პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას აცრების გეგმური კალენდრით გათვალისწინებული ჯგუფების ასაცრელად, ასევე შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის:

ა.ა) B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები, B ჰეპატიტით ინფიცირებული პირის ოჯახის წევრები, B ჰეპატიტის ინფექციის წყაროსთან ექსპოზიციის მქონე პირი, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ სერვისებში ჩართული პირები ზედაპირული ანტიგენის და ანტისხეულზე ტესტირების უარყოფითი შედეგით) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, მათ შორის დაჩქარებული კურსით (0, 1, 3 თვეზე);

ა.ბ) ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ტეტანუსის/დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის;

ა.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის;

ა.დ) ქრონიკული დაავადების (ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება; დიაბეტი; ფქოდი; ასთმა და სუნთქვის უკმარისობის სხვა ფორმები) მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარების, ასევე, მუკოვისციდოზით დაავადებული პირების (მიუხედავად ასაკისა) პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის);

ა.ე) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „გაწმენდის“ რაუნდების ჩატარება 13 – 45 წლის ქალთა ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით:

ა.ე.ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ე.ბ) 15 – 45 წლის ასაკობრივ ჯგუფში (მ/შ, 27 − 45 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ექიმის რეკომენდაციით) − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით:    0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;

ა.ვ) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში შემდეგი სქემით:

ა.ვ.ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ვ.ბ) 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;

ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების/იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;

გ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;

დ) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას;

ე) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე;

ვ) ვაქცინაციას დაქვემდებარებული სხვადასხვა სამიზნე, რისკის და პრიორიტეტული, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა სამინისტროსთან შეთანხმებით; ასევე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების აცრა ან/და აცრის პროცესის კოორდინირება და სხვა შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

ზ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;

თ) „ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის (მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები და ინფორმაციული უზრუნველყოფა/ლიცენზია) მონტაჟის მომსახურების შესყიდვ