საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №362
სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.024757 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №362
2024 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
საქართველოს საზღვაო კოდექსის 781 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი (შემდგომში − კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახურის უფროსი – კომიტეტის წევრი;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი – კომიტეტის წევრი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი – კომიტეტის წევრი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – კომიტეტის წევრი;
ვ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომიტეტის წევრი;
ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დეპარტამენტის დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტის წევრი;
თ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფისა და საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი – კომიტეტის წევრი;
ი) სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი – კომიტეტის წევრი;
კ) სსიპ – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი – კომიტეტის წევრი;
ლ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე – კომიტეტის წევრი;
მ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ფოთის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კომიტეტის წევრი;
ნ) სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს უფროსი – კომიტეტის წევრი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის დებულება“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. კომიტეტი უზრუნველყოფს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებას, მის გამჭვირვალობასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, კომიტეტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობას.
3. კომიტეტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომიტეტის უფლებამოსილებანი
1. კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს უწყებათაშორისი კოორდინაცია საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი აღსრულების მიზნით;
გ) მიიღოს შესაბამისი უწყებებიდან თავისი საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ე) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებით არ არის განსაზღვრული, თუმცა გამომდინარეობს ან/და აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
2. კომიტეტის მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები დაეგზავნებათ შესაბამის უწყებებს.
მუხლი 3🔗. კომიტეტის საქმიანობის მიზანი და ფუნქციები
1. კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანია საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებასა და საქართველოს ნავსადგურების მომსახურებების სრული გაციფროვნების ხელშეწყობა.
2. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) იმპლემენტაციის გეგმის დამტკიცება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საჭიროებისამებრ, იმპლემენტაციის გეგმის განახლება და შემდგომი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და სათანადო კოორდინაცია;
გ) იმპლემენტაციის გეგმის შესრულების მონიტორინგი და ზედამხედველობა;
დ) კომპეტენტური ორგანოებისგან მიღებული ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების პროცესში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის, გამოვლენილი დაკვირვებების, რეკომენდაციების, იმპლემენტაციის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეების, გამოწვევებისა და შემდგომი საჭიროებების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) სამუშაო ჯგუფ(ებ)ის, ასეთის შექმნის შემთხვევაში, საქმიანობის მონიტორინგი;
ვ) საქართველოს ევროპული საზღვაო ერთი ფანჯრის გარემოში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესწავლა და ხელშეწყობა;
ზ) კომიტეტის მიზნებისა და ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და მათზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული იმპლემენტაციის გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) საზღვაო ერთი ფანჯრით მომსახურების ტექნიკური პლატფორმისა და მისი კომპონენტების განვითარებისა და განახლებისათვის დამტკიცებულ საერთო სტრატეგიას;
ბ) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მონიტორინგისა და შეფასების გეგმას.
მუხლი 4🔗. კომიტეტის სტრუქტურა და მართვა
1. სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ან სხვა პირები, რომლებიც ამ დადგენილებით არ არიან კომიტეტის წევრები.
2. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიძლება, შეიქმნას დროებითი ან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები. კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომიტეტის წინაშე.
3. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხის ინიციირება შეუძლიათ კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრს.
4. კომიტეტის სხდომები შეიძლება, გაიმართოს, როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულ ფორმატში.
5. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი ეცნობებათ კომიტეტის წევრებს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
მუხლი 5🔗. კომიტეტის თავმჯდომარე
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს კომიტეტის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს სხდომებს;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის სხდომების მოწვევას, როდესაც კომპეტენტური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
დ) უზრუნველყოფს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
მუხლი 6🔗. კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომიტეტის სხდომები იმართება, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილება გადასცეს სხვა პირს.
5. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.
6. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და მდივანი.
მუხლი 7🔗. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. კომიტეტის საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს კომიტეტის სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის მართვის სამსახური.
2. კომიტეტის სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კომიტეტის სხდომათა დღის წესრიგის მომზადებას;
ბ) კომიტეტის სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი საოქმო ჩანაწერების ოფიციალურ წარმოებას, შენახვასა და სისტემატიზაციას;
გ) კომიტეტის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთობის კოორდინაციას;
დ) კომიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების წარმართვას.