„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №29/2024 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36/2024
სარეგისტრაციო კოდი
010240060.15.008.016750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 


საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 10 ივლისის №29/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 11/07/2024, 010240060.15.008.016743) დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
danarti.doc

გადასატ

თემატური სარჩევი

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში 5

01 რა სერვისებს აწვდის საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს კენჭისყრის დღემდე პერიოდში 6

02 როგორ ემზადება საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღისთვის 11

თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს 16

03 როგორ ემზადება კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცესის დასაწყებად 17

04 როგორ ემსახურება საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველს

კენჭისყრის პროცესში 25

05 როგორ წარიმართება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი 37

06 როგორ ახდენს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღის განცხადებებზე და საჩივრებზე რეაგირებას 51

N1 დანართი - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების კალენდარი 54

01

რა სერვისებს აწვდის საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს კენჭისყრის დღემდე პერიოდში

ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისია, ფუნქციონირების დაწყებისთანავე, ამომრჩევლებს შესაბამის სერვისს სთავაზობს.

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროებას

  • ამომრჩევლის ბარათების დარიგებას

ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება

საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (26 სექტემბერი) გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ამომრჩევლების ფოტოსურათების და პირადი ნომრების გარეშე). საუბნო საარჩევნო კომისია აღნიშნულ სიას და მასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესს დაუყოვნებლივ აკრავს საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას, რითაც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების (საარჩევნო სუბიექტები) წარმომადგენლებისთვის.

საუბნო საარჩევნო კომისიას, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (24 ოქტომბერი), გადაეცემა საბოლოო, დაზუსტებული სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია. თავდაპირველი ვერსია იხსნება და კომისია იმავე ადგილას აკრავს სიის დაზუსტებულ ვერსიას.

ამომრჩევლის ბარათების დარიგება

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების ხელშეწყობის მიზნით, კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (6 ოქტომბერი), საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მისამართებზე ურიგებს საინფორმაციო ბარათებს, რომელშიც მითითებულია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახული ამომრჩევლის პირადი მონაცემები და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სიაში ცვლილების მოთხოვნის წესი.

ამომრჩევლის ბარათი ასევე შეიცავს ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისის მოთხოვნის წესთან დაკავშირებით.

საუბნო საარჩევნო კომისია, ამომრჩეველთა საბოლოო სიის საფუძველზე, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით მორიგ ეტაპზე არიგებს ბარათებს, რომელშიც მითითებულია: კენჭისყრის თარიღი და დრო; კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; საარჩევნო უბნის ნომერი; ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში და სხვა პირადი მონაცემები. ბარათები რიგდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (24 ოქტომბერი). ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი ამომრჩევლის ბარათები რიგდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ

შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, დარიგებაზე პასუხისმგებელ ჯგუფში/ჯგუფებში საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრის მონაწილეობით.

  • განცხადებების მიღებას და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნას

  • სიაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას

ამომრჩეველს, დამკვირვებელ ორგანიზაციას და საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას უფლება აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (8 ოქტომბერი), შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლონ საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.

საუბნო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც საჯაროობის მიზნით განკარგულებას აკრავს კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

  • განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანას

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას

ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვს ისარგებლოს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით სარგებლობის მოთხოვნით ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (15 ოქტომბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.

წერილობითი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია განცხადებაში მითითებული იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს აზუსტებინებს ინფორმაციას.

სატელეფონო ზეპირი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების მიღების ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას.

თუ ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას ითხოვს მისამართზე, რომელიც არ შედის ადრესატი საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, კომისიის მდივანი განცხადების რეგისტრაციისას ამომრჩეველს განუმარტავს, რომ ის არ შეიყვანება მოთხოვნილი საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩევლის წერილობით განცხადებას / სატელეფონო ზეპირ განცხადებას ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.

რეგისტრირებული განცხადებების საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზნით, საუბნო სარჩევნო კომისია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციით (საჭიროების შემთხვევაში) ამოწმებს საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის ფაქტს.

შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში საჯაროობისთვის აკრავს:

  • ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ (პირადი ნომრების გარეშე, ერთიან სიაში ამომრჩევლის რიგითი ნომრის მითითებით);

  • ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანაზე.

კომისიის შენობაში გასაჯაროებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ არსებულ ჩანაწერს „გადასატანი ყუთი“ კომისიის მდივანი და კომისიის თავმჯდომარე ადასტურებენ ხელმოწერით (დოკუმენტის ბოლოს ხელმოწერისთვის გამოყოფილ ადგილას).

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი) დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საკითხი განიხილოს არანაკლებ 9 წევრის მონაწილეობით, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესაყვანი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შემოსული განცხადებები უნდა გადაუგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საბოლოო, დაზუსტებულ ბეჭდურ ვერსიას (კედლის სია) საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნულ სიაში ასახულია ამომრჩევლების მონაცემები, რომლებიც:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შედეგად;

  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიიდან გადაყვანილი არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

საუბნო საარჩევნო კომისია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საბოლოო, დაზუსტებულ ვერსიას აკრავს კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. ამასთან, კომისიის მდივანი და კომისიის თავმჯდომარე ხელმოწერით (დოკუმენტის ბოლოს ხელმოწერისთვის გამოყოფილ ადგილას) ადასტურებენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში/სპეციალურ სიაში ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ არსებულ ჩანაწერს „გადასატანი ყუთი“.

  • ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში შეყვანის მოთხოვნით ამომრჩეველთა განცხადებების მიღებას და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნას

  • სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროებას

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს, ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით, მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას, უშუალოდ, ან ისარგებლოს საუბნო საარჩევნო კომისიის სერვისით.

ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღის (15 ოქტომბერი) 18:00 საათამდე, წერილობითი განცხადების ან სატელეფონო ზეპირი განცხადების ფორმით.

წერილობითი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია განცხადებაში მითითებული იყოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საჭიროების შემთხვევაში განმცხადებელს აზუსტებინებს ინფორმაციას.

სატელეფონო ზეპირი განცხადების რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების მიღების ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი და ადაპტირებული უბნის ნომერი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩევლის წერილობით განცხადებას / სატელეფონო ზეპირ განცხადებას ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კომისიის შენობაში საჯაროობისთვის დაუყოვნებლივ აკრავს ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ, რომლებმაც კომისიაში შეიტანეს განცხადება ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში შესაყვანის შესახებ. ამასთან, კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ამომრჩევლის ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

საოლქო საარჩევნო კომისია ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიას აცნობებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი). კომისიის შენობაში გასაჯაროებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ამომრჩევლის მონაცემების გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ არსებულ ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“ კომისიის მდივანი და კომისიის თავმჯდომარე ადასტურებენ ხელმოწერით (დოკუმენტის ბოლოს ხელმოწერისთვის გამოყოფილ ადგილას).

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. როგორ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის განხორციელებას?

  2. რა პროცედურის დაცვით შეჰყავს საუბნო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში?

  3. რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნით წარდგენილი წერილობითი განცხადება და რა მონაცემები უნდა ჩაინიშნოს კომისიის მდივანმა ამომრჩევლის სატელეფონო ზეპირი განაცხადის მიღების შემთხვევაში?

  4. როგორ უნდა იმოქმედოს საუბნო საარჩევნო კომისიამ იმ შემთხვევაში, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ ამომრჩეველთა განცხადებები გადააჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს?

  5. როგორ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისია ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისის განხორციელებას?

02

როგორ ემზადება საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღისთვის

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისის განსახორციელებლად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა (19 ოქტომბერი), კომისიის წევრებს შორის ანაწილებს შემდეგ ფუნქციებს:

  • ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები;

  • საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.

კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) არ იღებენ მონაწილეობას კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესში.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ეტაპობრივად. პირველ რიგში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული კომისიის წევრებიდან ვლინდებიან ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრები (ამომრჩეველთა რეგისტრატორების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას - არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე), შემდეგ ეტაპზე, ვლინდებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები, ხოლო ბოლო ეტაპზე, ფუნქციის გარეშე დარჩენილი კომისიის წევრებიდან ვლინდება ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრი და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრების გამოვლენის პროცესი:

  • თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ ამომრჩეველთა რეგისტრატორებს კომისიის თავმჯდომარე ავლენს წილისყრით.

  • თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ტოლია ან ნაკლებია გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობის, კომისიის თავმჯდომარე, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოვლენის პროცესი:

  • თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის ორზე მეტი წევრი, კომისიის თავმჯდომარე წევრებს შორის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას ანაწილებს წილისყრით.

  • თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის მხოლოდ ორი წევრი, კომისიის თავმჯდომარე კომისიის ორივე წევრს, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას.

ნაკადის მომწესრიგებლისა და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი ფუნქციის შემსრულებელი კომისიის წევრების გამოვლენის პროცესი:

  • თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის ერთზე მეტი წევრი, კომისიის თავმჯდომარე წევრებს შორის ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას, ასევე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის ფუნქციას ანაწილებს წილისყრით.

  • თუ ფუნქციის გარეშე დარჩენილია კომისიის მხოლოდ ერთი წევრი, კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრს, წილისყრის გარეშე, ავტომატურად ანიჭებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

კომისიის წევრთა შორის შესაბამისი ფუნქციების წილისყრით განაწილების პროცედურა:

  • კომისიის თავმჯდომარე წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით ამზადებს ერთნაირ ფურცლებს. თითო ფურცელზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით, აღნიშნავს წილისყრაში მონაწილე კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს;

  • კომისიის თავმჯდომარე წილისყრის ყველა ფურცელს ამოწმებს თავისი ხელმოწერით, კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე;

  • კომისიის თავმჯდომარე სათითაოდ იღებს წილისყრის ფურცლებს და ავლენს შესაბამისი ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს/წევრებს.

წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით, მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს წილისყრის ჩატარებისა და წილისყრაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

წილისყრის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეიტანება ფუნქციათა განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. აქტში ასახული ინფორმაცია კომისიის მდივანს კენჭისყრის დღეს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

კომისიის წევრი, რომელიც უარს განაცხადებს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებაზე, კარგავს ნაკადის მომწესრიგებლისა და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

საუბნო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სერვისის განსახორციელებლად, საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული საარჩევნო დოკუმენტაციით და ინვენტარით აწყობს კენჭისყრის შენობას, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (25 ოქტომბერი).

კენჭისყრის შენობაში:

  • კაბინაფარული ხმის მიცემის კაბინები უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. კაბინის გახსნილი მხარე/შესასვლელი მიმართული უნდა იყოს შენობის კედლისკენ. კაბინაში უნდა განთავსდეს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები კალამი.

ადაპტირებულ უბანზე, ასევე ეწყობა ფარული ხმის მიცემის ადაპტირებული კაბინა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის.

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორებისთვის უნდა გამოიყოს მაგიდები.

  • ძირითადი საარჩევნო ყუთი (დალუქვის გარეშე) უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ ამომრჩეველმა მათთან მისვლა შეძლოს შეფერხების გარეშე.

  • ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა გამოიყოს ადგილი სპეციალური კონვერტებისთვის.

კენჭისყრის შენობის მოწყობის ნიმუში

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია;

  • ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ასეთის არსებობისას);

  • არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიები;

  • განცხადება საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტის შესახებ, რომელიც აღარ მონაწილეობს არჩევნებში (ასეთის არსებობისას განცხადება იკვრება, როგორც კენჭისყრის შენობაში, ისე ფარული ხმის მიცემის კაბინებში);

  • ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

  • ამონარიდი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, რომელიც ადგენს საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის საფუძვლებს;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

საუბნო საარჩევნო კომისიას, კენჭისყრის დღეს შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად, საოლქო საარჩევნო კომისიისგან ასევე გადაეცემა:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის, ამომრჩეველთა სპეციალური სიის და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობისას) სამაგიდე ვერსიები;

  • საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები (თითო ბლოკნოტში აკინძულია 50 ცალი საარჩევნო ბიულეტენი);

  • სპეციალური კონვერტები;

  • საკონტროლო ფურცლები;

  • მარკირების სითხეები;

  • რეგისტრატორების სპეციალური ბეჭდები და სამელნე ბალიშები;

  • რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის განკუთვნილი სპეციალური სახაზავები;

  • მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ხელსაწყო (ულტრაიისფერ ფარანი);

  • გამადიდებელ ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის;

  • სპეციალური ჩარჩო-ფორმა უსინათლო ამომრჩევლებისთვის;

  • ძირითადი/გადასატანი საარჩევნო ყუთების ლუქები;

  • ძირითადი/გადასატანი საარჩევნო ყუთების ჭრილის ლუქები;

  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და სამელნე ბალიში (ბეჭედი გამოიყენება: კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელი წილისყრის ფურცლების დასამოწმებლად; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/შესწორების ოქმის და გასაცემი ფოტოასლების დასამოწმებლად; კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის დასამოწმებლად);

  • ლითონის სამაგრები (გამოიყენება ხმის დათვლის ეტაპზე);

  • კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის შესაფუთი კონვერტები/პოლიეთილენის პარკი;

  • ასლგადამღები მანქანა (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/შესწორების ოქმის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის ფოტოასლების გადასაღებად);

  • პლანშეტი (გამოიყენება კენჭისყრის დღეს ცესკოსთვის ელექტრონული ფორმით შესაბამისი ინფორმაციის გადასაცემად, მათ შორის, შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გადასაცემად).

საოლქო საარჩევნო კო­მისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. მიღება-ჩაბარების პროცესი ფორმდება აქტით (ორ ეგზემპლარად), რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

კენჭისყრის შენობის მოწყობის დასრულების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტს, საარჩევნო საარჩევნო დოკუმენტაციასა და ინვენტარს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აბარებს დაცვის პოლიციას.

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. რა თანმიმდევრობით და როგორი წესით ნაწილდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციები?

  2. რა პროცედურის დაცვით გაანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა:

  • აღემატება გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას?

  • არ აღემატება გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას?

  1. როდის და როგორ ეწყობა კენჭისყრის შენობა?

  2. რა საარჩევნო დოკუმენტაციას/ინვენტარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას,

03

როგორ ემზადება კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცესის დასაწყებად

საარჩევნო უბნის გახსნამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაცვის პოლიციისგან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იბარებს კენჭისყრის ოთახში დაცულ პლანშეტს, საარჩევნო დოკუმენტაციასა და ინვენტარს.

საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ, კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია, თანმიმდევრულად ახორციელებს შესაბამის პროცედურებს:

Open book

SubtitlesSubtitlesSubtitles

საარჩევნო უბნის გახსნა

საარჩევნო უბანი იხსნება 06:45 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან დროულად გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე. კომისია უფლებამოსილია, დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა 9 წევრი მაინც.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის ცხრაზე ნაკლებობის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისია მოქმედებს ზემდგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ხსნის ჩანაწერთა წიგნს და პირველ გვერდზე შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით). კომისიის წევრები ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციას ადასტურებენ ხელმოწერით.

ჩანაწერთა წიგნის შესაბამისი გვერდის ნიმუში

კენჭისყრის დღის განმავლობაში კომისიის ყველა წევრი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ფორმით და ატარებდეს ვინაობის, სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების კენჭისყრის შენობაში დაშვება და მათი უფლებრივი მდგომარეობა

საარჩევნო უბნის გახსნისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდნენ:

  • ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები/წარმომადგენლები;

  • რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები (ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა);

  • რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები (ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა, ასევე შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი);

  • აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები (ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა);

  • საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები (ერთ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი წარმომადგენლისა).

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ასევე მედიის წარმომადგენელს უფლება აქვს კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში უნდა იმყოფებოდნენ ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნით, რომელიც ძალაშია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.

დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები, აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან, თუ:

  • სამკერდე ნიშანზე სტატუსში მითითებულია დაშვება ყველა დონის საარჩევნო კომისიაში;

  • სამკერდე ნიშანზე სტატუსში მითითებულია დაშვება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან, თუ მათ სამკერდე ნიშანზე სტატუსში მითითებულია დაშვება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში.

კომისიის მდივანი ამოწმებს სამკერდე ნიშნის გაცემის ვადას და მასზე მითითებულ სტატუსს. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე, საჭიროების შემთხვევაში მე-2 და მე-10 გვერდებზე, შეაქვს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის/საარჩევნო სუბიექტის მითითებით). აღნიშნული პირები ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციას ადასტურებენ ხელმოწერით.

კენჭისყრის შენობაში დაშვების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომისიის მდივანი პირს მიუთითებს დატოვოს კენჭისყრის შენობა.

დამკვირვებელი და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებებით, მათ შორის, მათ უფლება აქვთ, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად:

  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

  • მოსთხოვონ ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

  • დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

  • დააკვირდნენ ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

  • დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის შექმნას შესაბამისი პირობები, მათი უფლებამოსილებების დაბრკოლებების გარეშე განსახორციელებლად.

დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი ვალდებულები არიან დაიცვან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები. მათ უფლება არ აქვთ:

  • ჩაერიონ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში;

  • გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

  • ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი, აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის განაწილებული ფუნქციების შესახებ მონაცემების ასახვა ჩანაწერთა წიგნში

ამომრჩევლების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კენჭისყრის დღეს შემდეგ ფუნქციებს ასრულებენ:

  • ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი;

  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი;

  • საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები.

კომისიის მდივანს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების შედეგები, რომელიც ასახულია ფუნქციების გასანაწილებლად კენჭისყრის დღემდე ჩატარებული წილისყრის შედეგების აქტში, შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

კომისიის წევრისთვის მინიჭებული ფუნქციის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. კომისიის მდივანი ფუნქციის გადაცემას, დროის მითითებით, აღნიშნავს ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემის ფაქტს.

H:\t.gogisvanidze\ჩანაწერთა წიგნის ვიზუალები\ტექნოლოგიური\მეხუთე გვერდი - ფუნქციის დროებით გადაცემა.jpg

რისკების პრევენცია:

  • თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს. საჭიროების შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ფუნქციის შესრულება დაავალოს კომისიის იმ წევრს, რომელსაც მინიჭებული აქვს ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შეითავსებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას. რეგისტრატორის ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის მინიჭების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორის რაოდენობას.

  • თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას ანიჭებს კომისიის სხვა წევრს.

  • თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას შეითავსებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

  • თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას თავად შეითავსებს.

საარჩევნო უბანზე დაგვიანებით გამოცხადებული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

რაოდენობრივი მონაცემების გამოცხადება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების შედეგების ჩანაწერთა წიგნში შეტანის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ხსნის კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს. კომისიის მდივანი კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომერს უთითებს ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს მიღებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას, ასევე, ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი სიის მიხედვით, ასევე, სპეციალური სიის და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით (ასეთის არსებობისას).

კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები, გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა, შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და ჩანაწერთა წიგნში.

სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და ჩანაწერთა წიგნში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.

საარჩევნო ყუთების დალუქვა

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამოწმებს ძირითად/გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით ლუქავს ძირითად/გადასატან საარჩევნო ყუთებს.

კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს საარჩევნო ყუთების ინდივიდუალური ლუქების ნომრები და დალუქვის ზუსტი დრო.

ჩანაწერთა წიგნის შესაბამისი გვერდის ნიმუში

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის და საარჩევნო მასალის გადაცემა

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს, კენჭისყრის პროცესში შესასრულებელი ფუნქციების შესაბამისად, გადასცემს საარჩევნო დოკუმენტაციას და მასალას.

ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადაეცემა მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერი ფარანი. თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს:

  • ანბანის მიხედვით დანაწილებული ამომრჩეველთა ერთიანი სია. ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე, გადაეცემა ამომრჩეველთა სპეციალური სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • საარჩევნო ბიულეტენების თითო ბლოკნოტი (რეგისტრატორი ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტეს და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელმოწერით ადასტურებს ბლოკნოტის თავფურცელზე არსებულ მიღება-ჩაბარების აქტში);

  • მარკირების სითხე;

  • სპეციალური სახაზავი;

  • საწერი კალამი (ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის დაფიქსირების მიზნით);

  • რეგისტრატორების ბეჭედი (ბეჭდის ნომრები მიეთითება ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე).

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორის ბეჭდები საჭირო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ან ბეჭედი დაზიანდა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მცირდება რეგისტრატორების რაოდენობა.

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს გადაეცემა სპეციალურ კონვერტები. იგი ადგილს იკავებს ძირითად საარჩევნო ყუთთან.

კომისიის თავმჯდომარე თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან აკრავს ამომრჩეველთა გვარების ანბანურ და სიაში ამომრჩეველთა რიგითი ნომრების თანამიმდევრობას სარეგისტრაციო მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად.

ჩანაწერთა წიგნის შესაბამისი გვერდის ნიმუში

საკონტროლო ფურცლის შევსება

კომისიის წევრებისათვის მასალების გადაცემის შემდეგ, რეკომენდებულია კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შეავსონ საკონტროლო ფურცლების თვითკოპირებადი ფორმა, გარდა პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემებისა. საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

პირველი ამომრჩეველი, მოსვლისას, გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. კომისიის მდივანს მის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) შეაქვს საკონტროლო ფურცლებში, რომელსაც ხელს აწერს პირველი ამომრჩეველი.

კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით. საკონტროლო ფურცლის მონაცემები კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

ჩანაწერთა წიგნის შესაბამისი გვერდის ნიმუში

პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს საარჩევნო ყუთის/ყუთების დალუქვის და საკონტროლო ფურცლის ყუთში/ყუთებში მოთავსების შესახებ.

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი?

  2. ვინ არის პასუხისმგებელი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოებაზე?

  3. ჩამოთვალეთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი კენჭისყრის შენობაში დაშვების მიზნებისთვის?

  4. კენჭისყრის დღეს რა უფლებებით სარგებლობენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და რისი უფლება არ აქვთ მათ?

  5. საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ, რა მონაცემები შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში?

04

როგორ ემსახურება საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველს კენჭისყრის პროცესში

  • ფუნქციების ზედმიწევნით შესრულებას

  • ამომრჩეველთან ეთიკურ კომუნიკაციას

  • ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცედურის განმარტებას

  • ამომრჩევლის კენჭისყრის პროცესში დაბრკოლებების გარეშე მონაწილეობის ხელშეწყობას

  • ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დაცვას

კენჭისყრის პროცესი

კენჭისყრა იმართება კენჭისყრის დღის (26 ოქტომბერი) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება დადგენილი თანმიმდევრობის დაცვით.

I. კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.

ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი:

  • არეგულირებს კენჭისყრის შენობაში შემომსვლელი ამომრჩევლების ნაკადს;

  • სთხოვს ამომრჩეველს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი);

  • ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს ხელზე მარკირება.

შემოწმების შედეგების გათვალისწინებით:

  • თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს განუმარტავს უარს კენჭისყრის ოთახში დაშვებაზე, ხოლო ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას აცნობებს კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნში შეტანის მიზნით.

  • თუ ამომრჩეველი აკმაყოფილებს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს მიუთითებს მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში. თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორი ამომრჩეველი დგას, ნაკადის მომწესრიგებელი დროებით შეაყოვნებს კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლის შესვლას.

II. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველს უწევს რეგისტრაციის და შემდგომ საარჩევნო ბიულეტენის გაცემის სერვისს.

რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან ამომრჩევლის მონაცემების შესაბამისობის დადასტურება;

  • ამომრჩევლის მარკირება;

  • ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში ამომრჩევლის მიერ ხელმოწერა.

ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცედურის აღწერა. რეგისტრატორი სთხოვს ამომრჩეველს, წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრატორი ამოწმებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადას, საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ამოწმებს დოკუმენტის გაცემის თარიღს.

თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (ძალადაკარგულია 2011 წლის 27 ივლისის ჩათვლით გაცემული არაელექტრონული მოწმობა), მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის მიზეზს და მიუთითებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემა, თუ წარადგენს მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

დოკუმენტის მოქმედების ვადის შემოწმების შემდგომ, რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:

  • სახელი;

  • გვარი;

  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს).

რეგისტრატორი ასევე ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას.

თუ რეგისტრატორმა ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ მოცემული პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

თუ კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს შეუსაბამობას, კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ჩანაწერი დასტურდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

თუ კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს შეუსაბამობას, რეგისტრატორს უფლება აქვს, ჩანაწერთა წიგნში ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.

აღნიშნულ შემთხვევებში კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.

ამომრჩევლის მონაცემთა შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრატორი ამომრჩეველს უკეთებს მარკირებას მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია – მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე).

მარკირების პროცედურის გავლაზე უარის შემთხვევაში, ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და რეგისტრატორი მას განუმარტავს დატოვოს კენჭისყრის შენობა.

მარკირების პროცედურის განხორციელების შემდეგ, რეგისტრატორი ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში და მიუთითებს ამომრჩეველს სიაში ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის მიღება.

თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის ერთიან სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).

ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემის პროცედურა. ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, რეგისტრატორი ხელს აწერს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და საარჩევნო ბიულეტენს ამოწმებს სპეციალური ბეჭდით. რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს.

„ხმის მისაცემად საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომერი. შევსებული საარჩევნო ბიულეტენი გადაკეცეთ ისე, რომ არ ჩანდეს, ვის მიეცით ხმა.“

ამის შემდეგ, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს და მიუთითებს გადაინაცვლოს ფარული ხმის მიცემის კაბინაში.

III. საარჩევნო ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული ხმის მიცემის კაბინაში.

ამომრჩეველი ავსებს საარჩევნო ბიულეტენს.

ფარული ხმის მიცემის კაბინაში, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას, სხვა პირის დასწრება და ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს საარჩევნო უბანზე მყოფი ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა;

ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.

თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ეს უნდა აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით.

კომისიის თავმჯდომარე, ამომრჩევლის თანდასწრებით, გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების დანახვა, გადაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს ამაგრებს ლითონის შემკვრელით, ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ინახავს ცალკე.

IV. საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან.

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის მითითებით, ამომრჩეველი სპეციალური კონვერტების მაგიდიდან დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და ათავსებს მასში გადაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს.

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი სპეციალური კონვერტი აქვს, ხსნის საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, სპეციალური კონვერტი მოათავსოს საარჩევნო ყუთში.

სპეციალური კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაშვების შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს.

გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცესი

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენ­ჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს:

  • დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს;

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის კომისიისთვის განკუთვნილ ვერისას;

  • ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;

  • სპეციალურ კონვერტებს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად;

  • ლითონის შემკვრელს (გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად);

  • მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს;

  • მარკირების სითხეს;

  • საწერ კალამს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის დაფიქსირებისა და ბიულეტენის შევსების მიზნებისთვის);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქს.

კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა ტარდება დადგენილი თანმიმდევრობის დაცვით.

I. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის საფუძვლებს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი:

  • სთხოვს ამომრჩეველს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი);

  • ამოწმებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადას;

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ამოწმებს დოკუმენტის გაცემის თარიღს;

  • ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს ხელზე მარკირება.

შემოწმების შედეგების გათვალისწინებით:

  • თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს განუმარტავს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველს. ფაქტთან დაკავშირებით კომისიის წევრმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით). დოკუმენტს ხელს აწერენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები თანმხლებ პირებთან ერთად (ასეთის არსებობისას).

  • თუ ამომრჩეველი წარადგენს ვადაგასულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ძალადაკარგულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (ძალადაკარგულია 2011 წლის 27 ივლისის ჩათვლით გაცემული არაელექტრონული მოწმობა), მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს განუმარტავს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველს და მიუთითებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემა, თუ წარადგენს მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

  • თუ ამომრჩეველი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი აგრძელებს ამომრჩევლის რეგისტრაციისა და საარჩევნო ბიულეტენის გაცემის პროცედურას.

II. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს უწევს რეგისტრაციის და შემდგომ საარჩევნო ბიულეტენის გაცემის სერვისს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის მიერ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას.

სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს უკეთებს მარკირებას მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია – მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე).

მარკირების პროცედურის გავლაზე უარის შემთხვევაში, ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და კომისიის წევრი განუმარტავს მას, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველს.

მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ).

მარკირების პროცედურის განხორციელების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ხელს აწერს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სათანადო გრაფაში და მიუთითებს ამომრჩეველს სიაში ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის მიღება.

თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. ფაქტთან დაკავშირებით კომისიის წევრმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით). დოკუმენტს ხელს აწერენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები თანმხლებ პირებთან ერთად (ასეთის არსებობისას).

ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს განუმარტავს საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს

„ხმის მისაცემად საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომერი. შევსებული საარჩევნო ბიულეტენი გადაკეცეთ ისე, რომ არ ჩანდეს, ვის მიეცით ხმა.“

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს, სპეციალურ კონვერტს და მიუთითებს ფარულობის პრინციპის დაცვით შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი.

III. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი ფარულობის დაცვით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს.

ამომრჩეველი შევსებულ საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ კონვერტში.

თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდე­ბლად შევსება, მას უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი ახლით.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩევლის თანდასწრებით, გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების დანახვა, გადაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს ამაგრებს ლითონის შემკვრელით, ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანზე დაბრუნებისთანავე.

IV. ამომრჩეველი სპეციალური კონვერტში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ხსნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონვერტი ჩაუშვას მასში.

თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დაირღვა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური კონვერტები და გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ/გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს აჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ხელმოწერით ადასტურებს.

კომისიის მდივანი ამოწმებს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სისწორეს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის მიზნებისთვის.

კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო.

ფიზიკური მდგომარეობის გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა

ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

  • ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს.

  • ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემამდე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში/გადასატანი ყუთის სიაში, ამომრჩევლის ხელმოწერის ადგილზე კეთდება ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა” და აღნიშნული დასტურდება რეგისტრატორის/გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ხელმოწერით.

  • ამომრჩეველს უფლება აქვს, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

  • ამომრჩევლის ნაცვლად, მისი თანდასწრებით, შევსებულ საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ კონვერტში დებს და შემდეგ ძირითად/გადასატან საარჩევნო ყუთში ათავსებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარა საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში.

კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ეკრძალებათ ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, ფოტოვიდეოგადაღება, შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა

კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის (ამომრჩეველთა აქტივობა) დადგენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითებით, რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, უნდა გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) და მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.

ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა დათვლილი მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის მიზნებისთვის.

შესაბამისი პერიოდისთვის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მონაცემები, მათ შორის 20:00 საათზე გენდერულ ჭრილში, პლანშეტით ეცნობება ცესკოს.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით, უთითებს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

სქემა N1. ამომრჩეველთა რაოდენობის (აქტივობის) შესახებ ინფორმაციის ცესკოსთვის გადაგზავნის პროცესის ილუსტრაცია

კომისიის თავმჯდომარე პლანშეტში ჩატვირთული პროგრამის გააქტიურების შემდეგ, შედის პროგრამის მენიუში. პროგრამის მენიუში კომისიის თავმჯდომარემ ირჩევს ღილაკს „აქტივობა“. კომისიის თავმჯდომარე ირჩევს ველს „აქტიური“
კომისიის თავმჯდომარეს გრაფაში შეაქვს ამომრჩეველთა რაოდენობა და ღილაკზე „გაგზავნა“ დაჭერით მონაცემები იგზავნება. გაგზავნილი მონაცემი აისახება შესაბამისი პერიოდის აქტივობის გრაფაში.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა

ამომრჩევლების კენჭისყრის პროცესში დაბრკოლებების გარეშე მონაწილეობის ხელშეწყობისა და ხმის მიცემის ფარულობის დაცვის უზრუნველსაყოფად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისთვის.

კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების შესახებ. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა დაუშვებელია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები:

  • თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების შესახებ. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს გადაწყვეტილება. ფაქტთან დაკავშირებით სათანადო აღნიშვნა კეთდება ჩანაწერთა წიგნში.

  • თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას. საზოგადოებრივი წესრიგის დარ­ღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას.

კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება. თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას?

  2. საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას?

  3. თუ ამომრჩეველმა წარადგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობა, რა შემთხვევაში ეთქმება მას უარი კენჭისყრის შენობაში დაშვებასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე?

  4. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩეველი შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში?

  5. საარჩევნო ბიულეტენის შევსების შესახებ რა ინსტრუქციას აძლევს რეგისტრატორი ამომრჩეველს?

  6. თუ ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, ვისი მიწვევის უფლება აქვს დასახმარებლად ფარული ხმის მიცემის კაბინაში?

  7. რა პროცედურების გათვალისწინებით მონაწილეობს კენჭისყრაში ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას?

  8. რა სერვისს სთავაზობს საუბო საარჩევნო კომისია მცირემხედველ და უსინათლო ამომრჩევლებს?

  9. თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, რა პროცედურის დაცვით გაიცემა მასზე ახალი საარჩევნო ბიულეტენი?

  10. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის დაცვის მიზნით, რა ინსტრუქციას აძლევს რეგისტრატორი ამომრჩეველს?

  11. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რა ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს?

  12. როდის იწყება და როდის სრულდება კენჭისყრის პროცესი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით?

  13. ავტომანქანით გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გადაადგილებისას, რამდენი მეთვალყურისთვის უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი ავტომობილში და როგორ განისაზღვრება ამ მეთვალყურეების ვინაობა?

  14. ითვალისწინებს თუ არა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი ამომრჩევლის მარკირების პროცედურას?

  15. რა პერიოდულობით ხდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენა და რა წესით?

  16. რა შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის გაძევების შესახებ და რა პროცედურაა გათვალისწინებული აღნიშნული ღონისძიების გატარებისთვის?

  17. რა შემთხვევაშია დასაშვები კენჭისყრის შენობაში პოლიციის მუშაკების შესვლა?

05

როგორ წარიმართება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი

  • ორგანიზებულად და გამჭვირვალედ წარმართოს კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის შექმნას კენჭისყრის შეჯამების პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობები

  • კეთილსინდისიერად შეასრულოს საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში დაკისრებული ფუნქციები და დაიცვას მონაცემთა სიზუსტე

  • უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერით დადასტურება, ზემდგომი საარჩევნო კომისიისთვის დროულად მიწოდება და საარჩევნო უბანზე ოქმის საჯაროობა

საარჩევნო უბნის დახურვა

კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს რაოდენობა შეაქვს ჩანაწერთა წიგნში. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კომისიის თავმჯდომარე ლუქავს ძირითადი ყუთის ჭრილს და კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება.

კენჭისყრის დასრულებისთანავე, კომისიის მდივანს ჩანაწერთა წიგნის 26-ე, 27-ე გვერდებზე შეაქვს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის წევრების სახელი, გვარი (ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით), ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების სახელი, გვარი (წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით). აღნიშნული პირების ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციას ადასტურებენ ხელმოწერით.

კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს ნებისმიერ დროს აქვთ კენჭისყრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების უფლება.

კენჭისყრის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები იწყებენ მზადებას კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთვის. ამ მიზნით თანმიმდევრულად ახორციელებენ შემდეგ პროცედურებს:

EnvelopeEnvelope

Envelope

საარჩევნო უბნის მომზადება ხმების დათვლის პროცედურისთვის

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებს კენჭისყრის ოთახს. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს არანაკლებ ოთხ მთვლელს.

კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილების პროცედურა:

  • კომისიის თავმჯდომარე წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით ამზადებს ერთნაირ ფურცლებს. აქედან შესაბამისი რაოდენობის ფურცელზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით, აღნიშნავს გასანაწილებელი ფუნქციის დასახელებას - „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“, „მეოთხე მთვლელი“.

  • კომისიის თავმჯდომარე ხელმოწერით და კომისიის სპეციალური ბეჭდით ამოწმებს წილისყრის ყველა ფურცელს, კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.

  • წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.

კომისიის მდივანს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების შედეგები შეაქვს ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

კომისიის თავმჯდომარე, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები.

დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის მდივანს, ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე, ასევე შეაქვს კომისიის საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის ჩატარებული წილისყრის შედეგები და დამკვირვებლებისგან გამოვლენილი ორ მეთვალყურის მონაცემები.

მთვლელები ხმის დათვლისთვის განკუთვნილ მაგიდასთან ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები (მათ უნდა შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების და დათვლის პროცესის დანახვა).

მთვლელების გვერდით დგებიან დამკვირვებელთაგან გამოვლენილი მეთვალყურეები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისგან გამოვლენილი პირები.

კომისიის თავმჯდომარე ადგილს იკავებს იმგვარად, რომ შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა.

კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:

  • ამომრჩეველთა ერთიანი სია;

  • სპეციალური სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • რეგისტრატორებთან არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;

  • გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;

  • ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები.

მთვლელები ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის სიებში, რითაც დგინდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა (რეგისტრატორის/გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით ასეთის არსებობისას)).

კომისიის მდივანს კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნამდე, კომისიის მდივანი, დალუქვის მიზნით, ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს:

  • ამომრჩეველთა ერთიან სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • სპეციალურ სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;

  • რეგისტრატორებთან არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებს (პაკეტში მოთავსებამდე კომისიის მდივანი აღნიშნულ საარჩევნო ბიულეტენებს აჭრის კუთხეს).

კომისიის მდივანი თითოეულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო ოლქის დასახელებას და ნომერს, საარჩევნო უბნის დასახელებას და ნომერს, საარჩევნო დოკუმენტაციის სახეს. დალუქულ პაკეტებს, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.

ამომრჩეველთა სიების და გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში). საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ლუქავს აღნიშნულ დოკუმენტებს, დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.

საარჩევნო ყუთების გახსნა, საარჩევნო ბიულეტენების დათვლა/დალუქვა

თავდაპირველად იხსნება გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას და ხსნის მას.

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და საკონტროლო ფურცელს ადარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელთან.

თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ან საკონ­ტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად და დაეწერება „ბათილია“. დოკუმენტაცია საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

თუ დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მთვლელებს, დრო­ებით დააბრუნონ სპეციალური კონვერტები გადასატან საარჩევნო ყუთში.

შემდეგ ეტაპზე იხსნება ძირითადი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთების ლუქების მთლიანობას და ხსნის მას.

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, რის შემდეგაც ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და საკონტროლო ფურცელს ადარებენ კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელთან.

თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება და დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლის პროცესს.

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე ლუქავს საკონტროლო ფურცლებს. დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების და დათვლის მიზნით, პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს ვისთვისაა მიცემული ხმა, საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო სუბიექტების მიხედვით გადასცემს მეორე და მესამე მთვლელს, ხოლო მეოთხე მთვლელს გადასცემს ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე.

მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ:

  • საარჩევნო ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

  • ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;

  • საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.

დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა, თუ:

  • სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის;

  • სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი საარჩევნო ბიულეტენი;

  • საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეცია­ლური კონვერტის გარეშე;

  • საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩე­ველ­თა რეგისტრატორის ხელმოწერით ან/და რეგისტრატორის ბეჭდით;

  • შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

  • საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

თუ სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ან საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე, მთვლელებმა ასეთი საარჩევნო ბიულეტენის წინა მხარეს უნდა დააწერონ ბათილად ცნობის შესაბამისი საფუძველი „მეტი ბიულეტენი“, „კონვერტის გარეშე“.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:

  • ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;

  • თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.

საარჩევნო სუბიექტისთვის კუთვნილი ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის სამაგრით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებს მონაცემების სისწორეს: თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამი მეტია კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე, კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს ხელახლა გადაითვალონ მონაცემები.

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდო­მარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:

  • ბათილი საარჩევნო ბიულეტენები;

  • სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში;

  • საარჩევნო სუბიექტების კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტები.

თითოეულ კონვერტში/პარკში ილუქება მხოლოდ ერთი სახის საარჩევნო დოკუმენტაცია.

თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, სუბიექტის მონაცემები (სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით.

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაბეჭდილია დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, ოქმს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ბეჭდური ფორმით ასახულია შემდეგი ინფორმაცია:

  • არჩევნების დასახელება და კენჭისყრის თარიღი;

  • საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

  • საარჩევნო უბნის ნომერი;

  • გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

  • №1 გრაფაში – ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

  • №2 გრაფაში – მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

  • საარჩევნო სუბიექტების დასახელება (რიგითი ნომრების მითითებით);

  • ოქმის შედგენის წელი და თვე.

ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შეაქვს შემდეგი მონაცემები:

  • №3 გრაფაში – სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

  • №4 გრაფაში – კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 12 საათსა და 17 საათზე;

  • №5 გრაფაში – კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

  • N6 გრაფაში – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

  • საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

  • რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

  • კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომერი.

№3, №4, №5, №6 გრაფებში, ასევე სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მოცემულ ოთხ დანაყოფიანი უჯრებიდან მეოთხე (ბოლო) უჯრაში მდივანმა უნდა შეიტანოს ერთეულების თანრიგის ციფრი, მესამე უჯრაში – ათეულების თანრიგის ციფრი, მეორე უჯრაში – ასეულების თანრიგის ციფრი, პირველ უჯრაში – ათასეულების თანრიგის ციფრი;

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემების გრაფაში დარჩება ცარიელი უჯრა/უჯრები, სავალდებულოა კომისიის მდივანმა ცარიელ უჯრაში/უჯრებში შეიტანოს სიმბოლო „X“.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების ნიმუში

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა

ერთეულების თანრიგის ციფრი

ათეულების თანრიგის ციფრი

ასეულების თანრიგის ციფრი

ათასეულების თანრიგის ციფრი

ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

(სხვა უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემატება)

შეაქვს სიმბოლო „X“

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს მათი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი).

ნიმუში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.

აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.

თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №3, №4, №5, №6 გრაფებში, ასევე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მონაცემების შეტანისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“ და დგება შესწორების ოქმი.

კომისიის მდივანი შესწორების ოქმს ადგენს კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, რომელშიც შეაქვს შემდეგი მონაცემები:

  • საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

  • საარჩევნო უბნის ნომერი;

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი გრაფის ნომერი, რომელშიც შედის შესწორება; რიცხვი, რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად;

  • საარჩევნო სუბიექტის დასახელება, რომლის გასწვრივ მონაცემებში შედის შესწორება;

  • რიცხვი, რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად.

საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი. კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. შესწორების ოქმი დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.

თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომრის, რეგისტრატორის ბეჭდის ნომრის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღის/დროის შეტანისას, ან არ მოხდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმება კომისიის სპეციალური ბეჭდით და ასეთი ფორმით გაიცა მისი ფოტოასლი, კომისიის მდივანმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯა­მებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით (პლანშეტით) გადაუგზავნოს ცესკოს. ამ მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პლანშეტის გამოყენებით, გადაიღებს და ცესკოში გადააგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს.

თუ დაფიქსირდა პლანშეტის ტექნიკური ხარვეზი (პრობლემა შეექმნა ცესკოს აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც იგზავნება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი) და ვერ მოხერხდა ხარვეზის გამოსწორება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირების მიერ სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მის ატვირთვას ელექტრონული მართვის სისტემაში.

თუ საარჩევნო უბანზე არ არის მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირი, ასეთ შემთხვევაში, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი ცესკოს შეიძლება მიეწოდოს კენჭისყრის შენობის გარე პერიმეტრიდან, ან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უფლებამოსილი პირების მიერ სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს მის ატვირთვას ელექტრონული მართვის სისტემაში.

სქემა N2. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის ცესკოსთვის გადაგზავნის პროცესის ეტაპების ილუსტრაცია

კომისიის თავმჯდომარე პროგრამის გააქტიურების შემდეგ, შედის პროგრამის მენიუში. კომისიის თავმჯდომარე აჭერს ღილაკს „ოქმი“. კომისიის თავმჯდომარე აჭერს ღილაკს „პროპორციული“
კომისიის თავმჯდომარე აჭერს ფოტოაპარატის ამსახველ ღილაკს. კომისიის თავმჯდომარე, აჭერს ღილაკს „გადაღება“ და აპარატის მეშვეობით იღებს ოქმის ფოტოასლს. კომისიის თავმჯდომარე, ოქმის ფოტოასლის გაგზავნის მიზნით აჭერს ღილაკს „გაგზავნა“

იგივე პრინციპის დაცვით ცესკოში იგზავნება შესწორების ოქმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი, კომისიის წევრთა განსხვავებული აზრის დოკუმენტის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი, შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრის/კომისიის მდივნის ახსნა-განმარტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლი.

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯა­მებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თან­დართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვ­ნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნსა და სარეგისტრაციო ჟურნალში.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და დადგენილი წესით დამოწმებულ მის ფოტოასლს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

კომისიის მდივანი, შემაჯამებელი ოქმის ასლების გაცემის შემდეგ, ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნს. ამ მიზნით, სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნში. უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კომისიის მდივანი აკეთებს წარწერას „დახურულია”, მიუთითებს თარიღს, ზუსტ დროს, ჩანაწერს კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ადასტურებს ხელმოწერით და კომისიის სპეციალური ბეჭდით.

საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა ინვენტარის გადაბარება საოლქო საარჩევნო კომისიისთვის

საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა ინვენტარის გადაბარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს:

  • ჩანაწერთა წიგნს და მასთან ერთად განცხადებებს/საჩივრებს (ასეთის არსებობისას);

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.

ჩანაწერთა წიგნის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

დალუქვის პროცედურის დასრულების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიის კომისიის თავმჯდომარეს ან/და კომისიის მდივანს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიაქვს:

  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმი, შესწორების ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • სარეგისტრაციო ჟურნალი და მასთან ერთად საუბნო კომისიის წევრთა/კომისიის მდივნის ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • ჩანაწერთა წიგნის დალუქული პაკეტი.

თითოეული სახის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემისას დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, დანარჩენი დალუქული დოკუმენტაცია, საარჩევნო ინვენტარი და პლანშეტი მიაქვს საოლქო საარჩევნო კომისიის საწყობში და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს საწყობის უფლებამოსილ პირს.

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. როგორ მოქმედებს საუბნო საარჩევნო კომისია, თუ კენჭისყრის დასრულების დროისთვის (20:00 საათი) სახეზეა რიგში მდგომი ამომრჩევლები?

  2. როგორ ავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს?

  3. როგორ ავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს?

  4. რა პროცედურის დაცვით ილუქება რეგისტრატორებთან არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები?

  5. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ

  • გადასატან საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა?

  • ძირითად საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა?

  1. რა შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი?

  2. რა მონაცემები აღინიშნება თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე?

  3. საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის დალუქვისას, ვინ აწერს ხელს:

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის დალუქული პაკეტის ზოლზე?

  • საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დალუქული პაკეტის ზოლზე?

  • კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტის ზოლზე?

  • ჩანაწერთა წიგნის დალუქული პაკეტის ზოლზე?

  1. ვინ აწერს ხელს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს?

  2. რა შემთხვევაში ითვლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონედ?

  3. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მონაცემების შეტანისას?

  4. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული ოქმის შედგენის თარიღის/დროის შეტანისას?

  5. როგორ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობას?

  6. რა წესით გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებზე?

  7. საუბნო საარჩევნო კომისიიდან ვინ არის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გადაბარებაზე?

06

როგორ ახდენს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღის განცხადებებზე და საჩივრებზე რეაგირებას

  • პროცესის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარმართვას

  • დაინტერესებული პირებისთვის განცხადებების/საჩივრების წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურის განმარტებას

  • განცხადებების/საჩივრების წარმდგენ პირებთან ეთიკურ კომუნიკაციას

  • განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებების გამოკვლევას და სათანადო რეაგირებას

კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია

კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით/საჩივრით მიმართვის უფლებამოსილების მქონე პირია საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიაში და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი.

საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 06:45 საათიდან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ (კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით) შედგენილი უნდა იქნეს ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა საჩივრის რეგისტრაციისას დააფიქსირეს დარღვევა, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს/დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მე-10 და მომდევნო გვერდებზე. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).

არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი.

კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გან­ცხა­დების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

  • განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

  • განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

  • საარჩევნო უბნის ნომერს;

  • მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადე­ბის/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.

ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთ­პიროვ­ნულად ადგენს განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.

განცხადება/საჩივარი არ განი­­­ხი­ლება, თუ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსო.

კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისია ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივანი წერს „დარღვევა აღმოფხვრილია“ და უთითებს ზუსტ დროს.

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (06:45 საათიდან) გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში).

საუბნო საარჩევნო კომისია წარდგენილ განცხადებას/საჩივარს არ განიხილავს და გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

  • განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

  • განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;

  • განცხადება/საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადისა და წესის დარღვევით;

  • დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.

კითხვები ცოდნის თვითშეფასებისთვის

  1. ვის აქვს საუბნო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის დღის განცხადებით/საჩივრით მიმართვის უფლება?

  2. საუბნო საარჩევნო კომისიიდან ვინ და რა შემთხვევაში ადგენს ხარვეზს განცხადებაზე /საჩივარზე?

  3. რა შემთხვევაში ტოვებს საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღის განცხადებას/საჩივარს განუხილველად?

დანართი N1

საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების კალენდარი

სექტემბერი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30

26 სექტემბერი (კენჭისყრის დღემდე 30-ე დღე):

  • ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია იწყებს ფუნქციონირებას.

  • საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია.

  • საუბნო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიას (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე).

  • საუბნო საარჩევნო კომისია იწყებს ამომრჩეველთა ბარათების დარიგებას (საწყისი ვადა).

  • დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და ამომრჩეველს უფლება აქვს ამომრჩეველთა სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, განცხადებით მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანა (საწყისი ვადა). საუბნო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

  • ამომრჩეველს უფლება აქვს, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა (საწყისი ვადა).

  • ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვს, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით სარგებლობის მოთხოვნით (საწყისი ვადა) საუბნო საარჩევნო კომისია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აკრავს კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

ოქტომბერი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 კენჭისყრის დღე 27
28 29 30 31

6 ოქტომბერი (კენჭისყრის დღემდე მე-20 დღე):

  • საუბნო საარჩევნო კომისია ასრულებს ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას (ბოლო ვადა).

8 ოქტომბერი (კენჭისყრის დღემდე მე-18 დღე):

  • დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და ამომრჩეველს უფლება აქვს ამომრჩეველთა სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, განცხადებით მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანა (ბოლო ვადა) საუბნო საარჩევნო კომისია შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

15 ოქტომბერი (კენჭისყრის დღემდე მე-11 დღე):

  • ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა (ბოლო ვადა).

  • ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია მიაწოდოს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია.

  • ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვს, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით სარგებლობის მოთხოვნით (ბოლო ვადა). საუბნო საარჩევნო კომისია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აკრავს კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

16 ოქტომბერი (კენჭისყრის დღემდე მე-10 დღე):

  • საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

  • საუბნო საარჩევნო კომისია ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია) დაუყოვნებლივ აკრავს თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობებში.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი (ბოლო ვადა). აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

24 ოქტომბერი (კენჭისყრის დღემდე მე-2 დღე):

  • საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა საბოლოო, დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე). კედლის სიის თავდაპირველი იხსნება და კომისია იმავე ადგილას აკრავს დაზუსტებულ ვერსიას.

  • საუბნო საარჩევნო კომისია, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს გადასცემს ამომრჩეველთა ბარათებს (ბოლო ვადა).

25 ოქტომბერი (კენჭისყრის წინა დღე):

  • საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ყველა საჭირო ინვენტარი, დოკუმენტაცია და საარჩევნო მასალა (ბოლო ვადა).

  • საუბნო საარჩევნო კომისია აწყობს კენჭისყრის შენობას.

26 ოქტომბერი (კენჭისყრის დღე):

  • 06:45 საათი - იხსნება საარჩევნო უბანი.

  • 08:00 საათიდან - იწყება კენჭისყრა.

  • 09:00 საათიდან - იწყება გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესი.

  • 10:00 საათიდან (12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათებზე) - დგინდება კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.

  • 19:00 საათი - სრულდება გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესი.

  • 20:00 საათი - სრულდება ხმის მიცემის პროცესი. საარჩევნო უბანი იხურება.

  • 20:00 საათიდან - იწყება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა.