“საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 21 მაისის №91 ბრძანებაში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ” ცვილიებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.11.101.006.543
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №102
2004 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 21 მაისის №91 ბრძანებაში ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ცვლილებები და დამატებები საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 21 მაისის №91 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 2003წ., №48, მუხ. 450).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ცვლილებები და დამატებები ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესში”
1. საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 21 მაისის №91 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებსა და წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასებიდან შემდეგ კლასში გადაჰყავთ მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში აქვთ დადებითი წლიური შეფასება. სასწავლო წლის ბოლოს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) სკოლებში (გიმნაზიებსა და ლიცეუმებში), გარდა მე-11 კლასისა, გამოცდები არ ტარდება”;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო (ცხრა კლასი) განათლების საფეხური, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადადიან სხვა ტიპის (სახელობო, დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების, სხვა უწყების) სასწავლებლებში, მიდიან სასწავლებლად საზღვარგარეთ, ან გადიან სკოლიდან და სწავლას აღარ აგრძელებენ”;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში II, III, IV კლასების მასწავლებლები და V, VI, VII, VIII, IX, X კლასების ხელმძღვანელები პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებას”;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მეორიდან მეათე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება ყოფაქცევაში, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით გადაჰყავთ შემდეგ კლასში. მათი ყოფაქცევისა და ამ კლასში დატოვების შესახებ იმსჯელებს პედაგოგიური საბჭო მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში”;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ სამ და მეტ საგანში, აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საშემოდგომო გამოცდა, დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში”;
ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 21-დან 30 აგვისტოს ჩათვლით”;
ზ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,XI კლასი გამოსაშვები გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”;
თ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თუ გამოსაცდელთა რიცხვი 20-ს აღემატება, ზეპირი გამოცდისას კლასი ორ ჯგუფად იყოფა, მაგრამ გამოცდა ერთ დღეს ტარდება, თითოეულ ჯგუფს ეძლევა მოცემულ საგანში ბილეთებისა და დამატებითი მასალების სრული კომპლექტი. ნახმარი ბილეთების განმეორებით გამოყენება იმავე ჯგუფში არ შეიძლება. დამატებითი მასალა (ამოცანები, მაგალითები) პარალელური კლასებისათვის სხვადასხვა ვარიანტად უნდა შედგეს, ხოლო იმ კლასისათვის, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, დამატებით მასალას მასწავლებელი ადგენს ერთ ვარიანტად”;
ი) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისია აფასებს მოსწავლეთა პასუხებს, წერს შეფასებებს და შეაქვს საგამოცდო ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მოცემული საგნის საგამოცდო კომისიის ყველა წევრი. ზეპირ გამოცდაზე მიღებული შეფასება გამოცდის დამთავრებისთანავე შეიტანება საგამოცდო ოქმში და ეცნობება მოსწავლეს. წერითი გამოცდის შეფასება მოსწავლეს უნდა ეცნობოს მომდევნო გამოცდის ჩატარებამდე. მოსწავლის მიერ ზეპირ (წერით) გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება ეცნობება მშობელს (მეურვეს)”;
კ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მე-11 კლასში 2-დან 15 ივნისის ჩათვლით საქართველოს ყველა ტიპის სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო გამოცდები შემდეგ საგნებში:
ა) არაპროფილურ კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 8 ივნისს, საქართველოს ისტორიაში ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი) და სკოლის მიერ შერჩეულ ერთ საგანში;
ბ) ჰუმანიტარული პროფილის კლასებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი (იმ სკოლებში, სადაც უცხოური ენა გაღრმავებულად ისწავლება – უცხოურ ენაში – ზეპირი), საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი) და სკოლის მიერ შერჩეულ ერთ მაპროფილებელ საგანში;
გ) არაჰუმანიტარული პროფილის კლასებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 8 ივნისს, სკოლის მიერ შერჩეულ ორ მაპროფილებელ საგანში”;
ლ) 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე, განმეორებითი გამოცდები ტარდება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – 18 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 21 ივნისს”;
მ) 64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე 21-დან 30 აგვისტოს ჩათვლით. საგამოცდო თემებსა და მაგალითებს XI კლასში საშემოდგომო გამოცდებისათვის შეარჩევენ სკოლები”;
ნ) 69-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თემები საგამოცდო თხზულებისათვის მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში განმეორებითი გამოცდებისათვის გადაიცემა რადიოთი 18 ივნისს და 21 ივნისს”;
ო) 81-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებს ეძლევათ ატესტატი”.
2. ამოღებულ იქნეს მე-8 და 38-ე პუნქტები, II (გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები და მე-10 კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი) და IV (გარდამავალი დებულებანი) თავები.