საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/2023
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №25/2023

2023 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

logo-geoCEC - Geo

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

საქართველოს პარლამენტის

2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. სახელმძღვანელო ინსტრუქცია მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №11/2023 დადგენილებისა და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

სარჩევი

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 5

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 5

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები 6

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 9

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/ კამპანიაში 9

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 10

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 10

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 11

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 12

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 13

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 13

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 15

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება 15

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 15

თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი 18

ამომრჩეველთა ერთიანი სია 18

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი 19

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 19

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 20

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი 21

ამომრჩეველთა სპეციალური სია 21

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი 23

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 24

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის 27

I. საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა იმ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე 27

კენჭისყრის შენობის მოწყობა 29

II. საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა იმ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 29

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 33

თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 33

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 33

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა 36

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 37

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 38

თავი II. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია 41

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა 41

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 41

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება 42

მხარდამჭერთა სიების შემოწმება 43

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია 45

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება 47

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 47

საარჩევნო სუბიექტების მიერ კანდიდატად წარდგენილი „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე პირის საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები 48

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში 49

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია 49

თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 51

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 51

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა 53

თავი III. პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 54

კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 54

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 54

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 55

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 55

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია 56

განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში 56

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 57

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება 58

თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა 60

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა 62

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 62

დანართი N1 - ცნობა განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ 63

დანართი N2 -საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები .64

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამო­სი­ლების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19; მუხლი 20; მუხლი 198.6)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან:

  • 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლის ვადით);

  • 3 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);

ყურადღება!

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

  • 9 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).

ყურადღება!

პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21; მუხლი 1101 (2020 წლის რედაქცია); მუხლი 196.7; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023 დადგენილება)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია (№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია) მის სამოქმედო ტერიტორიაზე სრულად ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის:

  • საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

  • განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

  • დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

  • განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;

  • საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

  • განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

  • უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

  • განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, მათ შორის, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას − გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

  • უზრუნველყოფს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით 5 საარჩევნო უბნის გამოვლენას, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული პაკეტების გახსნას და ხელახლა გადათვლას;

  • უზრუნველყოფს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემას და კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიღებას;

  • ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში გადაყავს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ საარჩევნო უბნის ნამდვილი და ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება გამოყენებული ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატი.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია (№64 სენაკის და №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ნაწილობრივ, მათ შორის:

  • საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას;

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მონაწილეობს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებაში;

  • დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, დამკვირვებლების რეგისტრაციისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას;

  • იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს, გარდა იმ განცხადებების/საჩივრებისა, რომლითაც მოთხოვნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა (შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და უგზავნის სამართალდარღვევის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს);

  • ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაგზავნას;

  • დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებიდან იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; უზრუნველყოფს, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

  • უზრუნველყოფს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემას და კენჭისყრის დასრულების შემდეგ მიღებას;

  • ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, ციფრულ ფორმატში გადაყავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენები.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8; მუხლი 22; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 2; მუხლი 4; მუხლი 9.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 1.5)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

  • კომისიის თავმჯდომარე;

  • თავმჯდომარის მოადგილე;

  • კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარე:

  • ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • უძღვება კომისიის სხდომას;

  • საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე (სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია);

  • განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

  • შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს.

ყურადღება!

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

  • ბრძანებით განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას;

  • რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის /ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს;

  • სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

თავმჯდომარის მოადგილე:

  • ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

კომისიის მდივანი:

  • ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

  • ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს.

ყურადღება!

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

  • ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

  • განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

  • განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

  • განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

  • კომისიის განკარგულება;

  • კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

  • კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

  • კომისიის მდივნის განკარგულება;

  • კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/ კამპანიაში (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10; მუხლი 46.4)

როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), აგრეთვე ინფორმაციას სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის ცესკოს და შესაბამის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ‒ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს. როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გადაცემული წინასაარჩევნო კამპანიისთვის (აგიტაციისთვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.

კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:

  • ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;

  • ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;

  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

  • საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

  • ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად;

  • კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს, კომისიის სხდომისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება, ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N33/2017 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის (მათ შორის, კომისიის წევრის) კომისიის სხდომიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევებასაც. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 911; მუხლი 93.1).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.3; მუხლი 42.5; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც ამავე კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4; მუხლი 8.5; მუხლი 8.6; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საარჩევნო კოდექსით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 6 წევრი).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას (გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით).

კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის. ამასთან, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გადაუგზავნოს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.7-9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე უთითებს სხდომის გამართვის თარიღს.

ყურადღება!

კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.

განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 71.9, 75.8, 77.53, 29; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)

საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმისწარმოება ხორციელდება როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური ფორმით. ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument” მეშვეობით, რომლითაც ხორციელდება შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, მათ შორის განცხადებების/საჩივრების მიღება და დამუშავება. მატერიალური საქმისწარმოებით ხორციელდება მმართველობითი დოკუმენტების: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების/ბრძანების, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების, სხდომის ოქმისა და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა და დამუშავება. განცხადება/საჩივრების მიღება/რეგისტრაცია შესაძლებელია იწარმოებოდეს მატერიალური ფორმითაც.

წერილების/განცხადებების/საჩივრების რეგისტრაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი (შემდგომში - კომისიის უფლებამოსილი პირი).

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ რეგისტრაციას საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (წერილი, განცხადება, საჩივარი) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის - eDocument” მეშვეობით, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის - eDocument” მეშვეობით სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა/სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც წარედგინება დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, ავტომატურად ითვლება ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვად.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციას აგზავნის „გასული წერილის“ სახით. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიტოვოს ამ დოკუმენტაციის ასლები.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია დოკუმენტებს იღებს სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 18:00 საათის შემდეგ იკრძალება საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემაში - eDocument” რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.

კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 24.1,2,4,61; მუხლი 1961.14; მუხლი 198.6; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილება)

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან.

საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1961 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები1;

ყურადღება!

პარტიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ, რაც წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. ამასთან, აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში (9-28 აპრილი), კენჭისყრის დღეს (29 აპრილი) და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს (30 აპრილი).

საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი), ირჩევს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. აღნიშნულ ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე, 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

ყურადღება!

დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად/კომისიის ხელმძღვანელ პირად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (12 წევრი), იმ პირობით, რომ მომხრე 12 წევრიდან სამი მაინც უნდა იყოს ხუთი წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის პროცედურაში არ იღებს მონაწილეობას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომელიც არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).

იმ შემთხვევაში თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ასეთ შემთხვევაში ამ კანდიდატებს, მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად, დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 9 წევრი. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კანდიდატების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს, ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კანდიდატების მონაცემებს (სახელი და გვარი) და წილისყრის ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაგიდაზე ათავსებს დაკეცილ წილისყრის ფურცლებს (წილისყრის ფურცლები უნდა დაიკეცოს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი მონაცემების წაკითხვა). კომისიის თავმჯდომარე არსებული ვაკანსიის შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით სათითაოდ იღებს წილისყრის ფურცლებს. არჩეულად ჩაითვლება წილისყრის შედეგად გამოვლენილი კანდიდატი/კანდიდატები.

თუ ზემოაღნიშნული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, ასეთ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობა - 9 წევრი.

თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხელახალი კენჭისყრისას სხვებზე მეტი ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ასეთ შემთხვევაში ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, განხილვის მიზნით, გაეცნოს კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის მიზნით გამართულ სხდომაზე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ურიგდებათ დადგენილი ფორმის ცხრილის სახით ამობეჭდილი კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა, აგრეთვე, მიეთითება თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება. საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანს. საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, რომელსაც ასახავს სპეციალურ ცხრილში და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის შემადგენლობაში კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესავსებად წევრთა არჩევის უფლება აქვს კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მისი წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (29 მარტი) და წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

ყურადღება!

იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და ამავდროულად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აღემატება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთი და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი განხორციელდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრთან ერთად, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის 2-2 წევრის მიერ.

საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების, ამომრჩევლის ბარათების დარიგებისა და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით, განკარგულებით საუბნო საარჩევნო კომისიას დაამატოს სპეცჯგუფის /სპეცჯგუფების 2-2 წევრი და კონკურსის წესით შეარჩიოს აღნიშნული სპეცჯგუფის წევრები.

თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი

ამომრჩეველთა ერთიანი სია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • გვარი, სახელი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);

  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

  • სქესი;

  • ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება)

ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (30 მარტი) გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალ­საჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (27 აპრილი) გადასცემს დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია). კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია). დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა.

ყურადღება!

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები/კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საუბნო საარჩევნო კომისიას ასევე გადაეცემა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71)

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას და ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (11 აპრილი), მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.

ყურადღება!

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები შეიტანება ძირითად ან/და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის თაობაზე წარდგენილ განცხადებებს დაუყოვნებლივ გადასცემს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისია ‒ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.მ; მუხლი 26.2.ბ; მუხლი 31.8-9)

საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადე­ბების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ძირითადი/დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (13 აპრილი).

ყურადღება!

ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში უგზავნის ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და ახდენს შესაბამისი ამომრჩევლის ინფორმირებას. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებას, ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ, 2 დღის ვადაში უგზავნის ცესკოს, ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და ახდენს შესაბამისი ამომრჩევლის ინფორმირებას.

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.10)

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (16 აპრილი) უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიამ, ასევე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩე­ველთა სიებში.

ამომრჩეველთა სპეციალური სია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32; მუხლი 31.12; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №6/2023 დადგენილება - მუხლი 1))

ამომრჩეველთა სპეციალური სიების შედგენაზე პასუხისმგებელია საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი));

  • ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი));

  • ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-8 დღისა ( 21 აპრილი));

  • ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი));

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (4 აპრილი), ხოლო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი)). სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები.

საოლქო საარჩევნო კომისია (როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, მისი სამოქმედო მუნიციპალიტეტის ფარგლებში), ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა, 18:00 საათის შემდეგ და სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს.

ყურადღება!

თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა 11 აპრილი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მისი რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში). ამომრჩეველს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ.

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე. სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდე სია) საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა. ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 2002)

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე.

ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით, ამომრჩეველმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

ყურადღება!

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ – დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, რომლის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია) დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობებში.

ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.8; მუხლი 33; მუხლი 34.1, 2.ე; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №6/2023 დადგენილება - მუხლი 2; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება, მუხლი 8. 3,4)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირება ხდება ამომრჩევლის განცხადების საფუძველზე ან ამომრჩეველთა სპეციალური სიის საფუძველზე.

I. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირება ამომრჩევლის განცხადების საფუძველზე

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში განცხადების (წერილობით ან სატელეფონო ზეპირი განცხადება) საფუძველზე შეჰყავთ, თუ:

  • იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

ყურადღება!

დადგენილი ზღვრული რაოდენობის შევსების შემდეგ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ‒ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ამ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა, 18:00 საათის შემდეგ.

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღის (21 აპრილი), 18:00 საათამდე.

ამომრჩევლის წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. ეს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა გაატაროს რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალში და ხელმოწერით დაადასტუროს მისი მიღება. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, ამომრჩევლის პირადი ნომერი და ის მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღება კომისიის მდივანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს სარეგისტრაციო ჟურნალში.

თუ მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას, არ შედის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება აღნიშნული უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადების საფუძველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა (21 აპრილი) დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

II. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირება ამომრჩეველთა სპეციალური სიის საფუძველზე

საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავს, თუ:

  • სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

  • იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;

  • იმყოფება პატიმრობაში;

  • სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

  • მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.

III. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

კომისიის მდივანი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბლანკის შევსებამდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში/სპეციალურ სიაში (კედლის და სამაგიდო ვერსიები) აღნიშნავს ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანის ფაქტს და ამ მიზნით, ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ აკეთებს ჩანაწერს „გადასატანი ყუთი“. აღნიშნული ჩანაწერის შემცველი ერთიანი სიის/სპეციალური სიის შესაბამის გვერდზე ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბლანკში (კედლის/სამაგიდო ვერსია) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესაბამის ვერსიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის

I. საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა იმ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9-11)

კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:

  • საარჩევნო დოკუმენტაციას, მათ შორის:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია; სამაგიდო სია – კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);

  • ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია; სამაგიდო სია – კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;

  • ამომრჩეველთა ბარათებს;

  • საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

  • სპეციალურ კონვერტებს;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

  • საკონტროლო ფურცლებს;

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმებს;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

  • საარჩევნო ინვენტარს, მათ შორის:

  • ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

  • საარჩევნო ყუთების ლუქებს;

  • საარჩევნო ყუთების ჭრილის ლუქებს;

  • კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

  • მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს;

  • რეგისტრატორების სპეციალურ ბეჭდებს (რეგისტრატორების რაოდენობის შესაბამისად);

  • ასლგადამღებ მანქანას;

  • პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);

  • სამელნე ბალიშებს;

  • გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალური ჩარჩო/ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის.

  • სხვა საარჩევნო მასალას, მათ შორის:

  • კანდიდატთა სიებს;

  • საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

  • ამონარიდს კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.

ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს, სპეციალურ კონვერტებსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა, რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ცალად. მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნება:

  • მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

  • სპეციალური კონვერტების რაოდენობა;

  • საარჩევნო ბიულეტენთა სახეობა;

  • საარჩევნო ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და საარჩევნო ბიულეტენების ნომრების მითითებით);

  • მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტი არის საჯარო ინფორმაცია.

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4; მუხლი 58.5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:

  • ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

  • ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა;

  • მაგიდა სპეციალური კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

  • აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები.

კენჭისყრის შენობაში გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსე­ბული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და სპეციალური კონვერტის ჩაგდების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • კანდიდატთა სია;

  • საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

  • ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

II. საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა იმ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 762; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება)

კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:

  • საარჩევნო დოკუმენტაციას, მათ შორის:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);

  • ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;

  • ამომრჩეველთა ბარათებს;

  • საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებიც შეფუთულია 50-50 ცალად (საარჩევნო ბიულეტენს დაცვისა და შესაბამის აპარატში გამოყენების მიზნით აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR-კოდი);

  • ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;

  • ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ აქტებს;

  • ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების ფორმას;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმას;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

  • საარჩევნო ინვენტარს, მათ შორის:

  • ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით). ყოველი 700 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის არანაკლებ ერთი აპარატი;

  • ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილ გაუმჭვირვალე ყუთს/ყუთებს, აღნიშნული ყუთის/ყუთებისთვის განკუთვნილ ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებს და ჭრილის ლუქებს;

  • არანაკლებ ორ ძირითად საარჩევნო ყუთს, მასზე დასამონტაჟებელ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატებს;

  • გადასატან საარჩევნო ყუთს/ყუთებს (საჭიროებისამებრ);

  • ძირითადი/გადასატანი საარჩევნო ყუთების ლუქებს და საარჩევნო ყუთების ჭრილის ლუქებს;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და სამელნე ბალიშს;

  • კენჭისყრის კაბინებს (ყოველი 800 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა, საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

  • მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს – ულტრაიისფერ ფარანს;

  • საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;

  • გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩო-ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის;

  • ასლგადამღებ მანქანას;

  • პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);

  • ლითონის შემკვრელს.

  • სხვა საარჩევნო მასალას, მათ შორის:

  • კანდიდატთა სიებს;

  • ცესკოს განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს (იკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე);

  • ამონარიდს საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.

საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კო­მისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, კომისიის სპეციალური ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს:

  • საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);

  • ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით);

  • ძირითად საარჩევნო ყუთებზე დასამონტაჟებელ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატებს;

  • 50-50 ცალად შეფუთულ საარჩევნო ბიულეტენებსა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის/აპარატების, ძირითად საარჩევნო ყუთებზე დასამონტაჟებელი ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:

  • მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

  • გადაცემული მასალის/ინვენტარის რაოდენობა (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის რაოდენობა; საარჩევნო ბიულეტენების შეკვრების რაოდენობა; ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა);

  • მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

ყურადღება!

