1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში - კანონი).
2. ამ დადგენილების მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა,სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიისა და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის (სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და აშ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს (მაგალითად: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რიტმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და აშ.);
კ) ინკლუზიის ხელშემწყობი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგალითად: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე;
ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგალითად - ასისტენტი), სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ) კვების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ) ინფრასტრუქტურულ გამართულობასა და მატერიალური რესურსის დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ) უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას.
ს) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
დაწესებულების პერსონალის შემადგენლო