ. ის ასევე ამტკიცებდა, რომ დაპატიმრების პირველ საათებში მას უარი ეთქვა მისივე შერჩეული დამცველის ხელმისაწვდომობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამცველი უკანონოდ იყო დანიშნული და რომ მისი სასამართლო პროცესი შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დარღვევით მიმდინარეობდა მტკიცებულებების მისაღებობის კუთხით. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, მე-3 პუნქტის (c) და (d) ქვეპუნქტებს და მე-13 მუხლს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საჩივრების განხილვა უნდა მოხდეს მხოლოდ მე-6 მუხლის ფარგლებში რომელიც, რამდენადაც ეს საქმეს შეეხება, იკითხება შემდეგი სახით:
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
...”
A. მისაღებობა
35. მთავრობა არ შედავებია საჩივრების მისაღებობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ‑ ჩამოთვლილი რაიმე სხვა საფუძვლებით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
B. საქმის არსებითი მხარე
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს, როგორც მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტები. შესაბამისად, მან უნდა განიხილოს მომჩივნის თითოეული საჩივარი ამ ორი ერთად აღებული დებულების შესაბამისად (იხ., სხვათა წყაროთა შორის, საქმე „ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“ [GC], № 9154/10, § 100, ECHR 2015, და საქმე „იდალოვი რუსეთის წინააღმდეგ“ [GC], № 5826/03, § 169, 2012 წლის 22 მაისი).
1. ადვოკატთან წვდომის უფლების სავარაუდო შეზღუდვა
(a) მხარეთა წარდგინებები
37 . მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას არ მიეცა საშუალება ენახა კერძო ადვოკატი, რომელიც მისთვის უზრუნველყო მისმა ოჯახმა, 2011 წლის 18 ოქტომბერს, 21:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე. ის ამტკიცებდა, რომ დროის ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულმა ადვოკატმა რამდენჯერმე დაურეკა გამომძიებელს მომჩივანთან წვდომის თხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამ მტკიცების მხარდასაჭერად მან წარადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, უნდა ყოფილიყო ადვოკატის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გამომძიებელთან. მან განაცხადა, რომ ამ გარემოებებმა განაპირობა მის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა მისი თავდაპირველი დაკითხვის დროს. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადვოკატი ხ.ვ., რომელიც მონაწილეობდა დანაშაულის ადგილის აღდგენაში, დაინიშნა მისი, ან მისი ოჯახის თანხმობის გარეშე. ის არ ყოფილა იურიდიული დახმარების გამწევ ადვოკატთა ოფიციალურ სიაში. საქმის მწარმოებელი გამომძიებლის მიერ მისი დანიშვნა მის სისხლის სამართლის საქმეზე იყო უკანონო და წარმოადგენდა მისი დაცვის უფლებების დარღვევას. მომჩივანმა, თავისი არგუმენტის გასამყარებლად, მიუთითა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ხ.ვ. მოქმედებდა მომჩივნის დაცვის უფლებების დარღვევით; შედეგად, შემდგომში მას ადვოკატის ლიცენზია შეუჩერდა თვრამეტი თვით.
38 . მთავრობა ამტკიცებდა, მომჩივნის 2011 წლის 18 ოქტომბრის დაკითხვის ოქმზე და 2011 წლის 19 ოქტომბრის დაპატიმრების ოქმზე მითითებით, რომ მომჩივანი სათანადოდ იყო ინფორმირებული მისი იურიდიული დახმარების უფლების შესახებ – იმ უფლების შესახებ, რომელზეც მან უარი თქვა. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობამ განაცხადა, რომ ადვოკატის არყოფნისას მომჩივნის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა მტკიცებულებაში. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ მისი კერძო ადვოკატი ნამდვილად არ დაუშვეს მასთან მისი დაპატიმრების საწყის საათებში. რაც შეეხება ხ.ვ.-ს შემდგომ დანიშვნას, მთავრობამ აღნიშნა, რომ იგი დაინიშნა 2011 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული მინდობილობის საფუძველზე.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
39. შესაბამისი ზოგადი პრინციპები ადვოკატზე ხელმისაწვდომობასთან და უფრო კონკრეტულად, არჩეული ადვოკატის მიერ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, შეჯამებულია სასამართლოს მიერ საქმეში „იბრაჰიმი და სხვები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ (Ibrahim and Others v. the United Kingdom ([GC], №№ 50541/08 და 3 სხვა, §§ 255-74, 2016 წლის 13 სექტემბერი) და საქმე „დვორსკი ხორვატიის წინააღმდეგ“ (vorski v. Croatia ([GC], № 25703/11, § 76-82, ECHR 2015) შესაბამისად (უფრო უახლესი წყარო იხილეთ ასევე საქმე „სიმეონოვი ბულგარეთის წინააღმდეგ“ Simeonovi v. Bulgaria [GC], №21980/04, §§ 112-20, 2017 წლის 12 მაისი და საქმე "ბეუზე ბელგიის წინააღმდეგ" (Beuze v. Belgium [GC]), № 71409/10, §§ 114-50, 2018 წლის 9 ნოემბერი).
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება მიმდინარე საქმის გარემოებების მიმართ
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე საქმეში მომჩივანი წაიყვანეს 2011 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, პოლიციის დაწესებულებაში და იქ დაკითხეს მოწმის სტატუსით, მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად დააკავეს და ბრალი წაუყენეს მხოლოდ 2011 წლის 19 ოქტომბერს, დილის 1:35 საათზე, ერთი მხრივ, იმ მიზეზების გათვალისწინებით, რამაც პოლიცია მიიყვანა მის ბინამდე, სადაც მან მაშინვე აღმოაჩინა შესაძლო მტკიცებულებები (იხ. მე-5-მე-6 პუნქტები ზემოთ), ხოლო მეორე მხრივ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ის პოლიციამ მიიყვანა პოლიციის დაწესებულებაში (იხ. იქვე), სასამართლო მიიჩნევს, რომ არაუგვიანეს 2011 წლის 18 ოქტომბრის 20:00 სთ-ისა არის ის დრო, რომლის შემდეგაც მომჩივნის მდგომარეობაზე არსებითად იმოქმედა მის მიმართ ეჭვის საფუძველზე ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა (იხ. საქმე „სიმეონოვი“ (Simeonovi), ციტირებული ზემოთ, § 110; შედარებისთვის იხილეთ საქმე „ბანდალეტოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (Bandaletov v. Ukraine), № 23180/06, § 62, 2013 წლის 31 ოქტომბერი). ამგვარად, ეს ის მომენტია, რომელიც უნდა ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლში გათვალისწინებული გარანტიების გამოყენების დასაწყისად, მათ შორის, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (c) პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების უფლების გამოყენების დასაწყისად (იხილეთ და შეადარეთ საქმეები „ბრუსკო საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Brusco v. France), № 1466/07, § 47, 2010 წლის 14 ოქტომბერი; „შმიტ-ლაფერი შვეიცარიის წინააღმდეგ“ (Schmid-Laffer v.Switzerland), № 41269/08, §§ 29-31, 2015 წლის 16 ივნისი; „ტურბილევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Turbylev v. Russia), № 4722/09, § 94, 2015 წლის 6 ოქტომბერი; „ტრუტენი უკრაინის წინააღმდეგ“ (Truten v. Ukraine), №18041/08, §§ 66 და 70, 2016 წლის 23 ივნისი; „კრივოშეი უკრაინის წინააღმდეგ“ (Krivoshey v. Ukraine), № 2016 წლის 23 ივნისი; „დუბოი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Dubois v. France), № 52833/19, §§ 45-46, 2022 წლის 28 აპრილი და „ვანგი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Wang v. France), № 83700/17, § 42, 2022 წლის 28 აპრილი [ამ ორიდან ჯერ არცერთი არ არის საბოლოო]).
41 . მთავრობამ განაცხადა, რომ იმ მომენტში მომჩივანმა ცალსახად უარი თქვა მის უფლებაზე – მიეღო იურიდიულ დახმარება (იხ. 38-ე პუნქტი ზემოთ). მომჩივანი თავის მხრივ განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ მას არ მიეცა საშუალება ენახა მისი ოჯახის მიერ დანიშნული კერძო ადვოკატი (იხ. 37-ე პუნქტი ზემოთ). სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ხელი მოაწერა ორ პროცედურულ დოკუმენტს, რომლებიც, მათ შორის, აცნობებდნენ მას მისი იურიდიული დახმარების უფლების შესახებ და მან ორივე დოკუმენტში აღნიშნა, რომ მას არ სჭირდებოდა ადვოკატი საქმის წარმოების იმ სტადიაზე. (იხ. მე-6-მე-7 პუნქტები ზემოთ; შედარებისთვის იხილეთ საქმე „სიმეონოვი“ (Simeonovi), ციტირებული ზემოთ, §§ 126-28). მომჩივანი არ დავობდა აღნიშნული ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განცხადებების საპასუხოდ იგი ამტკიცებდა, რომ ის არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა მისი დაპატიმრების საწყის საათებში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მას არასოდეს გაუმჟღავნებია ეს ბრალდებები საკმარისად დეტალურად და დასაბუთებულად, არც ეროვნული ორგანოების და არც სასამართლოს წინაშე. მართალია, მომჩივნის თქმით, რომ როდესაც მან ხელი მოაწერა უარს მან არ იცოდა, რომ მის ოჯახთან შეთანხმებული კერძო ადვოკატი მზად იყო ჩართულიყო საქმეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არის პირველადი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომჩივნის ბრალდებას (იხ. მე-8და 37-ე პუნქტები ზემოთ). ასეთი გარემოებების გათვალისწინებით, არ არის მთლიანად ნათელი, გააკეთა თუ არა მომჩივანმა ინფორმირებული არჩევანი, როდესაც არჩია, რომ არ გამოეყენებინა ადვოკატის დახმარება (იხ. საქმე "დვორვსკი" (Dvorski), ციტირებული ზემოთ, §§ 83-93, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ დაასკვნა, რომ თუმცა მომჩივანმა ოფიციალურად აირჩია ადვოკატი, რომელიც წარმოადგენდა მას პოლიციის მიერ მისი დაკითხვის დროს, ეს არჩევანი არ იყო მისი ინფორმირებული არჩევანი, რადგან მომჩივანმა არ იცოდა, რომ სხვა ადვოკატი, რომელთანაც მისი მშობლები იყვნენ შეთანხმებული, მივიდა პოლიციის დაწესებულებაში, რომლის ნახვაში მას ხელი შეუშალეს). ამავდროულად, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ეროვნული სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნული ბრალდების შეფასებით, რადგან აღნიშნულ სასამართლოებს არასოდეს განუხილავთ იგი (იხ. მე-14 და მე-20 პუნქტები ზემოთ). ნებისმიერ შემთხვევაში, მისი უპირველესი საზრუნავი, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვისას, არის სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების საერთო სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე „ბეუზე“ (Beuze), ციტირებული ზემოთ, § 120, მასში შემდგომი მითითებით). საერთო სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება, რომელიც მომჩივანმა მისცა ადვოკატის დაუსწრებლობისას (იხ.მე-6 პუნქტი ზემოთ) არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეში მისი მტკიცებულების ნაწილს და არ იყო წარდგენილი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოსთვის (იხ. მე-14პუნქტი ზემოთ, ბოლო ნაწილში).
42 . რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც ჩატარდა 2011 წლის 19 ოქტომბერს, მთავრობამ ვერ წარმოადგინა მომჩივნის ადვოკატად ხ.ვ.-ს დანიშვნის გარემოებები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს. შესაბამისი მინდობილობის ასლი, რომელიც წარადგინა მთავრობამ მისი არგუმენტის გასამყარებლად, ხელმოწერილი არ არის მომჩივნის მიერ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხ.ვ. დაინიშნა გამომძიებლის მიერ, სტანდარტული სამართლებრივი დახმარების მიღების ფარგლებში ადვოკატთა დანიშვნის სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ დაასკვნა, რომ იგი დაინიშნა მომჩივნის თანხმობის გარეშე და არ წარმოადგენდა მის ინტერესებს და რომ მისი მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იყო უბრალო „ფორმალობა“ (იხ. მე-12 პუნქტი ზემოთ). ამ ფონზე და იმ პირველადი მტკიცებულების (prima facie) გათვალისწინებით, რომლის მიხედვით მისი ოჯახის მიერ დაქირავებულ კერძო ადვოკატს ხელი შეუშალეს მომჩივნის ნახვაში (იხ. მე-8 და 37-ე პუნქტები ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ.ვ.-ს დანიშვნის წესი გულისხმობდა ადვოკატის დამოუკიდებლად შერჩევასთან დაკავშირებით მომჩივნის უფლების შეზღუდვას. მთავრობა არ შედავებია იმას, რომ არსებობდა რაიმე საფუძველი, რომელიც გაამართლებდა ამ შეზღუდვას პროცესის ამ სტადიაზე. ამრიგად, სამართლებრივი წარმომადგენლობის არჩევასთან დაკავშირებით მომჩივნის სურვილის უარსაყოფად „რელევანტური და საკმარისი საფუძვლების“ არარსებობისას, სასამართლომ უნდა დაიწყოს მისი ზეგავლენის შეფასება სისხლის სამართლის პროცესის მთლიან სამართლიანობაზე იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია საქმეში „დვორსკი“ (Dvorski) (ციტირებული ზემოთ, §§ 81-82 და 111).
43 . ის თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ჩანს, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულთათვის წარედგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის დასკვნა (იხ. მე-20 პუნქტი ზემოთ) „სსსკ“-ის 247-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოსამართლეს, ბრალდებულის თანხმობის გარეშე, არ შეუძლია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუმჟღავნოს წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულება, თუ იგი შეიცავს ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას (იხ. შესაბამისი დებულება ციტირებული 28-ე პუნქტში ზემოთ). ამრიგად, როგორც ჩანს, არც წინა სასამართლო განხილვის მოსამართლემ (იხ. მე-14 პუნქტი ზემოთ) და არც სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ არ შეაფასეს ბრალდებები მომჩივნის მიერ არჩეულ ადვოკატთან მომჩივნის წვდომის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და არც ერთი მათგანს არ განუხილია ის პოტენციური ზეგავლენა, რომელიც მას შეეძლო ჰქონოდა მთლიანი პროცესის სამართლიანობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოებს მოეთხოვებათ, ჩაერთონ საქმისწარმოების გადამწყვეტ მომენტებში ადვოკატის დაუსწრებლობის შედეგების აუცილებელ ანალიზში (იხ. საქმე "ბეუზე" (Beuze), ციტირებული ზემოთ, § 174; იხ. აგრეთვე საქმე „დვორსკი“ (Dvorski), ციტირებული ზემოთ, §§ 109-110). თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსაბუთებელი განჩინების შესახებ მომჩივნის საჩივრის განხილვის კონტექსტში იგი გაითვალისწინებს ადვოკატის დაუსწრებლობის შედეგების აუცილებელ ანალიზში ჩაურთველობას (იხ. 76-ე -მე-80 პუნქტები ქვემოთ).
44. რაც შეეხება წინამდებარე საჩივარს და საკითხს იმის შესახებ, იმოქმედა თუ არა მომჩივნის მიერ ადვოკატის ინფორმირებული არჩევანის განხორციელების შეზღუდვამ მთელი პროცესის სამართლიანობაზე, ფაქტია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ დასკვნა არ იქნა გამოყენებული მომჩივნის მსჯავრდებისთვის. სასამართლო პროცესის სამართლიანობის საერთო შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში „იბრაჰიმი და სხვები“ (Ibrahim and Others) მოცემული კრიტერიუმებით (ციტირებული ზემოთ § 274; აგრეთვე იხ. საქმე „ბეუზე“ (Beuze), ციტირებული ზემოთ, § 150). მომჩივანი წინამდებარე საქმეში არ იყო განსაკუთრებულად დაუცველი, მაგალითად, მისი ასაკის ან გონებრივი შესაძლებლობების გამო; მის მიერ არჩეული ადვოკატის დაუსწრებლობის დროს მოპოვებული მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე (შედარებისთვის იხილეთ საქმე „ბეუზე“ (Beuze), ციტირებული ზემოთ, § 186). სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ 2011 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით (როდესაც მას ბრალი ოფიციალურად წაეყენა) და მთელი წინა სასამართლო გამოძიების და რეალური სასამართლო პროცესის განმავლობაში, მომჩივანს წარმოადგენდა მის მიერ არჩეული თავდაპირველად ორი, შემდეგ კი ოთხი ადვოკატი. მათ ჰქონდათ შეუფერხებელი და სრული წვდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, რაც მათ ეფექტიანად გაასაჩივრეს სასამართლოში. მომჩივანმა უარყო თავისი თავდაპირველი განცხადება, წარმოადგინა მოვლენების განსხვავებული ვერსია და მისმა ადვოკატებმა მოიპოვეს და წარადგინეს გამამართლებელი მტკიცებულებები.
45. შესაბამისად, საქმისწარმოების მოვლენების მთლიანი განვითარებიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოების მთლიანი პროცესის სამართლიანობას საფრთხე არ შეჰქმნია მისი დაკავების საწყის საათებში მისივე არჩეული ადვოკატის დაუსწრებლობის გამო.
46. შესაბამისად, არ მომხდარა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დარღვევა.
2. სავარაუდოდ უკანონო და თვითნებური უარი დაცვის მხარის მტკიცებულებების მიღებაზე
(a) მხარეთა წარდგინებები
47. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ წინა სასამართლო განხილვის დროს სასამართლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, დაცვის მხარის მოწმეების სიის მიუღებლად ცნობის შესახებ, უკანონო იყო. ამასთან დაკავშირებით იგი ამტკიცებდა, რომ სია, „სსსკ“-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სათანადოდ გაუცვალეს ბრალდების მხარეს. მან ასევე დაგმო მოსამართლის უარი ი.გ.-ის დაკითხვის ნებართვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაცვის მხარის მოწმეების არყოფნის გამო მას ჩამოერთვა თავისი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შედეგები უკანონოდ იქნა უარყოფილი.
48. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა არ მიაწოდა ბრალდების მხარეს დაცვის მხარის მოწმეების სია, მათ შორის ექსპერტებისა, რითაც დაარღვია „სსსკ“-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა. მან განაცხადა, რომ მოსამართლის მსჯელობა სიის მიუღებლობის შესახებ მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ადვოკატების არგუმენტების პასუხად, დეტალური და ყოვლისმომცველი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უარყოფილი ოცდაოთხი მოწმიდან ექვსი მათგანი ‑ დაიკითხა სასამართლოში და რომ დაცვის მხარემ ისინი ჯვარედინად დაკითხა. რაც შეეხება ი.გ.-ს, მთავრობამ მიუთითა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის დასკვნაზე „სსსკ“-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის დაყოვნების დასაბუთების აუცილებლობაზე.
(b) სასამართლოს შეფასება
49. შესაბამისი ზოგადი პრინციპები იქნა შეჯამებული საქმეში „მურთაზალიევა რუსეთის წინააღმდეგ“ (Murtazalieva v.Russia ) ([GC], № 36658/05, §§ 139, 144-49 და 158-68, 2018 წლის 18 დეკემბერი; აგრეთვე, საქმეში „კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ“, № 57642/12, §§ 51-55, 2021 წლის 16 ნოემბერი).
50 . განსახილველ საქმეში, მომჩივნის საჩივარი დაცვის მხარის სახელით გამოძახებულ მოწმეთა სიის მტკიცებულებად მიღების შესახებ, უარყოფილ იქნა პროცესუალური დარღვევის საფუძველზე (იხ. მე-15 პუნქტი ზემოთ). წინასასამართლო განხილვის მოსამართლემ, „სსსკ“-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენებით, დაასკვნა რომ სია არ იყო გაცვლილი პროკურატურასთან წინასასამართლო განხილვამდე ხუთი დღით ადრე (იხ. იქვე). მოსამართლის დასკვნებისა და მის ხელთ არსებული შესაბამისი მასალის გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ მოსამართლის ზემოაღნიშნული განჩინება თვითნებური იყო თავისთავად (per se )(შედარებისთვის იხილეთ საქმე „კიკაბიძე“, § 56, ციტირებული ზემოთ, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მომზადებულიყო საკუთარი დაცვისთვის, რის გამოც მან მოწმეთა სია დროულად ვერ წარადგინა). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აუცილებლად აღნიშნავს, რომ შესაბამის დროს „სსსკ“ – კერძოდ, მისი 84-ე მუხლი - ითვალისწინებდა დაგვიანებული მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დაცვის განხორციელებისთვის, მაშინაც კი, თუ ინფორმაცია ამ მტკიცებულების შესახებ არ იყო გაცვლილი პროკურატურასთან და სასამართლოსთან, „სსსკ“-ის 83-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად (იხ. საქმე „კიკაბიძე“ციტირებული ზემოთ, §§ 58-59). თუმცა მომჩივანმა არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით (შედარებისთვის იხილეთ, იქვე). დაცვის გუნდის მხრიდან ასეთი ხარვეზი მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან პროცესის ნებისმიერი სტადიის ხასიათიდან გამომდინარე, ბოლომდე ცხადი არ იყო, პროცედურული თვალსაზრისით, შეეძლო თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავმჯდომარეს გაეუქმებინა წინასასამართლო განხილვის მოსამართლის განჩინება მტკიცებულებათა მისაღებობასთან დაკავშირებით.
51 . რაც შეეხება ვიდეო ბმულის საშუალებით ი.გ.-ს დაკითხვაზე უარის თქმას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი სიხისტის მიუხედავად, შესაბამისი საპროცესო წესის სასამართლოს სხდომის თავმჯდომარისეული ინტერპრეტაცია არ შეიძლება თვითნებურად ჩაითვალოს. „სსსკ“-ის 239-ე მუხლი ცალსახად მოითხოვდა, რომ შესაბამის მხარეს განემარტა ასეთი მტკიცებულებების ადრე წარმოუდგენლობის მიზეზები, მაგრამ დაცვის მხარემ ეს ვერ გააკეთა (იხ. მე-19 და 28-ე პუნქტები).
3. ნაფიც მსაჯულთა განაჩენში მიზეზების არარსებობა
(a) (a) მხარეთა წარდგინებები
53. მომჩივანმა განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენში საფუძვლების არარსებობის გათვალისწინებით, მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ცნო ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ.
54 . მთავრობამ განაცხადა, საქმეში „Taxquet“ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარსებობა დაბალანსდა მთელი რიგი ფაქტორებით, რომლებმაც უზრუნველყო, რომ მომჩივნის სასამართლო პროცესი მთლიანობაში სამართლიანი ყოფილიყო. მან დაიწყო განმარტება იმის აღნიშვნით, რომ 2021 წლის 24 მაისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაწყებამდე, დაცვისა და ბრალდების მხარეებს გადაეცათ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის მომზადებული განმარტებების ასლი, „სსკ“-ის 231-ე მუხლის შესაბამისად. განმარტებებში, შესაბამისი სასამართლო ოქმის მიხედვით, მოცემული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებში ჩამოთვლილი დანაშაულების იურიდიულ ხასიათთან დაკავშირებული ახსნა-განმარტება. მხარეებს 2012 წლის 27 მაისამდე მიეცათ ვადა განმარტებებში შენიშვნების გასაკეთებლად ან მათში რაიმე ცვლილების შეტანის მოთხოვნისთვის; მათ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, 2012 წლის 4 ივნისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გახსნის სხდომაზე, ნაფიც მსაჯულებს სიტყვიერად მიეწოდათ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად.
55. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ ასევე წაუკითხა ნაფიც მსაჯულებს მომჩივნის საბრალდებო დასკვნა, ბრალდებებისა და მათი სამართლებრივი საფუძვლების განმარტებით. ნაფიც მსაჯულებს ასევე მიეცათ განმარტება მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი პროცედურისა და მიდგომების შესახებ, მათ შორის იმ ფაქტის შესახებ, რომ ვერდიქტი არ შეიძლება დაეფუძნოს ვარაუდებს ან მიუღებელ მტკიცებულებებს.
56. მთავრობამ ასევე მიუთითა განმარტებებზე, რომლებიც ნაფიც მსაჯულებს მიეცათ სათათბიროდ გასვლამდე. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ განმარტებების შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა დამაბალანსებელ ფაქტორებს, მან ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მომჩივანს წარმოადგენდა მის მიერ არჩეული ოთხი ადვოკატი; რომ ცხრამეტ მოწმეს მოუსმინეს სასამართლო პროცესზე და რომ დაცვის მხარეს ჰქონდა ყველა მათგანის ჯვარედინი დაკითხვის შეუფერხებელი შესაძლებლობა; რომ ამ მოწმეების ჩვენებები, საქმის სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საკმარისზე მეტი იყო მომჩივნის დანაშაულის დასამტკიცებლად; რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაიმართა მხოლოდ მომჩივნის მიმართ და რომ სასამართლო პროცესი ორ კვირაზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა; და რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნდა ეპასუხა მხოლოდ ერთ კითხვაზე თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით – იყო დამნაშავე თუ არ იყო დამნაშავე.
57 . მისი არგუმენტების მხარდასაჭერად მთავრობამ წარმოადგინა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის განხილვის ოქმის ასლი; იგი შედგებოდა 257 გვერდისაგან და დეტალურად აღწერდა მთლიან პროცესს, მათ შორის ნაფიც მსაჯულთათვის მიცემულ განმარტებებს და მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს.
(b) (b) სასამართლოს შეფასება
(i) (i) ზოგადი პრინციპები
58. კონვენცია ნაფიცი მსაჯულებისგან არ მოითხოვს თავიანთი განჩინების საფუძვლის წარმოდგენას, ხოლო მე-6 მუხლი ბრალდებულს არ ათავისუფლებს არაპროფესიონალ მსაჯულთა მიერ გასამართლებისგან მაშინაც კი, თუ გამოტანილი განაჩენის საფუძვლები არ არსებობს (იხ. საქმე „Taxquet v. Belgium [GC]“, № 926/05, § 90, ECHR 2010). გადაწყვეტილებაში საფუძვლის არარსებობა, იმის გამო, რომ მომჩივნის დანაშაული დადგინდა არაპროფესიონალი მსაჯულის მიერ, თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონვენციას (იხ. საქმე „Lhermitte v. Belgium [GC]“, № 34238/09, § 66, 2016 წლის 29 ნოემბერი).
59. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, ბრალდებულს და რა თქმა უნდა საზოგადოებას უნდა შეეძლოს გამოტანილი განაჩენის გაგება; ეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისგან მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა. როგორც სასამართლოს ხშირად აღუნიშნავს, კანონის უზენაესობა და თვითნებური უფლების გამოყენების თავიდან აცილების პრინციპები უდევს საფუძვლად კონვენციას (იხ. საქმე „Taxquet“, ციტირებული ზემოთ, § 90). სასამართლო სფეროში, ეს პრინციპები ემსახურება ობიექტური და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს (იხ. საქმე „Suominen v. Finland“, N 37801/97, §37, 2003 წლის 1 ივლისი; საქმე „Tatishvili v. Russia“ , № 1509/02, §58, ECHR 2007-I; საქმე „Taxquet“, ციტირებული ზემოთ და საქმე „Lhermitte“ ციტირებული ზემოთ, § 67).
60. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ ასიზების სასამართლოების შემთხვევაში, რომლებიც იმართება არაპროფესიონალ მსაჯულებთან ერთად, უნდა მოხდეს ნებისმიერი სპეციალური პროცედურული მახასიათებლის გათვალისწინება, რადგან ნაფიცი მსაჯულებისგან, როგორც წესი, ხშირად არ მოითხოვება, ან არ დაიშვება, დაასაბუთონ მათ მიერ მისადაგებული მსჯავრდება (იხ. საქმე „Taxquet“ ციტირებული ზემოთ, § 92). ამ გარემოებებში, მე-6 მუხლი მოითხოვს შეფასებას, იყო თუ არა საკმარისი გარანტიები თვითნებობის რისკის თავიდან ასაცილებლად და ბრალდებულისთვის იმ საშუალების მისაცემად, გაეგო მისი მსჯავრდების საფუძვლები. ასეთი პროცედურულ გარანტიებში შეიძლება იგულისხმებოდეს, მაგალითად, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის მიცემული განკარგულებები, ან მითითებები წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებზე, ან მოყვანილი მტკიცებულებები და მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმული ზუსტი, ცალსახა კითხვები, რომლებიც ქმნიან საფუძველს მათი ვერდიქტისთვის და საკმარისად აწონასწორებს იმ ფაქტს, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ გაცემულ პასუხებს საფუძველი არ ჰქონია. ბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულისთვის ხსნილი იყო გასაჩივრების ნებისმიერი გზა (იხ. საქმე „Lhermitte“, ციტირებული ზემოთ, § 68, შემდგომი მითითებით).
61. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს მთლიანი პროცესის საფუძველზე და შესაბამისი სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ კონტექსტში, სასამართლოს ამოცანას, დასაბუთებული ვერდიქტის არარსებობის განხილვისას, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, წარმოადგენს იმის გაგება, საქმისწარმოებამ უზრუნველყო თუ არა საკმარისი გარანტიები თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისგან დასაცავად და მიეცა თუ არა ბრალდებულს საშუალება გაეგო, თუ რატომ ცნეს იგი დამნაშავედ (იხ. საქმე „Taxquet“, ციტირებული ზემოთ, § 93).
62. სასამართლოს პრეცედენტული სამართალიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საბრალდებო დასკვნისა და ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმული კითხვების კომბინირებული განხილვისას შესაძლებელი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ სასამართლო პროცესზე განხილული მტკიცებულებებიდან და განხილული ფაქტობრივი გარემოებებიდან რომელმა მათგანმა მიიყვანა საბოლოოდ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო, მტკიცედ გაეცა პასუხი შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა ბრალდებულს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო: თანამსჯავრდებულებს შორის განსხვავებების დადგენა; გაგება, თუ რატომ იქნა წარდგენილი ერთი კონკრეტული ბრალდება და არა მეორე; დადგენა, რატომ დაასკვნეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომ ზოგიერთ თანამსჯავრდებულს ეკისრებოდა ნაკლები პასუხისმგებლობა, რითაც შეეფარდათ ნაკლები სასჯელი; და გარკვევა, რატომ იქნა გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვები უნდა იყოს როგორც ზუსტი, ასევე მიზანმიმართული თითოეული პირის მიმართ (იხ. საქმე „Lhermitte“, ციტირებული ზემოთ, §§ 69-72, შემდგომი მითითებით).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
63 . ისევე როგორც ყველა ბრალდებულს, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობაში, საქართველოში სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას, მოცემულ საქმეშიც მომჩივანს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუშაობისა და შედეგების შესახებ, მათ შორის ვერდიქტის ხასიათისა და გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, ერთ-ერთის არჩევამდე (იხ. მე-18 პუნქტი ზემოთ). ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმე განსხვავდება სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია და იტალია, სასამართლოს მიერ განხილული მსგავსი საქმეებისაგან, სადაც მოპასუხეებს არ შეეძლოთ გადაეწყვიტათ, აერჩიათ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვა. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მომჩივნის მიერ უარის თქმა უფლებაზე, გაიგოს, რატომ იქნა იგი ცნობილი დამნაშავედ, რადგან ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას თვითნებური გადაწყვეტილების მიღების თავიდან ასაცილებლად (იხ. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც აღნიშნულია 59-ე-61-ე პუნქტებში ზემოთ; იხ. აგრეთვე, სათანადო ცვლილებებით, საქმე 'Maestri and Others v. Italy', № 20903/15 და 3 სხვა, §§ 56-58, 2021 წლის 8 ივლისი, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ უარის თქმა პროცესში მონაწილეობის უფლებაზე, თავისთავად არ შეიძლება გულისხმობდეს პროცესზე მოსმენის უფლებაზე უარის თქმას). როგორც სასამართლომ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, იმისათვის რომ შესრულდეს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები, ბრალდებულს და რა თქმა უნდა საზოგადოებას უნდა შეეძლოს გაგება, თუ რატომ იქნა გამოტანილი აღნიშნული ვერდიქტი (იმავე წყაროში). ზემოაღნიშნულიდან სასამართლო გადადის შემდეგ საკითხზე.
64 . სასამართლო იმეორებს, რომ არ არსებობს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რაიმე უფლება (იხ. საქმე 'Twomey, Cameron and Guthrie v. the United Kingdom (dec.)', № 67318/09 და 22226/12, § 30, 2013 წლის 28 მაისი). გარდა ამისა, კონვენცია არ ავალდებულებს ნაფიც მსაჯულებს თავიანთი გადაწყვეტილების დასაბუთებას, ხოლო მე-6 მუხლი არ ათავისუფლებს ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა მიერ გასამართლებისგან მაშინაც კი, როდესაც ვერდიქტში არ არის მოყვანილი საამისო საფუძვლები (იხ. საქმე 'Saric v. Denmark (dec.)', № 31913/96, 1999 წლის 2 თებერვალი და საქმე 'Taxquet', ციტირებული ზემოთ, § 89). საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სისტემა ბრალდებულებს, კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში, სთავაზობს აირჩიონ, მათი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თუ პროფესიონალმა მოსამართლემ. სასამართლოს აზრით, ასეთი არჩევანის შესაძლებლობა წარმოადგენს პროცედურულ გარანტიას, რომელიც საფუძვლად უდევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთელ სისტემას საქართველოში.
65. ახლა, თუ დავუბრუნდებით საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სისტემის კონკრეტულ მახასიათებლებს, სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სრულად წაიკითხა სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გახსნით სხდომაზე; შემდგომში ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, გახდა შეჯიბრებითი პაექრობის საგანი, როდესაც მტკიცებულების თითოეული ელემენტი განიხილებოდა დაცვის მხარის თანდასწრებითა და მონაწილეობით (იხ. მე- 19-21-ე პუნქტები ზემოთ). ნაფიცი მსაჯულები დაუყოვნებლივ გავიდნენ სათათბიროდ ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე ისე, რომ საქმის მასალებზე წვდომა არც კი ჰქონიათ. ამდენად, მათი განჩინება მხოლოდ სასამართლო პროცესზე მხარეების მიერ განხილულ მტკიცებულებებზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამყარებული.
66. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მთავრობა, Taxquet-ის საქმის ციტირებით, დაეყრდნო საბრალდებო დასკვნას, რომელიც, მისი თქმით, დეტალურად იყო აღწერილი და რომელმაც, ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასმულ კითხვებთან ერთად, მომჩივანს გაუადვილა მის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტის გაგება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პროცედურულ სამართალში არ არსებობს საბრალდებო დასკვნის („acte d'accusation“) ზუსტი ექვივალენტი, რადგან არ არსებობს გამოძიების დეტალურად შემაჯამებელი პროცედურული დოკუმენტი, რომელიც შემდეგ იკითხება ნაფიც მსაჯულთა წინაშე (შედარებისთვის იხ. საქმე 'Lhermitte', ციტირებული ზემოთ, § 77; აგრეთვე საქმე 'Taxquet', ციტირებული ზემოთ, § 95, და საქმე 'Magy v. Belgium', N. 43137/09, § 38, 2015 წლის 24 თებერვალი). ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ აღნიშნა ლერმიტის (Lhermitte) საქმესთან მიმართებით, მე-6 მუხლის დებულებები მოითხოვს არა იმ საფუძვლების გაგებას, რამაც აიძულა საგამოძიებო ორგანოები გაეგზავნათ საქმე სასამართლო განხილვაზე, არამედ იმ საფუძვლების გაგებას, რამაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წევრები აიძულა მიეღოთ გადაწყვეტილება ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით იმ პროცესის შემდეგ, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ (იხ. საქმე 'Lhermitte', ციტირებული ზემოთ, § 77; იხ. აგრეთვე საქმე Agnelet v. France', N 61198/08, §§ 65-66, 2013 წლის 10 იანვარი).
67. რაც შეეხება განმარტებებს, ნაფიც მსაჯულებს განმარტებები მიეცათ ორჯერ - საქმის სასამართლოში განხილვის გახსნის სხდომაზე და სათათბირო ოთახში გასვლამდე. განმარტებები მიწოდებული იყო როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. ორივე შემთხვევაში დაცვის მხარეს შეთავაზეს, „სსსკ“-ის 231-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოეთხოვა განმარტებებში შესწორებების ან დამატებების შეტანა, მაგრამ მათ არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით (იხ. 54-ე პუნქტი ზემოთ). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დებულების მიხედვით, 'თუ მხარეები ვერ ისარგებლებენ ამ უფლებით ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ უფლება არ აქვთ, გამოთქვან პრეტენზია განმარტებების სამართლიანობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით, კანონის საფუძველზე ნებისმიერ საჩივარში' (იხ. 30-ე პუნქტი ზემოთ). ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურული გარანტია ხელმისაწვდომი იყო მომჩივანისთვის, მან შეგნებულად არ ისარგებლა ამით. ამავე თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესის დასაწყისში განმარტებების მიცემამ ნაფიც მსაჯულებს საშუალება მისცა გაეგოთ სასამართლო პროცესის არსი; ხოლო სასამართლო პროცესის ბოლოს მიცემული განმარტებებით ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა მიეცათ ყურადღება გაემახვილებინათ საკუთარ ამოცანაზე და სასამართლოში განხილულ მტკიცებულებებზე.
68. რაც შეეხება კითხვებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი იყო ერთადერთი ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და მას წაყენებული ჰქონდა ოთხი კონკრეტული ბრალდება (იხ. საქმე „Legillon v. France“, N 53406/10, § 60, 2013 წლის 10 იანვარი; შედარებისთვის იხილეთ საქმე „Taxquet“, ციტირებული ზემოთ, აღნიშნულ შემთხვევაში მომჩივანი გამოცხადდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში შვიდ თანამოპასუხესთან ერთად;‑ ასევე შედარებისთვის იხ. საქმე „Ramda v. France“, N 78477/11, №78477/11, 2017 წლის 19 დეკემბერი, რომელიც ეხებოდა მომჩივნის მსჯავრდებას სამ დამოუკიდებელ ტერორისტულ აქტში). მომჩივანს არ წამოუყენებია რაიმე „თავდაცვითი“ არგუმენტი; არამედ, მისი ძირითადი მსჯელობა იყო უბრალოდ ფაქტიური -‑ რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ზოგადად იყო ჩამოყალიბებული, ასევე იყო კონკრეტული კითხვები დამამძიმებელ გარემოებებთან დაკავშირებით (შედარებისთვის იხ. საქმე „Goktepe v.Belgique“ dec.), № 5037, 2005 წლის 2 ივნისი).
69. გასარკვევია, არსებობდა თუ არა გასაჩივრების გზები ბრალდებულებისთვის (იხ. საქმე „Taxquet“, ციტირებული ზემოთ, §§ 92 და 98). სასამართლო იმეორებს, რომ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიზეზების მითითების გარეშე გამოტანილ ვერდიქტზე დაფუძნებული მსჯავრდების გასაჩივრების გზების არსებობას (იმავე წყაროში §§ 92 და 99; იხ. ასევე საქმე „Lhermitte“, ციტირებული ზემოთ, § 68).
70. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი განსახილველ შემთხვევაში არ ექვემდებარებოდა სტანდარტულ გასაჩივრებას (შედარებისთვის იხ. საქმე „Agnele“, ციტირებული ზემოთ, § 63). ვინაიდან მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მან კანონის საფუძველზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი „სსსკ“-ის 266-ე მუხლის შესაბამისად (იხ. როგორც ციტირებულია 30 -ე პუნქტში ზემოთ). ამ ტიპის გასაჩივრება, რომელიც გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოტანილ ვერდიქტთან დაკავშირებით, როგორც სასამართლომ უკვე განიხილა 'კიკაბიძის' საქმეში, განსხვავდება სტანდარტული საკასაციო პროცესისგან და შეიძლება გამოიწვიოს ნაფიც მსაჯულთა ახალი სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი სრულად განხილვის აუცილებლობა, თუ „სსსკ“-ის 266-ე მუხლის მე-2 (a) - (e) პუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი საფუძვლის არსებობა დადგინდება (იხ. იმავე წყაროში, § 63). „სსსკ“-ის 266-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო სარგებლობს განხილვის ფართო უფლებამოსილებით და შეუძლია გააუქმოს ნებისმიერი მსჯავრდება, თუ, მათ შორის, აღმოაჩენს, რომ სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მტკიცებულების მისაღებობის შესახებ, ან დაუშვა არსებითი შეცდომა ნაფიც მსაჯულთათვის განმარტებების მიცემისას, ან იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოქმედებდა პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით (იხ. და შეადარეთ საქმე „Shala“, § 36). თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „Taxquet v. Belgium“, დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა მხრიდან დაუსაბუთებულობა შეიძლება დაბალანსდეს, მათ შორის, გასაჩივრების ხელმისაწვდომობით. „სსსკ“-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებული განხილვის ხასიათისა და ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლების საფუძველზე შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი არასათანადო ვერდიქტის მიმართ სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოქმედების უზრუნველყოფა. რაც შეეხება წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სავარაუდოდ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, იგი წარმოადგენს მომჩივნის ცალკე საჩივარს და შესაბამისად, ცალკე განიხილება სასამართლოს მიერ (იხ. 76-ე-მე- 80 პუნქტები ქვემოთ).
71. დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ მოცემული საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ მომჩივანს ჰქონდა არჩევანის გაკეთების უფლება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ან პროფესიონალ მოსამართლეს შორის, კონკრეტულ პროცედურულ გარანტიებთან ერთად, რით სარგებლობის შესაძლებლობაც მას ჰქონდა საქმის წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში, საკმარისი იყო ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტში მიზეზების წარმოუდგენლობის დასაბალანსებლად. აქედან გამომდინარეობს, რომ არ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტში დასაბუთების არარსებობასთან დაკავშირებით.
4. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე მომჩივნის საჩივრის მიუღებლად ცნობის შესახებ
(a) მხარეთა წარდგინებები
72. მომჩივანი განაგრძობდა ჩივილს მის არჩეული ადვოკატთან წვდომის უფლების შეზღუდვის შესახებ და იმის მტკიცებას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი სერიოზული პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის საფუძველზე მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის უარყოფის შესახებ, ყოველგვარი მიზეზების წარმოდგენის გარეშე იყო თვითნებური გადაწყვეტილება.
73. მთავრობამ, საპასუხოდ, განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი არ აკმაყოფილებდა „სსსკ“-ის 266-ე და 303-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისაღებობის კრიტერიუმებს და შესაბამისად, მიუღებლად იქნა გამოცხადებული.
(b) სასამართლოს შეფასება
(i) (i) ზოგადი პრინციპები
74. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენების წესი სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ საქმისწარმოების მიმართ დამოკიდებულია საქმისწარმოების პროცესის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპროცესო სისტემის მთლიანობა შიდა მართლწესრიგში და მასში კონკრეტული სასამართლოს როლი (იხ., მათ შორის, საქმე „Botten v. Norway“, 1996 წლის 19 თებერვალი, § 39, „გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები“1996- I და საქმე „Lazu v. the Republic of Moldova“, № 46182/08, § 33, 2016 წლის 5 ივლისი).
75. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოებს წარმოადგინონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები, ეს არ შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნა. ამრიგად, საჩივრის განუხილველად დატოვების დროს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია უბრალოდ მხარი დაუჭიროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიზეზებს (იხ. საქმე „García Ruiz v. Spain“ [GC], № 30544/96, § 26, ECHR 1999‑I; საქმე „Hirvisaari v. Finland“, № 49684/99, § 30, 2001 წლის 27 სექტემბერი და საქმე „Stepanyan v. Armenia“, № 45081/04, § 35, 2009 წლის 27 ოქტომბერი).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
76 . როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გასაჩივრების გზების არსებობას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კონტექსტში (იხ. ზემოთ ციტირებული საქმეები „Taxquet“, §§ 92 და 99, და „Lhermitte“, § 68). ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტებში დასაბუთების არარსებობის გათვალისწინებით, იგი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს როლი გადამწყვეტია, რადგან მასზეა დამოკიდებული, გამოიკვლიოს მოქმედებდა თუ არა სხვადასხვა პროცედურული გარანტიები ეფექტიანად და სათანადოდ და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის მიერ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოსთვის მიმართვამ გამოიწვია თუ არა უსამართლობა (იხ. მაგალითად საქმე „C.G. v. the United Kingdom“, № 43373/98, § 36, 2001 წლის 19 დეკემბერი; საქმე „Ahmed v. the United Kingdom (dec.)“, № 57645/14, § 61, 2016 წლის 6 სექტემბერი და საქმე „Rogers v. the United Kingdom (dec.) [კომიტეტი]“, № 42425/19, § 29, 2020 წლის 15 სექტემბერი).
77 . გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ „კიკაბიძის“ საქმეში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოვალეობამ მის დასაბუთებაში დეტალური პასუხების გაცემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიიღო, როდესაც ეროვნულმა ორგანოებმა ჩაატარეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ზოგიერთი პირველი პროცესი საქართველოში განხორციელებული სისხლის სამართლის პროცესის ძირეული რეფორმიდან მოკლე დროში (იმავე წყაროში, § 65) და იმ დროს, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი პრეცედენტული სამართალი, რომლითაც იხელმძღვანელებდნენ მხარეები და პირველი ინსტანციის მოსამართლეები.
78. განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი კანონის საფუძველზე, რომელშიც ჩიოდა, მათ შორის, მისი დაცვის უფლებების დარღვევისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღევის შესახებ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დაპატიმრების საწყის საათებში მის მიერ არჩეული ადვოკატის ხელმისაწვდომობის არარსებობის ჩათვლით. მომჩივანის მიერ მის საჩივარში წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები ეხებოდა, კერძოდ, 266-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რომელიც იძლევა კანონის საფუძველზე გასაჩივრების შესაძლებლობას (იხ. 30-ე პუნქტი ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობის სწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით რაიმე პოზიციის დაფიქსირების გარეშე სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხები იყო სამართლებრივად მნიშვნელოვანი და შესაბამისი და ერთი შეხედვით არ ჩანდა, რომ აშკარად მოკლებული იყო რაიმე არსებითობას.
79. მაშასადამე, წინასასამართლო განხილვის მოსამართლის ან სასამართლო სხდომის თავმჯდომარის პოზიციის არარსებობის პირობებში, სასამართლო პროცესის სამართლიანობის სავარაუდო დარღვევის შედეგებთან დაკავშირებით (იხ. 43-ე პუნქტი ზემოთ), სააპელაციო სასამართლოს მოვალეობა იყო საფუძვლიანად შეესწავლა მომჩივნის ბრალდებების მართებულობა და ხასიათი და უფრო ზოგადად, შეეფასებინა ის, თუ როგორ იქნა გამოყენებული შესაბამისი პროცედურული გარანტიები მომჩივნის მიმართ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მისი საქმის განხილვისას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო აღნიშნული სასამართლოს სამართლიანობა (იხ. საქმე „კიკაბიძე“ ციტირებული ზემოთ, § 64). მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ განახორციელა ასეთი შემოწმება, მის განჩინებაში არ იყო განმარტებული, თუ რატომ მიიჩნია, რომ მომჩივნის ბრალდებები იყო არასაკმარისად დასაბუთებული და რომ არ უნდა მისცემოდა გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მდგომარება განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის სასამართლო პროცესი, ისევე როგორც კიკაბიძის საქმე, იყო ერთ-ერთი პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი რეფორმის შემდეგ (იმავე წყაროში § 65).
80 . შეჯამების სახით, მიმდინარე საქმის განსაკუთრებული გარემოებების - განსაკუთრებით, მომჩივნის მიერ წამოჭრილი პროცედურული საკითხების ხასიათის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო განხილვის მოსამართლემ და სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ ვერ მოაგვარეს ეს საკითხები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის განხილვისას და იმის გათვალისწინებით, თუ რას რისკავდა მომჩივანი - მომჩივნის მიერ კანონის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში წამოჭრილი არგუმენტები იმსახურებდა საფუძვლიან და დეტალურ პასუხს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში. რადგან არ მოხდა ასეთი პასუხის წარმოდგენა, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, რაც გამოიხატებოდა უსაფუძვლო განჩინებაში, როდესაც მომჩივნის საჩივარი კანონის საფუძველზე მიუღებლად იქნა გამოცხადებული.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
81. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
82. მომჩივანმა მოითხოვა 100,000 ევროს ოდენობის ერთჯერადი თანხა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. რაიმე ახსნისა და მიზეზის წარმოდგენის გარეშე, მან წარადგინა ათობით საბანკო გადარიცხვის ფორმა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სხვადასხვა თანხები სხვადასხვა პირების მიერ ირიცხებოდა ციხეში მომჩივანის ანგარიშზე 2011-2016 წლებში.
83. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მოთხოვნები ფულადი ანაზღაურების მიმართ იყო სრულიად დაუსაბუთებელი, რადგან მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, თუ რა მიზნით გადაურიცხეს მას ციხეში სხვადასხვა თანხები. რაც შეეხება მორალური ზიანს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა იყო ძალიან გადაჭარბებული.
84. სასამართლო ვერ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე მან ეს სარჩელი არ მიიღო. რაც შეეხება მორალურ ზიანს ‑ სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის აღმოჩენა წინამდებარე საქმეში შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად სამართლიან დაკმაყოფილებად და შესაბამისად, არ იღებს მომჩივნის სარჩელს ამ საფუძვლით.
B. ხარჯები და დანახარჯები
85. მომჩივანს არ ჰქონია ხარჯებსა და დანახარჯებთან დაკავშირებული რაიმე სარჩელი.
86. შესაბამისად, სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას რაიმე თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
C. საურავი
87. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
ამ საფუძვლით, სასამართლო
1. ერთსულოვნად აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დარღვევას მის მიერ არჩეულ ადვოკატთან წვდომის უფლების სავარაუდო შეზღუდვასთან დაკავშირებით;
3. ადგენს ერთსულოვნად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევას დაცვის მხარის მტკიცებულებების მიღებაზე სავარაუდო თვითნებურ უართან დაკავშირებით;
4. ადგენს ერთსულოვნად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ნაფიც მსაჯულთა განაჩენში დასაბუთების არარსებობასთან დაკავშირებით;
5. ადგენს ერთსულოვნად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას კანონის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის მიუღებლად გამოცხადების დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
6. ერთსულოვნად უარს ამბობს მომჩივნის მოთხოვნაზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2022 წლის 30 ივნისს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ვიქტორ სოლოვეიჩიკი სიოფრა ო’ლირი
სექციის გამწესრიგებელი თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლო რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი დამოუკიდებელი მოსაზრებები:
(a) მოსამართლე ო’ლირის თანმხვედრი მოსაზრება;
(b) მოსამართლე ჯელიჩის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
SOL
VS
მოსამართლე ო’ლირის თანმხვედრი მოსაზრება
1. მე სრულად ვეთანხმები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისად საფუძვლიანად ვერ განიხილა მომჩივნის საჩივრები. რაც შეეხება მომჩივნის იურიდიული დახმარების უფლების შეზღუდვას კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების შესაბამისად, მე ვეთანხმები დარღვევის არარსებობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ეროვნული სასამართლოების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობას, ამ თვალსაზრისით კონვენციით ნაკისრ მათ ვალდებულებებს და მიზეზს იმისა, თუ რატომ იყო კონვენციის ზემოაღნიშნული მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის აშკარა, მაგრამ შედარებითი დარღვევა საკმარისი წინამდებარე საქმის გარემოებებისთვის.
2. სადავო არ არის, რომ მომჩივნის იურიდიული დახმარების უფლება ორმხრივად შეიზღუდა, როდესაც ის პირველად მოწმის სახით დაიკითხა, შემდეგ დააპატიმრეს, როგორც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბოლოს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ერთი მხრივ, სასამართლოს ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე, მას არ მიეცა საშუალება, გამოეყენებინა მისი უფლება ყოფილიყო წარმოდგენილი მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ ორი დღის განმავლობაში, ოფიციალური ბრალდების წაყენებამდე. მე არ განვიხილავ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ უარის თქმის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც არასაკმარისი ინფორმაცია იქნა მოწოდებული. მეორე მხრივ, გამომძიებლის მიერ დანიშნული ადვოკატი, რომელიც ესწრებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტს, არ იყო კანონიერად დანიშნული და ვერ წარსდგა სათანადოდ მომჩივნის დასაცავად ან მისი ინტერესები სათანადოდ ვერ წარმოდგენა (იხ. გადაწყვეტილების მე-6 ‑ მე-12 პუნქტები). ასევე არ არის სადავო, რომ მომჩივნის აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც მან მისცა, როდესაც მას არ ჰყავდა ადვოკატი და დაიკითხა მოწმის სახით და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, არ ყოფილა წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე, რომელმაც ის გაასამართლა. ისინი არ წარმოადგენდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ან სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ მიიჩნია მიუღებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) სათანადო დებულებების შესაბამისად, იხ. §§ 6, 9, 14 და 20).
3. გადაწყვეტილებაში აღიარებულია მომჩივნის უფლების ორმხრივი შეზღუდვა იურიდიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით და კვლავ განიხილება, შეუქცევადად შეიზღუდა თუ არა სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობა იმის გამო, რომ მომჩივნის დაკითხვას საწყის საათებში არ ესწრებოდა ადვოკატი და ასევე მისი დაკავების მომდევნო დღეს მას არ ჰყავდა ადვოკატი და საბოლოოდ, მიჩნეულია, რომ მთლიანად პროცესის სამართლიანობა დაცული იყო (იხ. გადაწყვეტილების §§ 42-45).
4. თუმცა აშკარად პრობლემატური იყო ის მეთოდი, როგორც განიხილებოდა იურიდიული დახმარების უფლების შეზღუდვის შესახებ მომჩივნის საჩივრები წინასასამართლო განხილვის მოსამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის და სააპელაციო სასამართლოს მიერ.
თითოეულ შემთხვევაში, საჩივარი, რომელსაც ახლა ეს სასამართლო განიხილავს, არაერთხელ ყოფილა წამოყენებული და ყველა შემთხვევაში იგი უგულებელყოფილი იყო. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმით, რომ არ არსებობდა რაიმე სერიოზული სამართლებრივი ან პროცედურული დარღვევა, რომელიც მოითხოვდა საჩივრის განხილვას და რომ „სსსკ“-ის შესაბამისი დებულებების მიხედვით, არ არსებობდა საფუძველი, რომელიც დაასაბუთებდა საჩივარს კანონის საფუძველზე.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტების მიხედვით წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით პალატის უმრავლესობამ დაადგინა, რომ პროცესის საერთო სამართლიანობა არ იყო შეუქცევადად შეზღუდული, თუმცა ნაცვლად ამისა პალატის უმრავლესობამ დაასკვნა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რადგან სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის საჩივრის მიუღებლობა არასაკმარისად დაასაბუთა. გადაწყვეტილების 79-ე პუნქტში ნათქვამია, რომ: „წინასასამართლო განხილვის მოსამართლის ან სასამართლო სხდომის თავმჯდომარის პოზიციის არარსებობის პირობებში, სასამართლო პროცესის სამართლიანობის სავარაუდო დარღვევის შედეგებთან დაკავშირებით [...], სააპელაციო სასამართლოს მოვალეობა იყო საფუძვლიანად შეესწავლა მომჩივნის ბრალდებების მართებულობა და ხასიათი და უფრო ზოგადად, შეეფასებინა ის, თუ როგორ იქნა გამოყენებული შესაბამისი პროცედურული გარანტიები მომჩივნის მიმართ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მისი საქმის განხილვისას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო აღნიშნული სასამართლოს სამართლიანობა“. მე ვეთანხმები ამ შეფასებას და აქედან გამომდინარე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
5. თუმცა, ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებში, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დადგენილმა დარღვევამ არ უნდა გამოიწვიოს ეროვნული სასამართლოების მიერ სასამართლოს იმ პრეცედენტული სამართლისა და პროცედურული გარანტიებით მოთხოვნილი ორ ეტაპიანი ანალიზის უგულებელყოფა, რომლებიც უნდა გამოიყენებოდეს აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვის დასაძლევად. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როდესაც იურიდიული დახმარების უფლება შეზღუდულია, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა შეზღუდვის გამომწვევი მნიშვნელოვანი მიზეზები და შემდგომში, შეუქცევადად შეიზღუდა თუ არა მთლიანი პროცესის სამართლიანობა (იხ., მაგალითად, პრეცედენტული სამართლის შეჯამება საქმეში „Beuze v. Belgium, [GC]“ № 71409/10, § 139, 2018 წლის 9 ნოემბერი). გამოძიების ეტაპთან დაკავშირებული მე-6 მუხლით გათვალისწინებული საჩივრების საფუძველი თავისთავად იხსნება სასამართლო პროცესზე, როდესაც ბრალდების მხარე ცდილობს დაეყრდნოს წინასასამართლო საქმის განხილვისას მოპოვებულ მტკიცებულებებს - ეტაპს, რომლის დროსაც მოქმედებდა მე-6 მუხლის უფლებების შეზღუდვა - და დაცვის მხარე ითხოვს მის გამორიცხვას (იხ. საქმე Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], № 50541/08 et 3 სხვა, § 254, 2016 წლის 13 სექტემბერი და საქმე „Beuze“, ციტირებული ზემოთ, § 173). პირველი ინსტანციის მოსამართლის როლი გადამწყვეტია. მართალია, განსახილველ საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ ჩანაწერი გამორიცხა სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და პირველი საბრალდებო განაცხადი არ იქნა შეტანილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, ფაქტია, რომ მომჩივანი დაიკითხა და ძირითადი საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა მაშინ, როდესაც მას ადვოკატი არ ჰყავდა. არ უნდა გამოირიცხოს, რომ გამომძიებლების მიერ ბრალდებულის დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებები ზეგავლენას ახდენს დაკითხვის პროცესებსა და შემდგომში შეკვეთილ საგამოძიებო ღონისძიებებზე (იხ. საქმე "Beuze", ციტირებული ზემოთ, § 179). პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (c)) პუნქტებზე დაყრდნობით წარდგენილი საჩივრები უნდა განიხილონ იმის შესაფასებლად, იმ პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას, როდესაც მომჩივანი სამართლებრივად დაუცველი იყო, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა მის პოზიციაზე (იხ. საქმე „Schmid-Laffer v. Switzerland“, № 41269/08, § 37, 2015 წლის 16 ივნისი; საქმე „A.T. v. Luxembourg“, № 30460/13, § 72, 2015 წლის 9 აპრილი და საქმე „Beuze“, ციტირებული ზემოთ, § 178). სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიერ მოთხოვნილი ანალიზის ეს მეორე ეტაპი, პრინციპში, უნდა განხორციელდეს ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ. საქმე Beuze, ციტირებული ზემოთ, §§ 173 - 174, სადაც სასამართლომ მიუთითა ასიზების სასამართლოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, „ განეხილა [...] პროცესის გადამწყვეტ მომენტებში ადვოკატის არყოფნის შედეგების საჭირო ანალიზისას“). კონვენციით დადგენილი იურიდიული დახმარების უფლების შეზღუდვა გამოძიების და წინასასამართლო განხილვის ეტაპებზე არ არის გადამწყვეტი ბრალდების მხარისა და სასამართლო პროცესისთვის. სასამართლომ თავი აარიდა ავტომატურობას და არა-ორაზროვნების წესებს (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 260). სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ორ ეტაპიანი ანალიზი ამ საქმეში არ იყო. არანაირი შეზღუდვა არ იქნა აღიარებული, არ იყო განხილული მნიშვნელოვანი მიზეზები და არ განხორციელებულა საერთო სამართლიანობის შეფასება. საბრალდებო განცხადებების გამორიცხვა და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების არსებობა მიუთითებს საერთო სამართლიანობაზე. თუმცა, ეს დასკვნა გამომდინარეობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მომჩივნის საჩივრის განხილვიდან და არა ეროვნული სასამართლოების მიერ განხორციელებული რაიმე შეფასებიდან. როგორც სასამართლომ ადრე განაცხადა (საქმე „Mehmet Zeki Çelebi v. Turkey“, № 27582/07, § 51, 2020 წლის 28 იანვარი):
„[...] იმის დადგენისას, იყო თუ არა საქმისწარმოება სამართლიანი, სასამართლო არ მოქმედებს, როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელიც წყვეტს, იყო თუ არა მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული ეროვნული კანონმდებლობის, მისი მისაღებობის ან მომჩივნის ბრალეულობის თვალსაზრისით [. ..]. ეს საკითხები, სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად, არის ეროვნული სასამართლოების კომპეტენცია. სასამართლოს ამოცანა არ არის დაადგინოს, იყო თუ არა არსებული მტკიცებულებები საკმარისი მომჩივნის მსჯავრდებისთვის და ამგვარად ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საკუთარი შეფასება ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოების შეფასებით. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცედურული ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში ეროვნულ სასამართლოებს ევალებათ შეაფასონ, იყო თუ არა ეს პროცედურული ხარვეზი გამოსწორებული შემდგომი საქმისწარმოებისას. ამ მხრივ შეფასების არარსებობა თავისთავად, ერთი შეხედვით შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით“.
როგორც გადაწყვეტილების 43-ე პუნქტშია მითითებული, ეროვნულმა სასამართლოებმა უბრალოდ არ განიხილეს მომჩივანის საჩივარი. ამიტომ მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოესწორებინა მდგომარეობა, რომელიც, მისი მტკიცებით ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მოთხოვნებს ან ეროვნული სასამართლოების მტკიცებას, რომ ეს მოთხოვნები იყო დაკმაყოფილებული (იხ. ცოტა ხნით ადრე საქმე „Bjarki H. Diego v. Iceland“, № 30965/17, § 59, 2022 წლის 15 მარტი). ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა ეროვნული სასამართლოების მიერ შეფასება იმისა, იმოქმედა თუ არა და რამდენად იმოქმედა მომჩივნის დაკითხვისას და გამოძიებისას არსებულმა კონკრეტულმა გარემოებებმა მისი სასამართლო პროცესის მთლიან სამართლიანობაზე (შეადარეთ საქმე „Doyle v. Ireland“, № 51979 / 17, §§ 94-95 და 101, 2019 წლის 23 მაისი). ეროვნული სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული ორეტაპიანი ანალიზის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასამართლო ავტომატურად დაადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დარღვევას. თუმცა, ამ საქმეში დარღვევის არარსებობის დადგენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე რომ, ეროვნულმა სასამართლოებმა ჯეროვნად შეასრულეს მათთვის დაკისრებული უპირველესი და უმნიშვნელოვანესი როლი.
6. ბოლოს უნდა დავამატო, რომ მოცემულ საქმეში და საქმეში „კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (№ 57642/12, 2021 წლის 16 ნოემბერი), სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა იმ არასაკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამო, რომელთა საფუძველზეც მომჩივნის საჩივრები კანონის საფუძველზე მიუღებლად იქნა აღიარებული. ეს დასკვნები, გადაწყვეტილებაში ახსნილი მიზეზების გამო, უაღრესად კონტექსტუალურია, რაც დაკავშირებულია იმის უზრუნველყოფის საჭიროებასთან, რომ 2010 წლის რეფორმის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესები გამართულად ფუნქციონირებდნენ და საჭიროებისამებრ, აწესებდნენ მითითებებსა და პრინციპებს ბრალდებულებისთვის, ბრალდების მხარისთვის, სხდომის თავმჯდომარე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულებისთვის.
გარდა ამისა, წინამდებარე საქმეში, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ეროვნული სასამართლოების მიერ იმ საჩივრის განუხილველობა, რომელიც ეხება იურიდიულ დახმარებაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, შეფასდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და არა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტების საფუძველზე.
მოსამართლე ჯელიჩის ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება
I. შესავალი
1. პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ სამწუხაროდ მე არ ვეთანხმები უმრავლესობის დასკვნას, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტების დარღვევას საკუთარი სურვილით ადვოკატის არჩევის უფლებასთან დაკავშირებით.
2. იყო ადვოკატის მიერ ეფექტიანად დაცული სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. საქმე „Salduz v. Turkey [GC]“, № 36391/02, § 51, ECHR 2008 და საქმე „Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC]“, № 50541/08 და 3 სხვები, § 255, 2016 წლის 13 სექტემბერი) , ხოლო კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, რომ ისინი იყოს არა „თეორიული ან ილუზიური“, არამედ „პრაქტიკული და ქმედითი“ (იხ. საქმე "Salduz", ციტირებული ზემოთ, § 51, შემდგომი მითითებებით). ამის მიზანია მართლმსაჯულების ხარვეზების აღკვეთა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა სისხლის სამართლის პროცესში. „ეს პრინციპები განსაკუთრებით საჭიროა სერიოზული ბრალდებების შემთხვევაში, რადგან, უმძიმესი სასჯელების პირობებშიც კი, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული საზოგადოებების მიერ“ (იხ. საქმე „Salduz“, ციტირებული ზემოთ, § 54). ამასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებას აქვს რამდენიმე სამართლებრივი ხარვეზი, რაც იმის დადგენის საფუძველია, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
II. სამართლებრივი ხარვეზები
3. წინამდებარე საქმეში გასათვალისწინებელია ორი სამართლებრივი კომბინაცია (იხ. გადაწყვეტილების 34-ე პუნქტი). პირველ კომბინაციაში მომჩივანს საერთოდ არ ეხმარებოდა ადვოკატი დაკითხვის პირველი რაუნდის დროს, ხოლო მეორე კომბინაციაში (საგამოძიებო ექსპერიმენტი და რამდენიმე პირს შორის ეჭვმიტანილის ამოცნობა) მას წარმოადგენდა ადვოკატი, რომელიც დანიშნული იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ და უკანონოდ. როდესაც ბრალდებულს ეკრძალება მის მიერ არჩეულ ადვოკატთან წვდომა, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც შეუქცევადად არ ზღუდავს პროცესის მთლიან სამართლიანობას (იხ. საქმე „Elif Nazan Sheker v. Turkey“, № 41954/10 § 43, 2022 წლის 8 მარტი), ხოლო ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა, ზოგადი თვალსაზრისით, უნდა ეფუძნებოდეს მნიშვნელოვან მიზეზებს, რომლებიც შეუქცევადად არ იმოქმედებს პროცესის მთლიან სამართლიანობაზე (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 257 ).
A. საერთო პროცესის სამართლიანობა
4. იმის გამო, რომ მთავრობამ სასამართლოს არ წარუდგინა შესაბამისი და მნიშვნელოვანი მიზეზები, აუცილებელია დეტალურად იქნეს შესწავლილი საკითხი - მოხდა თუ არა სასამართლო პროცესის მთლიანი სამართლიანობის შეუქცევადი შეზღუდვა (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 264). გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მიზეზების არარსებობა უფრო მეტად ასაბუთებს დარღვევის დადგენას (იმავე წყაროში, § 265; იხ. ასევე საქმე „Bayram Koç v. Turkey“, № 38907/09, §§ 23 როგორც შემდგომშია, 2017 წლის 5 სექტემბერი).
5. გარდა ამისა, ამ მხრივ უმოქმედობა უფრო მეტად ასაბუთებს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას - ეროვნულმა სასამართლოებმა და ორგანოებმა უნდა შეაფასონ ბრალდებები, რომლებიც მიუთითებენ უსამართლო სასამართლოზე, რადგან სასამართლოს სხვაგვარად არ შეუძლია შეაფასოს, დაცული იყო თუ არა მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლება (იხ. საქმე „Bjarki H. Diego v. Iceland“, № 30965/17, § 59 2022 წლის 15 მარტი). ეს ქმნის საეჭვო სიტუაციას: შეიძლება მართლაც იყო უზრუნველყოფილი საერთო სამართლიანობა (როგორც გადაწყვეტილებაშია), მაგრამ ასევე შეიძლება, რომ ეს საკითხი დარჩა ეროვნული სასამართლოების ყურადღების მიღმა. ასეთი უყურადღებობით ზიანი ადგება სამართლიან სასამართლოს და ასეთ შემთხვევაში დარღვევის დაუდგენლობას, არასათანადო გამოძიებისა და წინასასამართლო წარმოების დასაწყისისკენ მივყავართ. აქედან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პროცესის მთლიანი სამართლიანობის შეფასებას, როდესაც, როგორც მოცემულ საქმეში, არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი და ბრალდებული საფუძვლიანად ამტკიცებს სასამართლოს არასამართლიანობას (იხ. , ამასთან დაკავშირებით, საქმე "Doyle v. Ireland", № 51979/17, § 101, 2019 წლის 23 მაისი, სადაც ეროვნულმა სასამართლომ შეაფასა წინასასამართლო საქმისწარმოების ხარვეზები, მაგრამ არა მთლიანი პროცესის სამართლიანობა). ამრიგად, თუ მთლიანი პროცესის სამართლიანობის სათანადოდ შეუფასებლობა საკმარისია დარღვევის დასადგენად, ეს უფრო სიმართლეა იმ მდგომარეობასთან მიმართებით, როდესაც ის საერთოდ არ არის შეფასებული; იხ ასევე საქმე „Akdağ v. Turkey“ (№ 75460/10, § 68 , 2019 წლის 17 სექტემბერი).
6. ამ შეფასებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, გადაწყვეტილების მე-40-46-ე და 78-ე-მე-80 პუნქტების გაცნობისას, დარღვევის დადგენა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე დარღვევის არარსებობის დადგენა, რაც შეიძლება დავასკვნათ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი ძირითადი არგუმენტების უფრო დეტალური განხილვის შემთხვევაში.
B. უარის თქმა
7. პირველ რიგში, სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვი წყდება მომჩივნის საზიანოდ. კონვენციის მე-6 მუხლში მოცემული უფლებების განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მომჩივნის განსაკუთრებული დაუცველობის გათვალისწინებით, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მხოლოდ 19 წლის იყო და ამდენად სულ ახლახან მიაღწია სრულწლოვანებას და რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის საკუთარი სურვილით არჩევის უფლებას. რაც შეეხება შენიშვნებს მომჩივნის მიერ ადვოკატის აყვანის უფლების გამოყენებაზე „უარის თქმასთან“ დაკავშირებით (იხ. გადაწყვეტილების 41-ე პუნქტი), ისმის კითხვა, მართლა თქვა თუ არა უარი მომჩივანმა მის უფლებაზე გამოეყენებინა ადვოკატის დახმარება (და კონკრეტულად საკუთარი სურვილით ადვოკატის არჩევის უფლებაზე). ადვოკატის უფლებაზე შეიძლება ითქვას „გაცნობიერებული და გააზრებული უარი“ (იხ საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 272, და საქმე „Dvorski v. Croatia [GC]“, № 25703/11, § 101, ECHR 2015). თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიკვლიონ და დამაჯერებლად დაადგინონ გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმასთან (იხ. საქმე „Türk v. Turkey“, № 22744/07, §§ 53 როგორც შემდგომშია, 2017 წლის 5 სექტემბერი). განსახილველ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს უარის თქმის საფუძვლიანობა, ფაქტი, რომელსაც უმრავლესობა სწორად აკრიტიკებს (იხ. გადაწყვეტილების 41-ე პუნქტი). შემდგომი დასკვნა, რომ უარის თქმა მართლაც უსაფუძვლო რომ ყოფილიყო, აღიარებითი ჩვენებები არ იქნა გამოყენებული სასამართლოში, ვერ აბათილებს იმ ფაქტს, რომ უარის თქმა უსაფუძვლო იყო (რადგან ეს არ განხორციელდა ინფორმირებული თანხმობით; იხილეთ გადაწყვეტილების 41-ე პუნქტი).
8. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მომჩივანმა უარი თქვა ადვოკატის უფლებაზე დაკითხვის პირველი რაუნდისთვის, მთავრობამ არ წარმოადგინა რაიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ დაინიშნა ხ.ვ. იმ ადვოკატის ნაცვლად, რომელიც მომჩივანმა/მისმა ოჯახმა აირჩია. “[უ]ბრალოდ [დაცვის მხარის ადვოკატის] ხსენება არ უზრუნველყოფს ეფექტიან დახმარებას ...” (იხ საქმე "Artico v Italy", 1980 წლის 13 მაისი, § 33, A № . 37, და საქმე „Elif Nazan Şeker“, ციტირებული ზემოთ, § 55).
9. ხ.ვ.-ს დანიშვნამ, გარდა იმისა, რომ ეს მომჩივნის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, გამოიწვია დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინაშე, სადაც დადგინდა, რომ ხ.ვ.-მ სათანადოდ არ დაიცვა მომჩივანი (იხ. გადაწყვეტილების მე-12 პუნქტი). ასევე, უფრო ფაქტობრივი კუთხით, როგორც კი მომჩივანი წარმოადგინა მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა, მან გამოიყენა დუმილის უფლება (იხ. გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი); ეს დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ იგი სათანადოდ არ იყო დაცული ხ.ვ.-ს მიერ. (ამ საკითხთან დაკავშირებით, იხილეთ ასევე მოსამართლე ო’ლირის თანმხვედრი მოსაზრება, § 2). ეს ფაქტორები განსახილველ საქმეში უფრო მეტად ამყარებს მოსაზრებას, რომ მომჩივანს შეეზღუდა მის მიერ არჩეული ადვოკატის დახმარების გამოყენების უფლება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში მოცემული შენიშვნები უარის თქმის შესახებ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნათქვამია, რომ „საქმის მასალებში არის პირველადი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მომჩივნის ბრალდებას...“(იხ. გადაწყვეტილების 41-ე პუნქტი), მეტყველებენ დარღვევის სასარგებლოდ.
C. გამორიცხული მტკიცებულებები
10. მეორე რიგში, მითითება მტკიცებულების გამორიცხვაზე, რომელიც ასევე ხ. ვ.-ის დანიშვნის დასასაბუთებლად გამოიყენეს. (იხ. გადაწყვეტილების 42-ე და მომდევნო პუნქტები), ჩემი აზრით, არ ასაბუთებს დარღვევის არარსებობის შესახებ მოსაზრებას. ის ფაქტი, რომ აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შეგროვებული მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე (იხ. გადაწყვეტილების 44-ე პუნქტი) არ გამორიცხავს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (c) პუნქტის დარღვევას, როგორც მიჩნეულია გადაწყვეტილებაში. ეს მიდგომა, როგორც ჩანს, ეფუძნება სასამართლოს დასკვნას საქმეში „Ibrahim and Others“, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ „როდესაც გამოიყენება გამორიცხვის წესი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთლიანი საქმისწარმოება ჩაითვალოს უსამართლოდ“ (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ , § 274).
11. თუმცა, როგორც აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საკითხი, იყო თუ არა განცხადება /მტკიცებულება გამოყენებული მომჩივნის მსჯავრდებისთვის, არის მხოლოდ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. დაბალანსება უნდა განხორციელდეს რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით და არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, გამოყენებული იქნა თუ არა აღიარებითი ჩვენება (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 274).
12. როგორც სასამართლომ დაადგინა საქმეში „Beuze v. Belgium ([GC]“, № 71409/10, § 135 (b), 2018 წლის 9 ნოემბერი): „ადვოკატის დაუსწრებლობამ საგამოძიებო ღონისძიებებში, როგორიცაა რამდენიმე პირს შორის ეჭვმიტანილის ამოცნობა ... ან საგამოძიებო ექსპერიმენტები“ შეიძლება შეასუსტოს საქმისწარმოების სამართლიანობა. ადვოკატთან წვდომის შეზღუდვისთვის, აუცილებელია მნიშვნელოვანი მიზეზები. ეს მოიცავს, მათ შორის, შემთხვევებს, როდესაც „გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა, ისეთი სერიოზული უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, თავისუფლებას, ან ფიზიკურ მთლიანობას [დამაჯერებლად გამოვლინდა]... ასეთ ვითარებაში, ორგანოებს აკისრიათ აუცილებელი ვალდებულება, დაიცვან პოტენციური ან რეალური დაზარალებულის კონკრეტული უფლებები კონვენციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად“ (იხ. საქმე „Ibrahim and Others“, ციტირებული ზემოთ, § 259). როგორც ზემოთ იყო აღწერილი, მომჩივნის მიერ „უარყოფა“ შეიძლება ჩაითვალოს უსაფუძვლოდ და არანაირი აუცილებელი საჭიროება მომჩივნის ადვოკატის გარეშე დაკითხვასთან დაკავშირებით არ შეიძლება დადგინდეს.
13. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უარის თქმა მიჩნეული იყო საფუძვლიანად, მთავრობამ მაინც არ წარმოადგინა საფუძველი, თუ რატომ ეთქვა მომჩივნის მიერ არჩეულ ადვოკატს უარი საგამოძიებო ექსპერიმენტში და ეჭვმიტანილის ამოცნობაში მონაწილეობაზე.
14. პროცესი ერთ, ან ორ ეტაპად მაინც მიმდინარეობდა (სავარაუდოდ დაკითხვის პირველი რაუნდი და რა თქმა უნდა საგამოძიებო ექსპერიმენტი), რომლის დროსაც მომჩივანს არ ჰქონდა (მის მიერ არჩეულ) ადვოკატზე წვდომა. ორივე ეტაპი მნიშვნელოვანი იყო პროცესის მიმდინარეობისთვის. დაკითხვამ გამოიწვია საგამოძიებო ექსპერიმენტის აუცილებლობა, რასაც მოჰყვა დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ოფიციალური ბრალდება და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი პროცედურული ეტაპები განხორციელდა მომჩივნის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ მისი სათანადო დაცვის/წარმოდგენის გარეშე.
15. მაშასადამე, არგუმენტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მიერ არჩეული ადვოკატის დაუსწრებლობისას მოპოვებული მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის, არ არის დამაჯერებელი, რადგან საქმის წარმოების აღნიშნულ ეტაპებზე შეგროვებული მტკიცებულებები წარმოადგენდა პროცესის საფუძველს ზოგადად (დაკითხვის გარეშე არ განხორციელდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ეჭვმიტანილის ამოცნობა, ხოლო მომჩივნის ოფიციალური ბრალდება ეფუძნებოდა ყველა პროცედურულ საფეხურს და მისი წაყენება მოხდა მათ შემდეგ, 2011 წლის 20 ოქტომბერს) და ამით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სასამართლო პროცესის მთლიან სამართლიანობაზე (იხ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე „Can v. Austria“, კომისიის ანგარიში, § 50, № 9300/81 , 1985 წლის 30 სექტემბერი). ‑
16. მომჩივნისთვის ოფიციალური ბრალის წაყენება სხვაგვარად მოხდებოდა უფრო ადრე (ხარვეზები არ იყო „აღმოფხვრილი“ შემდგომი პროცესების დროს - იხ. საქმე „Salduz“, ციტირებული ზემოთ, § 58 და ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, მოსამართლე ო’ლერის თანმხვედრი მოსაზრება, § 5, რომელიც მიუთითებს საქმეზე „Mehmet Zeki Çelebi v. Turkey“, № 27582/07, § 51, 2020 წლის 28 იანვარი).
D. ეროვნული სასამართლოების მხრიდან სამართლებრივი შეფასების ნაკლებობა
17. საბოლოო ჯამში, რაც იწვევს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების დარღვევას განსახილველ საქმეში არის ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ იმსჯელეს პროცესის საერთო სამართლიანობაზე გავლენის შესახებ, არამედ უბრალოდ გამორიცხეს საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ეჭვმიტანილის ამოცნობის პროცესიდან მიღებული ჩვენებები და დასკვნები იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც შეიძლება წარედგინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე. ეს ეხება ყველა ეროვნულ სასამართლოს და ორგანოებს (იხ. გადაწყვეტილების მე-14, 24-ე, 26-ე და 43-ე პუნქტები). ადრინდელ პრეცედენტულ სამართალში, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (c) პუნქტის დარღვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაასაბუთეს „... ადეკვატურად, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი... მომჩივნის თავდაპირველი სურვილების გაუთვალისწინებლობისთვის მის მიერ სამართლებრივი წარმომადგენლობის არჩევასა და [ა]ხალი ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით“ (იხ. საქმე „Elif Nazan Şeker“, ციტირებული ზემოთ, § 54; იხ. ასევე, საქმე „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“, № 21447/11 და 35839/11, §§ 65 როგორც შემდგომშია., 2020 წლის 27 თებერვალი).
18. არსებობს გარკვეული შეუსაბამობა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა, რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიუღებლად ცნობის მიზეზების არარსებობას, როდესაც გადაწყვეტილება ცალსახად მიუთითებს ადვოკატთან წვდომის სავარაუდო არარსებობაზე (იხ. გადაწყვეტილების 78-ე პუნქტი) და ადრინდელ გადაწყვეტილებას შორის, რომ ეს არ არღვევდა მომჩივნის უფლებებს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (c) პუნქტების შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილების 46-ე პუნქტი).
III. დასკვნა
19. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო მე ვერ დავეთანხმები უმრავლესობის მოსაზრებას ადვოკატის ყოლის უფლების შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(c) პუნქტების დაურღვევლობასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის ბრალდებების განუხილველობა იწვევს არა მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიმართ უფლების დარღვევას, არამედ საკუთარი სურვილით არჩეული ადვოკატის ყოლის უფლების უცილობელ დარღვევას.