რისკების მართვის წესების დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016084 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რისკების მართვის წესების დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№77
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
რისკების მართვის წესების დადგენის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „რისკების მართვის წესები“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
რისკების მართვის წესები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „რისკების მართვის წესები“ (შემდგომ – წესი) ადგენს საპენსიო კომპანიის, მზღვეველის და აქტივების მმართველი კომპანიის (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) რისკების მართვის წესებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელებისას.
2. რისკის მართვის წესების დადგენის მიზანია რისკის მართვის ეფექტიანი და საპენსიო სქემის დამფუძნებლის ორგანიზაციულ სტრუქტურებთან სათანადოდ ინტეგრირებული სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში არსებული საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად ჰქონდეს რისკის მართვის ფუნქცია. ამ მიზნით, ის ვალდებულია ამ წესის გათვალისწინებით შეიმუშავოს და მუდმივად იცავდეს რისკების მართვის პოლიტიკას, პროცესებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არსებითი რისკი – ნებისმიერი რისკი, მისი დადგომის ალბათობის ან პოტენციური ფინანსური ზეგავლენის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს საპენსიო სქემის შესაძლებლობაზე, რომლითაც უნდა შესრულდეს ვალდებულებები საპენსიო სქემის მონაწილეების ან ბენეფიციარების წინაშე. ამ რისკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საპენსიო აქტივების ღირებულებაზე ან მათი ინვესტირების ეფექტურობაზე ან საპენსიო სქემის საოპერაციო სტაბილურობასა და უწყვეტობაზე;
ბ) რისკის მართვის სისტემა – პოლიტიკების, პროცედურების, სისტემებისა და კონტროლის მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც შემუშავებულია საპენსიო საქმიანობის ყველა მოსალოდნელი ან დამდგარი შიდა და გარე რისკების წყაროების იდენტიფიცირების, შეფასების, მართვის, შემსუბუქების, მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის;
გ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სქემის დამფუძნებელს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;
დ) რისკის მიმართ ტოლერანტობა – თითოეული არსებითი რისკის მაქსიმალური აგრეგირებული მოცულობა, რომლის აღებაც შეუძლია საპენსიო სქემის დამფუძნებელს არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით;
ე) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗. რისკის მართვის სისტემა
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელს საპენსიო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ სამართავად, საპენსიო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, უნდა ჰქონდეს რისკის მართვის სისტემა.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებლის რისკის მართვის სისტემა შედგება სისტემ(ებ)ის, პოლიტიკების, პროცდურებისა და კონტროლის მექანიზმებისაგან, რომელთა მიზანია მოხდეს რისკის ყველა იმ შიდა და გარე ფაქტორების იდენტიფიცირება, შეფასება, მართვა, შემცირება და კონტროლი, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საპენსიო საქმიანობაზე ან მონაწილეთა ან ბენეფიციართა ინტერესებზე.
3. რისკის მართვა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) რისკის აპეტიტის განაცხადს;
ბ) რისკის მართვის სტრატეგიას;
გ) რისკის მართვის ფუნქციას;
დ) რისკის მართვის ყველა პოლიტიკას, პროცედურას და კონტროლს თითოეული არსებითი რისკის იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგის, ანგარიშგების, შემცირების და მართვის მიზნით;
ე) როლებს, პასუხისმგებლობებსა და ანგარიშგების ფორმალურ სტრუქტურას არსებითი რისკების მართვისთვის საპენსიო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდისათვის;
ვ) მართვის საინფორმაციო სისტემების ადეკვატურობას, როგორც ჩვეულ, ისე სტრესულ გარემოებებში, რათა შეფასდეს და გაცხადებულ იქნეს ყველა არსებითი რისკი საპენსიო საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში;
ზ) გადახედვის პროცესს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ რისკის მართვის სისტემა კვლავ არის ეფექტური და განახლებული.
4. რისკის მართვის სისტემამ საშუალება უნდა მისცეს საპენსიო სქემის დამფუძნებელს სათანადოდ მართოს სხვადასხვა სახის არსებითი რისკის ზეგავლენა მის საპენსიო საქმიანობაზე და უზრუნველყოს გონივრული გარანტია იმისა, რომ საპენსიო საქმიანობისას განხორციელებული ოპერაციებისთვის თითოეული არსებითი რისკი გონივრულად და კეთილსინდისიერად იმართება ამ ოპერაციების ზომის, მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით.
5. რისკის მართვის სისტემა, ასევე, უნდა ფარავდეს ყველა იმ რისკს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას აუტსორსინგული მომსახურების მეშვეობით განსახორციელებელი ფუნქციიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, რეგულარულად შეაფასოს სისტემის ადეკვატურობა და განაახლოს იგი არსებული ან მოსალოდნელი ცვლილებების შესაბამისად.
7. რისკის მართვის სისტემაში შემავალი ყველა პოლიტიკის დოკუმენტი უნდა იყოს წერილობითი სახის.
მუხლი 4🔗. სამეთვალყურეო საბჭოს როლი
1. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და მის გამართულ ფუნქციონირებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომ – სამეთვალყურეო საბჭო).
2. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია, პერიოდულად გადახედოს რისკის მართვის სისტემაში შემავალ ყველა დოკუმენტს და შეაფასოს მათი შესაბამისობა დადგენილ რისკის მართვის სისტემის მიზნებთან, რომელიც გამომდინარეობს საპენსიო სქემის დამფუძნებლის რისკის აპეტიტიდან. საბჭო, ასევე, პასუხისმგებელია რისკების მართვის ეფექტიანი კულტურის განვითარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც სრულად ითვალისწინებს და აცნობიერებს ყველა არსებულ და მოსალოდნელ რისკს.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებლის გადახდისუნარიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამეთვალყურეო საბჭოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი საქმიანობისთვის საჭირო ადეკვატური რესურსების ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება. ამ წესის მიზნებისთვის საქმიანობა მოიცავს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართვლოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობასა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რაშიც შესაძლოა ჩართული იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებელი, რამდენადაც აღნიშნულმა გავლენა შეიძლება იქონიოს მის ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე.
მუხლი 5🔗. არსებითი რისკი
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს, რომ მისი რისკის მართვის სისტემა საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად ფარავდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა არსებით რისკს, როგორც ფინანსურს, ისე არა ფინანსურს.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა საკუთარ საქმიანობასთან მიმართებაში, მთლიანობაში უნდა შეაფასოს არსებითია თუ არა თითოეული რისკი და მისი ზეგავლენა ან პოტენციური ზეგავლენა მონაწილეებისა და ბენეფიციარების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიმართ.
3. რისკის მართვის სისტემა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) მმართველობით რისკს;
ბ) ინვესტიციების მართვის რისკს;
გ) ლიკვიდურობის (მათ შორის, შეთავაზებული ან შესათავაზებელი საინვესტიციო არჩევანის ლიკვიდურობის მახასიათებლებს) და კონცენტრაციის რისკების მართვას;
დ) ანდერაიტინგსა და რეზერვირებას;
ე) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას;
ვ) საოპერაციო რისკების მართვას;
ზ) რისკების შემცირების მეთოდებს;
თ) რისკებს, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას სტრატეგიული და საოპერაციო გეგმებიდან;
ი) სხვა ნებისმიერ რისკებს, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საპენსიო საქმიანობაზე.
4. თუ საპენსიო სქემის დამფუძნებელი საპენსიო საქმიანობის გარდა ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას, მისი რისკების მართვის სისტემა უნდა ფარავდეს ყველა იმ არსებით რისკს, რაც გამომდინარეობს ამ სხვა საქმიანობიდან და რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე.
