საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2025
ძალაში შესვლა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017292 55
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.11.2004
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №8
2025 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №42 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომ – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ცალკეული დავალებებით.
3. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობის, საჯაროობისა და თანასწორობის პრინციპებს.
4. გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების/ფუნქციების განხორციელებისას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირების ჩარევა დაუშვებელია.
6. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
7. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, ემბლემა და შტამპი, რომელთა აღწერილობის/შენახვის/გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
თავი II
გენერალური ინსპექციის ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ამოცანები
გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის, სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ იურიდიულ პირებში (შემდგომ – შემოწმების სუბიექტები) საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის კანონიერებისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი, გარდა სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა;
ბ) გენერალური ინსპექციის ერთეულების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების ანალიზი;
გ) შემოწმების სუბიექტებში დარღვევების და ნაკლოვანებების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. ამ სუბიექტებში სამხედრო მოსამსახურეების, სპეციალური წოდების მქონე ან/და სამოქალაქო პირების (შემდგომ – მოსამსახურე) მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და რეაგირება;
დ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;
ე) გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ,,ცხელი ხაზით“ შემოსულ ინფორმაციაზე, კომპეტენციის ფარგლებში, დროული რეაგირება;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენა და პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის კომპეტენცია
1. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით შემოწმების სუბიექტების, ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის) გეგმური ან/და არაგეგმიური ინსპექტირების, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური ოქმების შედგენა;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის გამოკვლევა, ანალიტიკური დამუშავება და შემოწმების სუბიექტისათვის პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
დ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განხორციელების მიზნით, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან, ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოძიება (მათ შორის, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით);
ვ) გენერალური ინსპექციის ამოცანების და კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების განხილვა;
ზ) გენერალური ინსპექციის საქმიანობის შედეგად, მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;
თ) დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;
ი) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევების კონტროლი, პრევენციისა და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
კ) გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, ინსპექტირების/შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების განზოგადება, სათანადო რეკომენდაციების და წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო/საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ოპერატიული აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება;
მ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსამსახურეების ან/და სხვა პირების გამოკითხვა/ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობის შემოწმება და სათანადო რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება;
ო) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციების განხორციელების მიზნით, სათანადო ანალიტიკური დოკუმენტებისა და განზოგადებული ანგარიშების შედგენა;
პ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარების აღმოჩენა;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;
რ) საქართველოს კანონმდებლობის ან/და მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომ – ერთეული):
ა) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო;
გ) ოპერატიული მთავარი სამმართველო;
დ) საგამოძიებო მთავარი სამმართველო.
2. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება.
3. ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
გ) ფინანსური მონიტორინგის სამმართველო.
4. ოპერატიული მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) I სამმართველო:
ა.ა) ოპერატიული უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილება;
ა.ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილება;
ბ) II სამმართველო:
ბ.ა) აღმოსავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება;
ბ.ბ) დასავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება.
5. საგამოძიებო მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისგან:
ა) I სამმართველო;
ბ) II სამმართველო.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს;
ბ) ახორციელებს გენერალურ ინსპექციაში შემოსული და გენერალური ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;
დ) ახორციელებს გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების ანალიზს და ადგენს გენერალური ინსპექციის საქმიანობის წლიურ და მიმდინარე განზოგადებულ ანგარიშს;
ზ) უზრუნველყოფს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა), საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციის გაწევას;
თ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან;
ი) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 6🔗. ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო
ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის მთავარი სამმართველო:
ა) კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ატარებს შემოწმების სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის) გეგმურ ან/და არაგეგმურ ინსპექტირებასა და შემოწმებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/ სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივ შემოწმებას;
გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ადგენს პრევენციულ ღონისძიებებს, შესაბამის დასკვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, წინადადებებსა და სხვა შემაჯამებელ დოკუმენტებს (მათ შორის, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე);
დ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევებზე, უზრუნველყოფს პრევენციისა და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ე) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;
ვ) მოიპოვებს ინფორმაციას სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების სუბიექტების ან/და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;
ზ) სამინისტროს სუბიექტებში ამოწმებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას და ამზადებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს ან სხვა შემაჯამებელ დოკუმენტებს;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის განსახორციელებლად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;
კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 7🔗. ოპერატიული მთავარი სამმართველო
ოპერატიული მთავარი სამმართველო:
ა) გეგმავს/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად;
ბ) ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმების მსურველ პირთა დანიშვნისა და კარიერული განვითარების მიზანშეწონილობის საკითხებს;
ზ) ახორციელებს ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;
თ) აწარმოებს ოპერატიულ არქივს;
ი) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.
მუხლი 8🔗. საგამოძიებო მთავარი სამმართველო
საგამოძიებო მთავარი სამმართველო ახორციელებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
თავი IV
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას;
დ) მართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
ე) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთეულებისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ერთეულებს შორის და აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის ამოცანასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ქმნის შესაბამის კომისიებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს, ამტკიცებს ინსპექტირების/შემოწმების დასკვნებს და კომისიური შემოწმების აქტებს, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების შეწყვეტასთან დაკავშირებით;
ი) მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის მუშაობის წარმართვისათვის;
კ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ლ) უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა დადგენილი წესით წარდგენას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შრომითი ხელშეკრულებით დასანიშნად კანდიდატის წარდგენას;
ნ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
ო) მინისტრს წარუდგენს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
პ) განსაზღვრავს შესამოწმებელ სუბიექტს, საგანს და ვადას;
ჟ) გენერალური ინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით შეიმუშავებს ინსპექტირების, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა სახის წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
რ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიურ ინსპექტირების გეგმას;
ს) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
4. გენერალური ინსპექციის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებიც სამსახურში მიიღებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
6. გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო იმავდროულად, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურე.
7. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულს, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
ე) ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე;
ვ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულის მიერ მომზადებულ კორესპონდენციას;
ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
8. ერთეულს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. თავის მხრივ, ერთეულის უფროსი:
ა) წარმოადგენს ერთეულს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) გეგმავს ერთეულის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური ინსპექციის უფროსთან ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ხელმოწერით ან ვიზირებით ითანხმებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია ერთეულის საქმიანობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებას;
თ) ახორციელებს კონტროლს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/განყოფილების მუშაობაზე, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე.
9. ერთეულის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.