1. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ანგარიშის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშის მქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების ფორმა №10 ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა საბანკო ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებსა და აუქციონის მომწყობ პირებს.

9. ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაცია ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ საბანკო ანგარიშის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.

10. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

11. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

12. ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“, „ვ“-„ვ3“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.

15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

16. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.

17. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

18. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.

19. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

20. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.

21. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

23. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

24. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

25. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 1 000 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.

26. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.

28. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე) განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

30. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, პირადი საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე განხორციელებული ოპერაციების) ჯამური მოცულობა.

31. ველი „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“ მოიცავს როგორც ანგარიშის მქონე, ასევე ანგარიშის არმქონე პირების შესახებ ინფორმაციას.

32. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიკრობანკის ანალიზით დაკავშირებულია კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან და რომლებიც არ წარმოადგენენ  ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს.

33. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა არცერთ საბანკო ანგარიშზე ერთი წლის ან მეტის განმავლობაში ოპერაციები არ დაფიქსირებულა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს ან მის ეკვივალენტს. ერთი წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ოპერაციიდან.

34. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება მერჩანტების ვებგვერდზე განხორციელებული ოპერაციების  შესახებ მონაცემები, მიუხედავად იმისა, მერჩანტსა და მიკრობანკს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარებულია პირდაპირ თუ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით და არ მოიცავს ე.წ. chargeback-ებისა და refund-ების შესახებ მონაცემებს. ანგარიშგების ფორმა №10-ში არ აისახება ინფორმაცია რეზიდენტი მერჩანტების (გარდა ისეთი რეზიდენტი პირებისა, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურაში ფიქსირდებიან არარეზიდენტი პირები), ასევე იმ მერჩანტების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

35. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

36. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

37. ანგარიშგების ფორმა №10-ში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა მიკრობანკს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

38. ანგარიშგების ფორმა №10 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც მიკრობანკმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ინფორმაცია კლიენტებზე, რომლებსაც მიკრობანკმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო, აისახება ცალკე, შესაბამის ქვეფაქტორში. ორივე შემთხვევაში ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

39. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. Bearer Shares გამომშვებ პირებს.

40. ანგარიშგების ფორმა №10-ში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

41. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების ფორმა №10-ით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც, მიკრობანკის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“, „არააქტიური ანგარიშის მქონე კლიენტები“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

42. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 41-ე პუნქტში ჩამოთვლილ რამდენიმე ფაქტორს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

43. მიკრობანკის მიერ ანგარიშგების ფორმა №10-ში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგა