📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.1997
ძალის დაკარგვა 09.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №530
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,267 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.1997 მიღება
09.06.1999 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №530 1997 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 აპრილის №261 ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“. ე. შევარდნაძე  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი; აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სამინისტროს სახელწოდებით და დასრულებული ბალანსი. 4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 5. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. მისამართი – 380046, რუსთაველის გამზირი 30. II. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები 6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის სამართალშემოქმედების კოორდინაცია, ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია, ევროპის სამართალთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაცია, სასამართლო აქტების აღსრულების ორგანიზაცია, მოსამართლეების, სასამართლო აპარატისა და იუსტიციის მუშაკების სწავლება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხები, ნოტარიატისა და მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან სამართლებრივი ურთიერთდახმარების პოლიტიკის შემუშავება, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო რეგისტრაციის საკითხები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება. 7. სამინისტროს სისტემაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები, რაიონების და ქალაქების მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებები. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებია: მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის რესპუბლიკური და თბილისის არქივები, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრი. 8. სამართალშემოქმედების დარგში იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება კანონპროექტების უშუალო მომზადება შემდეგ საკითხებზე: ა) სახელმწიფო სამართალში: – სახელმწიფო წყობილების კონსტიტუციური საფუძვლები; – ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, მათი უზრუნველყოფა და დაცვა; – საარჩევნო სამართლის ზოგადი საფუძვლები; – რეფერენდუმი; – სასამართლო წყობილება და მოსამართლეთა სტატუსი; – სამართალშემოქმედება და სამართლებრივი აქტების პუბლიკაცია; ბ) ადმინისტრაციულ სამართალში: – სახელმწიფო მმართველობის ორგანიზაცია; – საჯარო სამსახურის ზოგადი საფუძვლები; – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა; გ) სისხლის სამართალი; დ) სამართალწარმოება სისხლის სამართლის საქმეებზე; ე) სასჯელაღსრულება, პენიტენციალურ დაწესებულებათა ორგანიზაცია და სამსახური პენიტენციალურ დაწესებულებებში; ვ) ადვოკატურის ორგანიზაცია; ზ) ნოტარიატის ორგანიზაცია, ნოტარიუსთა სამსახური; თ) სამოქალაქო სამართალში: – სამოქალაქო სამართლის ზოგადი საფუძვლები; – სანივთო სამართალი; – ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საფუძვლები; – საოჯახო სამართალი; – სამემკვიდრეო სამართალი; ი) საკორპორაციო სამართალი; კ) სამართალწარმოება სამოქალაქო საქმეებზე: – სამოქალაქო სამართალწარმოება; – კერძო არბიტრაჟი; – სამეწარმეო რეესტრი; – სააღსრულებო წარმოება სამოქალაქო საქმეებზე; – გაკოტრების კანონმდებლობა. 9.სამართალშემოქმედების კოორდინაციისა და სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციის დარგებში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება; ბ) სამთავრობო დაწესებულებებში მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; გ) იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენების ზედამხედველობის ორგანიზაცია; დ) იურიდიული ტერმინების სისტემატიზაცია; ე) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია; ვ) ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება; ზ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; თ) ნორმატიული აქტების ოფიციალური კრებულების გამოცემის ორგანიზაცია; ი)სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პროკურატურის, სასამართლოების მოთხოვნით ცნობების გაცემა სამართლებრივი აქტის მოქმედების თაობაზე. 10. საქართველოს სამართლებრივი აქტების ევროპის სამართალთან ჰარმონიზაციის დარგში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამართლებრივი პოლიტიკის ძირითადი საფუძვლების შემუშავება; ბ) მეთოდიკის შემუშავება; გ) სამინისტროების საქმიანობის კოორდინაცია; დ) ევროპის სამართლის დარგში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შეთანხმება; ე)ევროსაბჭოს სამართლებრივი აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია; ვ) ევროპის სამართლის მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნების წარდგენა; ზ) ურთიერთობები ევროსაბჭოს დაწესებულებებთან და წევრ სახელმწიფოებთან სამართლის საკითხებზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; თ) საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი იურიდიული დახმარების კოორდინაცია და ორგანიზაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 11. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქართველოს სასამართლოების აქტების აღსრულების ორგანიზაცია; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების ცნობა და აღსრულება; გ) სასამართლო აღმასრულებლების სამსახურების მენეჯმენტი.  12.მოქალაქეობის და იმიგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) განცხადებების განხილვა საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენის, მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ; ბ) გადაწყვეტილებების მიღება იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენის და, კანონით დადგენილ შემთხვევებში, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ; გ)იმიგრაციის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობა. 13. სახელმწიფო რეგისტრაციის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პოლიტიკური გაერთიანებების, ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია და რეესტრის შედგენა; ბ)მის მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის წესდებასთან შესაბამისობის კონტროლი. 14.სამინისტრო ცენტრალური ორგანოა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში და მის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და დადება; ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებათა შესრულების ორგანიზაცია. 15. სამინისტროს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება: ა) ნოტარიატის სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზაცია ნოტარიუსებისა და სანოტარო პალატის საქმიანობის ზედამხედველობა; ბ) მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საერთო და მეთოდური ხელმძღვანელობა, რეგისტრაციის სამსახურების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; გ) სასამართლოებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების რეესტრის შედგენა და გამოქვეყნება; დ) მორალური სტატისტიკის გამოქვეყნება; ე) სამართლებრივი აქტების თარგმანებისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება; ვ) უცხოელი ადვოკატების განცხადებების განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების თაობაზე; ზ) ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში; თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის გეგმების შემუშავება; ი) სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობისათვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების ოპერატიული მართვა; ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების საშტატო ნუსხის შემუშავება; მ) სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მოხელეთა სწავლების ორგანიზაცია. III. იუსტიციის მინისტრი 16. სამინისტროს მეთაურობს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 17. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით; ე) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოხელეებს; ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; თ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; კ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელი მოქალაქეებისა და საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოდან გაძევების შესახებ; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მუშაკებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს; მ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად: ნ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას; ო) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; პ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს დებულებას, ადგენს მათ სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს; ჟ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის; ს) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ტ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; უ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს; ფ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ქ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ღ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს. მინისტრი უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნოს აღნიშნული თანამდებობის პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს. 18. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. IV. მინისტრის მოადგილეები 19. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 20. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 21. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას. 22. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. V. მრჩეველი 23. სამინისტროს სტრუქტურაში შედიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) სამინისტროს მრჩევლები. 24. მინისტრის მრჩევლები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, რომელიც მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს. მინისტრის მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 25. სამინისტროს მრჩევლები თანამდებობებზე ინიშნებიან მინისტრის მიერ კანონით დადგენილი წესით. 26. მრჩევლების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. VI. სამინისტროს დეპარტამენტი (განყოფილება) 27. დეპარტამენტი (განყოფილება) არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეები. 28.დეპარტამენტის (განყოფილების) ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სამსახურები და ბიუროები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება დეპარტამენტის (განყოფილების) დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. დეპარტამენტის (განყოფილების) უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 29. დეპარტამენტის (განყოფილების) უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის (განყოფილების) მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში (განყოფილებაში) მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს დეპარტამენტის (განყოფილების) მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს დეპარტამენტს (განყოფილებას) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის (განყოფილების) სახელით იძლევა დასკვნებს; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის (განყოფილების) სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის (განყოფილების) მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის (განყოფილების) ამოცანების შესასრულებლად; ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის (განყოფილების) მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) ასრულებს დეპარტამენტის (განყოფილების) დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. 30. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს სამსახურებად და ბიუროებად. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს გამგე. სამსახურის უფროსს და ბიუროს გამგეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ისინი უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს. 31. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია: ა) საჯარო სამართლის დეპარტამენტი; ბ) კერძო სამართლის დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი; დ) სასამართლო აქტების აღსრულების დეპარტამენტი; ე) მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი; ვ) სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტი; ზ) სამართალშემოქმედების მეთოდიკის განყოფილება; თ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის განყოფილება; ი) ნოტარიატის განყოფილება; კ) მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება; ლ) პერსონალის დეპარტამენტი; მ) საქმეთა მმართველობის დეპარტამენტი. 32. საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამართალშემოქმედება სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლის, სასამართლო წყობილების, სასჯელაღსრულებითი სამართლის, პენიტენციალურ დაწესებულებათა ორგანიზაციის, ადვოკატურის საკითხებზე. 33. კერძო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამართალშემოქმედება სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხების, ვალდებულებითი, სანივთო, სამემკვიდრეო, საკორპორაციო, საოჯახო სამართლის, სამოქალაქო სამართალწარმოების, გაკოტრების საკითხებზე. 34. საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, საქართველოს სამართლის ჰარმონიზაცია ევროპის სამართალთან, სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო შეთანხმებებთან და კონვენციებთან შეერთება და რატიფიკაციის საკითხების მომზადება. 35. სასამართლო აქტების აღსრულების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი სასამართლო აქტების აღსრულების ორგანიზაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების ცნობა და აღსრულების ორგანიზაცია და მსჯავრდებულთა გადაცემის – ექსტრადაციის საკითხები. 36. მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების და მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობიდან გასვლის ან მათ მიერ მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება. 37. სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პოლიტიკური გაერთიანებებისა და ფონდების რეგისტრაცია, სამინისტროში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი. 38. სამართალშემოქმედების მეთოდიკის განყოფილების ძირითადი ამოცანაა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის უზრუნველყოფა სამართალშემოქმედების კოორდინაციისა და სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციის დარგებში, სამართლებრივი აქტების თარგმანებისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. 39. სამართლებრივი ინფორმატიზაციის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიზური უზრუნველყოფა. განყოფილების სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულებით „საქართველოს სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემების შესახებ“. 40. ნოტარიატის განყოფილების ძირითადი ამოცანებია ნოტარიატის საქმიანობისა და ნოტარიუსების სამსახურის ორგანიზაცია, სამართალშემოქმედება ნოტარიატის საკითხებზე, ნოტარიულად დამოწმებული საზღვარგარეთ წარსადგენი საბუთების ლეგალიზაცია. 41. მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანიზაცია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის საქალაქო (რაიონულ) ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკონსულოებში, შვილად აყვანის შესახებ წარმოდგენილი მასალების განხილვა და დასკვნის მომზადება.  42. პერსონალის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული დაწესებულებების პერსონალთან მუშაობა და მათი სწავლების ორგანიზაცია. 43. საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის შემუშავება, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული დაწესებულებების სახელმწიფო ქონების აღრიცხვა, სამინისტროს და დაქვემდებარებული დაწესებულებების საფინანსო საქმიანობის კონტროლი; სამინისტროს მუშაობისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია. VII. მინისტრის სათათბირო ორგანოები 44. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – კომისია) სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 45. კომისიას შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 46. კომისია იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი. 47. კომისიის წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. კომისიის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩართული იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 48. თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს კომისიის მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 49. კომისიის საქმიანობასა და კომისიის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მოსამსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საერთო განყოფილება. 50. კომისია უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები. 51. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. 52. კომისიის მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.  VIII. სამინისტროს სიმბოლიკა 53. სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. 54. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 55. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე. 56. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 57. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე. IX. სამსახურებრივი ზედამხედველობა 58. მინისტრი კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს, სამინისტროს მმართველობაში არსებული დაწესებულებების თანამდებობის პირებისა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების პირების აქტებსა და მოქმედებას. 59. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. 60. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.