ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 30.12.1997
ძალის დაკარგვა 09.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/867
სარეგისტრაციო კოდი 000000200.12.003.000155 8
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 09/01/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/867
1997 წლის 30 დეკემბერი
ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ
პრივატიზაციის ორგანიზებულად წარმართვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების რეალიზაციისა და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მოზიდვის მიზნით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება ფულის სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ (დანართი №1).
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.
3. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი ) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფს ბრძანებისა და თანდართული დებულების გამოქვეყნება პრესაში.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.
მინისტრი ა. სილაგაძე
დანართი №1
დებულება განსაზღვრავს ფულის სპეციალიზებული აუქციონის (შემდგომში აუქციონი) ჩატარების წესს, მასში მყიდველთა მონაწილეობის პირობებს, ანგარიშსწორებისა და გაყიდულ აქციებზე საკუთრების უფლებათა გაფორმების წესს
1. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებით (შემდგომში გამყიდველი).
II. გამყიდველი:
- ორგანიზაციას უწევს აუქციონის ჩატარებას;
- ამ დებულების შესაბამისად აქვეყნებს საინფორმაციო ცნობას აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი აქციების შესახებ დადგენილი წესით, გაზეთ „მესაკუთრეში“;
- უზრუნველყოფს საზოგადოებრიობის ინფორმირებას აუქციონის შედეგების შესახებ;
- დადგენილი წესით გადასცემს მყიდველს შეძენილი აქციების შესაბამის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს.
III. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
- გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა;
- ერთი აქციის ნომინალური ღირებულება;
- აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობა და საწყისი გასაყიდი ფასი;
- აღნიშვნა იმისა, რომ აუქციონზე გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა - ლარი;
- განაცხადის შეტანის ვადები;
- გამყიდველის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- მისამართი სადაც იწარმოებს განცხადების მიღება აუქციონის მონაწილეებისაგან;
- საინფორმაციო ცნობაში გამოსაქვეყნებელი დამატებითი მონაცემების ნუსხას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს გამყიდველი.
3.1. დაწვრილებითი ინფორმაციას სააქციო საზოგადოების ფინანსური მდგომარეობისა და სხვა ვალდებულებების შესახებ, მყიდველი გაეცნობა უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში საინფორმაციო ცნობაში მითითებულ მისამართზე; უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში საინფორმაციო ცნობაში მითითებულ მისამართზე;
3.2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს მყიდველებისათვის აუცილებელი ინფორმაციის და საწარმოს ვალდებულებების გაცნობა. მას პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ინფორმაციის სისწორეზე.
IV. აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით შეტანილი თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 14 ა. შ. შ. დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში - ლარებში, თანხის შეტანის მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
4.1. ყოველ 14 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 1.46 ა.შ.შ. დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 9 აქციით, 1 ა.შ.შ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 14 აქციით, 1 ლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 19 აქციით.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ სააქციო საზოგადოების აქციები ორჯერ გამოტანილი იქნა გასაყიდად სპეციალიზებული აუქციონის ან სხვა წესით და არ მოხდა მათი სრულად გაყიდვა, შემდეგში აქციების რეალიზება მოხდება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
V. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები. იურიდიული პირების მონაწილეობა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მათ საწესდებო კაპიტალში საქართველოს სახელწმიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში მმართველობის ადგილობრივი ორგანოს) წილი შეადგენს 25%-ზე ნაკლებს.
5.1. იურიდიული პირები აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ვალდებულნი არიან განაცხადის შეტანისას გამყიდველს წარუდგინონ თავიანთი წესდების ასლი, ან ცნობა სასამართლოდან მათ საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის შესახებ.
5.2. განმცხადებელს აუქციონში მონაწილეობაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ მან არ წარადგინა განაცხადი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ან იგი არ შეიძლება ცნობილი იქნას მყიდველად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.3. აუქციონში მონაწილეების შესახებ ინფორმაცია არ გაიცემა.
VI. აუქციონი ტარდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.
6.1. აუქციონს ატარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაცია.
VII. აუქციონის შედეგების შეჯამების პროცესს შეიძლება დაესწრონ მყიდველები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
VIII. გამყიდველი განსაზღვრავს ყოველ 14 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების რაოდენობას (შემდგომში აუქციონის კურსი), შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით, დაკმაყოფილებული განაცხადის ყოველ 14 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტურ ლარზე უნდა გაიცეს აქციების ერთი და იგივე რაოდენობა;
ბ) დაკმაყოფილდეს ყველა განაცხადი, რომელთაც აუქციონის კურსით ერგოთ ერთი ან მეტი აქცია.
IX. აუქციონში მონაწილეებზე გასაცემი აქციების რაოდენობა დგინდება შემდეგი ფორმულით:
A1=K1*KA/14 სადაც:
A1 - მონაწილეზე გასაცემი აქციების რაოდენობა;
KA - აუქციონის კურსი (აქციების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გაიცეს ყოველ 14 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტურ ლარზე), იანგარიშება გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობის 14-ზე გამრავლებით და შემოსული თანხების საერთო ჯამზე გაყოფით. იგი ტოლია მიღებული რიცხვის მთელი ნაწილის.
K1 - კოეფიციენტი (განაცხადში მითითებული გადახდილი თანხა, დაფიქსირებულია ა.შ.შ. დოლარებში).
X. გამყიდველი ადგენს ოქმს აუქციონის შედეგების შესახებ (3 პირად), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
- ოქმის ნომერი და შედგენის თარიღი;
- გამყიდველის დასახელება;
- სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
- გაყიდული აქციის ფასი;
- გამარჯვებულთა სია თითოეულისათვის მიყიდული აქციების რაოდენობის მითითებით.
- აუქციონზე გაყიდული აქციების საერთო რაოდენობა.
XI. აუქციონის ჩატარების წესის დარღვევისას, შედეგების ბათილად ცნობა რეგულირდება დადგენილი წესით.
XII. ცნობა აუქციონის შედეგების შესახებ ქვეყნდება იმავე ბეჭდვით ორგანოში, სადაც გამოქვეყნდა საინფორმაციო ცნობა აუქციონის ჩატარების შესახებ.
XIII. აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, გამყიდველი წერილობით ატყობინებს სააქციო საზოგადოების აღმასრულებელ ორგანოს აქციონერთა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე.
XIV. აქციებზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველზე გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (აუქციონის შედეგების შესაბამისად შეძენილ აქციებზე საკუთრების დამადასტურებელი წერილის) გაცემის შემდეგ.
XV. აუქციონის შედეგები მტკიცდება განაცხადების მიღების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში.
XVI. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონს ატარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში უნდა ჩაბარდეს შედეგების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.