1. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3. კომისიის ფუნქციები და საქმიანობის საგანი მაუწყებლობის სფეროში განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

4. კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიურად, კომისიის სხდომაზე, დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ან გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას; კომისიის წევრი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც წერილობით დაერთვის კომისიის სამართლებრივ აქტს ან აისახება კომისიის სამართლებრივ აქტში.

5. კომისიის საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით“, რომელიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

6. კომისიის აპარატის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესი, რომლებიც მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

7. კომისიის აპარატში დასაქმებული პირების შრომით სამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. კომისიის აპარატში დასაქმებული პირების შრომით, სამართლებრივი ურთიერთოებები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და კომისიის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად;

8. კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას სათათბირო ორგანოები. სათათბირო ორგანოების სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი. სათათბირო ორგანოები წარმოადგენს კომისიის საკონსულტაციო ორგანოებს, რომელთა შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სატელეკომუნიკაციო სფეროს ცნობილი სპეციალისტები, საზოგადოებრივი სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებ