საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 26.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016096 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
2,359 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყანა
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქვეყნები, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული, ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, სინგაპურის რესპუბლიკა და არაბთა გაერთიანებული საემიროები
მუხლი 2
საინვესტიციო პორტფელი
საპენსიო სქემის ფარგლებში მონაწილეთა საპენსიო აქტივების ჯამური ოდენობა, რომელსაც განსაზღვრული საინვესტიციო რისკის პროფილი აქვს და რომლის მართვა ხორციელდება კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად
მუხლი 2
საპენსიო სქემის ვალუტა
საპენსიო სქემის წესებით განსაზღვრული და მხარეთა შორის კერძო პენსიის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალუტა, რომელშიც საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ ხორციელდება საპენსიო შენატანები და ხდება საპენსიო აქტივების განკარგვა, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
მუხლი 2
სხვა ვალუტა
სხვა ნებისმიერი ვალუტა, გარდა საპენსიო სქემის ვალუტისა
მუხლი 2
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საფონდო ბირჟა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“,  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონებით და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 90% 21.07.2018 საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 90% 31.10.2017 საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 89% 23.12.2024 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 28.02.2025 წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 22.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება  №89 2024 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 4​1 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „საპენსიო აქტივების ინვესტირების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თუთარაშვილი საპენსიო აქტივების ინვესტირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საპენსიო აქტივების ინვესტირების წესი“ (შემდგომ – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელებისას საპენსიო აქტივების ინვესტირების წესს. 2. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი) ვალდებული არიან საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელონ ამ წესით დადგენილი ინვესტირებისთვის დასაშვები აქტივების სახეების, მიმართულებების, ინვესტირების ლიმიტების, მათ მიმართ კონცენტრაციის და დივერსიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად. 3. საპენსიო სქემის დამფუძნებლის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს მონაწილეებისა და ბენეფიციარების გრძელვადიან საუკეთესო ინტერესებს კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. 4. წინამდებარე წესით დადგენილი ინვესტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები (შეზღუდვები) არ ვრცელდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განხორციელებულ ინვესტიციებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყანა – სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქვეყნები, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული, ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, სინგაპურის რესპუბლიკა და არაბთა გაერთიანებული საემიროები;  ბ) საინვესტიციო პორტფელი – საპენსიო სქემის ფარგლებში მონაწილეთა საპენსიო აქტივების ჯამური ოდენობა, რომელსაც განსაზღვრული საინვესტიციო რისკის პროფილი აქვს და რომლის მართვა ხორციელდება კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად; გ) საპენსიო სქემის ვალუტა – საპენსიო სქემის წესებით განსაზღვრული და მხარეთა შორის კერძო პენსიის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალუტა, რომელშიც საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ ხორციელდება საპენსიო შენატანები და ხდება საპენსიო აქტივების განკარგვა, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) სხვა ვალუტა – სხვა ნებისმიერი ვალუტა, გარდა საპენსიო სქემის ვალუტისა; ე) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საფონდო ბირჟა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონებით და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. ინვესტირებისთვის დასაშვები აქტივების სახეები საპენსიო აქტივების ინვესტირებისთვის დასაშვებია აქტივების შემდეგი სახეები: ა) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები; ბ) სასესხო ფასიანი ქაღალდები; გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები; დ) სხვა აქტივები. მუხლი 4🔗. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 1. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები წარმოადგენს აქტივების სახეს, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის/ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ/ავტორიზებულ კომერციულ ბანკებში, რომელთა წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გაუქმებული/შეჩერებული არ არის მათი ლიცენზია ან ავტორიზაცია და რომელთა მიმართაც არ გამოიყენება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეზოლუციის რეჟიმი. 2. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები შედგება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრებისგან, დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატებისგან, რომელთა დაფარვის თარიღამდე დარჩენილია 90 დღეზე ნაკლები (C1), ასევე დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატებისგან, რომელთა დაფარვის თარიღამდე დარჩენილია 90 დღე ან მეტი (С2). მუხლი 5🔗. სასესხო ფასიანი ქაღალდები სასესხო ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს აქტივების სახეს, რომელიც შედგება: ა) საქართველოს ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან, რომლებიც გარანტირებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D1); ბ) მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი ხელისუფლების) ან სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან, თუ ისინი სათანადოდ გარანტირებულია საქართველოს/ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D2);  გ) საქართველოს ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკით დაცული ობლიგაციები, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D3);  დ) საქართველოს ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამის რეგულირებად ბაზრებზე საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D4); ე) საქართველოს ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამის რეგულირებად ბაზრებზე კერძო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D5); ვ) საქართველოს ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამის რეგულირებად ბაზრებზე კერძო ან საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისგან იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს საკრედიტო რეიტინგის მიმართ (D6). მუხლი 6🔗. წილობრივი ფასიანი ქაღალდები წილობრივი ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს აქტივების სახეს, რომელიც შედგება: ა) საწარმოების მიერ გამოშვებული აქციებისგან ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილებისგან, რომელიც საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულია და ივაჭრება საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე ან/და უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე (E1); ბ) საწარმოების მიერ გამოშვებული აქციებისგან ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილებისგან იმ პირობით, რომ ემისიის პირობები განსაზღვრავს ვალდებულებას, მათი გამოშვებიდან ექვსი თვის განმავლობაში განთავსებულ იქნეს საქართველოში ლიცენზირებულ ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე (E2). მუხლი 7🔗. სხვა აქტივები სხვა აქტივები წარმოადგენს აქტივების სახეს, რომელიც შედგება: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული/აღიარებული ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულებისგან ან ისეთი საინვესტიციო ფონდის ერთეულებისაგან, რომელიც ივაჭრება საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე (O1); ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის ან ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული/აღიარებული ისეთი საინვესტიციო ფონდის ერთეულები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (O2); გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ან ორი ან ორზე მეტი კომერციული ბანკის მიერ თანადაფინანსებულ სესხში თანამონაწილეობისგან (O3). მუხლი 8🔗. მოთხოვნები საკრედიტო რეიტინგის მიმართ 1. ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტრუმენტებს ან ასეთი ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტს, რომელშიც დასაშვებია საპენსიო აქტივების ინვესტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, უნდა გააჩნდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მოქმედი „BBB-“/„Baa3“ საკრედიტო რეიტინგზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, მინიჭებული ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ: Standard & Poors (S&P), Moody's ან Fitch. თუ ამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება ყველა რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი.  2. საქართველოს რეზიდენტი ემიტენტის მიერ გამოშვებული ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში – ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი არ უნდა იყოს საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე არაუმეტეს ორი საფეხურით დაბალი, თუმცა არანაკლებ CCC საკრედიტო რეიტინგისა და რომელიც მინიჭებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ან Scope Ratings-ს მიერ. 3. ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყნის მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ/ავტორიზებულ კომერციულ ბანკებში ფულადი სახსრების (ან მათი ეკვივალენტების) განთავსების შემთხვევაში, კომერციული ბანკი უნდა ფლობდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებულ სულ მცირე „A-“ ან „A3“ საკრედიტო რეიტინგს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნა ასევე ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, რომლებშიც ხდება საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება (ფულადი სახსრების განთავსება), გარდა ამ წესის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.  მუხლი 9🔗. ინვესტირების დასაშვები ლიმიტები და კონცენტრაციისა და დივერსიფიკაციის წესები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საპენსიო ფონდის დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად და რომელიმე კონკრეტულ აქტივზე, ან ემიტენტზე, ან საწარმოთა ჯგუფზე არასათანადო კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული აქტივების სახეებისთვის ინვესტირების მაქსიმალური დასაშვები ლიმიტები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტებისთვის, აგრეთვე, სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის – საპენსიო აქტივების 100%-მდე, შემდეგი ლიმიტების დაცვით: ა.ა) C1 და C2 მიმართულებით საპენსიო აქტივების არაუმეტეს 25% თითოეული კომერციული ბანკისთვის ან შვილობილი კომერციული ბანკისთვის. ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული მინიმალური რეიტინგის არმქონე კომერციულ ბანკებში განთავსებული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10%-ს. ამასთან, საპენსიო აქტივების სულ მცირე 5% ყოველთვის უნდა იყოს განთავსებული აქტივების C1 მიმართულებაში; ა.ბ) D1 მიმართულებით – ერთ ემიტენტზე საპენსიო აქტივების არაუმეტეს 30%;  ა.გ) D2 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-ის განთავსება, ამასთან დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 30%-ზე მეტის ფლობა; ა.დ) D3 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 30%-ის განთავსება. ამასთან, დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 30%-ზე მეტის ფლობა; ა.ე) D4 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 30%-ის განთავსება;  ა.ვ) D5 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება;  ა.ზ) D4 და D5 მიმართულებით – ერთ ემიტენტზე დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება და, ამასთან, დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 30%-ზე მეტის ფლობა; ა.თ) D6 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-ის განთავსება. ამასთან, ერთ ემიტენტზე დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება. დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20%-ზე მეტის ფლობა.  ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის – საპენსიო აქტივების 60%-მდე, შემდეგი ლიმიტების დაცვით: ბ.ა) E1 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 60%-ის განთავსება;  ბ.ბ) E2 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება; ბ.გ) E1 და E2 მიმართულებით – ერთ ემიტენტზე დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება და, ამასთან, დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 30%-ზე მეტის ფლობა. გ) სხვა აქტივებისთვის – საპენსიო აქტივების 50%-მდე, შემდეგი ლიმიტების დაცვით: გ.ა) O1 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 30%-ის განთავსება; თითოეულ ფონდში დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ის განთავსება; ამასთან, ფონდის/ქვეფონდის მოცულობაში დაუშვებელია 30%-ზე მეტის ფლობა; გ.ბ) O2 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 15%-ის განთავსება; თითოეულ ფონდში დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 5%-ის განთავსება; ამასთან ფონდის/ქვეფონდის მოცულობაში დაუშვებელია 30%-ზე მეტის ფლობა;  გ.გ) O3 მიმართულებით – დასაშვებია საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-ის განთავსება. ამასთან, დაუშვებელია თითოეულ მსესხებელზე საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%-ზე მეტის გასესხება. ხოლო სესხში თანამონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი სესხის 25%-ს. დ) იმ საინვესტიციო ფონდზე/ქვეფონდზე, რომლის პორტფელის არანაკლებ 80% შედგება ამ წესით გათვალისწინებული D1 ან D4 ან D6 ან E1 აქტივებისგან, გავრცელდება შესაბამისი აქტივებისთვის დადგენილი მოთხოვნები და ლიმიტები; ე) საქართველოს რეზიდენტი ემიტენტის მიერ გამოშვებული ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალია, შესაძლოა განთავსდეს საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 10%, ხოლო თუ ორი საფეხურით დაბალია – საპენსიო აქტივების საერთო მოცულობის არაუმეტეს 2%. მუხლი 10🔗. ვალუტა და სავალუტო ლიმიტები 1. საპენსიო სქემის წესებით განსაზღვრული  საპენსიო სქემის ვალუტა შეიძლება იყოს მხოლოდ: ა) ქართული ლარი; ბ) ამერიკული დოლარი; გ) ევრო. 2. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკა შეიძლება ითვალისწინებდეს საპენსიო აქტივების არაუმეტეს 60%-ის ინვესტირებას  საპენსიო სქემის ვალუტისგან განსხვავებულ სხვა ვალუტაში. მუხლი 11🔗. ლიმიტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის წესები 1. თითოეულ საპენსიო სქემას შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო პორტფელი და თითოეულისთვის უნდა არსებობდეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.  2. წინამდებარე წესის მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული ლიმიტები მოქმედებს საპენსიო სქემის თითოეულ საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით. 3. სავალუტო ლიმიტების გაანგარიშებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ღია (არაჰეჯირებული) პოზიციები. 4. ამ წესით გათვალისწინებულ ინვესტირებისთვის დასაშვები უცხო ქვეყანათა სიიდან იმ ქვეყნის ამოღება, სადაც უკვე განხორციელებულია საპენსიო აქტივების ინვესტირება, ავტომატურად არ იწვევს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნული მიდგომა ასევე ვრცელდება, ამ წესით დადგენილი საკრედიტო რეიტინგების ცვლილების მიმართ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია გასცეს დამატებითი მითითებები. მუხლი 12🔗. ინვესტირებისთვის აკრძალული აქტივები დაუშვებელია საპენსიო აქტივების ინვესტირება: ა) ინტელექტუალურ საკუთრებაში, ფიზიკურ აქტივებში, რომლებიც რეგისტრირებული არ არის ორგანიზებულ ბაზარზე და მისი ღირებულება საჯაროდ უცნობია, მათ შორის ანტიკვარიატში, ხელოვნების ნიმუშებში, მონეტებში და მანქანებში; ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიის ფარგლებში რისკების შემცირების მიზნით გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც არ ზრდის ღია პოზიციებს; გ) ამ წესით დაშვებულის გარდა სხვა კერძო წილობრივ ფასიან ქაღალდებში/აქციებში; დ) საპენსიო სქემის დამფუძნებელთან ან საპენსიო აქტივების მმართველთან ან მათი მმართველი ორგანოს წევრთან მჭიდროდ დაკავშირებული ნებისმიერი პირის ქონებაში ან/და მათ მიერ გამოშვებულ წილობრივ ფასიან ქაღალდში.  მუხლი 13🔗. ლიმიტების დარღვევა 1. ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესის მოთხოვნებსა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საინვესტიციო პორტფელი სცდება/არღვევს ამ წესით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს არ არის გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით (შესაძლოა ეს გამოწვეულია ბაზარზე მოულოდნელი ცვალებადობით). ამ შემთხვევაში, საპენსიო აქტივის მმართველმა ან/და საპენსიო სქემის დამფუძნებელმა დარღვევის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს სამსახურს. შეტყობინება უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის თაობაზე, მათ შორის დარღვევის მიზეზს, მიმდინარე მდგომარეობას და აღმოსაფხვრელად მიღებულ/მისაღებ ზომებს. 2. განსაზღვრული ლიმიტის ნებისმიერი დარღვევა უნდა აღმოიფხვრას სამსახურისთვის პირველი შეტყობინებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში, თუ სამსახურის მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, უფრო მცირე ვადა არ არის მოთხოვნილი. 3. საპენსიო აქტივების მმართველმა ან/და საპენსიო სქემის დამფუძნებელმა დარღვევის პირველი შეტყობინებიდან ყოველთვიურად უნდა წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაცია დარღვევის აღმოფხვრის სტატუსის შესახებ. 4. საპენსიო სქემის დამფუძნებელი, გამონაკლის შემთხვევებში, უფლებამოსილია სამსახურს მიმართოს აღმოფხვრის ვადის გაგრძელების თხოვნით, თუ ბაზარზე არსებული პირობების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო შეუძლებელია დარღვევის გამოსწორება სტანდარტულ ექვსთვიან ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაში წარმოდგენილი უნდა იყოს გაგრძელების ზუსტი ვადა და გაგრძელების იმგვარი დასაბუთება, რომ შესაძლებელი იყოს მისი გადამოწმება. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრის დეტალური გეგმა შესაბამისი ვადების მითითებით. თანხმობა წარმოადგენს სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას და გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახური მიიჩნევს, რომ ეს სარგებელს მოუტანს საპენსიო სქემის სტაბილურობას და სქემის მონაწილეთა ინტერესებს. 6. სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გასცეს იმ პირობით, რომ მისთვის განახლებული ინფორმაცია წარდგენილი იქნება უფრო ხშირად ან გამოყენებული იქნება მონიტორინგის სხვა ზომები, რასაც სამსახური ჩათვლის მიზანშეწონილად ან აუცილებლად საპენსიო სქემის სტაბილურობის და მის მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით. მუხლი 14🔗. საინვესტიციო არჩევანი 1. საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ნათლად უნდა განსაზღვრავდეს აქტივების სახეებს, მიმართულებებს და ვალუტას, რომელშიც შესაძლოა განთავსდეს საპენსიო აქტივები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში, ასევე, მოცემული უნდა იყოს, აქტივების სამიზნე განაწილება ამ აქტივების სახეებში, მიმართულებებსა და ვალუტაში. 2. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სქემას აქვს ერთზე მეტი საინვესტიციო პორტფელი, საპენსიო სქემის წესები უნდა განსაზღვრავდეს მონაწილის უფლებას საპენსიო სქემაში გაწევრებისას ან საპენსიო სქემაში მონაწილეობის ნებისმიერ ეტაპზე, თავად გადაწყვიტოს/შეცვალოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას (საინვესტიციო არჩევანი). საინვესტიციო არჩევანის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს თორმეტ თვეზე ნაკლები. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილე არ აკეთებს საინვესტიციო არჩევანს, საპენსიო სქემის წესები უნდა ითვალისწინებდეს ასეთი მონაწილის საპენსიო აქტივების შესაბამის საინვესტიციო პორტფელებში ავტომატური განაწილების წესს. ავტომატური განაწილება უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის ასაკს და საინვესტიციო პორტფელის რისკიანობას. ამასთან, აღნიშნული წესის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასაკის ცვლილებასთან ერთად მონაწილის საპენსიო აქტივების განაწილება მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელიდან  უფრო დაბალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელში (საპენსიო ასაკის მოახლოებისას). წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მონაწილეთა საპენსიო აქტივების ავტომატური განაწილების წესი ასაკის ან ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით აღწერილი უნდა იყოს საპენსიო სქემის წესებში. ავტომატური განაწილება არ მოქმედებს/წყდება, თუ მონაწილე აკეთებს საინვესტიციო არჩევანს. 4. საინვესტიციო არჩევანის გაკეთებისას ან ავტომატური განაწილებისას დაუშვებელია მონაწილის საპენსიო აქტივების ნაწილის გადატანა/განაწილება საინვესტიციო პორტფელში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით შესაძლოა დადგინდეს საინვესტიციო არჩევანის გაკეთებისას ან ავტომატური განაწილებისას საპენსიო აქტივების გადატანის/განაწილების პროცედურა. 5. საინვესტიციო არჩევანი არ უნდა შეიცვალოს მონაწილის თანხმობის გარეშე. მუხლი 15🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.