1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით.
2. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში.
3. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის აპარატში დასაქმებულთაგან დაკომპლექტებული ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა;
ბ) თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა;
გ) არჩევნების ჩატარების თარიღი და ადგილი;
დ) არჩევნებში გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წესი და პირობები;
4. ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 პირის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო ერთი – მდივანი; ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციას, კენჭისყრის ჩატარებას, ხმების დათვლას, არჩევნების ყველა ეტაპისა და შედეგების საჯაროობას. ხმის დამთვლელი კომისია ადგენს კენჭისყრის ოქმს.
5. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს, მიუხედავად იმისა, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველი კომისიის წევრი განცხადებით მიმართავს ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ არეგისტრირებს კანდიდატს სარეგისტრაციო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს კომისიის სხვა წევრი/წევრები, საჭიროა დასახელებული კანდიდატის წერილობითი თანხმობის წარმოდგენაც.
6. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებს არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების მეორე სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წყდება მესამე სამუშაო დღის სამუშაო საათების დასრულებისთანავე; კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ქვეყნდება დაუყოვნებლივ.
7. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით; არჩევნების დაწყებამდე, ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს საარჩევნო ყუთს და ლუქავს მას. კომისიის სიითი შემადგენლობის ოდენობით წინასწარ დამზადებული საარჩევნო ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს მათი კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით ფიზიკურად გამოცხადების შემთხვევაში; კომისიის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, თუ ის გამოცხადდა სამსახურში არჩევნების დღეს. კომისიის წევრი ხმას აძლევს კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ და საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ კანდიდატს, ფარულად (საამისოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში); კომისიის თოთოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც, თუ ის რეგისტრირებულია კანდიდატად. ხმის მიცემა უნდა დაფიქსირდეს კომისიის თავმჯდომარეობის სასურველი კანდიდატის რიგითი ნომრის შემოხაზვის გზით; სხვა ფორმით შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად.
8. შევსებული ბიულეტენი თავსდება საარჩევნო ყუთში; კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისია საჯაროდ ხსნის საარჩევნო ყუთს, ღიად, კომისიის წევრების თანდასწრებით თვლის მასში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენებს, ადარებს გამოყენებული ბიულეტენების ოდენობას გაცემული ბიულეტენების ოდენობას და საჯაროდ აქვეყნებს თითოეულ ბიულეტენს და ითვლის რეგისტრირებული კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს.
9. არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.
10. თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო, არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი.
11. თუ არჩევნებში მონაწილეობდა არაუმეტეს ორი კანდიდატისა, რომელთაგან ვერც ერთმა ვერ მიღო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნები ჩაშლილად ცხადდება და იმართება განმეორებითი არჩევნები ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის უხუცესი წევრი.
12. თუ არჩევნებისას ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონეა მხოლოდ ერთი კანდიდატი, დანარჩენ კანდიდატებს შორის, იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა, საუკეთესო შედეგის მქონე მეორე კანდიდატის გამოსავლენად.
13. თუ არჩევნებისას ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონე ვერცერთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა, იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გამოსავლენად.
14. რეიტინგული კენჭისყრა ფარულია; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების დამზადებასა და სათანადო გამოყენებას უზრუნველყოფს ხმის დამთვლელი კომისია.
15. რეიტინგულ კენჭისყრამდე ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს კენჭისყრის ყუთს და ლუქავს მას. წინასწარ დამზადებული რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს ღიად; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენში კომისიის წევრები კანდიდატებს უწერენ უპირატესობის მიხედვით შესაბამის პრეფერენციულ ციფრს (პირველ რიგში – 1-ს, მეორე რიგში – 2-ს და ა.შ.).
16. საუკეთესო შედეგის მქონეა კანდიდატი, რომელიც პრეფერენციული ციფრების დაჯამებით უფრო ნაკლებ ქულას იღებს.
17. რეიტინგული კენჭისყრა ტარდება იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა ორი საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამოსავლენად. რეიტინგული კენჭისყრისას კენჭი აღარ ეყრება იმ კანდიდატს, რომელმაც წინა რეიტინგული კენჭისყრისას სხვებზე უკეთესი (ნაკლები) ქულა მოიპოვა (ამ შემთხვევაში რეიტინგული კენჭისყრა ტარდება იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა მეორე საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამოსავლენად).
18. არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის ამ მუხლის მე-8 – მე-10 პუნქტების შესაბამისად, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენიდან მეორე სამუშაო დღეს.
19. არჩევნების მეორე ტურში კომისიის თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში, არჩევნები ითვლება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის უხუცესი წევრი.
20. კომისიის თავმჯდომარის განმეორებითი არჩევნები იმართება კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩაშლიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
21. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს ელექტრონულად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში.
22. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.
23. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.
24. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
25. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე.
26. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით, რომელიც ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
27. კომისია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხს განიხილავს საჯაროდ, კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში;
28. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ორი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი:
ა) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია;
ბ) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და კომისიის თავმჯდომარის ვადამდე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; ამ შემთხვევაში ამ მუხლის შესაბამისად, ინიშნება კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევნებ