პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 26.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016095 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№88
2024 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 41 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „პენსიის პროგრამული გატანის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თუთარაშვილი
პენსიის პროგრამული გატანის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული პროგრამული გატანის ფორმით პენსიის გაცემისა და მისი მიღების პროცედურებსა და წესს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საპენსიოს სქემის დამფუძნებელ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მზღვეველზე, საპენსიო კომპანიაზე (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი).
3. პენსიის პროგრამული გატანა წარმოადგენს პენსიის გაცემის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდულ გატანას.
4. პენსიის მიღებაზე უფლებამოსილ მონაწილეს პროგრამული გატანის ფორმით პენსიის მიღების უფლება აქვს მის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის ან საპენსიო ასაკის მიღწევამდე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებული მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში.
5. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს მის პირად საპენსიო ანგარიშზე რიცხული პენსია პროგრამული გატანის ფორმით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების სრულად გათვალისწინებით.
6. ამ წესის შესაბამისად პენსიის მიღების უფლება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირს შეუძლია მხოლოდ იმ საპენსიო სქემებთან მიმართებით, რომელთა მონაწილეც იგი იყო შესაბამისი სტატუსის მინიჭების მომენტისთვის.
7. ეს წესი აგრეთვე ადგენს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვის პროგრამული გატანის შესაბამისად განაწილების მეთოდოლოგიას.
8. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილეს, რომელზეც პენსია გაიცემა პროგრამული გატანის ფორმით, საპენსიო ასაკის მოახლოებისას უზრუნველყოს მისი სათანადო წესით ინფორმირება მოახლოებული საპენსიო ასაკის შესახებ და მიაწოდოს მას სრული, ამომწურავი და მკაფიო ინფორმაცია პენსიის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.
9. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ, კერძო პენსიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მონაწილისთვის, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრისთვის/ბენეფიციარისთვის ძალაში რჩება სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე და პენსიის სრულად გადახდამდე.
10.ამ წესის დებულებები ბენეფიციარზე/მემკვიდრეზე ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
11. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
12. სქემის დამფუძნებელი უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაამუშაოს მონაწილის, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის/ბენეფიციარის, წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
მუხლი 2🔗. პენსიის მიღება პროგრამული გატანის წესით
1. საპენსიო ასაკის მიღწევის, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის, ასევე შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის შემთხვევაში, მონაწილეს წარმოეშობა უფლება, მიიღოს ამ წესის შესაბამისად დაანგარიშებული პენსია პროგრამული გატანის ფორმით.
2. პროგრამული გატანის ფორმით პენსიის მიღების მიზნით, მონაწილე ვალდებულია საპენსიო სქემის დამფუძნებელს საპენსიო განაცხადთან ერთად წარუდგინოს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მხარეთა შორის შეთანხმებულ ვალუტაში გახსნილი მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელსაც იგი გამოიყენებს პენსიის მისაღებად.
მუხლი 3🔗. მონაწილის უფლება პენსიის პროგრამულად გატანის არჩევანთან დაკავშირებით
1. საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს პენსიის პროგრამული გატანით მიღების არჩევანის შესაძლებლობას, მისი მიღების პირობებს და იმ პერიოდს, თუ როდის არის შესაძლებელი მონაწილის მიერ ამ არჩევანის გაკეთება.
2. საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს პირობებს, რომლის შესაბამისადაც მონაწილეს შეუძლია უარი თქვას შემდგომი პენსიების პროგრამული გატანის გზით მიღების სურვილზე და აირჩიოს პენსიის გატანის/მიღების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმა.
მუხლი 4🔗. პირადი საპენსიო ანგარიშის ბალანსის მინიმალური ოდენობა პროგრამული გატანისას
1. საპენსიო სქემის წესები შესაძლებელია ითვალისწინებდეს პირადი საპენსიო ანგარიშის ბალანსის გონივრულ მინიმალურ ოდენობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამოდ მცირე პენსიის გრძელვადიანი გაცემა. მოცემული თანხა გაიცემა სრულად, პროგრამული გატანის ფარგლებში.
2. პროგრამული გატანის ფორმით პენსიის მიღების დაწყების თარიღიდან შემდგომ, თითოეული წლის ბოლოს, მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშის ბალანსის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანხის მინიმალურ ოდენობამდე შემცირების შემთხვევაში, მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს ამ ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი პროგრამული გატანის ფარგლებში.
მუხლი 5🔗. პროგრამული გატანის მეთოდი
პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი პენსიის წლიური ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, სტანდარტული მეთოდის გამოყენებით.
მუხლი 6🔗. სტანდარტული მეთოდი
1. სტანდარტული მეთოდის მიხედვით გასაცემი პენსიის წლიური ოდენობა უნდა გამოითვალოს იმ თარიღზე, როდესაც მონაწილეს პირველად ეძლევა პენსიის მიღების უფლება.
2. სტანდარტული მეთოდით გასაცემი პენსიის წლიური ოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად:
სადაც:
- საპენსიო დანაგროვის ნაშთი არის მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულება გამოთვლის დღის მდგომარეობით, მასზე დარიცხული საინვესტიციო შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
- დარჩენილი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოთვლის დღისათვის მონაწილის, სქესის მიხედვით, სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი წლების რაოდენობა, რომელიც განისაზღვრება სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიცოცხლის ხანგრძლივობის უკანასკნელი მონაცემების შესაბამისად.
3. გასაცემი პენსიის წლიური ოდენობა გადაანგარიშდება (ხელახლა გამოითვლება) ყოველწლიურად, პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო სამუშაო დღეს, რაც ეცნობება პენსიის მიმღებს შესაბამისი წესით. ხელახალი გადაანგარიშებისთვის გამოსაყენებელი ინფორმაცია უნდა განახლდეს გაანგარიშების თარიღის მდგომარეობით.
4. პენსიის გაცემის სიხშირე განისაზღვრება საპენსიო სქემის წესებით, მხარეთა შორის შეთანხმებით მონაწილის არჩევანის საფუძველზე. ამასთან, პენსიის გატანა უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ ან ყოველკვარტალურად. საპენსიო სქემის წესებში უნდა იყოს მითითებული, თუ რა სიხშირით შეიძლება მოხდეს ამ არჩევანის შეცვლა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამული გატანის ფორმით გასაცემი წლიური პენსია თანაბრად უნდა განაწილდეს წელიწადში გადახდების რაოდენობაზე.
მუხლი 7🔗. პენსიის გაცემა პროგრამული გატანით მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენისას, თუ მონაწილის ან მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლის საპენსიო განაცხადით მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის პროგრამული გატანის ფორმით მიღება, მისი გაცემა და გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 8🔗. საპენსიო განაცხადით მიმართვის წესი
1. ამ წესის შესაბამისად, მონაწილე (ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე/ბენეფიციარი) პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით უფლებამოსილია პროგრამული გატანის ფორმით პენსიის მიღების მიზნით, საპენსიო განაცხადით მიმართოს საპენსიო სქემის დამფუძნებელს და წარუდგინოს ნოტარიულად ან შესაბამისი წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) მონაწილის ან მემკვიდრის/ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში მხარეთა შორის შეთანხმებულ ვალუტაში მონაწილის ან მემკვიდრის/ბენეფიციარის სახელზე გახსნილი იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელიც გამოიყენება პენსიის მისაღებად;
გ) წარმომადგენლის მეშვეობით საპენსიო განაცხადის წარდგენისას, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამკვიდროს გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანდერძი ან/და სხვა სახის დოკუმენტი ან/და სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მემკვიდრეთა ვინაობას განსაზღვრავს, თუ მონაწილეს საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარი არ განუსაზღვრავს. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება გარდაცვლილი მონაწილის რამდენიმე მემკვიდრეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ბენეფიციარის განსაზღვრის შემთხვევაში მესამე პირის ბენეფიციარად განსაზღვრის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი დოკუმენტი;
ვ) შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მონაწილის შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი.
2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. თუ რომელიმე დოკუმენტი უცხოენოვანია, წარდგენილი უნდა იქნეს ამ დოკუმენტ(ებ)ის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.
მუხლი 9🔗. საპენსიო განაცხადის მიღებისა და განხილვის წესი
1. მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის/ბენეფიციარის მიერ პენსიის მიღების მიზნით, პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საპენსიო განაცხადით მიმართვისას, წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შემოწმების შემდეგ, საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამული გატანის ფორმით პენსიის მიღების წესის/პროცედურის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან არასათანადო ფორმით, საპენსიო სქემის დამფუძნებელი უფლებამოსილია განმცხადებელს შეატყობინოს და მოსთხოვოს არსებული ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა და აღნიშნულისათვის განსაზღვროს ვადა არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა.
3. პენსიის გაცემის საკითხის განხილვა დაიწყება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტების/ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
4. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ დადგენილ ვადაში პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში სქემის მონაწილე უფლებამოსილია იმოქმედოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. თუ საპენსიო განაცხადის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილ მონაწილეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, საპენსიო განაცხადის წარმომდგენი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს პენსიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დაანგარიშებული იქნება სამკვიდრო დოკუმენტში მითითებული შესაბამისი პროპორციით. საპენსიო აქტივების დარჩენილი ოდენობა რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და შესაძლოა გაიცეს ამ წესის შესაბამისად, სხვა მემკვიდრე(ებ)ის განაცხად(ებ)ის საფუძველზე.
მუხლი 10🔗. შეუსაბამობის გამოვლენა
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, პერიოდულად გადაამოწმოს მონაწილის/ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის/ბენეფიციარის მონაცემები და შეუსაბამობის გამოვლენის, მათ შორის პენსიის შეცდომით გაცემის შემთხვევაში უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მონაწილისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის/ბენეფიციარისათვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება;
ბ) მოახდინოს შეცდომით გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში), პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე;
გ) მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რაც აუცილებელი ან/და მიზანშეწონილია შეუსაბამობის გასწორების, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების ან/და საპენსიო სქემის მონაწილეების და მათ მემკვიდრეთა ინტერესების გათვალისწინებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განხორციელებული გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ საპენსიო სქემის დაფუძნებელს ნაკლებობით აქვს გადახდილი პენსია პენსიის მიმღებისათვის, საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობის დანაკლისის გაცემა.
მუხლი 11🔗. მონაწილის რეკვიზიტის ცვლილება
1. პენსიის მიმღების სახელის, გვარის ან/და სხვა პერსონალური მონაცემის შეცვლის ან/და იმ საბანკო ანგარიშის დახურვის გამო, რომლის რეკვიზიტებიც პენსიის მიმღების მიერ იქნა წარდგენილი შეუძლებელია პენსიის გადახდა, საპენსიო სქემის დამფუძნებელი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პენსიის მიმღებს და მოსთხოვს განახლებული დოკუმენტების წარმოდგენას, პენსიის გაცემის განახლების მიზნით.
2. პენსიის მიმღები უფლებამოსილია შეცვალოს წარდგენილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საპენსო სქემის დამფუძნებელს.
3. დოკუმენტის/ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნა ან/და წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით მხარეთა შორის შეთანხმებული ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით – ფოსტის მეშვეობით, პირადად გადაცემის გზით, ელექტრონული ფოსტით ან ელექტრონული სისტემის/ინდივიდუალური საპენსიო გვერდის საშუალებით.
მუხლი 12🔗. პენსიის გაცემა
1. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პენსიის გაცემა დაიწყება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა მოხდება ამ წესით დადგენილი პროგრამული გატანის ფორმით, არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღეს.
2. თუ პენსიის გაცემა დაწყებულია ამ წესით დადგენილი პროგრამული გატანის ფორმით, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დარჩენილი თანხა გაიცემა მემკვიდრეზე/ბენეფიციარზე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.