„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №78 |
|
2024 წლის 25 ოქტომბრის ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შინაგანაწესის (დანართი №2):
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ვიდეომეთვალყურეობა − იზოლატორის ტერიტორიაზე განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა).“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, ასევე, იზოლატორიდან დროებით გაყვანისა და დაბრუნებისას, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი და მისი ტანსაცმლის დათვალიერება და გასინჯვა ხდება იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება. პირადი დათვალიერებისას მოსათავსებელი/მოთავსებული პირი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო მუშაკთან ერთად. პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. თუ იმ ოთახში, სადაც ტარდება პირადი დათვალიერება, განთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერა, პირადი დათვალიერება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეში არ მოექცეს მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სხეულის შიშველი ნაწილები. ამ შემთხვევაში, მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სხეულის შესაბამისი ნაწილების გაშიშვლება შეიძლება განხორციელდეს ტიხრის/შირმის/ფარდის მიღმა. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას სავალდებულოა მოსათავსებელი/მოთავსებული პირის წინასწარი ინფორმირება (გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება). პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით და წარმოდგენილი/ჩამორთმეული ნივთების შესახებ ინფორმაცია. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება. პირადი დათვალიერების ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე. თუ იმ ოთახში, სადაც ტარდება პირველადი სამედიცინო შემოწმება, განთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერა, პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეში არ მოექცეს მოსათავსებელი პირის სხეულის შიშველი ნაწილები. ამ შემთხვევაში, მოსათავსებელი პირის სხეულის შესაბამისი ნაწილების გაშიშვლება შეიძლება განხორციელდეს ტიხრის/შირმის/ფარდის მიღმა. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას სავალდებულოა მოსათავსებელი პირის წინასწარი ინფორმირება (გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება). ამ პუნქტით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის წესი ასევე გამოიყენება მოთავსებული პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.“. 4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში, იმ ოთახებში, სადაც ხორციელდება პირადი დათვალიერება ან/და პირველადი სამედიცინო შემოწმება, დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები, აგრეთვე, საკნებში. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. აკრძალულია ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება საკანში არსებულ დახურული/იზოლირებული ტიპის საპირფარეშოში. იმ შემთხვევაში, თუ საკანი აღჭურვილია ღია ტიპის საპირფარეშოთი, ვიდეომეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არე არ მოიცავდეს ტუალეტის ნიჟარას. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობასთან ერთად აუდიომონიტორინგის განხორციელება (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა). იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|