სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023906
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2023 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 05 17) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომელთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
გ) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების შესახებ;
დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;
ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის), ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ი;
ვ) საგრანტო დაფინანსება – დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ზ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
მუხლი 5🔗. პროგრამის პირობები და პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
2. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
3. პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10-ს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 10 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა).
5. მაღალმთიან დასახლებაში პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5-ს.
6. მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკისგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.
მუხლი 6🔗. პროგრამის თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები
1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარისა.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) საკუთარი ფულადი სახსრები;
ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში;
გ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება.
3. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა ერთი ან რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, მაგრამ ერთი სახეობის ტექნიკა – არაუმეტეს ერთი ერთეულისა.
4. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაფინანსდება არაუმეტეს 3 (სამი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული/იჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ს ჰყავს თანამესაკუთრეები, რომელთაგან ყველა არ არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი, მიწის ჯამურ ფართობში ჩაითვლება ნაკვეთ(ებ)ის ფართობის ის ნაწილი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიის/მეპაიეთა საკუთრებაშია.
მუხლი 7🔗. პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები
1. ბენეფიციარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ვალდებულია:
ა) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა;
გ) შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მიწის ფართობ(ებ)ის მინიმალური ოდენობა;
დ) არ გაასხვისოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
ე) არ დაუშვას პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
2. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, თანადაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლებელია იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.
4. ბენეფიციარი თავისუფლდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.
მუხლი 8🔗. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა
პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხად(ებ)ისა და დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 9🔗. პროგრამის მონიტორინგი
ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა.