1. სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები და მათი სივრცეები, მათ შორის, მობილური პუნქტები და მუდმივი პუნქტები, ისე უნდა იყოს ადაპტირებული და შენარჩუნებული, რომ იძლეოდეს მათ მიერ ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. ამ ობიექტებსა და სივრცეებს უნდა შეეძლოთ სამუშაოს ლოგიკური თანამიმდევრობით შესრულება შეცდომების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ეფექტიანი დასუფთავება და ტექნიკური მოვლა დაბინძურების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.

2. სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები დაგეგმარებული და აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად.

3. სისხლის დაწესებულებასა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში არსებული აღჭურვილობის შესაბამისმა ერთეულმა უნდა გაიაროს ვალიდაცია და კალიბრაცია. იგი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და რეგულარული მომსახურებით უზრუნველყოფილი. ამასთანავე, აღჭურვილობის ინსტრუქციები სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უნდა წარმოებდეს შესაბამისი ჩანაწერები აღჭურვილობის მდგომარეობის შესახებ.

4. აღჭურვილობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უზრუნველყოფდეს დონორის, პერსონალის ან სისხლის კომპონენტის მიმართ საფრთხის მინიმუმამდე შემცირებას.

5. აღჭურვილობა, მასალები და რეაგენტები უნდა შეესაბამებოდეს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს შესაბამის რეგულაციას სამედიცინო ხელსაწყოების შესახებ, ხოლო სისხლისა და მისი კომპონენტის სხვა ქვეყანაში შეგროვების შემთხვევაში − ეკვივალენტურ სტანდარტს.

6. აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შესახებ ჩანაწერები კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებული ვადით უნდა ინახებოდეს.

7. ელექტრონული სისტემის გამოყენების შემთხვევაში შესაბამისმა პროგრამულმა და აპარატურულმა უზრუნველყოფამ და სარეზერვო კოპირების პროცედურამ გამოყენებამდე უნდა გაიაროს ვალიდაცია, ხოლო შემდგომ ისინი, მათი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებული პერიოდულობით უნდა შემოწმდეს. პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა დაცული უნდა იყოს უნებართვო გამოყენებისგან ან უნებართვო ცვლილებისგან. ამასთანავე, სარეზერვო კოპირების პროცედურის არსებობით თავიდან უნდა იქნეს აცილებული მონაცემთა დაკარგვა ან დაზიანება ელექტრონული სისტემის მოსალოდნელი ან მოულოდნელი შეფერხების ან ფუნქციური გაუმართაობის დრო