ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №55/ნ |
|
2023 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომ – ერთობლივი პროგრამა) შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს. 2. წესის მიზანია ერთობლივი პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი რეგულაციების დადგენით ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი რესურსების კონსოლიდაციასა და ოპტიმალურ განაწილებაში, ასევე მათ ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. მუხლი 2. ერთობლივი პროგრამა და განმახორციელებელი სუბიექტები 1. ერთობლივი პროგრამა არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის და რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი. 2. ერთობლივი პროგრამის განხორციელება შეუძლიათ როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ დაწესებულებას. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი პროგრამის განხორციელება დასაშვებია მაშინაც, თუ ისინი დამოუკიდებლად არ ახორციელებენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც სრულდება იმ კვალიფიკაციის მინიჭებით, რაც ერთობლივი პროგრამით არის გათვალისწინებული. მუხლი 3. ერთობლივი პროგრამის შემუშავების პროცედურა 1. ერთობლივ პროგრამას საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ურთიერთთანამშრომლობით. 2. ერთობლივი პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი პროგრამის შინაარსი, განხორციელების ფორმები და სხვა. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ერთობლივი პროგრამა შეიმუშაონ ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე უნდა შეთანხმდეს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ – ცენტრი), იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივად. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ. 5. ცენტრი უფლებამოსილია გადაამოწმოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება დადოს მხოლოდ ცენტრიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ. მუხლი 4. ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება 1. ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ინფორმაციას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც გეგმავენ ერთობლივი პროგრამის განხორციელებას; ბ) ერთობლივი პროგრამის სახელწოდებას; გ) ერთობლივი პროგრამის დასრულების შედეგად მისანიჭებელ კვალიფიკაციასა და კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა; დ) ერთობლივი პროგრამის შინაარსს; ე) ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფორმებს, მათ შორის, ინფორმაციას ერთობლივი პროგრამის შემუშავებისას/განხორციელებისას თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულების როლისა და ჩართულობის შესახებ; ვ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას არ უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია; ზ) ერთობლივი პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისადმი წაყენებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას; თ) ინფორმაციას ერთობლივი პროგრამის/მისი კომპონენტების განხორციელების ადგილის შესახებ; ი) ინფორმაციას ერთობლივი პროგრამის/მისი კომპონენტების განხორციელების ენის შესახებ; კ) ერთობლივ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესს; ლ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის შეფასების მექანიზმის შესახებ; მ) ერთობლივი კვალიფიკაციის მინიჭების წესს; ნ) ერთობლივი დიპლომის გაცემის წესს; ო) ინფორმაციას ერთობლივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და შემოსავლების განაწილების თაობაზე; პ) პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესითა და პირობებით“ გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ მონაცემებს. 2. ერთობლივი პროგრამის ან მისი ნაწილის უცხოურ ენაზე განხორციელების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. 3. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სავალდებულოა ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების ატვირთვა. მუხლი 5. ერთობლივი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება 1. საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივი პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი წესით. 2. ერთობლივ პროგრამაზე, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 6. ერთობლივ პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თავისებურებები 1. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სხვა პირი, ერთობლივი პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეთანხმებით, შესაძლებელია ჩაირიცხოს ერთობლივი პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირი ერთობლივ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ის ჩაირიცხება. მუხლი 7. ერთობლივი პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია და ერთობლივი დიპლომი 1. ერთობლივი პროგრამის დასრულების შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტს ერთობლივად ანიჭებენ ერთობლივ კვალიფიკაციას. 2. ერთობლივი პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანხმდებიან ერთობლივი კვალიფიკაციის მინიჭების წესზე. 3. ერთობლივი პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. მუხლი 8. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი 1. იმ სწავლის შედეგებზე, რომლებსაც პროფესიულმა სტუდენტმა ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიაღწია, არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესები. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესები არ ვრცელდება არც ერთობლივი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემულ ერთობლივ დიპლომზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთობლივი პროგრამის უმეტესი ნაწილი უცხოეთში ხორციელდებოდა. მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა, წესის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში. |