პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 12.12.2024
ძალაში შესვლა 03.01.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №44/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016044 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/12/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №44/ნ
2024 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი.“
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან.დირექტორილევან გამყრელიძე
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურებს, ასევე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის შემოწმებისას სააგენტოს უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრი (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ –აკრედიტაციის ცენტრი) მიერ და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (შემდგომ –პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობა;
გ) ტესტირების ხაზი – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის განკუთვნილი ხაზი (მათ შორის, მოძრავი (გადასატანი) ხაზი)), რომელიც უზრუნველყოფილია ინსპექტირებისთვის გათვალისწინებული აღჭურვილობითა და მოწყობილობებით;
დ) ტესტირების სივრცე – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც დაყოფილია ტესტირების ხაზში სხვადასხვა სპეციალურ სამუშაო სივრცეებად, მაგალითად სამუხრუჭო, ფარების, სათვალთვალო ორმო/ამწესთან ან მის გარეშე და სხვა სახის ტესტირების სივრცეები;
ე) ტექნიკური რეგლამენტი – საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი;
ვ) სატრანპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში (შემდგომ – ინსპექტირების ანგარიში) – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებსა და დასკვნას სატრანპორტო საშუალების ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ზ) მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც წარადგენს სატრანსპორტო საშუალებას ინსპექტირების ცენტრში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად;
თ) ხარვეზები – სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ი) უფლებამოსილი პირი – სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელი;
კ) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტერიტორია – ადგილი, სადაც ტარდება სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
ლ) ადგილზე მისვლით მონიტორინგი – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირის მიერ ჩასატარებელი ქმედებების ერთობლიობა, რაც გულისხმობს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საქმიანობის მონიტორინგს უფლებამოსილების ფარგლებში;
მ) ვიდეომონიტორინგი – ვიდეომეთვალყურეობის სისტემების გამოყენებით უფლებამოსილი პირის მიერ ჩასატარებელი მოქმედებების ერთობლიობა, რაც გულისხმობს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს;
ნ) საკონტროლო ინსპექტირება – უფლებამისილი პირის თანდასწრებით, ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის მიერ შემოწმებული სატრანსპორტო საშუალების განმეორებით შემოწმება;
ო) სატესტო ანგარიში – საკონტროლო ინსპექტირების შემდგომ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე საჭიროებისას ხორციელდება ინსპექტირების ანგარიშის კორექტირება და წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის გამოწერის საფუძველს. სატესტო ანგარიშის ფორმას და მისის შევსების წესს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი;
პ) ინსპექტირების ანგარიშის კორექტირების რეჟიმი (შემდგომ – კორექტირების რეჟიმი) – უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახული ინსპექტირების ანგარიშის დროებით შეჩერება, საკონტროლო ინსპექტირების დასრულებამდე.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ტექნიკურ რეგლამენტში და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ ტექნიკურ რეგლამენტში.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი პირი
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ტექნიკური რეგლამენტითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. მონიტორინგის ზოგადი წესი
1. უფლებამოსილი პირის მიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი უნდა ემსახურებოდეს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებასა და ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით გამოწვეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას.
2. უფლებამოსილი პირი მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს ობიექტური, მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული მიდგომით.
3. უფლებამოსილი პირი მონიტორინგის განხორციელების დროს უფლებამოსილია, ინსპექტირების ცენტრსა და მომხმარებელს მიუთითოს ხელი შეუწყონ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს და შეასრულონ სათანადო მითითებები.
4. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს გამოვლინდება ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5. ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და გასაჩივრების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
6. ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა მათი სიმძიმის დონის გათვალისწინებით იყოფა კატეგორიებად შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) სახიფათო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევა − დარღვევა, რომლის არგამოვლენაც წარმოშობს პირდაპირ და მყისიერ რისკს საგზაო უსაფრთხოების მიმართ ან უარყოფითად აისახება გარემოზე;
ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევა − დარღვევა, რომლის არგამოვლენაც შესაძლებელია უარყოფითად აისახოს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, ან გავლენა იქონიოს გარემოზე, ან საფრთხე შეუქმნას ქვეითებსა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს;
გ) უმნიშვნელო ხარვეზთან დაკავშირებული დარღვევა − დარღვევა, რომლის არგამოვლენაც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ცენტრის მიერ ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული მონაცემები არასწორია (გარდა დაშვებული ტექნიკური უზუსტობებისა) ან/და არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაციას, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შეფასდეს როგორც უზუსტობა, რაც გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
8. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს ინსპექტირების ცენტრის მიერ გამოვლინდება სხვადასხვა კატეგორიის დარღვევები, უფლებამოსილმა პირმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უნდა შეადგინოს იმ დარღვევაზე, რომელიც შეესაბამება გამოვლენილ დარღვევებში ყველაზე მძიმე კატეგორიას.
9. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება, რომ ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობა, აღჭურვილობა ან/და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაცია ვერ უზრუნველყოფს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სწორად წარმართვას, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს და წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.
10. სააგენტო ვალდებულია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის, მათ შორის, ვიდეომონიტორინგის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული ინსპექტირების ცენტრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, გონივრულ ვადაში.
მუხლი 5🔗. მონიტორინგის სახეები
უფლებამოსილი პირი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგსა და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს ადგილზე მისვლითა და ვიდეომონიტორინგით.
მუხლი 6🔗. ადგილზე მისვლით მონიტორინგის დაწყების საფუძვლები
1. უფლებამოსილ პირს ადგილზე მისვლით მონიტორინგის დაწყება შეუძლია:
ა) საკუთარი ინიციატივით, რომელიც უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ;
ბ) გონივრული ეჭვის არსებობისას, რომელიც უნდა ემყარებოდეს გადამოწმებად და ობიექტურ გარემოებებს (მათ შორის, რისკებზე, სტატისტიკურ ინფორმაციასა და ვიდეომონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით);
გ) დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ წერილობით განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს დამატებითი ვადა სათანადო ინფორმაციის წარდგენისთვის, რომელიც არ უნდა იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების ვადის დინება შეჩერებულად ჩაითვლება, ხოლო დამატებით ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
მუხლი 7🔗. ადგილზე მისვლით მონიტორინგი
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადგილზე მისვლით მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ ორი უფლებამოსილი პირის მიერ.
2. უფლებამოსილ პირს ადგილზე მისვლით მონიტორინგის განხორციელება შეუძლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობისას ან/და საკონტროლო ინსპექტირების საშუალებით.
3. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე პროცესის მონიტორინგი გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ მონიტორინგის განხორციელებას ინსპექტირების პროცესის მიმდინარეობისას.
4. საკონტროლო ინსპექტირება გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშის დასრულების შემდგომ, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით და მისი თანდასწრებით, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი შემოწმების მონიტორინგს. ამ მიზნით, უფლებამისილი პირის მოთხოვნით, ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორი სატრანსპორტო საშუალებას აბრუნებს ტესტირების ხაზის საწყის წერტილზე ინსპექტირების სრული ციკლის ჩასატარებლად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ინსპექტირების დაწყებამდე, უფლებამოსილი პირი მიმართავს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს დასრულებული ინსპექტირების ანგარიშის კორექტირების რეჟიმზე გადართვასთან დაკავშირებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული საკონტროლო ინსპექტრიებისას გამოვლენილი იქნა შეუსაბამობა ინსპექტირების ანგარიშსა და სატესტო ანგარიშს შორის, უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთსხოვოს ინსპექტირების ცენტრს ინსპექტირების ანგარიშის კორექტირება და კორექტირებული სახით მისი გაცემა. სხვა შემთხვევაში ინსპეტირების ანგარიში გაიცემა თავდაპირველი სახით.
7. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოვლინდება ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ერთი პირი გადაეცემა ინსპექტირების ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი:
ა) წარუდგენს თავს ტექნიკურ მენეჯერს ან ინსპექტირების ანგარიშის შემდგენ ინსპექტორს და აცნობებს ტესტირების სივრცეში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საკონტროლო ინსპექტირების დაწყების თაობაზე, განუმარტავს მას უფლება-მოვალეობებს, აცნობებს საკონტროლო ინსპექტირების ჩატარების სავარაუდო ხანგრძლივობას და მოსალოდნელ შედეგებს;
ბ) უფლებამოსილია გადახედოს ტესტირების სივრცეში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩატარებული ინსპექტირება არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ინსპექტირების ცენტრის მოთხოვნით;
გ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება საკონტროლო ინსპექტირების დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალებამ არ დატოვოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტერიტორია;
დ) უფლებამოსილია განახორციელოს საკონტროლო ინსპექტირების პროცესის ჩაწერა ფოტო-, ვიდეო- ან/და აუდიოტექნიკის გამოყენებით;
ე) უფლებამოსილია ინსპექტირების ცენტრს მოსთხოვოს ინსპექტირების ანგარიშის კორექტირება და კორექტირებული ინსპექტირების ანგარიშის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული, საკონტროლო ინსპექტირების ამსახველი ვიზუალური მასალის ჩანაწერის შენახვის წესი და ვადები დგინდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელებისას ინსპექტირების ცენტრი:
ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს აცნობებს საკონტროლო ინსპექტირების დაწყების აუცილებლობის თაობაზე და მიუთითებს, რომ საკონტროლო ინსპექტირების დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალებამ არ დატოვოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტერიტორია;
ბ) ვალდებულია საკონტროლო ინსპექტირების დასრულებამდე არ გასცეს ინსპექტირების ანგარიში;
გ) ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტერიტორიაზე დაშვება;
დ) ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს ინსპექტირების ანგარიშის კორექტირება და კორექტირებული ინსპექტირების ანგარიშის ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
ე) უფლებამოსილია წარადგინოს დასაბუთებული ახსნა-განმარტებები/მტკიცებულებები არასწორად აღმოჩენილი ან არარსებული ხარვეზების გამო.
მუხლი 8🔗. ვიდეომონიტორინგი
1. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ვიდეომონიტორინგი უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება შეუზღუდავად, ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეოკამერების უწყვეტ რეჟიმში გადმოცემული ან/და დაარქივებული ვიდეოჩანაწერების მეშვეობით.
2. ვიდეომონიტორინგის პროცედურა გულისხმობს უფლებამოსილი პირის მიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის და ინსპექტირების ანგარიშის შემოწმებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომონიტორინგისას გამოვლინდება ინსპექტირების ცენტრის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომელიც ეგზავნება ინსპექტირების ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ხარვეზის აღმოფხვრამდე შეაჩეროს ინსპექტირების პროცესი ტესტირების სივრცის იმ ნაწილზე, სადაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად შეიზღუდა ვიდეომეთვალყურეობა.
5. ვიდეომონიტორინგის დროს დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დგინდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
6. ვიდეომონიტორინგისას შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი მასალის შენახვის წესი და ვადები დგინდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.