საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №53/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016767 119
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/11/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№53/2024
2024 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადები:
1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) გათვალისწინებული საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დასამტკიცებლად:
ა) საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ) საარჩევნო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიას საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული დოკუმენტაცია ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 2 დღის ვადაში.
2. თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა თავისი უფლება ან ცესკოს განკარგულებით დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა ანდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი ხარვეზი, ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-მდე შესავსებად, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (1 დეკემბერი) ცესკო განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო დღის 18 საათისა, საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან ცესკოს წარუდგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა.
4. თუ უფლებამოსილი პარტიის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პარტიას საქართველოს კონსტიტუციასთან და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის მიერ შესწორებული დოკუმენტაცია ცესკოს უნდა წარედგინოს ცესკოს თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში.
5. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ცესკო ასეთ შემთხვევაში განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (10 დეკემბერი) და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პარტია ვალდებულია არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (11 დეკემბერი) ცესკოს წარუდგინოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის დოკუმენტაცია.
6. უფლებამოსილ პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (11 დეკემბერი) შეცვალოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ ამ პირის, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შესაძლებელია.
7. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).
8. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, განცხადებით ცესკოს უნდა მიმართოს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი) და დაურთოს საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
9. თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგინდება ხარვეზი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ეძლევა 1 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ( 8 დეკემბერი).
10. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების მიღებიდან (საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან) 2 დღის ვადაში:
ა) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;
ბ) ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას;
გ) საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით.
12. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (12 დეკემბერი) ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას.
13. არაუგვიანეს კენჭისყრის დღის წინა დღისა ცესკო ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებსა და საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიას.
14. არჩევნებამდე ცესკო განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების შესრულებას.
15. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
16. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტური საჭიროების შემთხვევაში გაიმართოს იმავე დღეს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დაწყებისა და დასრულების დროს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
17. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო მეორე ტურის დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი