საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 26.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016094 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საინვესტიციო პორტფელის არჩევის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№87
2024 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 41 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დადგინდეს „საპენსიო კომპანიების შერწყმის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თუთარაშვილი
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საპენსიო კომპანიების შერწყმის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო კომპანიების შერწყმის (შემდგომ – შერწყმა) პროცედურას და წესს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საპენსიო კომპანიებსა და მის მონაწილეებზე, მათ მიერ განსაზღვრულ ბენეფიციარებზე, აგრეთვე მათ მემკვიდრეებზე.
3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საპენსიო კომპანიის ფარგლებში მოქმედი ჯგუფური ფორმის საპენსიო სქემებზე.
4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗. შერწყმა
1. საპენსიო კომპანია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმის თაობაზე, თუ აღნიშნული შეესაბამება მის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს.
2. შერწყმის შედეგად:
ა) საპენსიო კომპანია წყვეტს საპენსიო საქმიანობას და ხდება შერწყმა სხვა საპენსიო კომპანიასთან, რა დროსაც გადამცემი საპენსიო კომპანია ყველა აქტივსა და ვალდებულებას გადასცემს მიმღებ საპენსიო კომპანიას, გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეების პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნისა და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივის ასახვის სანაცვლოდ.
ბ) საპენსიო კომპანია წყვეტს საპენსიო საქმიანობას და ხდება შერწყმა მის მიერვე ახლად დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან, რა დროსაც გადამცემი საპენსიო კომპანია ყველა აქტივსა და ვალდებულებას გადასცემს მიმღებ საპენსიო კომპანიას, გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეების პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნისა და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივის ასახვის სანაცვლოდ.
გ) საპენსიო კომპანია აგრძელებს არსებობას მის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებამდე და სქემის წმინდა აქტივებს გადასცემს მის მიერვე დაფუძნებულ საპენსიო კომპანიას ან სხვა საპენსიო კომპანიას (მიმღები საპენსიო კომპანია).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერწყმის პროცედურა მოიცავს გადამცემი საპენსიო კომპანიის მიერ მიმღები საპენსიო კომპანიისთვის წმინდა აქტივების გადაცემას, მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ გადამცემი საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნას და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივების ასახვას.
4. შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება როგორც გადამცემი, ისე მიმღები საპენსიო კომპანიების აქციონერთა/პარტნიორთა კრების მიერ.
5. საპენსიო კომპანიების შერწყმისთვის, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად უნდა შემუშავდეს საპენსიო კომპანიების შერწყმის გეგმა, რომელიც შერწყმის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან და ამ წესით მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომ – სამსახური).
6. შერწყმის პროცედურის დაწყება დასაშვებია, სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შერწყმის გეგმის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. საპენსიო კომპანიის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის შეწყვეტა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე, დასაშვებია სხვა საპენსიო კომპანიასთან შერწყმის გზით.
8. შერწყმისას საპენსიო აქტივების გადატანასთან დაკავშირებული ხარჯი არ უნდა აისახოს მონაწილეთა პირად საპენსიო ანგარიშებზე არსებული საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე.
მუხლი 3🔗. შერწყმის თაობაზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. საპენსიო კომპანიების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად სამსახურს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად შედგენილი და შერწყმაში მონაწილე ორი ან ორზე მეტი საპენსიო კომპანიის მიერ შემუშავებული შერწყმის გეგმა;
ბ) მიმღები საპენსიო კომპანიის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია;
გ) გადამცემი და მიმღები (შესაბამის შემთხვევებში) საპენსიო კომპანიების სპეციალიზებული დეპოზიტარის წერილობითი დასტური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შემოწმების თაობაზე;
დ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მონაწილეებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია;
ე) გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების ბოლო წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლის შედგენიდან გასულია არაუმეტეს 8 თვე;
ვ) თითოეული საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მომზადებული საკუთარი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების შეფასება;
ზ) ინფორმაცია საპენსიო კომპანიის მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად დაგეგმილი ღონისძიებების/ზომების თაობაზე.
2. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების მიერ მათი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა/დაზუსტება ან განმარტება.
3. თუ სამსახური მიიჩნევს, რომ საპენსიო კომპანიების მიერ მისთვის წარდგენილი ინფორმაცია ან დოკუმენტები არასრულია ან საჭიროებს დაზუსტებას, იგი უფლებამოსილია გადაამოწმოს, დააზუსტოს და/ან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა (ხარვეზის გამოსწორება) შერწყმის გეგმის შესწავლა/შეფასების პროცესში, რისთვისაც სამსახური განსაზღვრავს არაუმეტეს 2-კვირიან ვადას. საპენსიო კომპანი(ებ)ის მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამსახურის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს სამსახურის ავტომატურ უარს შერწყმის გეგმის დამტკიცებაზე.
4. თუ საპენსიო კომპანიების შერწყმის გამო აუცილებელი ხდება მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ სამსახურში წარდგენილ სალიცენზიო და/ან სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილებ(ებ)ის შეტანა, სამსახურს ასევე უნდა წარედგინოს ამ ცვლილებ(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები.
5. იმ შემთხვევაში, თუ შერწყმის გეგმით გათვალისწინებული პირობები მოითხოვს მიმღები საპენსიო კომპანიის რეგისტრირებული საპენსიო სქემის წესების ცვლილებას, ის უნდა განხორციელდეს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით საპენსიო სქემის წესების ცვლილებისათვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, შერწყმა შეიძლება განხორციელდეს მიმღები საპენსიო კომპანიის რეგისტრირებულ საპენსიო სქემაში ცვლილების შესაბამისი პროცედურებით შეტანის შემდეგ.
6. თუ მიმღები საპენსიო კომპანია წარმოადგენს გადამცემი საპენსიო კომპანი(ებ)ის მიერ დაფუძნებულ ახალ სუბიექტს, რომლის მიერ საპენსიო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა ახალი ლიცენზია, სამსახურს ასევე უნდა წარედგინოს პოტენციური ლიცენზიის მაძიებლის წესდებისა და საოპერაციო გეგმის პროექტი. ასეთ შემთხვევაში შერწყმის პროცედურა განხორციელდება სამსახურის მიერ შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შემდეგ.
7. შერწყმაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სამსახური იღებს შესაბამისი განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის სრულად მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
8. სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დარწმუნდეს, რომ შერწყმის შედეგად, სათანადოდ იქნება დაცული მონაწილეთა/ბენეფიციართა ინტერესები და მათი საპენსიო აქტივების გადატანა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესით.
9. სამსახური უფლებამოსილია, საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შერწყმის გეგმის დამტკიცებაზე განაცხადოს უარი და მიიღოს გადაწყვეტილება გადამცემი საპენსიო კომპანიის საპენსიო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4🔗. შერწყმის გეგმა
გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების მიერ, შესაბამისი წესით დამტკიცებულ და სამსახურში წარდგენილ შერწყმის გეგმაში, საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის საუკეთესო ინტერესებისა და საპენსიო აქტივებზე არსებული მონაწილის უფლების სრულად შენარჩუნების პრინციპის გათვალისწინებით, ასახული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ძირითადი მონაცემები:
ა) გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების საიდენტიფიკაციო მონაცემები და შერწყმის ფორმა;
ბ) გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების საპენსიო სქემების სარეგისტრაციო მონაცემები;
გ) შერწყმის საფუძველი და დასაბუთება;
დ) არსებითი განსხვავებები გადამცემი საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემასა და მიმღები საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემას შორის (მათ შორის, საპენსიო შენატანის სტრუქტურის ან ოდენობის, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლების წარმოშობის, პენსიის მიღების ფორმის/ფორმების შესახებ);
ე) შერწყმის მოსალოდნელი გავლენა გადამცემი და მიმღები საპენსიო სქემების მონაწილეებზე;
ვ) შერწყმის პროცესში ჩართულ საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა, მათ შორის, სქემ(ებ)ის ფარგლებში არსებული პენსიის მიმღები მონაწილეების რაოდენობა;
ზ) შერწყმის შედეგად საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია;
თ) გადამცემი და მიმღები საპენსიო სქემების აქტივების შეფასება, საპენსიო აქტივების სტრუქტურა, ღირებულება და ვალუტა;
ი) გადასაცემი საპენსიო აქტივების დეტალური ნუსხა და მოცულობა, აქტივების დაანგარიშების მეთოდი, დაანგარიშების თარიღი;
კ) საპენსიო კომპანიების შერწყმამდე, მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების სხვა საპენსიო სქემაში გადატანის მოთხოვნის თარიღი;
ლ) შერწყმის დაგეგმილი პროცესის აღწერა საორიენტაციო ვადების მითითებით, მათ შორის აქტივების გადაცემასთან დაკავშირებული დეტალური პირობები;
მ) შერწყმის დასრულების დაგეგმილი თარიღი.
მუხლი 5🔗. შერწყმის შესახებ ინფორმაციის მონაწილეთათვის მიწოდება
1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტივების განკარგვისა და/ან გადატანის უფლებ(ებ)ის შეუფერხებლად გამოყენების მიზნით, გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიები ვალდებულნი არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს.
2. შერწყმის შესახებ ინფორმაცია მონაწილეს უნდა მიეწოდოს შერწყმის განხორციელებაზე სამსახურის თანხმობის მიღების შემდეგ, აქტივების გადაცემის თარიღამდე სულ ცოტა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე.
3. მონაწილისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) მიმღები საპენსიო კომპანიის და საპენსიო სქემის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;
ბ) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას;
გ) შერწყმის შესაძლო გავლენას მონაწილის საპენსიო აქტივებზე, მათ შორის, ნებისმიერი არსებითი განსხვავების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან, ხარჯებთან, მოსალოდნელ შედეგებთან;
დ) დეტალურ ინფორმაციას მიმღები საპენსიო სქემის წესებით განსაზღვრულ საპენსიო შენატანებთან, საკუთრების უპირობო უფლებებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საპენსიო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტთან, გადასახდელ(ებ)ის და საკომისიოების ოდენობასთან, პენსიის გაცემის/მიღების ფორმასა და წესთან დაკავშირებით;
ე) ნებისმიერ არსებით განსხვავებას საპენსიო სქემის შესაბამის წესებში;
ვ) დეტალურ ინფორმაციას ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებული უფლებების შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს მიმღები საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის წესები და ამ უფლების გამოყენების ინსტრუქცია;
ზ) დეტალურ მითითებას და ინსტრუქციას მონაწილის მიერ შერწყმის შედეგად ახალ საპენსიო სქემაში გაწევრიანებაზე უარის თქმის, აქტივების განკარგვისა და/ან გადატანის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით;
თ) ინფორმაციას შერწყმასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხებისა და შერწყმის დასრულების დაგეგმილ სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით;
ი) შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაციას.
4. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემი და/ან მიმღები საპენსიო კომპანია ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია შერწყმის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია საპენსიო დანაგროვზე
1. შერწყმის შესახებ შეტყობინებასთან ერთად თითოეულ მონაწილეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია/მონაცემები მის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის ოდენობის შესახებ, (მონაწილის ან/და დამსაქმებლის სახელით განხორციელებული შენატანების და საინვესტიციო მოგება/ზარალის მითითებით), შეტყობინების თარიღის მდგომარეობით.
2. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია შერწყმის შედეგად დამსაქმებლის მიერ მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების გაგრძელების შესახებ და მისი პირობები, საპენსიო აქტივებზე მონაწილის უპირობო უფლებების სრული დაცვით.
მუხლი 7🔗. მონაწილის არჩევანის უფლება შერწყმისას
1. შერწყმისას საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს:
ა) დაეთანხმოს საპენსიო კომპანიების შერწყმის გადაწყვეტილებას და მიმღებ საპენსიო კომპანიაში (საპენსიო სქემაში) მონაწილეობას;
ბ) არ დაეთანხმოს შერწყმის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მონაწილეობა გადამცემი საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემაში და საპენსიო აქტივები გადაიტანოს სხვა საპენსიო სქემაში, საკუთარი არჩევანით. ეს საპენსიო სქემა შეიძლება იყოს სხვა საპენსიო კომპანიის, საპენსიო სქემის დამფუძნებელი აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის საპენსიო სქემა. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი საპენსიო სქემა ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს საპენსიო დანაგროვის გადაცემა (გადატანა) შესაბამისი წესით;
გ) განკარგოს (გაიტანოს) საკუთარი საპენსიო აქტივები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. შერწყმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მონაწილე ვალდებულია წერილობით აცნობოს გადამცემ საპენსიო კომპანიას მის მიერ მიღებული ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
3. მონაწილის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება თანხმობად.
მუხლი 8🔗. შერწყმის დასრულება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) გადამცემი საპენსიო კომპანი(ებ)ის მიერ ყველა საპენსიო აქტივი და ვალდებულება გადაეცემა მიმღებ საპენსიო კომპანიას;
ბ) გადამცემი საპენსიო კომპანია წყვეტს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) გადამცემი საპენსიო კომპანი(ებ)ის მიერ მიმღებ საპენსიო კომპანიას გადაეცემა წმინდა აქტივები;
ბ) გადამცემი საპენსიო კომპანია განაგრძობს საქმიანობას ვალდებულებების სრულ ამოწურვამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიმღები საპენსიო კომპანია წარმოადგენს გადამცემი საპენსიო კომპანიის სამართალმემკვიდრეს მონაწილეებთან მიმართებაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმღები საპენსიო კომპანია წარმოადგენს გადამცემი საპენსიო კომპანიის სამართალმემკვიდრეს მიღებულ წმინდა აქტივებთან მიმართებაში.
5. შერწყმის დასრულების შესახებ ინფორმაცია, შერწყმის შესაბამისი შედეგების დეტალური აღწერით, გადამცემი და მიმღები საპენსიო კომპანიების მიერ წარედგინება სამსახურს, შერწყმის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.