1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა), შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) პაემნით (ბრალდებული - ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული - ხანმოკლე პაემნით, ხანგრძლივი პაემნითა და ვიდეოპაემნით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულისა და პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა));

ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;

ა.ე) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;

ა.ვ) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ზ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;

ა.ი) სპორტულ, კულტურულ და პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.

გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;

ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;

ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;

ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;

კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;

ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა (გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა));

მ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე (გასეირნების უფლება);

ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. მსჯავრდებული, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულისა), პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.

3. დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

5. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს განთავსების ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი და სამუშაო ადგილი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული/არანებადართული ნივთი;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;

მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საერთო საცხოვრებელში/საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;

ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ, საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს ნებისმიერი ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა;

ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე საერთო სარგებლობის სივრცეებში და ზედაპირებზე გამოფინოს ისეთი ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;

ღ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგ