1. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული, სარეკლამო და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

6. ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობასა და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია), მათ შორის, მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.

9. ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ელექტრონული საფულის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.

10. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

11. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

12. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად, ასევე აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც საქმიანობის სფეროდ საქველმოქმედო საქმიანობა უფიქსირდებათ.

14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.

15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

16. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.

17. ანგარიშგების №9 ფორმით გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

18. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო კომპანიების შესახებ.

19. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი აქტივების მმართველი  კომპანიების შესახებ.

20. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

21. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირების ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხვდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

23. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

24. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული/ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.

25. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-Net-Worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ელექტრონულ საფულეზე (ელექტრონული ფულის ანგარიშებზე), საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 50 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.

26. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში - „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

28. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

30. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

31. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პროვაიდერის ანალიზით დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან და რომლებიც არ წარმოადგენენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს.

32. ველში „პირები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“ აისახება მერჩანტების ვებგვერდზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, მერჩანტსა და პროვაიდერს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარებულია პირდაპირ თუ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით და არ მოიცავს ე.წ. „chargeback“-ებისა და „refund“-ების შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება ინფორმაცია რეზიდენტი მერჩანტების (გარდა ისეთი რეზიდენტი პირებისა, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურაში ფიქსირდებიან არარეზიდენტი პირები), ასევე იმ მერჩანტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

33. ანგარიშგების №9 ფორმაში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა ელექტრონულ ანგარიშებზე ერთი ან მეტი წლის განმავლობაში ოპერაციები არ დაფიქსირებულა, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 50 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. ერთი წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ოპერაციის თარიღიდან.

34. ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტებში აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

35. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

36. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

37. ანგარიშგების №9 ფორმაში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა პროვაიდერს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

38. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც პროვაიდერმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ინფორმაცია კლიენტებზე, რომლებსაც პროვაიდერმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო, აისახება ცალკე, შესაბამის ქვეფაქტორში. ორივე შემთხვევაში ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

39. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. „Bearer Shares“ გამომშვებ პირებს.

40. ანგარიშგების №9 ფორმის შევსების მიზნებისათვის, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

41. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების №9 ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც პროვაიდერის შიდა პოლიტიკის თანახმად უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „არააქტიური ანგარიშის მქონე კლიენტები“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“, „ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტები“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები ორ ან მეტ ფაქტორს ერთდროულად შეესაბამება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

42. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 41-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

43. პროვაიდერის მიერ ანგარიშგების №9 ფორმაში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ანგარიშგების №9 ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგა