უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურისა და წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016090 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესის“ დამტკიცების შესახებ საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე
სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურისა და წესის დადგენის შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება №83
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურისა და წესის დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურა და წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურა და წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურა და წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაციის აღიარების პროცედურას და წესს, ასევე ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის აღიარების გაუქმების პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოური საპენსიო ორგანიზაცია – საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყანაში, აქვს შესაბამისი უცხოურ საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული საპენსიო საქმიანობის განხორციელების ნებართვა და მისი საქმიანობა ექვემდებარება პრუდენციულ რეგულირებას კეთილ საიმედოობის, დაცულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების გათვალისწინებით;
ბ) ფილიალი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქვეყანაში რეგისტრირებული და უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ ნებადართული აქტივების მმართველი კომპანიის ან სადაზღვევო ორგანიზაციის ან უცხოური საპენსიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) უცხოური საზედამხედველო ორგანო – ორგანო, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის და უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის ნებართვას ან/და ზედამხედველობას უწევს საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
დ) აღიარებული უცხოური საპენსიო ორგანიზაცია – უცხოური საპენსიო ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, სამსახურის მიერ აღიარების საფუძველზე და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფილიალის მეშვეობით განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა;
ე) ქვეყანა, სადაც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული – სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქვეყანა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარება
1. წინამდებარე წესით განსაზღვრული აღიარების მოპოვების უფლება აქვს უცხოურ საპენსიო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია და საპენსიო საქმიანობის განხორციელების ნებართვა/ლიცენზია მიღებული აქვს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოსგან ისეთ ქვეყანაში, სადაც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის ან გაძლიერებული მონიტორინგს ქვეშ მყოფი იურისდიქციების ნუსხაში და რომელსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი.
2. აღიარების მოსაპოვებლად უცხოურმა საპენსიო ორგანიზაციამ წერილობით განცხადებასთან ერთად სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოში რეგისტრირებული აქვს ფილიალი;
ბ) ფილიალის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება, რომელიც შესაბამისობაშია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონით საპენსიო კომპანიისთვის განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებთან, მათ შორის მართვის ორგანოების ფორმირების მოთხოვნებთან, საკვანძო ფუნქციების ჩათვლით;
გ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მეშვეობით და აღიარების მოსაპოვებლად სამსახურისათვის მიმართვის თაობაზე;
დ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოურ საპენსიო ორგანიზაციას უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია;
ე) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფილიალის მართვის ორგანოს წევრების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, აგრეთვე ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ სამსახურის მიერ საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებისთვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს ორგანიზაციის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით;
ზ) ინფორმაცია საპენსიო აქტივების მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებით, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკისა და რისკის მართვის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით;
თ) საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 2 წლის საოპერაციო გეგმა, სამსახურის მიერ ფილიალისათვის დადგენილი ძირითადი მონაცემების შესაბამისად, მათ შორის საპენსიო სქემის აღწერილობა, რომლის დარეგისტრირება იგეგმება აღიარების მოპოვების შემდგომ;
ი) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება;
კ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ფილიალი თავისი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში ფლობს საკმარისი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში, რომლის ოდენობა და განთავსების პირობები შეესაბამება საქართველოში რეგისტრირებული საპენსიო კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებით სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები სამსახურში წარდგენილი უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება შესაბამისი წესით დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.
3. თუ სამსახური მიიჩნევს, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ არის საკმარისი აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტები და განსაზღვროს აღნიშნული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარდგენის ვადა და ფორმა. ამ დროს ჩერდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა.
4. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აღიარების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სისწორისა და შესაბამისობის დასადასტურებლად.
5 თუ აღიარებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილება სამსახურის მიერ აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იქნა შეტანილი, უცხოური საპენსიო ორგანიზაცია/ფილიალი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადის განხილვის პროცესში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
6. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების შემდგომ სამსახურში აღიარებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ფილიალი ვალდებულია სამსახურს წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია უცხო სახელმწიფოს მიერ, მისი წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე
1. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამსახური შეისწავლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციის/დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას სამსახური იღებს განაცხადის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განესაზღვრა განმცხადებელს სამსახურის მითითებით. განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენისთანავე.
3. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. თუ სამსახური ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას აღიარების ან მასზე უარის თქმის შესახებ, აღიარების შესახებ განაცხადი დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება.
5. სამსახური არ დააკმაყოფილებს განაცხადს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარებაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:
ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს;
ბ) არსებულმა მჭიდრო კავშირმა შესაძლოა შეაფერხოს სამსახურის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება;
გ) უცხო ქვეყანა, სადაც აღიარების მსურველი უცხოური საპენსიო ორგანიზაციაა დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის ან გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ მყოფი იურისდიქციების ნუსხაში;
დ) ფილიალის მართვის ორგანოს წევრები არ აკმაყოფილებენ სამსახურის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს ან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, განავითარონ და განსაზღვრონ საპენსიო სქემების საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანიები და მზღვეველები განახორციელებენ;
ე) ფილიალის მიერ შერჩეული აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, მათ შორის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანია ან უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებს საპენსიო აქტივების მართვის საქმიანობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი საოპერაციო გეგმა არ შეესაბამება სამსახურის მიერ დადგენილ ძირითად მოთხოვნებს;
ზ) წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ დასტურდება ფილიალის მიერ საკმარისი ოდენობის ფულადი სახსრების ფლობა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
თ) უცხოური საპენსიო ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის ან მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს საპენსიო საქმიანობა იმ ქვეყანაში, სადაც ის რეგისტრირებულია/დაფუძნებულია;
ი) არსებობს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარებაზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ან სხვა შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.
6. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი.
7. სამსახურის მიერ უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან ფილიალი უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს საპენსიო სქემის რეგისტრაციის მოთხოვნით და წარუდგინოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლება
1. სამსახურის მიერ უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების შემდგომ ის საქართველოში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახური უფლებამოსილია რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის.
3. სამსახური უფლებამოსილია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, აღიარებული უცხო ქვეყნის საპენსიო ორგანიზაცია/ფილიალი გაათავისუფლოს ცალკეული მოთხოვნების შესრულებისაგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს, სულ მცირე საქართველოში მოქმედ მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების გაუქმება
1. სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარება ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) სამსახურს წარედგინა უცხოური საპენსიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება აღიარების გაუქმების შესახებ;
ბ) ქვეყანა, რომელშიც რეგისტრირებულია უცხოური საპენსიო ორგანიზაცია, ამოღებულია იმ ქვეყნების სიიდან, სადაც სათანადოდაა რეგულირებული საპენსიო საქმიანობა ან შეტანილ იქნა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის ან გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ მყოფი იურისდიქციების ნუსხაში;
გ) უცხოურმა საპენსიო ორგანიზაციამ აღიარება მოიპოვა სამსახურისთვის მცდარი, არასწორი, გაყალბებული ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;
დ) უცხოურ საპენსიო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა საპენსიო საქმიანობის უფლება;
ე) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია.
ვ) უცხოური საპენსიო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და/ან ამ წესით განსაზღვრულ აღიარების პირობებს;
ზ) ფილიალის მიერ ხდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების უხეში და სისტემატური დარღვევა;
თ) აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;
ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური საპენსიო ორგანიზაციის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. სამსახურის გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების გაუქმების თაობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა ფილიალს. გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან ფილიალი ვალდებულია შეწყვიტოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც აღებული აქვს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ხორციელდება საპენსიო სქემის შეწყვეტა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებით.
4. სამსახურის მიერ უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება უცხოურ საპენსიო ორგანიზაციას და განესაზღვრება ოპერაციების შეჩერების ვადა და შესაბამისი მითითებები.