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს, საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (28 აპრილი) მოაწყოს კენჭისყრის შენობა.

კენჭისყრის შენობაში:

  • უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის;

  • ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდაზე /მაგიდებზე უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები (ყოველი 700 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის არანაკლებ ერთი აპარატი). საარჩევნო უბანზე ერთზე მეტი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის არსებობის შემთხვევაში, ხდება ვერიფიკაციის აპარატების ერთმანეთთან დაკავშირება (სინქრონიზება) ინტერნეტის გარეშე;

  • ყოველი 800 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა. ფარული კენჭისყრის კაბინა უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა - კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან (ამომრჩევლისთვის შესასვლელი) რჩება გახსნილი და ეს მხარე მიმართული უნდა იქნეს კენჭისყრის შენობის კედლისკენ ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.ენჭისყრის შენობას, თუ ფარული კენჭისყრის კაბინაში უნდა განთავსდეს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერი;

  • უნდა იყოს არანაკლებ ორი ძირითადი საარჩევნო ყუთი, მათზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებით. ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების ერთმანეთთან დაკავშირება (სინქრონიზება) ხდება ინტერნეტის გარეშე;

  • ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა გამოიყოს ადგილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების განთავსებისათვის.

ყურადღება!

კენჭისყრის შენობაში ძირითადი საარჩევნო ყუთები თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსე­ბული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მეშვეობით ერთ-ერთ ძირითად საარჩევნო ყუთში მოათავსოს საარჩევნო ბიულეტენი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

  • კანდიდატთა სიები;

  • ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

  • კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2,4;41მუხლი 40)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (19 აპრილი), განცხადებით მიმართავს ძირითად ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას და წარუდგენს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის /წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

ყურადღება!

ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/ დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ, წერილობით აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.

თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა არის აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ( 24 აპრილი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 და 4​1 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:

  • დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი);

  • საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია ელექტრონული ფორმით excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება).

ყურადღება!

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს 2021 წლის 26 ივლისის N41/2021 დადგენილებით.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:

  • მოსამართლისა;

  • საარჩევნო კომისიის წევრისა;

  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;

  • საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

  • სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;

  • “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

  • მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;

  • საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ ასევე შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

  • ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

  • ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.7,9-10)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები. მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებლებზე გასცემს დამკვირვებლის მოწმობას (ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას). დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 და 4​1 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

ყურადღება!

ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42; მუხლი 198)

ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, დანიშნოს ორ-ორი წარმომადგე­ნელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

  • ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;

  • სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

  • საარჩევნო კომისიის წევრი;

  • ადგილობრივი დამკვირვებელი;

  • პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი

ყურადღება!

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, პირს უუქმდება წარმომადგენლის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.

საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის მიზნით საარჩევნო სუბიექტმა უნდა მიმართოს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. საინიციატივო ჯგუფმა, შესაბამის ძირითად და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების დანიშვნის მიზნით, ასევე უნდა მიმართოს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს - (იმ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი).

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს განცხადება (შესაბამისი დოკუმენტაცია) და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შესაბამის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:

  • გვარი, სახელი;

  • მისამართი;

  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრირებულ წარმომადგენელს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ წარმომადგენლის მოწმობას.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა (28 აპრილი) და კენჭისყრის დღისა (29 აპრილი), დანიშნოს/გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს 2021 წლის 26 ივლისის N41/2021 დადგენილებით.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)

რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით, განცხადებას წარუდგენენ ძირითად, ან დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (24 აპრილი). პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

  • მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

  • მოსამართლე;

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

  • საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;

  • საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

  • საარჩევნო კომისიის წევრი;

  • დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

  • სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში თუ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ განცხადებით მიმართავს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, კომისია იღებს და ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას.

განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების სია ელექტრონული ფორმით ე.წ. excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (,,ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება).

ყურადღება!

ორგანიზაციის წარმომადგენელთა აკრედიტაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობის და გადამოწმების შესაძლებლობით. მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.

განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობებს, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში - იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია აკრედიტებულ წარმომადგენელს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და მდივნის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას.

აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელთა აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

თავი II. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენა

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 198, მუხლი 116.2 (2020 წლის რედაქცია))

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 361; მუხლი 116.3-7,9 (2020 წლის რედაქცია); ცესკოს 2018 წლის 28 თებერვლის N7/2018 დადგენილება)

საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-­ე დღისა (3 მარტი) განცხადებით მიმართავს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ან შესაბამის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;

  • დაბადების თარიღი;

  • თანამდებობა (საქმიანობა);

  • სამუშაო ადგილი;

  • რეგისტრაციის ადგილი;

  • პარტიულობა;

  • საქართველოში ცხოვრების ვადა;

  • წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არანაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).

ყურადღება!

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის:

  • წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

  • 2 ფოტოსურათი;

  • ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - ერთ ეგზემპლარად;

  • ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როგორც დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, შესწორებულ დოკუმენტაციას, დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 115.7-11 (2020 წლის რედაქცია); მუხლი 116 (2020 წლის რედაქცია); მუხლი 198; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014; ცესკოს 2018 წლის 28 თებერვლის N7/2018 დადგენილება)

საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-­ე დღისა (10 მარტი) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, დალუქული დოკუმენტაციის ლუქზე ხელს აწერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამშრომელი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

ყურადღება!

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მხარდამჭერთა სიები. შემოწმების შესახებ დასკვნას, როგორც ძირითადი, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია წარუდგენს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.

მხარდამჭერთა სიების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 198; მუხლი 38; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება №11/2014)

მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს. კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენიდან 3 დღეში.

მხარდამჭერთა სიების შემოწმების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამშრომელი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ლუქის მთლიანობას და ხსნის ლუქს, რის შემდგომაც ითვლება წარმოდგენილი ხელმოწერების რაოდენობა. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ თანმიმდევრობით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერები.

მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე. ბლანკს აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი პარტიისთვის/კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.

ყურადღება!

თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

  • მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის: მხოლოდ სახელი; მხოლოდ გვარი; გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; მხოლოდ ინიციალები;

  • სრულად არ არის მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხ ნიშნა რიცხვით);

  • სრულად არ არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11- ნიშნა ნომერი;

  • სრულად არ არის მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,01.08.2023), რომელიც უნდა ემთხვეოდეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს;

  • ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება საოლქო საარჩევნო კომისიაში;

  • არ ფიქსირდება ამომრჩევლის ხელმოწერა.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია მიმდევრობით შეამოწმოს იმდენი ხელმოწერა, რამდენიც საჭიროა დადგენილ რაოდენობამდე მისაღწევად. გადამოწმება ხორციელდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, ამასთან საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა, დამატებით ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი.

მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ასევე მიიჩნევა ბათილად თუ:

  • ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერი­ლო­ბით ადასტურებს ამომრჩეველი (რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა);

  • ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით, განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუ­ებით, მუქარით ან ძალდატანებით;

  • საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყ­ვანილია სხვა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის:

  • სახელი, გვარი;

  • პირადი ნომერი;

  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

  • ხელმოწერა;

  • ბლანკის შევსების თარიღი (რომელიც უნდა ემთხვეოდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს).

თუ შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.

საოლქო საარჩევნო კომისია, იმავე წესის დაცვით, კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს. თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30­ე დღისა (30 მარტი) და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 116.1,2,8 (2020 წლის რედაქცია); 117 (2020 წლის რედაქცია); მუხლი 198)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-­ე დღისა (30 მარტი) წარუდგინოს ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიას.

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით და თან უნდა ერთოდეს:

  • პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი  ორ ცალად;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი – ორ ცალად;

  • პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი – ორ ცალად;

  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა – ერთ ცალად;

  • ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - ერთ ცალად.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;

  • დაბადების თარიღი;

  • თანამდებობა (საქმიანობა);

  • სამუშაო ადგილი;

  • რეგისტრაციის ადგილი;

  • პარტიულობა;

  • საქართველოში ცხოვრების ვადა.

აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-­ე დღისა (4 აპრილი):

  • საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

  • წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).

განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-­20 დღისა (9 აპრილი):

  • თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა;

  • თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 198; მუხლი 116.12 (2020 წლის რედაქცია); მუხლი 117.5 (2020 წლის რედაქცია); მუხლი; 118 (2020 წლის რედაქცია))

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, მათ შორის:

  • არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

  • საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

  • საინიციატივო ჯგუფის მიერ არ იქნა წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ან მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით;

  • საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

  • გაუქმდა კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;

  • მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

  • თუ კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები;

  • თუ პირი გარდაიცვალა;

  • საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ყურადღება!

წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 47) ფაქტი.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 120 (2020 წლის რედაქცია); საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №6/2023 დადგენილება - მუხლი 3)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 16 დღისა (13 აპრილი), უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

საარჩევნო სუბიექტების მიერ კანდიდატად წარდგენილი „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე პირის საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №23/2012 დადგენილება)

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე განცხადებას, ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის ნაცვლად, კანდიდატის თანდასწრებით წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).

ყურადღება!

ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 381.1,8,11 (2020 წლის რედაქცია))

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს შესაბამისი ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღეს (30 მარტი). წილისყრის პროცედურები ტარდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:

  • ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;

  • ყოველ ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

ყურადღება!

წილისყრის ფურცლები უნდა დაიკეცოს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (4 აპრილი).

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 766; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილება)

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია

კენჭისყრის დღეს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიიდან იღებს სხვადასხვა სახის სავალდებულო ინფორმაციას:

I. საუბნო საარჩევნო კომისიისგან, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიას ეცნობება:

  • ინფორმაცია საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;

  • ინფორმაცია საარჩევნო ყუთის/ყუთების დალუქვის, პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის, საარჩევნო ყუთში/ყუთებში საკონტროლო ფურცლების მოთავსებისა და კენჭისყრის დაწყების შესახებ;

  • 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათის მდგომარეობით, ასევე კენჭისყრის დასრულების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის შესახებ და გენდერული მონაცემები.

ყურადღება!

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და გენდერულ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

II. საუბნო საარჩევნო კომისიისგან, სადაც კენჭისყრა/არჩევნები ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიას ეცნობება:

  • ინფორმაცია საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;

  • საარჩევნო ყუთების დალუქვის, ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატის დასტურის ამობეჭდვის („ნულოვანი ამონაწერი“) და კენჭისყრის დაწყების შესახებ;

  • 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათისა და 20 საათის მდგომარეობით, ასევე კენჭისყრის დასრულების შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეთა შესახებ ანგარიში და გენდერული მონაცემები;

ყურადღება!

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და გენდერულ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

  • ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატების ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ყურადღება!

თუ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია კენჭისყრის დაწყება ან შეფერხდა კენჭისყრის პროცესი, აღნიშნული შეტყობინების შემოსვლისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგილზე ტექნიკურად/პროგრამულად ამოწმებს აპარატების ფუნქციონირებას. ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გრძელდება იმავე აპარატებით.

იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პროცესი ხორციელდება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის ერთზე მეტი სპეციალური აპარატის გამოყენებით და ტექნიკური ხარვეზის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ მათ ნაწილმა, ასეთ შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება დანარჩენი ფუნქციონირებადი ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონული აპარატის/აპარატების გამოყენებით.

თუ ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელია კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება აპარატების გამოყენების გარეშე. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შესწორების ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • სარეგისტრაციო ჟურნალს და საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს;

  • ნამდვილი და ბათილად მიჩნეული საარჩვნო ბიულეტენების დალუქულ პაკეტებს გაციფრულების მიზნით, თუ უნაბზე კენჭისყრის პროცესი წარიმართა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე.

ყურადღება!

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები/კენჭისყრა ჩატარდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიას, საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ასევე უნდა გადასცეს:

  • ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების განსათავსებლად განკუთვნილი დალუქული ყუთი/ყუთები;

  • ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი/აპარატები.

  • დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან/აპარატებიდან ამონაბეჭდები (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი), ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში/ანგარიშები, განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას).

რეკომენდებულია, საარჩევნო დოკუმენტაციის2 მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები იბარებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებსა და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილ მონაცემებს და რეკვიზიტებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

ყურადღება!

საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70.41).

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ხსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში და დედნებს, თანდართულ საბუთებთან ერთად დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8.4; მუხლი 21.დ1,დ2,დ3,დ4,ე; მუხლი 75.11; მუხლი 76​6.)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა (5 მაისი), საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები.

ყურადღება!

საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „დ​3“ და „დ​4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები.

საოლქო საარჩევნო კომისია ასევე ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

  • როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

  • ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

საოლქო სარჩევნო კომისია უფლებამოსილია, განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/ საჩივარი შეტანილია საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმებისა და ხელახლა დათვლის პროცესს წარმართავს საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 24 თებერვლის N22/2023 დადგენილებით განსაზღვრული წესი შესაბამისად.

თავი III. პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75; მუხლი 124; მუხლი 125 (2020 წლის რედაქცია)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა (14 მაისი) აჯამებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, რომელსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შემაჯამებელ ოქმებში შესატანი მონაცემები, მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმებს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. ამასთან, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა).

თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს. მოთხოვნის შემთხვევაში დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ფოტოასლებს, რომელსაც ბეჭდავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

ყურადღება!

კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/ საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციით (შემდგომში ‒ ინსტრუქცია), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით3.

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

  • განცხადება/საჩივარი4;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით საკითხის შესწავლის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან, მათ შორის, კენჭისყრის დღის განც- ხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული და საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენები ეტაპების შესაბამისად.

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია

განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 6.1,3,4,5; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №6/2023 დადგენილება - მუხლი 4)

კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ განცხადების/საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებით/საჩივრით მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (06:45 საათიდან) საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 4 დღის ვადაში)

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73; მუხლი 77.8,9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 1)

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიაში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, ან საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირი შემდეგი წესის დაცვით:

  • განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით;

  • თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა;

  • სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას/სარეგისტრაციო ბარათს განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერით (ცნობის ნიმუში იხ. დანართში №1).

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №2).

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 74; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 6)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

  • საარჩევნო უბნის ნომერს;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ წარმდგენმა სუბიექტმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

შენიშვნა:

ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის/კომისიის უფლებამოსილი პირისა და განცხადების/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნუ­ლად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/ საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში „გასული წერილის სახით“ გზავნის ყველა განცხადებას/საჩივარს.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/ საჩივარზე. კომისიის მიერ ხარვეზის დაუდგენლად განუხილველი რჩება ასევე განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, თუ:

  • განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 06:45 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

  • არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

  • განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

  • განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;

  • დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

  • განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 77; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 10)

კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაცი­იდან 4 დღის ვადაში.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით და ვადებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

  • საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

  • საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

  • საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:

  • მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

  • ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

ყურადღება!

მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუ­ტე­რის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარეს უფლება აქვს:

  • საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;

  • ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

  • მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენ­ლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენ­ლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;

  • პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

  • ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).

ყურადღება!

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწი­ლეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი).

უარი განცხადებაზე/საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით, საოლქო საარჩევნო კომისია წერილობით უარს დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს განმცხადებელი/მომჩივანი უფლებამოსილია განცხადება/საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.

ყურადღება!

განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია არ გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 77.2.4; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 4)

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან (გარდა კენჭისყრის დღისა) დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/ საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.

საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

ყურადღება!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს (აგრეთვე ამ პირთა სახელით – მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე – ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს), სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/ საჩივარი განუხილველი რჩება.

საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.

დანართი N1

№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: .............................................................................................. განცხადების/საჩივრის მიღების დრო: .................................................................................................... განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: .................................................................................

კომისიის მდივანი/საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი: ....................................................

/ხელმოწერა/

დანართი N2 - საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:5

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • საარჩევნო უბნის ნომერი*;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

  • დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

  • დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

  • დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

  • განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

  • განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;

  • სხვა დამატებითი ინფორმაცია.