საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016397 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის
სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ
ანსამბლ „არსიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური
ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმის“
დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლი „ბასიანის“ დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო
მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო
ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№7
2024 წლის 27 სექტემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, მე-20 მუხლების, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად,
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულება, თანახმად დანართისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №65 დადგენილების მე-2 პუნქტი (გაზეთი ,,აჭარა“ №132 (22.394), 15.07.05).
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის სახელმწიფო
ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ (შემდგომში – ანსამბლი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) სამართლებრივი აქტით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ანსამბლი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ანსამბლს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ანსამბლი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.
4. ანსამბლი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. ანსამბლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის რეკვიზიტები.
6. ანსამბლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №16.
მუხლი 2🔗.
ანსამბლის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
ანსამბლის მიზნები, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საკონცერტო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და პოპულარიზაცია;
ბ) ქართული ხალხური ტრადიციული სიმღერების შესწავლა;
გ) ფოლკლორული ხელოვნების პროპაგანდა და განვითარება, მოსახლეობის ფართო ფენების ესთეტიკური აღზრდა;
დ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა.
მუხლი 3🔗.
ანსამბლის უფლებები და ვალდებულებები
1. ანსამბლს თავისი ამოცანების შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, აირჩიოს მის მიერ შექმნილი ცეკვებისა და კონცერტების საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გასცეს თანხმობა (დამდგმელი ჯგუფის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ცალკეული საკონცერტო ნომრებისა და კონცერტების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის კომერციული საქმიანობა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის წევრთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და მიზნების შესრულებას;
დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციის ან/და მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ე) შეიმუშაოს და განახორციელოს სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი პროექტები საქართველოში და საზღვარგარეთ (მათ შორის, ერთობლივი პროექტები);
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას, დააფინანსოს და გააუქმოს ანსამბლის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები;
ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად;
თ) განახორციელოს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებანი.
2. ანსამბლი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას ანსამბლის წევრთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 4🔗.
ანსამბლის ხელმძღვანელობა
1. ანსამბლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.
2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სამხატვრო ხელმძღვანელი. სამხატვრო ხელმძღვანელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
3. მთავრობას შეუძლია მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების საფუძველზე გადასცეს მინისტრს. დელეგირების შემთხვევაში ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს, არა უმეტეს ანსამბლის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
4. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი უშუალოდ მონაწილეობს შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.
5. ანსამბლის დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ანსამბლის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗.
სამხატვრო საბჭო
1. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს ანსამბლის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. სამხატვრო საბჭოს ირჩევს შემოქმედებითი ჯგუფი. სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, შემოქმედებითი ჯგუფიდან არჩეული და მოწვეული პირები.
3. სამხატვრო საბჭო შედგება 7 წევრისაგან. დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამხატვრო საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
4. სამხატვრო საბჭო განიხილავს:
ა) ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და ანსამბლის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობას და აძლევს შეფასებას მიღწეულ შემოქმედებით შედეგებს;
გ) სხვა შემოქმედებით დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ერთობლივ შემოქმედებით სამუშაოთა დაგეგმვისა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
5. სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორი.
მუხლი 6🔗.
ანსამბლის დირექტორის უფლებამოსილება
ანსამბლის დირექტორი:
ა) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ანსამბლის საქმიანობას, მოქმედებს ანსამბლის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ანსამბლის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ანსამბლის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ანსამბლის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს შესაბამის აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ანსამბლის ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს ანსამბლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლის თანამშრომლებს;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს ანსამბლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ანსამბლის თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ანსამბლის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ანსამბლის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ანსამბლის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
თ) უფლებამოსილია ანსამბლის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და შესაბამისი აქტით ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ანსამბლის ბალანსს;
კ) ამტკიცებს ანსამბლის შინაგანაწესს და ანსამბლის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ანსამბლის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ანსამბლის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
მ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
ანსამბლის საქმიანობის კონტროლი
1. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ანსამბლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს და გააუქმოს ანსამბლის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ანსამბლის დირექტორი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ანსამბლის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
5. ანსამბლის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო (სამეთვალყურეო საბჭო). ანსამბლის სამეთვალყურეო ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მთავრობის მიერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ანსამბლის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ანსამბლმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 9🔗.
ანსამბლის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.
2. ანსამბლის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ანსამბლის ფუნქციონირების განმავლობაში ანსამბლის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ანსამბლს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ანსამბლის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ანსამბლის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗.
ანსამბლის ფინანსები
1. ანსამბლის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო- და აუდიოჩანაწერების სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნების გამოყენებით;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად;
ე) სხვადასხვა ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების კრედიტები და შემოწირულობები;
ვ) დამხმარე კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 11🔗.
ანსამბლის საბუღალტრო ანგარიშგება
ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 12🔗.
ანსამბლის ლიკვიდაცია
ანსამბლის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) მთავრობის მიერ ანსამბლის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებები შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.