საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016089 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№82
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. თანდართული სახით დადგინდეს „საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესი და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისათვის და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნები“.
2. 2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესი და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისათვის და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესი და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისათვის და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნები“ (შემდგომ – წესი) ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო კომპანიის (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) მიერ:
ა) საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენისა და მიწოდების წესს;
ბ) საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისთვის და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნებს იმის გათვალისწინებით, რომ მისაწოდებელი ინფორმაცია იქნება ცალსახა, ადვილად აღსაქმელი და გასაგები.
2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ საპენსიო სქემებზე.
მუხლი 2🔗. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, საპენსიო სქემის წესები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული საპენსიო სქემისთვის.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, საპენსიო სქემის მონაწილეების, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარების მოთხოვნის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიაწოდოს/გადასცეს მათ საპენსიო სქემის შესახებ დოკუმენტი (საპენსიო სქემის წესები).
3. საპენსიო სქემის წესები უნდა მოიცავდეს აუცილებელ პირობებს, მათ შორის, საპენსიო შენატანების განხორციელების, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების, პენსიის გაცემის, საპენსიო სქემის საინვესტიციო მიდგომის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც არის:
ა) განახლებული და ზუსტი;
ბ) სრული, თანმიმდევრული და არადამაბნეველი;
გ) ხელმისაწვდომი შესაბამისი ფორმატით;
დ) მკაფიო და გასაგები ენით, ქართულ ენაზე;
ე) ელექტრონული, ხანგრძლივი მატარებლით ან მატერიალური ფორმით.
მუხლი 3🔗. საპენსიო სქემის პოტენციური მონაწილეებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
1. ინდივიდუალური საპენსიო სქემის შემთხვევაში, აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა საპენსიო სქემის პოტენციურ მონაწილეებს უნდა მიაწოდოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:
ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში რეგისტრირებული საპენსიო სქემის სახელწოდების, სარეგისტრაციო მონაცემების (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი), საპენსიო სქემის დამფუძნებლის საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, საკონტაქტო მონაცემებისა და საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ბ) თითოეულ საპენსიო ფონდში საინვესტიციო მიდგომის აღწერა, რომელიც შემოთავაზებულია საპენსიო სქემით;
გ) საპენსიო შენატანების ოდენობისა და სიხშირის, მათი განხორციელების წესისა და სახელშეკრულებო ვალუტის, საპენსიო შენატანების ოდენობის ცვლილების პირობების შესახებ;
დ) მონაწილის საინვესტიციო არჩევანის უფლებისა და მისი განხორციელების პირობების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ გააკეთებს საინვესტიციო არჩევანს, აქტივების მმართველი კომპანიის ან/და მზღვეველის უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს და აირჩიოს საინვესტიციო მიმართულება მონაწილის ასაკის/ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ე) საპენსიო სქემით გათვალისწინებული ყველა გადასახდელისა და საკომისიოს შესახებ;
ვ) ფიდუციური ვალდებულებების მქონე პირების მოვალეობების და პასუხისმგებლობის აღწერის შესახებ;
ზ) ბენეფიციარის განსაზღვრისა და შეცვლის პროცედურების შესახებ.
2. ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში საპენსიო სქემის დამფუძნებელმა საპენსიო სქემის პოტენციურ მონაწილეებს უნდა მიაწოდოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში რეგისტრირებული საპენსიო სქემის სახელწოდების, სარეგისტრაციო მონაცემების (რეგისტრაციის ნომერი, თარიღი), საპენსიო სქემის დამფუძნებლის საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, საკონტაქტო მონაცემებისა და საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ბ) დამსაქმებელთა და დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემებში გაწევრების წინაპირობების, მათ შორის ყველა დასაქმებულის მონაწილეობის ან სამუშაოების კატეგორიების ჩამონათვალის შესახებ;
გ) საპენსიო შენატანების ოდენობისა და სიხშირის, მათი განხორციელების წესისა და სახელშეკრულებო ვალუტის, საპენსიო შენატანების ოდენობის ცვლილების პირობების შესახებ;
დ) დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიერ შესატანი საპენსიო შენატანების პროპორციის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე, მონაწილის უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდულობის და ოდენობის შესახებ, რომელიც არ უნდა აუარესებდეს მონაწილის მდგომარეობას, ვიდრე კანონითაა დადგენილი;
ვ) მონაწილის საინვესტიციო არჩევანის უფლებისა და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისი განხორციელების პირობების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ გააკეთებს საინვესტიციო არჩევანს, საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს და აირჩიოს საინვესტიციო მიმართულება მონაწილის ასაკის/ასაკობრივი ჯგუფის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ზ) საპენსიო ასაკამდე სამუშაოს შეწყვეტისას მონაწილის უფლებების და მისი რეალიზების პროცედურის თაობაზე;
თ) ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის, შესაძლებლობის შეზღუდვის, გარდაცვალების შემთხვევაში განაცხადის პროცედურების შესახებ;
ი) ბენეფიციარის განსაზღვრის უფლებამოსილების შესახებ.
მუხლი 4🔗. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენისა და მიწოდების წესი
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, საპენსიო სქემის მონაწილეებს მიაწოდოს:
ა) დოკუმენტი საპენსიო სქემის წესების შესახებ, რომელიც მოიცავს აუცილებელ პირობებს, მათ შორის, საპენსიო შენატანების განხორციელების, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების, პენსიის გაცემის, საპენსიო სქემის საინვესტიციო მიდგომის შესახებ;
ბ) საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი, რომელიც მოიცავს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებს; აქტივების კლასებს, რომლებშიც შეიძლება საპენსიო აქტივების ინვესტირება (მათ შორის, თითოეული აქტივის კლასისა და თითოეული ემიტენტისთვის ან ერთმანეთთან დაკავშირებული ემიტენტების ჯგუფისთვის მაქსიმალური პოზიცია/მოცულობა, სამსახურის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში); საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს; რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში საინვესტიციო რისკების შეფასების, მართვისა და კონტროლის პროცედურებს და საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვის მეთოდებსა და პროცედურებს;
გ) რისკის მართვის სტრატეგიის შესახებ, რომელიც მოიცავს არსებითი რისკების თითოეულ კატეგორიას და აკმაყოფილებს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
დ) ინფორმაცია პირადი საპენსიო ანგარიშის და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ, კვარტალში ერთხელ მაინც თითოეული მონაწილისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აღნიშნულ ანგარიშზე არსებული აქტივების შესახებ განახლებული ანგარიში, რომელიც ასახავს განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, საინვესტიციო მოგებასა და ზარალს. ამასთან, საპენსიო სქემის მონაწილეების მოთხოვნის საფუძველზე, თითოეული ფინანსური წლისთვის, წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. პირადი საპენსიო ანგარიშის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველდღიურად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაწილეებს, ხოლო ბენეფიციარებს − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოთ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაწილეს მიეწოდება ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით.
3. საპენსიო სქემაში ცვლილებების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ ცვლილებების განხორციელებამდე არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღით ადრე აღნიშნულის შესახებ ეცნობოს საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს.
მუხლი 5🔗. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდება
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ ბენეფიციარს აცნობოს მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მისი უფლებებისა და ამ უფლებების განხორციელების გზების შესახებ.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვალდებულია, მონაწილისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია/დოკუმენტები მიაწოდოს ბენეფიციარს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე მისაწოდებელი ინფორმაცია მას მიეწოდება ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 6🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები
მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.