მუხლი 6🔗. სტრატეგიული და საოპერაციო გეგმები
საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა განსაზღვროს და განიხილოს მის სტრატეგიულ მიზნებთან და საოპერაციო გეგმასთან დაკავშირებული არსებითი რისკები და ეფექტიანად მართოს ისინი რისკის მართვის სისტემის მეშვეობით, მათ შორის, საოპერაციო გეგმების შეცვლის შემთხვევაში, წინასწარ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ იმოქმედებს ამგვარი ცვლილება საპენსიო საქმიანობის რისკის პროფილზე.
მუხლი 7🔗. რისკის აპეტიტის განაცხადი
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს რისკის აპეტიტის განაცხადის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება. რისკის აპეტიტის განაცხადი უნდა ფარავდეს ზოგადად საპენსიო საქმიანობას და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ, არსებითი რისკების თითოეულ კატეგორიას.
2. რისკის აპეტიტის განაცხადი უნდა დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) რისკის დონეს, რომლის ასაღებადაც მზად არის საპენსიო სქემის დამფუძნებელი საკუთარი სტრატეგიული მიზნებისა და საოპერაციო გეგმის განსახორციელებლად, საპენსიო სქემის მონაწილეთა და ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) რისკის მიმართ ტოლერანტობას, რაც გამოსახული უნდა იყოს - როგორც რისკის მოცულობა და თუ შესაძლებელია, ემყარებოდეს დარჩენილი რისკის გაზომვად მოცულობას, მას შემდეგ, რაც მხედველობაში იქნება მიღებული რისკის შემცირების ზომები;
გ) პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს რისკის მიმართ ტოლერანტობის სათანადო დონის განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს მონაწილეთა და ბენეფიციართა მიმართ ზეგავლენას (მოსალოდნელ ზეგავლენას) იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია რისკის მიმართ ტოლერანტობა და მოსალოდნელია თითოეული არსებითი რისკის დადგომა;
დ) პროცესს, რომელიც თითოეული რისკის მიმართ ტოლერანტობის შესაბამისობის მონიტორინგის ფარგლებში დარღვევის აღმოჩენისას უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას;
ე) რისკის აპეტიტისა და რისკის მიმართ ტოლერანტობის შეფასების ვადას და პროცესს.
მუხლი 8🔗. რისკის მართვის სტრატეგია
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის სტრატეგიის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება. რისკის მართვის სტრატეგია უნდა ფარავდეს ზოგადად საპენსიო საქმიანობას და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ არსებითი რისკების თითოეულ კატეგორიას.
2. რისკის მართვის სტრატეგია უნდა დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და განსაზღვრავდეს რისკის მართვის სისტემის საკვანძო ელემენტებს, რაც გავლენას ახდენს სტრატეგიაზე და, სულ მცირე, უნდა აღწერდეს:
ა) ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად იდენტიფიცირებულ თითოეულ არსებით რისკს და მისი მართვის მიმართ მიდგომებს;
ბ) პოლიტიკებსა და პროცედურებს, რომელიც მოიცავს რისკების მართვის ქვემოთ მოცემულ საკითხებს (მათ შორის, თითოეული პოლიტიკისა და პროცედურის დოკუმენტის ბოლო განახლების თარიღს, შემდგომი განახლების თარიღს და მის გადახედვაზე პასუხისმგებელ პირს):
ბ.ა) არსებითი რისკების გამოვლენისა და შეფასების პროცესს და მის კონტროლს;
ბ.ბ) რისკის შემცირების სტრატეგიების შემუშავების, დანერგვის და ტესტირების პროცესს და არსებითი რისკების კონტროლის მექანიზმებს;
ბ.გ) რისკებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის, შეტყობინების და ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, არსებითი მოვლენების და ინციდენტების შესახებ ანგარიშგების/შეტყობინების პროცედურას შემდგომი რეაგირებისათვის;
ბ.დ) შესაბამის მექანიზმებს, რაც აუცილებელია ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და მისი მონიტორინგისათვის;
ბ.ე) რისკის მართვის სისტემასა და საოპერაციო გეგმას შორის მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესს;
გ) რისკის მართვის ფუნქციის განხორციელებისას როლებსა და პასუხისმგებლობებს;
დ) რისკის მართვის სისტემასთან დაკავშრებით, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელ ორგანოსა და სხვა საკვანძო მმართველ რგოლებს შორის ურთიერთობას;
ე) რისკის მართვის სისტემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირებს, მათ როლსა და პასუხისმგებლობებს;
ვ) მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო საქმიანობაში ჩართული ყველა შესაბამისი პირის ინფორმირებას რისკის მართვის სისტემასთან დაკავშირებით და შესაბამისი რისკის გაცნობიერების კულტურის დანერგვას;
ზ) რისკების მართვის სისტემის გადახედვის პროცესს, მათ შორის, მის ფარგლებსა და ვადებს.
