1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

3. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით გამოცემა, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მისადაგებისთვის მუშაობა;

ბ) საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) საჯარო შესყიდვის პროცესის რეგულირების პოლიტიკის შემუშავება, საჯარო შესყიდვის (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) პროცესის განხორციელების კანონიერებაზე ზედამხედველობა;

დ) საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) შავი სიისა და თეთრი სიის წარმოება;

ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად თანხმობის გაცემა;

ზ) ელექტრონული სისტემის სრულყოფა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შექმნა;

თ) საჯარო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების მომზადება, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების გამართვა;

ი) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება, საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა და გაუქმება;

კ) საჯარო შესყიდვების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

4. სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

6. სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელსაც ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

7. სააგენტოს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს (მათ შორის, მიიღოს, შეინახოს, გამოსცეს ან/და გასცეს) ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური ინფორმაცია (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის/ინფორმაციის ჩათვლით). სააგენტო უფლებამოსილია იმავე მიზნით საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

8. სააგენტოს ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთვის, გამოქვეყნებისთვის, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური გაცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაინტერესებული მხარისთვის ამ აქტის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევ