საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 26.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016097 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის შესახებ საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№90
2024 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და 41 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დადგინდეს „საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმები, კომპენსაციის და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თუთარაშვილი
საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმები, კომპენსაციის და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმები, კომპენსაციის და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესი“ (შემდგომ – წესი) ადგენს საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმებს, განსაზღვრავს მისი კომპენსაციის და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს.
2. საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია ხდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. პირი, რომელიც არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება დაინიშნოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორად.
4. ლიკვიდატორი წარმოადგენს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ფიდუციური ვალდებულების მქონე პირს.
5. საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც არ აქვს მჭიდრო კავშირი საპენსიო კომპანიასთან, მზღვეველთან, აქტივების მმართველ კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის დამფუძნებელთან (დამფუძნებლებთან) ან აღნიშნული სუბიექტების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრებთან.
6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗. საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის საფუძვლები:
1. საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის საფუძვლებია:
ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება (საპენსიო სქემის შეწყვეტა):
ა.ა) საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანების, პროფესიული ორგანიზაციის, საპენსიო კომპანიის საერთო კრების/პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე;
ა.ბ) კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით;
ბ) სამსახურის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება:
ბ.ა) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ საპენსიო კომპანიის საერთო კრების/პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ.ბ) კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღესვე სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3🔗. ლიკვიდაციის პროცესი საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმებისას
1. ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო კომპანია ვალდებულია მოამზადოს საპენსიო აქტივების შეფასება და საპენსიო სქემის ანგარიშგება, სადაც აისახება ყველა აქტივი და ვალდებულება, რომელიც წარედგინება სამსახურს საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ განაცხადთან ერთად და მიეწოდება სქემის ყველა მონაწილეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო სქემის ანგარიშგებაში ასახული ლიკვიდური აქტივები საკმარისი არ არის საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, საპენსიო სქემის ანგარიშგებასთან ერთად სამსახურს ასევე წარედგინება სალიკვიდაციო გეგმა, პროცესის დეტალური აღწერით და ყველა იმ ზომის შესახებ ინფორმაციით, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებელთა საპენსიო შენატანების კანონმდებლობის შესაბამისად მისაღებად. სალიკვიდაციო გეგმა მტკიცდება სამსახურის მიერ. სალიკვიდაციო გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ყველა მონაწილისთვის.
3. სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და თანხმობით, საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი შესაძლებელია წარმართოს საპენსიო კომპანიამ, სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს მეშვეობით. ამგვარი მართვა გრძელდება ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე.
4. სამსახური უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლიკვიდაციის პროცესის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმართვაზე და თავად დანიშნოს ლიკვიდატორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, სამსახური წერილობით აცნობებს საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახური მიიჩნევს, რომ ამგვარი შეტყობინება ზიანს მიაყენებს მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილნი არიან სამსახურის შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ სამსახურს საპასუხო წერილი და წარუდგინონ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების მიზეზების აღმოფხვრის და გამოსწორების გეგმა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით საპენსიო კომპანიის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის მიზეზების აღმოფხვრის და გამოსწორების გეგმის არასათანადოდ მიჩნევის ან დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე.
7. სამსახურის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი უფლებამოსილია სამსახურის წინასწარი თანხმობით საპენსიო სქემის აქტივები და ვალდებულებები გადასცეს სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემას. აღნიშნულის შესახებ საპენსიო სქემის მონაწილეებს წერილობით ეცნობებათ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე.
8. საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან დაუშვებელია საპენსიო შენატანების განხორციელება და მიღება.
მუხლი 4🔗. ლიკვიდაციის პროცესი ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას
1 ამ წესის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო კომპანიის მმართველი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით ადრე აცნობებს სამსახურს და საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს.
3. საპენსიო კომპანიის მიერ ლიკვიდაციის დაწყების შემთხვევაში, მმართველი ორგანო ვალდებულია მოახდინოს საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივის შეფასება, კანონით დადგენილ ვადაში მოამზადოს საპენსიო სქემის ლიკვიდაციის გეგმა და ანგარიშგება, რომელშიც აისახება საპენსიო კომპანიის ფარგლებში არსებული ყველა საპენსიო აქტივი და ვალდებულება და ინფორმაცია მის მიერ შერჩეული ლიკვიდატორის შესახებ. ლიკვიდაციის გეგმა და ანგარიშგება წერილობით განაცხადთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება სამსახურს, ხოლო ლიკვიდაციის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს.
4. საპენსიო კომპანია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევაში უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიოს ლიკვიდატორი და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს სამსახურს.
5. თუ საპენსიო კომპანიის მიერ სამსახურში წარდგენილი ანგარიშგების შესაბამისად, დადგინდა, რომ არსებული ლიკვიდური აქტივები საკმარისი არ არის საპენსიო აქტივებზე მონაწილეების უფლებების სრულად დასაკმაყოფილებლად, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია სამსახურს დასამტკიცებლად წარუდგინოს ლიკვიდაციის პროცესის სამომავლო წარმართვის შესახებ წინადადება და ყველა იმ მისაღები ზომის დეტალური აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა შემდგომ ნაბიჯს მონაწილეთა/ბენეფიციართა უფლებების დასაცავად.
6. სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და მისივე თანხმობით, საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას, სამეთვალყურეო საბჭო ან ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილია გააგრძელოს საპენსიო სქემის მართვა, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ან საპენსიო აქტივების და ვალდებულებების სხვა საპენსიო სქემაში სრულად გადატანამდე. ამასთან, სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს უარი ლიკვიდაციის პროცესის სამომავლო წარმართვაზე/სალიკვიდაციო გეგმაზე და თავად დანიშნოს ლიკვიდატორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ამ წესის მე-2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამსახური შესაბამისი მიზეზების მითითებით და კანონით დადგენილ ვადაში, წერილობით აცნობებს საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე და ნიშნავს ლიკვიდატორს ამ წესით დადგენილი წესით.
8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სამსახურის წინასწარი თანხმობით საპენსიო კომპანიის საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული აქტივები და ვალდებულებები გადასცეს სხვა ინდივიდუალურ საპენსიო სქემას.
9. სამსახურის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორს ენიჭება საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და ყველა სხვა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება.
10. სამსახურის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სამსახურისა და საპენსიო სქემის ყველა მონაწილის წინაშე.
11. სამსახური საპენსიო კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას ასახავს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრში.
მუხლი 5🔗. სალიკვიდაციო გეგმა
1. სამსახურისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სალიკვიდაციო გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში მისაღებ ზომებს, მონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, და უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) პარტნიორთა/საერთო კრების გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის მიზეზებს და შეფასებას, ემსახურება თუ არა საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია მონაწილეების ინტერესების დაცვას;
გ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას;
დ) მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ე) საპენსიო კომპანიის აქტივების აღწერას;
ვ) საპენსიო კომპანიის კრედიტორებისა და მათ წინაშე არსებული ვალდებულებების ოდენობასა და მათ შესახებ ინფორმაციას;
ზ) ყველა იმ ზომის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამსაქმებლების საპენსიო შენატანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისაღებად;
თ) საპენსიო აქტივების რეალიზაციის და მონაწილეებსა და ბენეფიციარებს შორის განაწილების მეთოდსა და პროცედურებს;
ი) ლიკვიდაციის პროცესის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ და ამ პროცესში მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს.
2. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების
წარდგენა, შეისწავლოს და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს აუდიტი, განახორციელოს საპენსიო კომპანიის ადგილზე შემოწმება და საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს, აუდიტორულ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ მესამე პირს მოსთხოვოს წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით.
3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ სალიკვიდაციო გეგმის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.
4. სამსახურს შეუძლია უარი თქვას სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია და ამ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად, ნათლად და ცალსახად არ ასახავს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესსა და ყველა გარემოებას;
ბ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;
გ) საპენსიო კომპანიის ლიკვიდაცია ეწინააღმდეგება მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებს.
მუხლი 6🔗. ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. ამ წესით გათვალისწინებული ლიკვიდატორი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
2. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს:
ა) კარგი რეპუტაცია, საქმისადმი სანდო და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) საპენსიო კომპანიაში ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
გ) დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების, და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების უნარი, ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
3. ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას, საპენსიო კომპანია და სამსახური ხელმძღვანელობენ პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს საპენსიო კომპანიის ზომის, მასშტაბის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას შეფასების პროცესში. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას.
მუხლი 7🔗. კარგი რეპუტაცია, სანდოობა და კეთილსინდისიერება
1. ამ წესის მიზნებისთვის, პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის მქონედ, სანდოდ და კეთილსინდისიერად, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოება საწინააღმდეგოს ვარაუდისთვის.
2. პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ მიიჩნევა, თუ:
ა) წარსულში ერთხელ მაინც ნებისმიერ ქვეყანაში მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შესაბამის ინსტიტუტს/ორგანიზაციას, ან/და გამოიწვია მისი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება ან/და შელახა მომხმარებელთა და/ან ბენეფიციართა უფლებები;
ბ) წარსულში, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები;
გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსური ვალდებულებას;
დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;
3. პირის რეპუტაციის შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) პირის პროფესიული რეპუტაცია, მათ შორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტების არსებობა, შესაბამისი მიზეზების გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗. აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება
1. ამ წესის მიზნებისთვის, პირი მიიჩნევა საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების მქონედ, თუ:
ა) აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;
ბ) აქვს საფინანსო ან სხვა შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი)-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
2. ლიკვიდატორს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
3. ლიკვიდატორის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღებული აკადემიური ხარისხისა და სამუშაო გამოცდილების ფაქტის დადასტურებით, არამედ შეფასებისას, აგრეთვე გაანალიზებული უნდა იქნეს პირის ცოდნა და გამოცდილება წარსულში დაკისრებული მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის, მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით.
მუხლი 9🔗. დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტი
1. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს უნარი დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, შეაფასოს სხვათა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.
2. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ლიკვიდატორს არ უნდა ჰქონდეს მჭიდრო კავშირი საპენსიო კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის მიერ დაქირავებულ მზღვეველთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან, საპენსიო კომპანიის დამფუძნებელთან, დამსაქმებელთან (დამსაქმებლებთან), რომლებიც საპენსიო სქემებში ახორციელებენ საპენსიო შენატანებს, ან აღნიშნული სუბიექტების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრებთან.
3. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, ლიკვიდატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს.
მუხლი 10🔗. ლიკვიდატორის კომპენსაციის წესი
1. სამსახურის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის კომპენსაცია (ანაზღაურება) უნდა იყოს მასზე დაკისრებული მოვალეობების ადეკვატური.
2. სამსახური უფლებამოსილია საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს ლიკვიდატორის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, სამსახურსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ასევე განისაზღვრება ლიკვიდატორის კომპენსაციის (შრომის ანაზღაურების) პირობები.
3. ერთი და იგივე პირი შესაძლებელია სამსახურის მიერ დანიშნულ იქნეს ლიკვიდატორად ერთდროულად ერთზე მეტ საპენსიო კომპანიაში.
მუხლი 11🔗. ლიკვიდატორის უფლებები და ვალდებულებები
1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საპენსიო კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. მას ეკისრება საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და ყველა სხვა მმართველი ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა და პარტნიორთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამეთვალყურეო საბჭო ან ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილია გააგრძელოს საპენსიო სქემის მართვა, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე).
2. ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონით და ამ წესის შესაბამისად, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელ/მმართველ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო/საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) მართოს აქტივები, რაც მოიცავს ინვესტიციების, ნაღდი ფულის და სხვა ფინანსური აქტივების მართვას, რომლებიც ეკუთვნის საპენსიო სქემებს;
ბ) შეაფასოს ვალდებულებები, რაც მოიცავს ყველა მიმდინარე/ვადამოსული ვალდებულების შეფასებას და იდენტიფიცირებას, მათ შორის, საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს, გადაუხდელ შენატანებს და ნებისმიერ ადმინისტრაციულ ხარჯებს;
გ) დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები, რაც მოიცავს ნებისმიერი ვადამოსული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის დაკისრებული ჯარიმების და ადმინისტრაციული ხარჯების გადახდას, საპენსიო სქემის წევრებისათვის აქტივების განაწილებამდე;
დ) უზრუნველყოს სამართლიანი განაწილება, რაც მოიცავს დარჩენილი აქტივების გადანაწილებას საპენსიო სქემის წევრებზე, მათივე უფლებების შესაბამისად.
5. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესი უნდა წარმართოს კეთილსინდისიერად, მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ლიკვიდატორი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. ლიკვიდაციის პროცესის ეტაპები
ლიკვიდაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება;
ბ) მოთხოვნების დაკმაყოფილება;
გ) დარჩენილი აქტივების გადანაწილება საპენსიო სქემის წევრებზე;
გ) ანგარიშგება სამსახურის წინაშე;
დ) საპენსიო კომპანიის სალიკვიდაციო პროცესის დასრულება.
მუხლი 13🔗. მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა
1. ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისას, მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპზე, უპირატესობა მიენიჭება საპენსიო ვალდებულებებს საპენსიო სქემის მონაწილეთა მიმართ, საპენსიო სქემის წესების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ლიკვიდატორმა, საპენსიო კომპანიის მიმართ მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ლიკვიდატორის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება;
ბ) საპენსიო სქემის მონაწილეების მოთხოვნები საპენსიო კომპანიის მიმართ;
გ) ყველა სხვა კრედიტორთა მოთხოვნები (საკმარისი აქტივების არსებობის შემთხვევაში);
დ) საბიუჯეტო დავალიანებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. თუ არსებული აქტივი (თანხა) საკმარისი არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაფარად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადამოსული მოთხოვნა უნდა დაიფაროს თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
მუხლი 14🔗. სალიკვიდაციო პროცესის დასრულება და სალიკვიდაციო ანგარიშის წარდგენა
1. საპენსიო კომპანიის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების და საპენსიო კომპანიის ყველა აქტივის რეალიზებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ლიკვიდატორი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო უწყისი და ანგარიში ლიკვიდაციის პროცესში მის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო უწყისისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ.
3. სამსახური საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იმავე დღეს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების რეგისტრაციისა და საპენსიო კომპანიის შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.
4. სამსახურის მიერ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის საფუძველზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრში კეთდება აღნიშვნა საპენსიო კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის დასრულების თაობაზე.