3. სამსახური უფლებამოსილია საპენსიო სქემის დამფუძნებელს მოსთხოვოს რისკის მართვის პოლიტიკის შეცვლა, თუ ჩათვლის, რომ ეს პოლიტიკა სათანადოდ არ ფარავს მის საპენსიო საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.
მუხლი 9🔗. რისკის მართვის ფუნქცია
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელს საპენსიო სქემების ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად უნდა ჰქონდეს რისკის ეფექტიანი მართვის ფუნქცია, რომელიც, სულ მცირე:
ა) ხელს უწყობს სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელ ორგანოს შეიმუშაონ და ჰქონდეთ გამართული რისკის მართვის სისტემა;
ბ) უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა საკვანძო ფუნქციებისგან;
გ) უზრუნველყოფს მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების ყოლას, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია, აღნიშნული ფუნქციის ობიექტურად, სამართლიანად და დამოუკიდებელად შესასრულებლად;
დ) უზრუნველყოფს წვდომას საპენსიო საქმიანობის ყველა ასპექტთან, რომელსაც გააჩნია არსებითი რისკის წარმოქმნის პოტენციალი, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემებთან;
ე) უზრუნველყოფს აუცილებელი უფლებამოსილების და შესაბამისი ანგარიშვალდებულების ქონას სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოსთვის რისკების მართვის ეფექტურად და დამოუკიდებელად წარმართვისთვის;
ვ) უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს დროულ ინფორმირებას რისკის მართვის სისტემის ფარგლებში გამოვლენილი ნებისმიერი არსებითი დარღვევის შესახებ.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი უფლებამოსილია მოახდინოს რისკის მართვის ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგი, თუ სამსახურს დაუსაბუთებს, რომ მომსახურების მიმწოდებელი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ყველა პირობას.
მუხლი 10🔗. რისკის მართვის სისტემის გადახედვა
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის შესაფერისობის, ეფექტურობის და ადეკვატურობის ყოვლისმომცველი გადახედვა, სულ მცირე, სამ წელიწადში ერთხელ ან დაუყოვნებლივ საპენსიო სქემაში ან რისკის პროფილში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში – დამოუკიდებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპეტენტური პირების მიერ.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყოვლისმომცველი გადახედვისა, საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის შესაფერისობის, ეფექტურობის და ადეკვატურობის გადამოწმება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
3. რისკის მართვის სისტემის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყოვლისმომცველი გადახედვისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საპენსიო საქმიანობის ზომა, ბუნება, მასშტაბი და კომპლექსურობა რისკის აპეტიტის, ასევე ნებისმიერი შიდა და გარე ფაქტორების ცვლილება.
4. რისკის მართვის სისტემის ყოვლისმომცველი გადახედვისას, შემოწმებას ექვემდებარება, სულ მცირე, შემდეგი საკითხები:
ა) კვლავ არის თუ არა რისკის მართვის სისტემა საპენსიო საქმიანობის შესაბამისი;
ბ) გამოყენებული კონკრეტული რესურსები, რომელიც, სულ მცირე, საჭიროა ამ წესით მოთხოვნილი რისკის მართვის საქმიანობის წარმართვისთვის, მათ შორის, რამდენად არის ისინი უზრუნველყოფილი სათანადო რესურსებით;
გ) რისკის აპეტიტის განაცხადი;
დ) რისკის მართვის სტრატეგია;
ე) რისკის მართვის ყველა პოლიტიკა და პროცედურა;
ვ) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემები.
5. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დანერგოს ეფექტიანი შიდა აუდიტის ფუნქცია და გარე აუდიტის ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემასთან შესაბამისობა და დაადასტუროს საპენსიო სქემის დამფუძნებლის უნარი არსებული რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანი და სათანადო მუშაობის შესამოწმებლად.
6. თუ გარემოებები, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საპენსიო სქემის დამფუძნებლის ზომაზე, ბუნებაზე, მასშტაბსა და კომპლექსურობაზე, გამოვლინდა ყოვლისმომცველი გადახედვის მიღმა, საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა შეაფასოს რისკების მართვის სისტემაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა ამგვარი შემოწმების ვადის დადგომამდე.
მუხლი 11🔗. რისკის მართვის დეკლარაცია
1. სამსახურს ყოველწლიურად წარედგინება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული რისკის მართვის დეკლარაცია, რომლითაც დადასტურებული უნდა იყოს, რომ დაკმაყოფილებულია ამ წესის დანართი №1-ში მითითებული ყველა მოთხოვნა.
2. რისკის მართვის დეკლარაცია სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საქმიანობის წლიურ ანგარიშთან ერთად.
3. დეკლარაციასთან ერთად სამსახურს წარედგინება სამეთვალყურეო საბჭოს შეფასება/დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რისკის მართვის სისტემის ნებისმიერი არსებითი დარღვევის, აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად შეთავაზებული ზომების შესახებ.
მუხლი 12🔗. სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უნდა შეატყობინოს სამსახურს, თუ:
ა) მისთვის ცნობილი გახდება რისკის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი დარღვევის ან არსებითი დარღვევის შესახებ;
ბ) აღმოაჩენს, რომ რისკის მართვის სისტემა ადეკვატურად ვერ უმკლავდება არსებით რისკს.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს სამსახურს, მისი საპენსიო საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის თაობაზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ.
მუხლი 13🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები
საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.
დანართი №1
რისკის მართვის დეკლარაცია
„რისკის მართვის წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, რისკის მართვის დეკლარაცია უნდა ადასტურებდეს, რომ:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებელს დანერგილი აქვს შესაბამისი რისკის მართვის სისტემა, ამ წესის ყველა მოთხოვნასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ბ) სისტემები და რესურსები, რომელიც არსებობს რისკების მართვისა და მონიტორინგისათვის, შეესაბამება საპენსიო სქემის დამფუძნებლის საქმიანობას;
გ) საპენსიო სქემის დამფუძნებელს შეფასებული აქვს აუტსორსინგული მომსახურების რისკები ნებისმიერი საქმიანობისთვის და დარწმუნებულია, რომ რისკები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი კონტროლის ზომები არის საპენსიო საქმიანობის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის შესაბამისი;
დ) არსებული რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემა ეფექტურად მუშაობს და არის იმ რისკების ადეკვატური, რომელსაც ისინი აკონტროლებენ;
ე) საპენსიო სქემის დამფუძნებელი ფლობს ამ წესთან შესაბამისობაში არსებულ რისკის მართვის სტრატეგიას;
ვ) საპენსიო სქემის დამფუძნებელს აქვს ანგარიშგების და შიდა კონტროლის სათანადო სისტემები, სწორი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოსამზადებლად;
ზ) სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაცია ზუსტად ასახავს მისი საქმიანობის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, რაც შესაბამისობაშია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.