ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. გამწვანებული ტერიტორია – მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკების ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეებით (ხე, ბუჩქი), ყვავილებით და ბალახოვანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია (მათ შორის, გაზონი).
2. დასასვენებელი ადგილები – ამ წესით განსაზღვრული ტყე-პარკის, პარკისა და სკვერის ტერიტორიები, რომლებიც განკუთვნილია მოსახლეობის დასვენების მიზნით.
3. პარკი – არანაკლებ 5 ჰექტარი ფართობის კეთილმოწყობილი ტერიტორია, ხე-ბუჩქოვანი მცენარეების მდიდარი შემადგენლობით, დეკორატიული ყვავილების კომპოზიციები ხეივნებში, მცირე მოედნებსა და გაზონებში, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენების მიზნით და წარმოადგენს დამოუკიდებელ არქიტექტურულ- ორგანიზაციულ კომპლექსს.
4. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
5. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
6. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა.
7. გაზონი – მიწის ნაკვეთის ერთგვაროვანი ტერიტორია, რომელზეც დეკორატიული მიზნით, დათესილია ბალახი ან დაგებულია ბალახით დაფარული ბელტი (მათ შორის, რულონური ბალახი).
8. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
9. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
10. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
11. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეურად გამხმარი ხე.
12. მწვანე ნარგავები – ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი), ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.
13. მწვანე თარგი – მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთი, განკუთვნილი მწვანე ნარგავების განთავსებისთვის, შემოსაზღვრული ტროტუარით ან დეკორატიული ღობით.
14. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
15. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება.
16. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
17. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე.
18. მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
19. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ- დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
20. საყვავილე თარგი (ყვავილნარი) – მიწის სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, რომლებზეც დარგულია ერთწლიანი, ორწლიანი ან მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები.
21. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
22. ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
23. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
24. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
26. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
27. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი, გაცემული მართვის ორგანოს მიერ.
28. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
29. მართვის ორგანო – მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანო.
30. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
31. სპორტული პარკი (სტადიონი) – მწვანე მასივი, სადაც თავმოყრილია სპორტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის.
32. ბაღი – 2-დან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის, სადაც საგანგებოდ დარგულია ნაყოფმომცემი ან დეკორატიული ხეები და ბუჩქები, აგრეთვე ყვავილები და ბალახოვანი მცენარეები.
33. სკვერი – 2 ჰექტრამდე ფართობის კეთილმოწყობილი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს დასახლებული პუნქტების არქიტექტურულ-სამხატვრო ელემენტს და განკუთვნილია მოსახლეობის მოკლევადიანი დასვენებისათვის. სკვერის დაგეგმარება მოიცავს საფეხმავლო გზებს (ბილიკებს), მოედნებს, გაზონებს, ყვავილნარებს, ხეებსა და ბუჩქებს.
34. ვერტიკალური გამწვანება – შენობების ფასადების, დიდი დაქანების ფერდობების, კლდოვანი ფერდობების, საპარკო მოწყობილობების, სპეციალური აჟურული, ვერტიკალური კედლების და სხვა ობიექტების გამწვანების ელემენტები, რომლებშიც გამოიყენება მერქნიანი ლიანები, ხვიარა ან სხვა მცენარეები.
35. პერგოლა – ხვიარა მცენარეებით გამწვანებული მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული თაღებისაგან.
36. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა – აგროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას და განვითარებას.
37. გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა – ახალი ტერიტორიების გამწვანება ან უკვე არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
38. ახალგაზრდა ხე-მცენარე – ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას, დარგვიდან 5 წლის განმავლობაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
39. ზრდასრული ხე-მცენარე – ხე-მცენარე, რომელიც ექვემდებარება მოვლა-პატრონობას დარგვიდან 5 წლის შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
40. ბუჩქი (ტროტუარზე) – მწკრივად დარგული, სპეციალურად ფორმირებული ბუჩქები ან ბუჩქოვანი მცენარეების ერთობლიობა.
41. რეტერატი – საზოგადოებრივი ტუალეტი.
42. პასუხისმგებელი პირი – გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი.
43. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები – ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი.
44. ხეივანი – გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული.
45. ბულვარი – პროსპექტების, სანაპიროების, ქუჩების, საავტომობილო ან საფეხმავლო გზის გასწვრივ. ხეივნებითა და ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ბილიკებით მოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა.
46. ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა – მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს გასწვრივ, ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი).
47. შიდაკვარტალური ნარგაობა – ეწყობა მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები.
48. ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი – მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისტემატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა.).
49. ზოოლოგიური პარკი და ბაღი – მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყარო წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო- საკვლევი ბაზა.
50. ტყე-პარკი – კეთილმოწყობილი ბუნებრივი სატყეო მასივი, რომელიც ბუნებრივ გარემოში ქალაქის მაცხოვრებელთა დასვენებისათვის არის ადაპტირებული.
51. მწვანე ზოლი – დასახლებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით.
გამწვანებული ტერიტორიის მოწყობა, გამოყენება და მოვლა-პატრონო